კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაგნო გატაცებული ზურმუხტის ოთახს ქართველმა გამომძიებელმა ყოფილ სამეფო თავლებში

ხანძარი

1956 წლის 18 იანვარს მოსკოვში, ეგრეთ წოდებული „ალექსანდრეს“ საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა და ეს უზარმაზარი ფართობი, სულ რაღაც, ერთი საათის განმავლობაში ისე დაიწვა, შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ვერაფერი გააწყვეს. იმ დღეს მოსკოვში მინუს 32 გრადუსი ყინვა იყო და საწყობების მიმდებარე ტერიტორია ისე გაიყინა, სახანძრო  მანქანები ხანძარს ვერ მიუახლოვდნენ. გარდა ამისა, ასი წლის წინ აშენებული ხის შენობა ისე იყო გამომშრალი, რომ კატასტროფული სისწრაფით ჩაიფერფლა.

ალექსანდრეს საწყობებს ცარიზმის დროს თავლის დანიშნულება ჰქონდა. ისინი იმპერატორ ალექსანდრე მესამის ბრძანებით აშენდა და იქ სამეფო ცხენებს უვლიდნენ. რევოლუციის შემდეგ სამეფო თავლებს რამდენჯერმე შეეცვალა პროფილი და მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან იქ უზარმაზარი საწყობები მოაწყვეს, საიდანაც მთელი მოსკოვის მაღაზიები მარაგდებოდა საქონლით. ამგვარად, საწყობებში რამდენიმე ათეული მილიონი მანეთის ქონება ინახებოდა და ამ ტერიტორიას არასაუწყებო დაცვის ოცეული დარაჯობდა. ტერიტორია მავთულხლართებით იყო შემოსაზღვრული.

ალექსანდრეს საწყობების ოფიციალური სახელწოდება იყო მოსკოვის ¹1 სასაქონლო ბაზა, რომელსაც 57 წლის ლევ პელცერი ხელმძღვანელობდა. ვაჭრობის გამოცდილ მუშაკს არაერთი მადლობა და სიგელი ჰქონდა მიღებული კარგი მუშაობისთვის, მაგრამ ის მაინც დააკავეს, რადგან გამოძიების ერთადერთი ვერსიით, საწყობები შეგნებულად დაწვეს და ეს კვალის დაფარვის მიზნით გაკეთდა. ანუ, გამომძიებლები პელცერს დანაკლისში სდებდნენ ბრალს და ხანძრის ორგანიზებას აბრალებდნენ. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ხანძრის დროს ორი მცველი დაიღუპა. ისინი ხანძარს შეეწირნენ და მათი ცხედრები მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ძალოვნებმა პელცერი ორი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს. ყველა საბუთი წესრიგში აღმოჩნდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ სახელმწიფო  ქონების დატაცებას ადგილი არ ჰქონია. ამას დაერთო მოწმეთა ჩვენებებიც, რომ საწყობები ცარიელი იყო, რადგან იქ მოთავსებული საქონელი საახალწლოდ გაიტანეს და გაიყიდა. ახალი საქონელი კი 19 იანვარს, ხანძრის მეორე დღეს უნდა შეეტანათ. ყველაფერ ამას დაერთო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ გადაბუგულ საწყობში მხოლოდ დახლები და კედლები იყო დამწვარი. ამიტომ საქმე დახურეს, ხანძარი კი უბედურ შემთხვევას მიაწერეს და აღნიშნეს, რომ ცეცხლი დამწვარი მცველების დაუდევრობით გაჩნდა.

ახლად აღმოჩენილი გარემოებები

ალექსანდრეს საწყობებში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპული მცველები ისე დაკრძალეს, მათთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ, რაც იმით ახსნეს, რომ ცხედრები ექსპერტიზისთვის უვარგისი იყო. მაგრამ, საქმის დახურვიდან ერთი კვირის შემდეგ, მოსკოვის პროკურატურის გამომძიებელთან, ანტონ შიხინთან, რომელიც ხანძრის საქმეს იძიებდა და დახურა, ვინმე ეგორ კოტოვი მივიდა. 

– მე ივანე კოტოვის ძმა ვარ და მოვითხოვ, რომ თქვენ მიერ ნაადრევად დახურული საქმე განაახლოთ, კვალიფიციურად გამოიძიოთ და სიმართლე დაადგინოთ.

პროკურატურის გამომძიებელმა ეგორ კოტოვი არანორმალურად მიიჩნია, რადგან თავად დარწმუნებული იყო, რომ საქმე სამართლიანად დაიხურა. ამიტომ მას უთხრა:

– თქვენ ხართ არაკომპეტენტური პირი და საქმეს არ იცნობთ, ამიტომ თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა. საქმის ხელახალი აღძვრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი ახალაღმოჩენილი გარემოება გამოჩნდება.

– სწორედაც რომ, კომპეტენტური ვარ და საქმის დეტალებს ვიცნობ, – მტკიცედ თქვა კოტოვმა. შიხინს მილიციის კაპიტნის წიგნაკი უჩვენა და უთხრა, – ამ საქმეზე კერძო მოკვლევა ვაწარმოე და დავადგინე, რომ იმ ღამეს, როდესაც ხანძარი მოხდა, შენობაში ორი გასროლა განხორციელდა. მოწმეც მყავს, ვინმე ლოთი კუზმა ზახაროვი. მას ალექსანდრეს საწყობების სიახლოვეს თავშესაფარი აქვს მოწყობილი და სწორედ მან გაიგონა გასროლის ხმა.

– ლოთის გჯერათ? – სიტყვა გააწყვეტინა შიხინმა კოტოვს, – მე საწყობების დაცვის ოცეულის თვრამეტივე წევრი დავკითხე და არც ერთ მათგანს არ გაუგონია გასროლის ხმა. მათი ყაზარმა კი, ზახაროვის თავშესაფრისგან განსხვავებით, საწყობების ტერიტორიაზე მდებარეობს.

– მოშორებით, – თქვა კოტოვმა, – მოშორებით მდებარეობს. თანაც, ისინი იმ ღამეს ყველანი მთვრალები იყვნენ და ღრმად ეძინათ. ლოთ ზახაროვს კი ეღვიძა, რადგან სასმელი არ ჰქონდა, „ლომკაში“ იყო და გასროლის ხმებიც სწორედ იმიტომ გაიგონა. გარდა ამისა, ჩასატარებელი დაგრჩათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ვფიქრობ, ჩემი ძმა და მისი მეწყვილე მოკლულები არიან და ხანძარი მხოლოდ ამის მერე გაჩნდა. ამიტომ ექსჰუმაციას მოვითხოვ.

შიხინს ენა მუცელში ჩაუვარდა და კოტოვს ზიზღნარევი თვალებით უმზერდა. თუმცა, იძულებული იყო, მის ნებას დაჰყოლოდა და ექსჰუმაცია ჩაეტარებინა. ექსპერტიზამ კოტოვის ვარაუდი დაადასტურა და დადგინდა, რომ ხანძრის დროს დანახშირებული ივანე კოტოვი და ვარლამ მილევსკი მოკლულები იყვნენ. მათ თითო ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი გულში. ამიტომ, ახალაღმოჩენილი გარემოების გამო, ხანძრის საქმე განახლდა და მას გამოცდილი ქართველი გამომძიებელი შალვა კეკელია ჩაუდგა სათავეში.

თვითმკვლელობა

ახლად დანიშნულმა შალვა კეკელიამ გულდასმით შეისწავლა საქმის მასალები და დარწმუნდა, რომ მკვლელობები შინაურმა ჩაიდინა ან შინაურის ხელშეწყობით იყო ჩადენილი, რადგან მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ვერავინ შეაღწევდა შეუმჩნევლად. ამიტომ, შალვა კეკელიამ თავიდან დაკითხა დაცვის ოცეულის თვრამეტივე წევრი და 68 წლის ლეონიდ კარპოვში შეეპარა ეჭვი. ის საწყობის დაცვის ოცეულის უფროსი იყო და უსაფრთხოებაზე პირადად აგებდა პასუხს.

– ამხანაგო გამომძიებელო, – შეწუხებული სახით ამბობდა კარპოვი, – იმ ღამეს ბიჭებმა არყის ფული შეაგროვეს, რომ სიცივეში როგორმე გამთბარიყვნენ. ვაღიარებ, რომ ზედმეტი მოგვივიდა, ყველას მკვდრებივით ჩაგვეძინა და დანაშაული ვერ აღვკვეთეთ. ამიტომ, მზად ვარ, პასუხი ვაგო კანონის წინაშე, როგორც უფროსმა.

კარპოვის სიტყვები გულწრფელად ჟღერდა, მაგრამ გამოცდილ შალვა კეკელიას ეჭვი შეეპარა მის სიტყვებში. ქართველი გამომძიებლის აზრით, ამ აღიარებით კარპოვი რაღაც უფრო დიდს მალავდა, მაგრამ რას, კეკელიამ ეს არ იცოდა. კარპოვი კიდეც რომ მიეცათ პასუხისგებაში, მას პირობით სასჯელს მისცემდნენ და სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. ეს კი კარპოვისთვის ხელსაყრელი იქნებოდა, თუკი ის დამნაშავე იყო. ამიტომ, კეკელიამ კარპოვის შემდგომი დამუშავება გადაწყვიტა. პარალელურად კი, მისი ბიოგრაფიის შესწავლას შეუდგა და დაადგინა, რომ კარპოვი, სინამდვილეში გვარად ლემკე იყო და ახალგაზრდობაში მეფის კარზე მსახურობდა მეჯინიბედ, სწორედ იქ, სადაც მოგვიანებით, საწყობის გამგედ დაბრუნდა. კარპოვის გვარი ლემკემ 40-იან წლებში მიიღო და გვარის შეცვლა იმით ახსნა, რომ მამას ვერ იტანდა და დედის გვარზე გადადიოდა. კეკელიამ გვარშეცვლილის დოსიეში მეტი ვერაფერი აღმოაჩინა, თუმცა ის ხელახლა დაიბარა დაკითხვაზე და ჰკითხა:

– რას იტყვით იმაზე, რომ გულახდილად ვისაუბროთ?

– რა თქმა უნდა, ამხანაგო გამომძიებელო, მე თქვენ ყოველთვის გულახდილად გესაუბრებოდით.

– კეთილი, ლემკე, – უთხრა კეკელიამ და გამომცდელად შეხედა, – მაშინ, გულახდილად მითხარით, რატომ დაბრუნდით საიმპერატორო თავლებში, რა საიდუმლო იმალება ყოველივე ამაში?

კარპოვ-ლემკე გაფითრდა, შემდეგ გულზე ხელი დაიდო და კეკელიას უთხრა:

– წყალი მომეცით, ჩქარა, გული!

კეკელია წამოდგა, რომ თაროდან გრაფინი ჩამოეღო და წყალი დაესხა, მაგრამ ლემკე-კარპოვი მას ადგილზე აღარ დახვდა. ის უკვე ფანჯრის რაფაზე იდგა და ქვევით იყურებოდა.

– კარპოვ, არ გადახტეთ! – უღრიალა კეკელიამ, ჭიქა გაუვარდა და ფანჯრისკენ წაიწია.

– საზიზღარო კომუნისტებო, მძულხართ! – მიაძახა ლემკემ კეკელიას, შემდეგ მეოთხე სართულიდან გადახტა და პროკურატურის ეზოში დაენარცხა...

ამ შემთხვევის გამო, შალვა კეკელია გამოძიებას ჩამოაშორეს და მასზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო, ხოლო ხანძრის საქმე სხვას გადასცეს.

ზურმუხტის ოთახი

შალვა კეკელიას საქმეზე მოკვლევას გენერალური ინსპექცია აწარმოებდა. მათ უნდა დაედგინათ, სინამდვილეში რა მოხდა კეკელიას კაბინეტში. რადგან პროკურატურის პრაქტიკაში დაკითხვაზე მყოფი პიროვნების თვითმკვლელობა ნონსენსი იყო. არსებობდა ეჭვი, რომ კარპოვ-ლემკე ფანჯრიდან თვით კეკელიამ გადააგდო და სწორედ ამის გარკვევას ცდილობდნენ გენერალური ინსპექციის თანამშრომლები.

ბედის ირონიით, შალვა კეკელიას საქმის მოკვლევა გამომძიებელ პავლე ანდრეევს დაავალეს, რომელსაც შალვას მიმართ მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან ორი წლის წინ ანდრეევი კეკელიას ხელქვეითი იყო და შალვამ ის პატიმრის ცემისთვის განყოფილებიდან გაუშვა. მას მერე ანდრეევი ხელსაყრელ მომენტს ეძებდა, რომ შური ეძია კეკელიაზე. ანდრეევს კეკელიას პასუხისგებაში მიცემა უნდოდა და საამისოდ ყველაფერს აკეთებდა. მაგრამ, მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ შალვას მკაცრი საყვედური მისცეს და ექვსი თვით ჩამოაშორეს  საგამოძიებო საქმიანობას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კეკელიას მხოლოდ ძიება ეკრძალებოდა ექვსი თვით, სხვა დანარჩენი უფლებებით კი ის ძველებურად სარგებლობდა და ხელფასსაც იღებდა.

პატივმოყვარე შალვამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა ყველასთვის საკუთარი კომპეტენცია და ხანძრის საქმის გამოძიება არაოფიციალურად განაგრძო. ის კარპოვის მეზობელს, ძველ ბოლშევიკს, ივანე გურინს დაუახლოვდა და მისგან შეიტყო, რომ პროკურატურის ფანჯრიდან გადამხტარ კარპოვს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კამერდინერთან, ალექსანდრე პოტაპოვთან ჰქონდა ურთიერთობა. პოტაპოვი 1954 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის მისჯილი ოცწლიანი პატიმრობის მერე დაბრუნდა ციმბირიდან. გურინმა, რომელმაც ჩაიზე დაპატიჟა კეკელია, მახორკა გააბოლა და უთხრა:

– კარპოვი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როდესაც ის ლემკე იყო. რევოლუცია ახალი მომხდარი იყო და მაშინ მუშათა და მატროსთა შეიარაღებულ ოცეულს ვმეთაურობდი. ერთ დღეს ჩემს ოცეულთან ერთად იმპერატორის ყოფილ რეზიდენციასთან ვპატრულირებდი და ბიჭებმა ლემკე დააკავეს. ის ყოფილი რეზიდენციის სადარბაზოდან გამოდიოდა, რაც ძალიან საეჭვოდ მოეჩვენათ. ლემკეს თან ჰქონდა რვეული, რომელშიც რაღაც ზურმუხტის ოთახის აღწერილობა იყო. მოკლედ, ლემკე კომენდატურაში უნდა წაგვეყვანა, მაგრამ მას ალექსანდრე პოტაპოვი გამოესარჩლა, რომელმაც „ჩეკას“ საბუთი გვიჩვენა და ლემკე გაგვაშვებინა. ეს მოხდა 1918 წელს. 1933 წელს კი „ჩეკაში“ შეხიზნული პოტაპოვი დააპატიმრეს და 20 წლით გააციმბირეს. ისე მოხდა, რომ პოტაპოვის დაპატიმრებაში მეც ვმონაწილეობდი. ამ ექვსი თვის წინ კი ეს პოტაპოვი და ლემკე-კარპოვი ჩვენი სახლის სადარბაზოში შემხვდნენ. პოტაპოვი თითქმის არ შეცვლილა და მაშინვე ვიცანი. მიცნო პოტაპოვმაც. აი, სულ ესაა ჩემი მონათხრობი. თუ რამეში გამოგადგებით, დიდად მოხარული ვიქნები.

გურინიდან წამოსულ კეკელიას, რატომღაც ზურმუხტის ოთახი აეკვიატა და სახელმწიფო არქივს ეწვია. იქ კი დაადგინა, რომ ზურმუხტის ოთახი იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ბუდუარი იყო იმპერატორის მოსკოვურ რეზიდენციაში და უძვირფასესი ავეჯითა და ნივთებით გახლდათ მორთული. 1917 წელს კი, ამ ოთახის აღჭურვილობა გაქრა.

შალვა კეკელია სახლში დაბრუნდა, ფარული ძიებისას შეკრებილი მასალები გააანალიზა და თითქმის დარწმუნდა, რომ ზურმუხტის ოთახი ლემკემ და პოტაპოვმა გააქრეს. უფრო სწორად კი, საიმპერატორო თავლებში გადამალეს. ამიტომ, შალვა გადაბუგული საწყობების ტერიტორიას ღამით ეწვია, სადაც დაცვა აღარ იყო. მან გადაბუგული საწყობის დანახშირებულ გროვაში საიდუმლო კარს მიაგნო, რომელიც სარდაფში ჩადიოდა, მაგრამ ქვევით ბნელოდა. შალვას ფანარი არ ჰქონდა და სახლში წასვლა და ფანრის მოტანა დააპირა. რომ მიტრიალდა, წინ პისტოლეტმომარჯვებული ხნიერი მამაკაცი დახვდა, რომელმაც უთხრა:

– არ გაინძრე, თორემ მოგკლავ!

– თუ არ ვცდები, თქვენ პოტაპოვი ხართ. აქ კი იმიტომ მოხვედით, რომ თქვენი და ლემკეს მიერ გადამალულ ზურმუხტის ოთახს დახედოთ, – უთხრა კეკელიამ.

– ეშმაკი კაცი ჩანხართ. მით უარესი თქვენთვის.

– მომკლავთ?

– რა თქმა უნდა.

– ხანძართან დაკავშირებული კომედია  იმიტომ გაითამაშეთ, რომ ზურმუხტის ოთახი გაგეზიდათ, ხომ?

– თქვენ ისევ მართალი ხართ, ახლა კი მშვიდობით, – უთხრა პოტაპოვმა კეკელიას და ის იყო, სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა თითი, რომ შალვამ ჯიბიდან ესროლა და იარაღი გააგდებინა. შემდეგ ხელები შეუკრა და უახლოეს მილიციის განყოფილებაში მიიყვანა.

იმავე დღეს უშიშროების სპეციალურმა ჯგუფმა გადამალული ზურმუხტის ოთახი საიდუმლო საწყობიდან ამოიღეს და წაიღეს.

დღესდღეობით ზურმუხტის ოთახი კრემლში, ალმასის ფონდში ინახება და 250 მილიონ ევროდაა შეფასებული...

скачать dle 11.3