კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-29(655) 

 

ზურაბმა მანქანა შეაჩერა და ფინანსური პოლიციის ოპერატიულ ჯგუფის ხელმძღვანელს, იური ბარბაქაძეს „ინტელგრუპჯორჯიის” მთავარ ოფისზე მიანიშნა:

– ოპერაციას აქ ჩავატარებთ!

– რა ოპერაციას? – ჰკითხა იურიმ. მისთვის ჯერაც უცნობი იყო, რისთვის მიამაგრეს რაიონის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს. მისი უშუალო ხელმძღვანელი, რომან მაჩაიძე, მოკლე განკარგულებით შემოიფარგლა: „შეასრულებ კვაჭაძის მითითებებს.“

– ეჭვმიტანილის ან ეჭვმიტანილთა აყვანას და, ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებას! – ოფიციალურად უპასუხა ზურაბმა. 

 იურიმ გაოცებულმა გახედა. ყოველივე ეს უცხო იყო მისთვისაც და მისი ხალხისთვისაც. როგორც წესი, მათი ძირითადი საქმიანობა კომფორტით მოწყობილ ოფისებში ამოღებულ დოკუმენტაციასთან მუშაობა იყო. ზურაბი კი „ინტელგრუპჯორჯიის” მთავარ ოფისზე გარე მეთვალყურეობის დაწესებასა და საჭიროების შემთხვევაში, ეჭვმიტანილთა აყვანის ოპერაციის ჩატარებაზე ელაპარაკებოდა.

ამასობაში მანქანას კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი მიუახლოვდა, რომელიც „ინტელგრუპჯორჯიის” მთავარ ოფისს ადევნებდა თვალს, ფანჯარასთან დაიხარა და ზურაბს მოახსენა:

– ჯერჯერობით სიმშვიდეა. ოფისი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რაიმე საეჭვო არ დაგვიფიქსირებია.

– კეთილი. ჩვენი ხალხი მოხსენი და სამმართველოში დაბრუნდი, – უპასუხა ზურაბმა და იურის მიუბრუნდა, – ჩემს ხალხს შენი ჯგუფის წევრები ჩაანაცვლებენ. მე აგიხსნი, სადაც უნდა განლაგდნენ ისინი.

– რომანს არაფერი უთქვამს ამის შესახებ, – თქვა იურიმ.

– რა დავალება მოგცა რომანმა? – ჰკითხა ზურაბმა.

– მხოლოდ ერთი: შევასრულო შენი მითითებები, – უპასუხა იურიმ.

– ჩემი მითითება კი ასეთია, – ზურაბმა „ინტელგრუპჯორჯიის” ოფისზე მიანიშნა, – შენი ხალხი ოფისის უკანა შესასვლელთან განლაგდება, მე და შენ კი ცენტრალურ შესასვლელს ვუთვალთვალებთ... გასაგებია?

– გასაგებია, მაგრამ, კონკრეტულად ვის ველით? ვინ უნდა აიყვანოს ჩემმა ხალხმა? – ჰკითხა იურიმ.

ზურაბი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ გასცა პასუხი:

– ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვი. უბრალოდ, მეც არ ვიცი.

– არ გეწყინოს, ზურაბ, – უკმაყოფილოდ წამოიწყო იურიმ, – შენ, შეიძლება, მიჩვეული ხარ, „არცოდნით” მუშაობას, მაგრამ, ვიდრე ყველაფერში არ გამარკვევ, ჩემს ხალხს არაფერს ვუბრძანებ!

– რომანის განკარგულება შენთვის საკმარისი არ არის? – გახედა ზურაბმა.

– არ არის!.. ამ ხალხზე მე ვარ პასუხისმგებელი და ისიც ზუსტად უნდა ვიცოდე, ვინ და რა მიზეზით უნდა ავიყვანოთ.

– პირდაპირ მითხარი, რა არ მოგწონს?

– გეტყვი, არაფერი მაქვს დასამალი. რომანი შენი მეგობარია და ჯგუფის გამოყოფაზე უარს არ გეტყოდა, მაგრამ, მე თქვენს ძმაკაცობას თავს არ გადავაყოლებ!

– ყურადღებით მისმინე, იური. მეორე თვეა, რაც ამ არაკაცებს დავდევ. უკვე ძალიან მომბეზრდა მათ ნაკვალევზე გვამების შეგროვება. საქმე ოთხი ადამიანის მკვლელობას ეხება და, ახლა შენი უადგილო გამოხტომით მათ აყვანაში ხელი რომ შემიშალო, აქვე აგიგებ ანდერძს! – მკაცრად თქვა ზურაბმა.

– ეს უკვე ნამეტანია, – მოიღრუბლა იური, – რომანს...

– მე არ დამიმთავრებია! – შეაწყვეტინა ზურაბმა, – შენთან არაფერი მაქვს დასამალი. მართლაც არ ვიცი, ვის ან რას უნდა ველოდოთ აქ. მაგრამ, ვგრძნობ, რომ ამ ორ დღეში ოფისში რაღაც მოხდება. ასე რომ, თავი განაწყვე რაღაცის „არცოდნით” მოქმედებისთვის და შენი ხალხი სამეთვალყურეოდ გაგზავნე!.. გასაგებია?!

– გასაგებია, – უხალისოდ ჩაილაპარაკა იურიმ და რადიოსადგურს წაეტანა.

* * *

დაცვის პოლიციის სპეციალიზებული ქვედანაყოფის თანამშრომლები საქმის ცოდნით მოქმედებდნენ. თავდაპირველად მათ ნანას ბინაში რამდენიმე სამეთვალყურეო კამერა დაამონტაჟეს: ორი კამერა კიბის უჯრედსა და ბინაში შესასვლელ კარს აკონტროლებდა, მესამე – დერეფანს. კამერების მონტაჟის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი ნანას მიუბრუნდა, რომელიც ინტერესით ადევნებდა თვალს პოლიციელების მოქმედებას.

– სულ ეს არის. ახლა მოკლედ აგიხსნით დაცვის მოწყობილობების პრინციპს: კამერებიდან გამოსახულება მონიტორებზე გადაიცემა, რომლებიც ჩვენი თანამშრომლების მანქანაშია დამონტაჟებული. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. მათ შეუმჩნევლად თქვენი ბინის კარს ვერავინ მიუახლოვდება. ჩვენი თანამშრომლები ოცდაოთხი საათის განმავლობაში იმორიგევებენ ბინასთან.  რამე საშიშროების წარმოშობის შემთხვევაში, ისინი პოლიციის ადგილობრივ სამმართველოსა და დაცვის პოლიციის მორიგე განყოფილებას აცნობებენ ამის შესახებ.

– ბინაში ყოფნისას მეც უნდა მადევნოთ თვალი? – ჰკითხა ნანამ.

– არა. ჩვენ მხოლოდ დერეფანს ვუთვალთვალებთ – ამ შემთხვევაში ეს სრულიად საკმარისია. გარდა ამისა, თქვენ გექნებათ პორტატული რადიოსადგური, – ამ სიტყვებთან ერთად ჯგუფის უფროსმა ნანას რადიოსადგური გაუწოდა, – მისი მეშვეობით პირდაპირი კავშირი გექნებათ მორიგე ჯგუფთან. რადიოსადგურებთან ადრე თუ გქონიათ შეხება?

– არა, – თავი გააქნია ნანამ.

– არა უშავს, ძალიან მარტივი მოწყობილობაა: დააწვებით ამ ღილაკს და ილაპარაკებთ. თითს აუშვებთ და მოისმენთ, – ჯგუფის უფროსმა ღილაკზე მიანიშნა ნანას, – სცადეთ.

ნანამ რადიოსადგური ტუჩებთან მიიტანა და გაუბედავად ჩაილაპარაკა: „ალო!“

– ეს ტელეფონი არ არის, – გაეღიმა ჯგუფის უფროსს, – გამოიძახეთ პირველი და, როდესაც პასუხს მიიღებთ, უთხარით, რომ კავშირს ამოწმებთ.

ნანამ ზუტად გაიმეორა მითითება.

– პირველი... პირველი... – ჩაილაპარაკა რადიოსადგურში.

– პირველი გისმენთ, – გაისმა პასუხად.

– კავშირის შემოწმება, – თქვა ნანამ.

– თქვენი კარგად მესმის. კავშირის დასასრული, – გაისმა რადიოსადგურიდან.

ნანამ ჯგუფის უფროსს გახედა – ახლა როგორ მოვიქცეო.

– სულ ეს არის, – უპასუხა მან, – დამოუკიდებლად შეძლებთ მორიგე ჯგუფთან დაკავშირებას?

– შევძლებ, – უყოყმანოდ უპასუხა ნანამ.

– კეთილი. დანარჩენს ნიკა აგიხსნით, – თქვა ჯგუფის უფროსმა და თავის თანამშრომლებს ანიშნა, წავედითო.

– როგორ გრძნობ თავს? – წამოიწყო ნიკამ, როგორც კი ისინი მარტონი დარჩნენ.

– არ ვიცი, რა გითხრა, – ნანამ რადიოსადგური მაგიდაზე დადო და დერეფანში, კარის თავზე მიმაგრებულ მინიკამერას გახედა, – ვიცი, რომ ისინი მხოლოდ დერეფანს ადევნებენ თვალს, მაგრამ, მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მარტონი არ ვართ და აქ კიდევ ვიღაცაა ჩვენ გარდა.

– მესმის. რთულია კამერების გარემოცვაში ცხოვრება.

– მათ ხმაც ესმით?

– არა.

– დარწმუნებული ხარ? – ეჭვით ჰკითხა ნანამ.

– აბსოლუტურად, – დაუდასტურა ნიკამ.

ნანა მცირე ხნით ჩაფიქრდა და გაუბედავად თქვა;

– უცნაურია... შენთან რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა ჩემს ბინაში დაბრუნება, ახლა კი აქ უცხოდ ვგრძნობ თავს.

– ხომ არ გეშინია? – ჰკითხა ნიკამ.

– არა... არ მეშინია. უბრალოდ, დაძაბული ვარ. ყოველივე ეს იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.

– სხვა გზა არ გვაქვს, ნანა. უნდა მოითმინო. მერწმუნე, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

– იმედია, – ამოიოხრა ნანამ.

– ახლა, რაც შეეხება დაცვას. ჯგუფის უფროსმა უკვე გითხრა, რომ შენ ოცდაოთხი საათის განმავლობაში დაგიცავენ. ბიჭები მუდმივად შენი კორპუსის სიახლოვეს იქნებიან. ამ მხრივ, შეგიძლია, მშვიდად იყო. სახლში აბსოლუტურად დაცული იქნები. ბინაში ყოფნისას ერთი წესი უნდა დაიცვა – ფარდები ჩამოფარებული გქონდეს. შეეცადე, რაც შეიძლება იშვიათად მიუახლოვდე ფანჯრებს. ბინის ტელეფონს ნუ უპასუხებ, დაე, მობილურით დაგიკავშირდნენ. საუბრისას ნურავის ეტყვი, რომ შინ ხარ, ახლო მეგობრებსაც კი.

– არ გეწყინოს, მაგრამ, ეს ყველაფერი გადაჭარბებულად მეჩვენება, – ჩაილაპარაკა ნანამ.

– ეს გადაჭარბება კი არა, მარტივი, მაგრამ, აუცილებლად შესასრულებელი წესებია. ეს არის ქცევის ნორმა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! – ნიკამ მზერა გაუსწორა ნანას და ლაპარაკი განაგრძო: ძალიან გთხოვ, ნუღარ დავუბრუნდებით ამ საკითხს! ახლა, რაც შეეხება შენს სტუმრებს: უპირველესად, ყველანაირად შეეცადე, თავიდან აირიდო ვინმეს სტუმრობა. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, არავითარ შემთხვევაში არ ახსენო კამერები და დაცვა. თავი მშვიდად, ბუნებრივად დაიჭირე. იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ ზარი დარეკა შენთან, ბიჭები თავად დაგიკავშირდებიან და სტუმრის ვინაობას გკითხავენ. უცნობებზე აღარაფერს ვამბობ – მათ კარს არ გაუღებ. დანარჩენს ბიჭები თავად მიხედავენ. შეეცადე, რაც შეიძლება იშვიათად გახვიდე ბინიდან. თუ ამის საჭიროება შეიქმნა, რადიოსადგურით დაუკავშირდები ბიჭებს. ისინი მანქანით მიგიყვანენ, სადაც კი მოისურვებ და მუდამ შენს სიახლოვეს იქნებიან.

– ჩემთან ერთად რომელიმე მეგობარი რომ იყოს? – ჰკითხა ნანამ.

– გარკვეული დროის განმავლობაში თავის შეკავება მოგიწევს. ნუ გეშინია, ეს რთული არ იქნება. თავისუფალ დროს მუდამ შენ გვერდით გავატარებ.

ნანამ ჩაფიქრებით გახედა და გაუბედავად ჰკითხა:

– დღეს არ დარჩები აქ?

– ვერ დავრჩები. მესმის, რომ შენთვის რთულია ყოველივე ამასთან შეგუება, მაგრამ, არ შემიძლია, – თავი გააქნია ნიკამ.

– მასთან მიდიხარ?

– ნანა, ეს სამუშაოა. დოდოს იგივე საფრთხე ემუქრება, რაც შენ. მაგრამ, შენგან განსხვავებით, ზურაბს არ აქვს მისთვის ოფიციალური დაცვის გამოყოფის საფუძველი... „თავის მართლებასავით გამომდის“, – გონებაში გაუელვა ნიკას და უმალ გაჩუმდა.

– მესმის, – ჩაილაპარაკა ნანამ, – და ისიც მესმის, რომ ეს ყველაფერი ჩემს საქმეს მოჰყვა.

– დოდო გამგზავრებას აპირებს, ხვალ ან ზეგ ის თბილისში აღარ იქნება და... „ისევ თავს ვიმართლებ,“ – გაიფიქრა ნიკამ და გაჩუმდა.

– იქნებ, მეტი დრო დაგეთმო მისთვის, – თქვა ნანამ.

მობილურის ზარმა ნიკას პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა. დოდო რეკავდა.

– გისმენ, – უპასუხა ნიკამ.

– სად ხარ? – ჰკითხა დოდომ.

– ვმუშაობ, დოდო.

– გასაგებია... სასწრაფოდ უნდა შემხვდე.

– რა მოხდა?

– ტელეფონით არ ღირს ამაზე საუბარი. მე ნანას სახლთან ვარ. შეგიძლია, ჩამოხვიდე? – ჰკითხა დოდომ.

– დამელოდე, ახლავე ჩამოვალ, – უპასუხა ნიკამ, მერე მობილური გათიშა და ნანას მიუბრუნდა.

– არ არის საჭირო. მე ყველაფერს ვხვდები, – დაასწრო ქალმა, – ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. შეგიძლია, წახვიდე...

– საღამოს დაგიკავშირდები, – უხალისოდ წარმოთქვა ნიკამ და წასასვლელად ადგა.

* * *

როგორც იქნა სამუშაო დღე მიიწურა. „ინტელგრუპჯორჯიის” ოფისიდან თანამშრომლებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს წასვლა. ზურაბი ყურადღებით ადევნებდა თვალს მათ მოძრაობას და უბის წიგნაკში შესაბამის აღნიშვნებს აკეთებდა. 7 საათისთვის, მისი ანგარიშით, ოფისში მხოლოდ ინწკირველის მოადგილე, სანდრო ჩახვაძე, მისი მდივანი და დაცვის სამსახურის სამი თანამშრომელი რჩებოდა.

– კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ? – დაღლილი სახით ჰკითხა იურიმ, – ოფისში თითქმის არავინ დარჩა.

– ვინც ჩვენ გვაინტერესებს ჯერ კიდევ იქ არის... ჩახვაძე! – უპასუხა ზურაბმა, – მის წასვლამდე აქ დავრჩებით!

იურიმ უკმაყოფილოდ გახედა და უხმოდ მოუკიდა სიგარეტს.

ჩახვაძეს მართლაც გაუგრძელდა ოფისში ყოფნა. იქვე რჩებოდა მისი მდივანიც. საღამოს 9 საათი იქნებოდა, როდესაც კომპანიის აღმასრულებელი მენეჯერის კაბინეტში შუქი ჩაქრა. ორიოდ წუთში კი რადიოსადგურიდან იურის ერთ-ერთი თანამშრომლის ხმა გაისმა:

– ჩახვაძე და მისი მდივანი უკანა გასასვლელიდან გამოვიდნენ. ჩახვაძეს ხელში საშუალო ზომის ჩანთა უჭირავს.

იურიმ სწრაფად გახედა ზურაბს.

– უბრძანე, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ და დაენახვონ. ჩახვაძემ გაქცევა თუ დააპირა, ორივე აიყვანონ! – უპასუხა მან.

იური უმალ დაუკავშირდა ჯგუფის წევრებს და განკარგულება გადასცა. ცოტა ხანში ოფისი გამოცოცხლდა – ცენტრალურ შესასვლელთან მყოფი მცველები უკანა კარისკენ გაცვივდნენ.

– წავედით!.. – დაიძახა ზურაბმა, მერე მანქანიდან გადავიდა და სირბილით გავარდა ოფისის უკანა შესასვლელისკენ.

უკანა კართან სრული ქაოსი სუფევდა. ჩახვაძე იურის ორ თანამშრომელს კუთხეში ჰყავდა მიმწყვდეული და მისთვის ხელბორკილის მორგებას ცდილობდნენ. მდივან ქალს, რომელიც გაბმით კიოდა, მესამე თანამშრომელი აკავებდა; მეოთხე თანამშრომელი კი დაცვის სამსახურის წარმომადგენლების შეჩერებას ცდილობდა, რომლებიც ჩახვაძისა და მდივანი ქალის დახსნას აპირებდნენ.

ზურაბისა და იურის გამოჩენისას, რომელსაც კარგად იცნობდნენ ჩახვაძეც და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც, ხმაური შეწყდა.

– რა ხდება აქ? – მკაცრად იკითხა მან.

– დამეხმარეთ, ბატონო ზურაბ! – თავგამოდებით გაიბრძოლა ჩახვაძემ, – ეს ხალხი თავს დამესხა!

ამასობაში იურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩანთა მოიტანა, ზურაბს გადასცა და ჩახვაძეზე ანიშნა:

– მისი ჩანთაა. დაგვინახა თუ არა, ბუჩქებში მოისროლა და ოფისისკენ გაიქცა.

– შენი ჩანთაა? – ჩახვაძეს მიუბრუნდა ზურაბი.

– ეს... ეს... არა... – ენა დაება მას.

– ნუ ბლუყუნებ! – ბრაზი მოერია ზურაბს, – იცოდე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დავადგენ, შენია თუ არა და შემდეგ სხვანაირად დაგელაპარაკები!

– ჩემი არ არის! – ძალა მოიკრიბა ჩახვაძემ.

– წაიყვანეთ! – პასუხად ბრძანა ზურაბმა და ჩანთა იურის გადასცა. იურის თანამშრომლებმა ჩახვაძე სწრაფად გაიყვანეს ოფისიდან და მანქანაში ჩასვეს.

– თქვენ კი ჩვენთან ერთად წამობრძანდებით, ქალბატონო მაია! – უთხრა ზურაბმა მდივანს და ხელკავი გამოსდო.

მდივანი ქალი მობუზული იჯდა უკანა სავარძელზე და დროდადრო ცხვირსახოცით იმშრალებდა თვალზე მომდგარ ცრემლს.

– თქვენ რას იტყვით, ქალბატონო მაია, – უკანმოუხედავად ჰკითხა ზურაბმა, – სანდროსია ეს ჩანთა, თუ არა? 

– მისია, – ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა ქალმა.

– და, რას ინახავდა ბატონი სანდრო ჩანთაში? – განაგრძო ზურაბმა.

– სამსახურთან დაკავშირებული დოკუმენტაციაა.

– უფრო კონკრეტულად?

– რამდენიმე ხელშეკრულებაა და მათთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა.

– ნინუასთან, სირაძესთან და რაზმაზესთან დადებული ხელშეკრულებები?

მდივანმა დუმილით უპასუხა.

– ისინია, – ზურაბმა იურის კმაყოფილი იერით ჩაუკრა თვალი და სისწრაფეს მოუმატა.

ფინანსურ პოლიციაში მიყვანამდე ჩახვაძე იმდენად დამშვიდდა, რომ რომანის კაბინეტში შეყვანისთანავე შეუტია პოლიციელებს:

– ამიხსნის თუ არა ვინმე, რისთვის დამაკავეს და სად არის ჩემი თანამშრომელი ქალი?!

– დაჯექი და ხმას დაუწიე! – ცივად მიუგო ზურაბმა და სკამი ახლოს მიუწია, – შენს ადგილას ძალას დავზოგავდი. ძალიან დიდხანს მოგიწევს ლაპარაკი!

– ვიდრე დაკავების მიზეზს არ ამიხსნით და ადვოკატის გამოძახების საშუალებას არ მომცემთ, ერთ კითხვაზეც არ გიპასუხებთ! – მკაცრად თქვა ჩახვაძემ.

– შეგიძლიათ, მარტო დაგვტოვოთ. მისთვის რამდენიმე სიტყვა მაქვს სათქმელი, – რომანსა და იურის სთხოვა ზურაბმა.

რომანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. შემდეგ იურის ანიშნა, გამომყევიო და კარისკენ წავიდა.

როგორც კი ისინი კაბინეტიდან გავიდნენ, ზურაბი ჩახვაძის პირისპირ ჩამოჯდა, წინ საფერფლე, სიგარეტი და სანთებელა დაუდო და ლაპარაკი განაგრძო:

– მოწიე!

ჩახვაძემ კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.

ზურაბს არ გამოჰპარვია მისი აკანკალებული მარჯვენა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ჩახვაძე ღელავდა.

– ახლა მშვიდად ვისაუბროთ, – თქვა ზურაბმა, – შემიძლია, პირდაპირ გითხრა, რომ შენ მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამაჩნია. შენ დაქირავებული თანამშრომელი ხარ და, მესმის, რომ ბრძანებას ასრულებდი, მაგრამ, ბრძანების გამცემს თუ არ დამისახელებ, დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერზე შენ გაგებინებ პასუხს!

– მაგრები ხართ! – ბრაზით წამოისროლა ჩახვაძემ, – თქვენი თანამშრომლები ყაჩაღებივით დამხვდნენ ოფისთან და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამაპატიმრეს. ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების საშუალებას არ მაძლევთ და კიდევ მე უნდა ვაგო პასუხი?!

– თეორიულად მართალი ხარ – შენი დაკავება კანონის სრული დაცვით არ მოხდა, მაგრამ, საქმე, რომელშიც წაყავი თავი, ამ წვრილმანებს ძალიან იოლად გადაფარავს! – უპასუხა ზურაბმა, – მიკიბულ-მოკიბულს არ დაგიწყებ, პირდაპირ გეტყვი სათქმელს: პირველ ყოვლისა, ის გაითვალისწინე, რომ ამ წუთებში ქალბატონი მაია გვერდით კაბინეტში იძლევა ჩვენებას და, დარწმუნებული იყავი, რომ ის სხვის გამო არ აპირებს სროკზე წასვლას! მეორე... მე უკვე ვიცი, რა დოკუმენტებიც გქონდა ჩანთაში და რატომაც ცდილობდი მის თავიდან მოშორებას და, მესამე – ფინანსურმა პოლიციამ უკვე დაიწყო შენგან ამოღებული დოკუმენტების შესწავლა; ამასთან, თავისი თანამშრომლები შენს ოფისშიც გაგზავნა. ერთ ან ორ საათში ისინი იმ ყალბ დოკუმენტებს ამოიღებენ, რომლებითაც შენ ნამდვილი ხელშეკრულებები და ხარჯთაღრიცხვა შეცვალე. ასე რომ, შენს განკარგულებაში მხოლოდ ეს დროა დარჩენილი – ამ დროის განმავლობაში უნდა დამიმტკიცო, რომ პირადად არაფერი გაკავშირებს ამ საქმესთან და მხოლოდ სხვის განკარგულებას ასრულებდი!

ჩახვაძე ჩაფიქრდა, სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა, სხვა ღერს მოუკიდა და ჰკითხა:

– ჩემგან რა გინდათ?

– უპირველესად, ის მიპასუხე, შეცვალე თუ არა ხელშეკრულებები? – ჰკითხა ზურაბმა.

– შევცვალე, – ყრუდ ჩაილაპარაკა ჩახვაძემ.

– რატომ?

– ეს კომპანიის ფინანსურ ვალდებულებებს ეხება. სხვა მიზანი არ მამოძრავებდა!

– მარტივად რომ ვთქვა, სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის სურვილი გამოძრავებდა?

– შეიძლება, ასეც ითქვას, – თავი დაუქნია ჩახვაძემ

– ძალიან მარტივად წარმოგიდგენია ამ საქმიდან გამოსვლა. ის თუ იცი, რომ სამივე პიროვნება, რომელთა ხელშეკრულებები და მათთან წარმოებული ხარჯთაღრიცხვა შეცვალე, მკვდარია?!

– ვიცი, – მზერა აარიდა ჩახვაძემ.

– და, შენ გინდა დამიმტკიცო, რომ ეს მხოლოდ დამთხვევაა?! – ცივად ჰკითხა ზურაბმა.

– მე რამის დამტკიცებას არ ვაპირებ, ეს თქვენი საქმეა. მაგრამ, ძალიანაც ნუ გამოიდებთ თავს, გადასახადებისთვის თავის არიდებას მცდელობას მაინც ვერ გასცდებით და ამისთვის სასამართლო მხოლოდ ჯარიმას დააკისრებს კომპანიას!

– საინტერესო პოზიციაა. ესე იგი, შენ უმნიშვნელოდ გეჩვენება ის ჯარიმა?! – მოჩვენებით გაიკვირვა ზურაბმა, – მიგაჩნია, რომ კომპანია უფრო ადვილად შეურიგდება ჯარიმის სახით ასეულობით ათასი ლარის გადახდას, ვიდრე შენს ალაპარაკებას?!

– მე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი!

– ვიცი, – თავი დაუქნია ზურაბმა, – ვიცი, რომ არაფერი გაქვს სათქმელი და ამიტომაც მეცოდები. შენ ხომ მართლაც არ ხარ აზრზე, რაში წაყავი თავი!.. არ მინდა, რომ სხვისი მიზეზით მოყვე ტისკში, მაგრამ, ასე თუ გააგრძელე, ეს ნამდვილად მოხდება. ხელშეკრულებებისა და ხარჯთაღრიცხვის გაყალბება ნაღდად ჯიბეში გიდევს; ამას მიამატე გადასახადებისთვის თავის არიდება. მაგრამ, ეს არაფერია მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლთან, რომლითაც გლდანის ციხეში გაგისტუმრებ!

– რომელ მკვლელობაზე ლაპარაკობ?! – დაიბნა ჩახვაძე.

– ვისი ხელშეკრულებები შეცვალე?!

– მერედა, რა შუაშია მკვლელობა?! მე არაფერი ვიცი ამის შესახებ! – აჩქარდა ჩახვაძე.

– ესეც ვიცი, მაგრამ, შენ, ასევე, იცი იმ პიროვნების ვინაობა, რომელმაც გიბრძანა ხელშეკრულებების შეცვლა!

– ინწკირველი. ხელშეკრულებების შეცვლა მერაბმა მიბრძანა... – ყოყმანით თქვა ჩახვაძემ.

– სად არის ინწკირველი? – სწრაფად ჰკითხა ზურაბმა.

– უკრაინაში.

– უკრაინა დიდი ქვეყანაა. კონკრეტულად სად არის?

– კიევში.

– როგორ და როდის დაგიკავშირდა და რით აგიხსნა ხელშეკრულებებისა და ხარჯთაღრიცხვის შეცვლის აუცილებლობა? – განაგრძო ზურაბმა.

– გუშინ საღამოს ტელეფონით დამიკავშირდა. მიზეზზე არაფერი უთქვამს – ეს სატელეფონო საუბარი არ იყო.

ზურაბმა ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და ჩახვაძეს გაუწოდა.

– დაუკავშირდი და უთხარი, რომ მისი დავალება ვერ შეასრულე, რადგან, ოფისში ფინანსური პოლიცია მუშაობს.

მან დაბნეულმა გახედა ზურაბს, მობილურის გამორთმევა არც კი დაუპირებია.

– ასეა... – ზურაბმა ჯიბეში ჩაიბრუნა მობილური, – რაც მეტს მიჰქარავ, უფრო ღრმად ჩაეფლობი ამ განავალში!.. იცოდე, ამიერიდან აღარაფერს შეგისწორებ. შეცდომების დაშვების საშუალებას მოგცემ და შემდეგ ყველაფერზე ერთად მოგაწვები... სახელი! – მოულოდნელად დაჰყვირა ზურაბმა.

შეშინებული ჩახვაძე უკან გადაქანდა.

ზურაბი სწრაფად სწვდა საკინძეში, ძლიერად შეანჯღრია და უყვირა:

– სახელი-მეთქი, ნაბიჭვარო!..

– რუხაძე... რუხაძემ მიბრძანა ხელშეკრულებების შეცვლა... – გაჭირვებით ამოიკნავლა ჩახვაძემ.

– გიბრძანა თუ გაგაფრთხილა, რომ რამდენიმე დღეში ფინანსური პოლიცია „ინტელგრუპჯორჯიის” შემოწმებას გეგმავდა?

– პოლიციაზე არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ხელშეკრულებებისა და ხარჯთაღრიცხვის შეცვლა მიბრძანა...

– რატომ? რა კავშირი აქვს რუხაძეს კომპანიასთან? – ზურაბმა ხელი შეუშვა ჩახვაძეს და სკამზე დაეშვა.

– არ ვიცი. ოფიციალურად არაფერი აკავშირებს კომპანიასთან, მაგრამ, მსმენია, რომ ის ერთ-ერთი მოწილეა.

– მასთან საქმიანი ურთიერთობა თუ გქონია? – განაგრძო ზურაბმა.

– არა. მხოლოდ რამდენჯერმე შევხვედრივარ ოფისში.

– ბოლო ხანებში?

– ბოლო ხანებში საერთოდ არ მოსულა ჩვენთან.

– ბოლოს როდის ნახე?

– ინწკირველის უკრაინაში გამგზავრების საღამოს. ის და მერაბი ერთად შემხვდნენ. მაშინ მიბრძანა მერაბმა ყალბი ხელშეკრულებებისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება.

– და, შენ ერთი კითხვაც არ გაგჩენია, რატომ აკეთებდნენ ამას?

– როცა ექვსიათასლარიან ხელფასს იღებ, ასეთი კითხვები თავისთავად აღარ გიჩნდება! – გულწრფელად უპასუხა ჩახვაძემ.

ზურაბი მცირე ხნით ჩააცქერდა თვალებში. შემდეგ კი მობილური ტელეფონი გაუწოდა:

– ადვოკატს დაურეკე!

– რისთვის? – ყრუდ ჩაილაპარაკა ჩახვაძემ.

– რომანი ნებისმიერ შემთხვევაში დაგკითხავს და, სახაზინო ადვოკატს ისევ შენი იურისტი გირჩევნია, – ამ სიტყვებთან ერთად ზურაბი ადგა, კარი გააღო, კაბინეტში რომანი და იური მოიწვია და უთხრა: ჩაიბარეთ... ოფიციალური აღიარების გაკეთება სურს!..  

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3