კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-29(655) 

– რომ ვერ გავჩითო, მაშინ ციხეში შემაბრუნებენ, – მითხრა ბერძენამ და ღრმა ნაფაზი დაარტყა, – თუ ვერაფერი მოვახერხე, პაბეგი უნდა ავიკიდო და ამ ბოზებსაც ეს უნდათ.

დღევანდელობისგან განსხვავებით, იმ პერიოდში, უმუშევრობისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ქმედითუუნარო არ იყავი, ხალხს ციხეში სვამდნენ. ამიტომ, ყველა კანონიერ ქურდს ან მუშაობის არმსურველს რაიონული მილიციის განყოფილებაში ან ყალბი ცნობა უნდა წარედგინა სამუშაო ადგილიდან, ან ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც სპეციალური კომისიის თავმჯდომარე გასცემდა. ზემოხსენებული ცნობების გაცემა საკმაოდ სარფიანი საქმე იყო და მათი გამცემები გვარიან თანხას იჯიბავდნენ. ამგვარად, მუშაობის ყველა არმსურველი, რომლებიც საკმაოდ მრავლად იყვნენ მაშინ, გარკვეულ თანხას იხდიდნენ ასეთ ცნობაში.

– ბერძენ, სად და როგორ უნდა გაჩითო ეს ცნობა?

– მაყუთი უნდა გადაიხადო და მოგცემენ, მაგრამ, იქაც ნაცნობობა გჭირდება. ყველას არ ენდობიან და ყველასგან არ იღებენ ფულს. მე კი ასეთი ნაცნობი არ მყავს, – მითხრა ბერძენამ.

– ეს ცნობა ვის უნდა მიუტანო?

– უბნის ინსპექტორს, ის კი მილიციაში მიიტანს.

– ძევიატკას?

– ჰო, მაგ ბოზს. ამ დილითაც იყო მოსული და მემუქრებოდა. მაგარი ნაბოზარია, – ზიზღით თქვა ბერძენამ, – ოთხი წლის წინ რომ ამაგდეს და კამერაში ჩამსვეს, მილიციაში ძევიატკა გავჩითე და ვთხოვე, ერთი ღერი სიგარეტი მოეცა, მაგ ბოზმა კი სუხოი ატკაზი მხია და თან ჩემს ტანჯვაზე კაიფობდა. ჯალათია, ნაღდი სადისტი. შენ და შენი ძმაკაცები უფრთხილდით მაგ ბოზს.

ბერძენას სიტყვებზე მრავალმნიშვნელოვნად გამეცინა და ვუთხარი:

– ფეხები არ მოგვჭამოს ძირში! მორჩა მაგის ბაირამობა მთაწმინდაზე და ჩვენი პრესვა. ძევიატკას მოყომარებული აქვს და კურდღელივით გვემალება.

– ეგ როგორ? – მკითხა უკიდურესად გაკვირვებულმა ბერძენამ. მე მას დაწვრილებით მოვუყევი, თუ როგორ წამოაგო პროვოკაციაზე ხუჭუჭამ ძევიატკა და ბოლოს ვუთხარი:

– როგორია, ბერძენ, ხომ მაგრად გამოვიჭირეთ?

ბერძენამ კარგა ხანს გულიანად იცინა და ბოლოს მითხრა:

 – საღოლ, ძმებო! მაგრად შეუსრულეთ მაგ ბოზს, ღირსია, საღოლ! – ბერძენამ პაუზა გააკეთა და უკვე ღიმილის გარეშე, სერიოზული სახით დაამატა: ნაღდად არ ვიცოდი, თუ ხუჭუჭა ასეთი ბობოლა კაცის შვილი იყო და აბრალავასაც იცნობდა. მაგას შეუძლია ჩემი შველა, თუ, რა თქმა უნდა, მოინდომებს. რას იტყვი, იკისრებს ამ საქმეს? ეტყვის მამამისს, რომ მან აბრალავას უთხრას, თავი დამანებონ?

– ეტყვის. მამამისს ზურიკო და ელენე ძალიან უყვარს და მათ არაფერზე ეუბნება უარს და ამაზე რატომ უნდა უთხრას უარი?!

– შეიძლება, უთხრას. რომ გაიგებს, ვინ ვარ, მამამისი ხუჭუჭას ეტყვის, მაგასთან რა გინდაო და, ალბათ, დაუატკაზებს. სხვა ცნობაც მიშველის, მაგრამ, მაშინ ექიმმა უნდა დამიწეროს, რომ ინვალიდი ვარ, ან, დროებით მაინც არ შემიძლია მუშაობა.

ბერძენას სიტყვების შემდეგ ერთმა აზრმა გამიელვა თავში და მას ვუთხარი:

– ხუჭუჭას დეიდა რომელიღაც პოლიკლინიკის მთავარი ექიმია, ის ვერ დაგეხმარება?

– თუკი მოინდომა, ალბათ, კი, – თქვა ღიმილით ბერძენამ, – მოკლედ, ხუჭუჭა გვჭირდება. ხომ არ იცი, ახლა სად არის?

– სკოლაში, – ვუთხარი ბერძენას. ამ დროს ჩვენი სკოლის ზარმა დარეკა და დავამატე: – აი, გაკვეთილებიც დამთავრდა, გამოვა და ამოვიყვან.

ხუჭუჭა ათიოდე წუთის შემდეგ შემოგვიერთდა, შეთავაზებული სიგარეტი გააბოლა, სავარძელში ჩაეშვა და თქვა: 

– ასწორებს მარტო ცხოვრება, რასაც გინდა, იმას გააკეთებ.

– შენს ასაკში მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ციხიდან რომ ცარიელ სახლში დავბრუნდი, მივხვდი, ვცდებოდი, – მიუგო ხუჭუჭას ბერძენამ, – იმას რა სჯობია, როცა მშობლები ცოცხალი გყავს და გელოდებიან. ჩემები კი ჩემს პატიმრობას გადაჰყვნენ.

ბერძენას მშობლების ისტორია მთელმა საქართველომ იცოდა. როდესაც კოტე ბერძენიშვილს ოთხი წელი მიუსაჯეს და პირდაპირ ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიაში უკრეს თავი, დედამისი ლოგინად ჩავარდა და ოთხ თვეში გარდაიცვალა. მანამდე კი ხუთასი წერილი დაწერა წინასწარ, რომელსაც ბერძენა საპყრობილეში იღებდა და არ იცოდა, რომ დედამისი ცოცხალი აღარ იყო. ცოლის სიკვდილსა და შვილის პატიმრობას ვერც ბერძენას მამამ გაუძლო და მეუღლეს ორ თვეში უკან მიჰყვა. წინასწარ დაწერილ წერილებს კი საპყრობილეში ბერძენას მეზობელი ქალი გზავნიდა, რომელიც დედამისთან მეგობრობდა.

– ბერძენ, რაღაც რომ გკითხო, ხომ არ გეწყინება? – უთხრა ხუჭუჭამ ჩვენს მასპინძელს, როდესაც მან თავისი გარდაცვლილი მშობლები გაიხსენა.

– მკითხე.

– ბერძენ, მართალია, რომ დედაშენმა წინასწარ დაწერა წერილები და თქვენს მეზობელს სთხოვა, ნელ-ნელა შენთვის ეგზავნა, რომ შენ დედის სიკვდილი არ გცოდნოდა?

– კი, მართალია. ქეთო დეიდა მიგზავნიდა დედაჩემის დაწერილ წერილებს და ყოველკვირა გრევებსაც აყოლებდა ჩემი მშობლების სახელით.

– რომელი დეიდა ქეთო, შვილი რომ მოუკვდა, მილიციის შენობის ფანჯრიდან რომ გადმოხტა? – ჰკითხა ხუჭუჭამ ბერძენას.

– ჰო, ეგა. მაგრამ, სანდრო კი არ გადმომხტარა, გადმოაგდეს!

– გადმოაგდეს? ეგ როგორ? – გულწრფელად გაუკვირდა ხუჭუჭას, ისევე, როგორც მე, რადგან, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა ჯოჯოხეთური ამბები ხდებოდა მილიციაში.

– როგორ და, ის საცოდავი წამებაში შემოაკვდათ ძაღლებს, მერე თვითონვე გადმოაგდეს და თქვეს, გადმოხტაო.

– რა დააშავა ისეთი?

– არც არაფერი. მისმა ჯგუფელმა ვიღაც ბობოლას გოგო მოიტაცა, რომ ცოლად მოეყვანა. „ძაღლებმა“ კი საცოდავი სანდრო ღამის სამ საათზე ლოგინიდან მძინარე ააგდეს და წაიყვანეს, დილის შვიდ საათზე კი ქეთო დეიდას გამოუცხადეს, შენმა შვილმა თავი მოიკლაო. არადა, ის ცხონებული 20 წლის იყო, უნივერსიტეტში მესამე კურსზე სულ ფრიადებზე სწავლობდა. ჭიანჭველასაც  არ ადგამდა ფეხს და, რაც მთავარია, გაგებაშიც კი არ იყო, რომ მისმა ჯგუფელმა გოგო მოიტაცა. ისინი მაინც დაქორწინდნენ, სანდრო კი სულ ტყუილად ჩააწვინეს მიწაში. სანდროს სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ქეთო დეიდას მეუღლე დაეღუპა. სანდროს მამა, ძია ვანო, მაგარი ჯიგარი კაცი იყო. ადიდებული მტკვრიდან გათიშული გოგონა ამოიყვანა, თვითონ კი ლოდი მოხვდა თავში, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო.

– რა უბედური ყოფილა დეიდა ქეთო, – ერთდროულად ვთქვით მე და ხუჭუჭამ.

– ნუ იტყვით, ძალიან უბედური. ჯერ ქმარი დაკარგა, მერე – შვილი. ამ ყველაფერს ხომ უნდა გაძლება?! მაგარი ქალია დეიდა ქეთო, მაგარი ქალი... – თქვა ბერძენამ.

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. სამივემ გავაბოლეთ და ხმას არ ვიღებდით. დუმილი პირველად მე დავარღვიე და ზურიკოს ვუთხარი:

– ხუჭუჭ, ბერძენას დახმარება სჭირდება. დეიდაშენს ვერ ეტყვი, რომ ავადმყოფობის ცნობა მისცეს?

– რატომ, რა ხდება? – იკითხა ხუჭუჭამ და ბერძენას შეხედა. მან კი ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ზურიკოს და ბოლოს უთხრა:

– თუ შეუძლია დეიდაშენს, ისეთი ცნობა მომცეს, რომელშიც ეწერება, ორი-სამი თვე მუშაობა არ შეიძლებაო, მერე კი ტუფტა ცნობას ვიშოვი, „ძაღლებს“ მივუტან და შემეშვებიან. თუ ამ საქმეს გამიკეთებ, შენთან დიდ ვალში ვიქნები.

ხუჭუჭას სახე გაებადრა. მტრებისა და მეტოქეების დამარცხების გარდა, მას ძალიან ახარებდა და სიამოვნებდა, როცა ვინმე მასთან ვალში იყო, მით უფრო, თუ მოვალე ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნება გახლდათ. ბერძენაზე უკეთეს „კანდიდატურას“ კი ამ მხრივ ხუჭუჭა ვერც ინატრებდა. ამიტომ, ხელები გაშალა და უთხრა:

– რა დიდ ვალში, ბერძენ, არ გრცხვენია, რაზეა ბაზარი? თუ გინდა, ინვალიდის ცნობას გაგიჩითავ; თუ გინდა – სამუშაო ადგილის ცნობას და, თუ გინდა, მამაჩემს აბრალავასთვის ვათქმევინებ, რომ „ძაღლები“ შეგეშვან. თუ გაგისწორდება, სამივეს ერთად ვიზამ...

– ამხელა შუმოკის ატეხა ნაღდად არ ღირს. თუ შეგიძლია, ავადმყოფობის ცნობა გამიკეთე.

– რაზეა, ბაზარი, ტელეფონი გაქვს?

– ახლავე მოვიტან, – თქვა ბერძენამ და უზარმაზარი, შავი ფერის ძველებური ტელეფონი მოიტანა, რომელსაც სქელი, გამძლე შნური ჰქონდა გამობმული.

– ზოია დეიდას დავურეკავ და ყველაფერი მოგვარდება, – თქვა ხუჭუჭამ, ყურმილი აიღო, ნომერი აკრიფა და მცირე პაუზის შემდეგ, სერიოზული ხმით, დინჯად ჩასძახა, – ქალბატონ ზოიას სთხოვეთ... ზოიჩკა, ზურიკო ვარ. კარგად. შენ? კი, კარგად არიან. ზოიჩკა, შენთან ერთი თხოვნა მაქვს. ჩემს უფროს ძმას შენი დახმარება სჭირდება. რა და, ცნობა უნდა მისცე მილიციაში წარსადგენად, რომ მუშაობა არ შეუძლია ჯანმრთელობის გამო... რამდენის და ოცი წლის... კარგი. მადლობა. ნახვამდის... – ზურიკომ ყურმილი დაკიდა და ბერძენას უთხრა:

– ხვალ, დილის ცხრა საათზე, ცნობა მზად იქნება. უბრალოდ, პასპორტით უნდა მიხვიდე, რომ შენი მონაცემები ჩაწერონ...

იმ დღიდან მოყოლებული, ბერძენა ჩვენი ახლობელი გახდა, რაც, დროთა განმავლობაში, ძმაკაცობასა და პაძელნიკობაში გადაიზარდა.

ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ბერძენა თანასწორებივით გვეპყრობოდა და არასდროს გაუსვამს ხაზი იმისთვის, რომ ის ჩვენზე ექვსი წლით უფროსი და შავ სამყაროში ავტორიტეტული პიროვნება იყო. კოტიკო ბერძენიშვილის სახლში მრავალი კრიმინალური ავტორიტეტი, მათ შორის ქურდებიც იკრიბებოდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ვიყავით, არავის გამოუთქვამს შეშფოთება ჩვენი იქ ყოფნის გამო. ბერძენა სერიოზული ავტორიტეტი იყო და ყველა ფიქრობდა, რადგან ჩვენ მის გვერდით ვიმყოფებოდით, საიმედონიც ვიყავით. ამგვარად, ბერძენას წყალობით, ჯერ კიდევ შკოლნიკობის პერიოდში გავიცანი თბილისის შავი სამყარო და საკმაოდ საფუძვლიანადაც შევისწავლე დაუწერელი ქურდული კანონები, რაც მომავალში დიდად გამომადგა.

მიუხედავად იმისა, რომ ბერძენას სახლში შავები იკრიბებოდნენ, ის არ იყო „მალინა,“ ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. „მალინა,“ არალეგალური, კონსპირაციული ბინა, სადაც, ძირითადად, ძებნილი პრისტუპნიკები იკრიბებიან. „მალინაში“ ხდება დროსტარება, საქმეების გარჩევა, ნარკოტიკების მიღება და ბევრი სხვა მსგავსი რამ, ბერძენას ბინაში კი მსგავსი არაფერი ხდებოდა, ჩეფირსაც კი იშვიათად თუ სვამდა ვინმე. მართალია, იქ ბევრს ლაპარაკობდნენ ქურდულ ცხოვრებაზე, ბევრ საინტერესო ამბავს ყვებოდნენ და ზღვა ინფორმაციას ვიგებდით, მაგრამ ჩვენთვის არავის არაფერი დაუძალებია და ჩვენი გზა ნებაყოფლობით ავირჩიეთ.

ჩემსა და ხუჭუჭასთან ერთად, ბერძენასთან ზურიკო ტაბიძე, იგივე „ყბედალო“ დადიოდა. მეტსახელი „ყბედალო“ მასაც ხუჭუჭამ შეარქვა და ზუსტად ათიანში მოარტყა, რადგან, რომ ჩაირთვებოდა, იმდენს ლაპარაკობდა, სანამ თავს არ მოაბეზრებდა ყველას. თუმცა, მან ისიც კარგად იცოდა, სად უნდა ელაპარაკა და სად – არა. მოსმენაც კარგად შეეძლო და, ბერძენასთან რომ მივდიოდით, ბევრს ისმენდა და თითქმის არ ლაპარაკობდა. სამაგიეროდ, პირს არ აჩერებდა სკოლასა და ქუჩაში, თუმცა, არასწორსა და სულელურს არაფერს ამბობდა. უბრალოდ, მოკლე სიტყვას გრძელ „რეჩს“ ამჯობინებდა ხოლმე და, შეეძლო, რამდენიმე საათი გაუჩერებლად ელაპარაკა. ვინც ყბედალოს იცნობდა, ცდილობდა, არ გამოლაპარაკებოდა, ვინც არ იცოდა და საუბარს გაუბამდა, ბოლოს თავბედს იწყევლიდა – რატომ გამოველაპარაკეო. იმერელი ვაჟა კი, რომელიც მათთან ბინას ქირაობდა, ყბედალოს ხელში ჰყავდა შეკლული ლაპარაკით და, ერთხელ იმდენი ელაპარაკა, რომ ვაჟამ გამოცდაზე მისვლა დააგვიანა და ამის გამო სტიპენდია მოუხსნეს. მაგრამ, თავისი დანაშაული ყბედალომ თვითონვე გამოასწორა: ვაჟას დეკანთან მივიდა და იმდენი ელაპარაკა, რომ დეკანმა იმ დღეს ყველა ლექცია გაუცდინა სტუდენტებს და, რა თქმა უნდა, ვაჟას სტიპენდია აღუდგინა. ყბედალო ვერც მაშინ გადაეჩვია ბევრ ლაპარაკს, როდესაც საქვეყნოდ ცნობილი ქურდი გახდა. გამომძიებლებს ჭირივით სძულდათ მისი დაკითხვა, რადგან ეს პროცესი ძალიან დიდხანს იწელებოდა ხოლმე და, რაც მთავარია, ყოველთვის ყბედალოს სასარგებლოდ მთავრდებოდა. თუმცა, ზურიკო ტაბიძე მარტო კარგი და დაუღლელი მოლაპარაკე არ იყო და მას ქურდული საქმეც ბრწყინვალედ ესმოდა. ყბედალო ჯიბგირი იყო, თანაც, უმაღლესი კლასის და, არ არსებობდა ჯიბე ან საფულე, რომლის „გასუფთავებაც“ მას არ შეეძლო. ქურდული პროფესიის არჩევაში კი მას ერთმა შემთხვევამ შეუწყო ხელი, რომელიც მეათე კლასში შეგვემთხვა:

იმ დღეს მე, ხუჭუჭა და ყბედალო მშრალი ხიდის ბაზრობაზე მივდიოდით, რომ ძველებური ვერცხლის მონეტები გაგვეყიდა. ორას მანეთად ნაგანის რევოლვერი იყიდებოდა, ორმოცდაათი მანეთი გვაკლდა და ყბედალომ სახლიდან ვერცხლის მონეტები წამოიღო, რომლებიც თავისსავე ნესტიან სარდაფში იპოვა. ნაგანს კი ვაჟას თანასოფლელი ყიდდა, რომელსაც ეს იარაღი თავისი გარდაცვლილი ბოლშევიკი ბაბუის სკივრში უპოვია. ას ორმოცდაათი მანეთი უკვე გადახდილი გვქონდა, იარაღიც ჩვენთან იყო და დარჩენილი ფული რომც არ მიგვეცა, რბილად რომ ვთქვა, ფეხებსაც ვერავინ მოგვჭამდა, მაგრამ, მაშინ კაი ბიჭის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა და მას არავითარ შემთხვევაში არ გავტეხდით.

რუსთაველზე ჩიტაძის ქუჩით დავეშვით და კინოთეატრ „რუსთაველთან“ გადავედით, სადაც მაშინ გადასასვლელი იყო. იქვე, ჩასახვევის კუთხეში ერთი მოხუცი მათხოვარი ბებო იჯდა, რომელიც გამვლელ-გამომვლელს ლოცავდა და მოწყალებას თხოულობდა. როცა ფული მქონდა, იმ ბებოს ყოველთვის ვაძლევდი და დიდი სიამოვნებით ვისმენდი მის დალოცვას.

– შენ გაეზარდე შენს პატრონს, იდღეგრძელე და ბოროტმა ვერაფერი დაგაკლოსო, – მეტყოდა ხოლმე ბებო და ფულს ჯიბეში ისე ჩაიდებდა, რომ არც კი დახედავდა.

იმ დღეს კი, გასაყიდი მონეტების გარდა, სხვა ფული არ გვქონდა. ამიტომ, შორიდან მოვლა გადავწყვიტე, რომ ბებოს არ დავენახე, რადგან, შემრცხვა უფულობის. ბიჭებმაც იგივე გააკეთეს და გზის პირას გავიარეთ. ამ დროს ბებოს ვიღაც შუახნის ფრანტმა მედიდურად ჩაუარა. ბებომ მას მოწყალება სთხოვა. ფრანტი შეტრიალდა და ბებოსთან მივიდა, შემდეგ საფულე ამოიღო და ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ბებოსთვის ფული უნდა მიეცა, თუმცა მის გამოწვდილ ხელში ჩააფურთხა და ხარხარით გაშორდა იქაურობას.

ბებო გაშრა და გაწვდილი ხელი გაუშეშდა. 

– ხედავ, რა ქნა იმ ნაბოზარმა? – გაგიჟდა ყბედალო.

– დასასჯელია ეს ბოზი! – თქვა ხუჭუჭამ, – მოდი, ავედევნოთ, სადმე, ტუპიკში მოვიმწყვდიოთ და თავში აგური ვხეთქოთ!

– არა! შეიძლება, დაიბრიდოს, – ვთქვი მე.

– მერედა, ღირსი არ არის? – აღშფოთდა ხუჭუჭა, მე კი ვუთხარი:

– შეიძლება, არის, მაგრამ, ამ ბოზის გამო ხელის გასვრა არ ღირს. სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ.

– რა? – მხრები აიჩეჩა ხუჭუჭამ.

– მე ვიცი, რაც... წამომყევით! – თქვა ყბედალომ და ფრანტს უკან ავედევნეთ.

ის ნაძირალა ისე მიაბიჯებდა რუსთაველის გამზირზე, თითქოს მამამისის საკუთრება ყოფილიყო და მას მემკვიდრეობით ერგო. ის კუთხემდე მივიდა და უზარმაზარ გასტრონომში შეუხვია, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს.

– აბა, მომყევით და არ დაიბნეთ, – გვითხრა ყბედალომ, რომელსაც უკან გავყევით.

ნაძირალა ფრანტი წყლების სექციისკენ გაემართა, რომ ცივი წყლით გაგრილებულიყო, რადგან, ძალიან ცხელოდა. ყბედალომ მას გვერდით ჩაუარა, ვითომ შემთხვევით დაეჯახა, შემდეგ მოუბოდიშა და მეორე გასასვლელიდან გავიდა. ჩვენც უკან მივყევით. ქუჩაში რომ გავედით,  დაგვიძახა:

– ჩქარა, მოვხიეთ!

 ყბედალო ერთ-ერთ სადარბაზოში გაუჩინარდა, ჩვენც შევყევით და ხუჭუჭამ ჰკითხა:

– რა ტრაწიანი ხარივით დარბიხარ?

– აი, ტრაწიან ხარს რა შეუძლია... – თქვა ყბედალომ და ჯიბიდან სქელი საფულე ამოაცურა, – იმ ნაბოზარს ამოვაცალე.

საფულეში 320 მანეთი და 60 კაპიკი აღმოჩნდა, რაც იმ დროს, თანაც ჩვენთვის, უზარმაზარი თანხა იყო. გარდა ამისა, იქ იდო იმ ნაძირალას პასპორტი, მართვის მოწმობა და სამხედრო ბილეთი.

– ვაა, საღოლ, ყბედალო-ჯან! – აღმოხდა ხუჭუჭას, – როგორ აპარსე საფულე?

– რა, არ იყო ღირსი? – სიამაყით თქვა ყბედალომ, – ხელებმა თვითონ იმუშავეს.

ყბედალო არ ცრუობდა. როგორც მრავალ გენიალურ ხელოვანს არ ძალუძს ახსნას, როგორ ახერხებს გენიალური შედევრების შექმნას, ისევე ყბედალო ვერ ხსნიდა, როგორ ახერხებდა ნებისმიერი ჯიბის „გასუფთავებას.“ ეს საქმე ყბედალოს ხელოვნების უმაღლეს რანგში ჰქონდა აყვანილი და რამდენიმე წელიწადში ის საბჭოთა კავშირის ჯიბგირების მეფე გახდა. იმ დღეს კი 16 წლის ზურიკო ტაბიძემ თავისი პირველი საქმე შეასრულა, საკმაოდ დიდი კუშიც აიღო და ქურდულადაც განკარგა: მოპარული ფულიდან 20 მანეთი და 60 კაპიკი ბებოს უფეშქაშა. 100 მანეთი სახარჯოდ დავიტოვეთ, 200 მანეთით კი ბერძენას დავადექით სახლში, რომელიც მარტო იყო და, რომ დაგვინახა, სიხარულით გვითხრა:

– შემოდით, ძმებო, შემოდით.

ჩვენ სასტუმრო ოთახში შევედით, ჩვეულებისამებრ, დაბალი, მართკუთხედი მაგიდის ირგვლივ მდგარ სავარძლებში ჩავსხედით და მასპინძელთან ერთად სიგარეტები გავაბოლეთ.

– ბერძენ, შენთან პატარა საქმე გვაქვს, – უთხრა მასპინძელს ყბედალომ.

– გისმენთ, ძმებო, თქვით, რა საქმე გაქვთ, – გაიღიმა ბერძენამ.

ზურიკო ტაბიძემ ოთხი ცალი ორმოცდაათმანეთიანი ამოაცურა ჯიბიდან, 150 მანეთი ცალკე დადო მაგიდაზე, 50 მანეთი კი გვერდით დაუდო და ბერძენას უთხრა:

– ბერძენ, ძმაო, ეს ორმოცდაათი მანეთი შენ – ჩვენგან გრევი, როგორც ჩვენს უფროს ძმას, ხოლო ას ორმოცდაათი მანეთი კი ჩვენი წილია ქურდულ ობშჩიაკში და მიმართულება შენ მიეცი.

– ამ მაყუთს დღესვე მთლიანად შევუშვებ ციხეში, – თქვა ბერძენამ ოთხივე ორმოცდაათმანეთიანი ერთად მოაქუჩა და დაამატა, – გრევისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ, ქურდებს უფრო გამოადგებათ ეს მაყუთი.

– ბერძენ, ძმაო, ხომ არ გაგიტყდა, ფული რომ გიგრევეთ? სხვანაირად არ გაგვიგო, ჩვენი ძმა ხარ და მთელი სულითა და გულით მოგიტანეთ, – უთხრა ყბედალომ მასპინძელს.

– არა. გამიტყდა კი არა, პირიქით, ძალიან გამისწორდა. ფული მაქვს და იმიტომ არ ვიტოვებ ჩემს გრევს. თქვენ კი, თუ საიდუმლო არ არის, ამდენი ფული სად გაჩითეთ?

ყბედალომ პირი დააღო, რომ თავისი გმირობის შესახებ მოეყოლა, მაგრამ მას ხუჭუჭამ დაასწრო, ბერძენას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ჰკითხა:

– რას იტყვი, როგორი ნამუშევარი იყო?

– ძმებო, რაც ყბედალომ ქნა, ძალიან სერიოზული საქმეა, ბავშვური საქციელი აღარაა. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, რომ ჩაავლონ, სერიოზულ პასუხსაც აგებინებენ. ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ ქურდული ცხოვრება ძალიან სახიფათო რამაა და, სანამ ამ გზაზე დადგება კაცი, კარგად უნდა დაფიქრდეს. როცა ამ საქმეს ჰკიდებ ხელს, თავი უნდა გქონდეს გადადებული და, უნდა იცოდე, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილია. უკანდახეული ქურდი კი, თუ სერიოზული იაღლიში მოუვა, შეიძლება, ვაბშემც დახეული დარჩეს და ამაზე დიდი უბედურება კაცისთვის არ არსებობს. არ გაშინებთ, არც ვამეტებ, მაგრამ, მინდა იცოდეთ, რომ, სანამ ამ გზაზე შედგამთ ფეხს, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და ისე მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, – თქვა ბერძენამ, გააბოლა, ყბედალოს შეხედა და განაგრძო, – ისე, ძმაო, ოქროს ხელები გქონია, ნახადუ კლიენტის „გაპარსვა“ გამოცდილ მომპარავებსაც კი უჭირთ. საღოლ, მაგარი ნამუშევარია.

ბერძენა მართალი იყო და ტყუილად არ შეუქია ყბედალო. ჯიბგირობა ქურდული პროფესიის მწვერვალია და ამ კატეგორიის პროფესიონალებს შავ სამყაროში განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა ნერვები, საზრიანობა, ინტუიცია და პლასტიკაა საჭირო, რომ უამრავ ადამიანში ჯერ ფულიანი კლიენტი ამოიცნო, მერე კი ისე „გაასუფთავო“, რომ ვერაფერი იგრძნოს. სწორედ ასეთი კვალიფიკაციის ჯიბგირი იყო ყბედალო და ამიტომაც დაიმსახურა უდიდესი აღიარება თავის კოლეგებში.

მიუხედავად იმისა, რომ მილიციელებმა კარგად იცოდნენ, ვინ იყო ყბედალო, ფაქტზე მის დაჭერას ვერაფრით ახერხებდნენ. ზურიკო ტაბიძე ერთადერთხელაა „სროკზე“ ნამყოფი, მაგრამ, არა ჯიბგირობისთვის, არამედ, იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ეს საქმე კი მას „შეუკერეს“ და ხუთი წლით ციხეში გამოამწყვდიეს, საიდანაც ის უკვე ქურდის სტატუსით დაბრუნდა და მეტი აღარ გაუსროკავთ.

ყბედალოს დაპატიმრება პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით მოხდა, მას კი ეს ცეკას პირველმა მდივანმა უბრძანა და მილიციასაც მეტი გზა არ ჰქონდა. ზურიკო ტაბიძე რუსთაველის გამზირზე, ლაღიძის წყლებთან დააკავეს, ქამრიდან „ტეტეს“ პისტოლეტი ამოუღეს და პირდაპირ „კაპეზეში“ გააქანეს, რომელიც მაშინ ბებელის ქუჩაზე მდებარეობდა, დღეს იქ საპატრიარქო რეზიდენციაა განთავსებული. 

იმ პერიოდის თბილისი პატარა, კოხტა ქალაქი იყო. ძირძველი ქალაქელები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ. ყველამ ყველაზე ყველაფერი იცოდა. დაფარული არაფერი იყო და მილიციის დახურული სტრუქტურიდანაც კი გამოდიოდა ინფორმაცია. სწორედ ამის წყალობით იცოდა ყველამ მილიციის ცნობილი ჯალათის, ვალიკო დორბლიანის სახელი. უმცროსი ლეიტენანტი ვალერიან მიროტაძე მილიციის სამმართველოს კაპეზეში მუშაობდა და ხელმძღვანელობა მას ყველაზე ბინძურ საქმეებს – პატიმართა წამებას ავალებდა. ვალიკო დორბლიანი საქართველოს ერთ-ერთი პროვინციიდან იყო თბილისში ჩამოსული და სოლოლაკში, ერთი იტალიური ეზოს სარდაფში ცხოვრობდა ქირით. მას არაერთი სისასტიკე ჰქონდა ჩადენილი, მრავალი ადამიანი ჰყავდა გამწარებული, რამდენიმე კი წამებაში შემოაკვდა. სწორედ მას შემოაკვდა ქეთო დეიდას ერთადერთი ვაჟიც და შემდეგ მანვე გადააგდო სანდრო ფანჯრიდან. სწორედ ვალიკო დორბლიანთან მიიყვანეს რუსთაველზე დაკავებული ყბედალო, რომელიც არ აღიარებდა მისთვის წაყენებულ არარსებულ ბრალდებას და უბრძანეს, რომ აღიარებითი ჩვენება მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალიკო დორბლიანს ის უნდა გაეპრესა და ამგვარად მიეღო აღიარებითი ჩვენება. მიროტაძე უკვე კბილებს ილესავდა და წელზემოთაც კი გაშიშვლდა, რომ პატიმარი უკეთ ეწამებინა, მაგრამ, ყბედალომ წიხლი სთხლიშა სახეში ვალიკო დორბლიანს, შემდეგ მაგიდიდან საკანცელარიო დანა აიღო და მარცხენა ხელზე ვენები გადაიხსნა... ყბედალო საავადმყოფოში გადაიყვანეს და ვალიკო დორბლიანის წამებას გადაურჩა, თუმცა, ციხეს მაინც ვერ ასცდა და სასამართლომ, ყოველგვარი აღიარებისა და კვალიფიციური გამოძიების გარეშე, ის ხუთი წლით ციხეში გამოამწყვდია.

– ერთი გამოეთრას საავადმყოფოდანა, მე მაგას ვუჩვენებ წიხლის ჩარტყმასა! – იმუქრებოდა ვალიკო დორბლიანი, მაგრამ, თავისი მუქარის ასრულება ვერ შეძლო.

ამ ამბიდან ორიოდე კვირის შემდეგ, ვალიკო დორბლიანის გვამი მისივე საცხოვრებელ სარდაფში აღმოაჩინეს. მილიციის ჯალათი უმოწყალოდ იყო დაჩეხილი, მის სხეულს კი ვირთხები ეხვეოდნენ და ჯიჯგნიდნენ... უმცროსი ლეიტენანტი მიროტაძე არავის შესცოდებია და არც მის კოლეგებს გამოუჩენიათ დიდი ძალისხმევა ამ მკვლელობის გამოსაძიებლად, რადგან, ვალიკო დორბლიანს უამრავი ადამიანი ჰყავდა გამწარებული და მათში მკვლელის ძებნას არც აზრი ჰქონდა და არც ამის სურვილი გამოუჩენია ვინმეს...

ციხე და ციხის ცხოვრება საზოგადოების სარკეა და მასში იდეალურად აისახება ამ საზოგადოების ყველა დადებითი თუ უარყოფითი მხარე. ამ დახურულ სისტემაში, სადაც ადამიანები პერმანენტულ დაძაბულობაში იმყოფებიან, საკუთარი თავის დამალვა შეუძლებელია და, ადრე თუ გვიან ნებისმიერი მათგანი აუცილებლად გამოაჩენს თავის ჭეშმარიტ სახეს. კაცი კაცურად იცხოვრებს და კაცების გვერდით იქნება, არაკაცის ადგილი კი საქათმეშია და, შესაბამისად, ქათმურ ყოფაში გაატარებს თავის დღეებს. საქათმეში ნამყოფი ადამიანი სამუდამოდ დაღდასმულია როგორც მორალურ-ფსიქოლოგიურად, ასევე, სოციალურადაც და, შეუძლებელია მისი სრულფასოვანი, პიროვნული სტატუსის აღდგენა. ამიტომ, ადამიანი თავის ყოველ საქციელზე უნდა დაფიქრდეს და, სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს, მოსალოდნელი შედეგებიც უნდა გაიაზროს. ჩემი სიტყვები განსაკუთრებით ქურდის ტიტულის მაძიებლებს, ეგრეთ წოდებულ „მომავლებს“ ეხება, რადგან, როგორც მაღალ სასულიერო პირებს მოეთხოვებათ უფლისგან უბრალო მოკვდავებზე მეტი, ასევე მეტი მოეთხოვება ქურდს, მასზე დაბალ იერარქიაზე მდგომ ადამიანთან შედარებით.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3