კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კუთხით გამოსცადა ნიცაში საკუთარი თავი ანი კეკუამ და რატომ არის მისი შეყვარებული გმირი

ანი კეკუა შვედეთში სამწლიანი სწავლის შემდეგ თბილისში დაბრუნდა: მეტი ცოდნით, გამოცდილებით, უფრო მეტად დამოუკიდებელი, გაზრდილი, მაგრამ ისევ ისეთი ხალისიანი და მხიარული. ანი თბილისში დაბრუნებისთანავე საყვარელ საქმეს, სიმღერას დაუბრუნდა და პარალელურად‚ თავისი პროფესიითაც აპირებს მუშაობის დაწყებას.

ანი კეკუა: შვედეთში გატარებულმა პერიოდმა ძალიან ბევრი შთაბეჭდილება დამიტოვა, ახალი მეგობრები, ახალი კონტაქტები გამიჩნდა. გამოცდილება მივიღე‚ განსაკუთრებით‚ პროექტების კეთებისა და პრეზენტაციების კუთხით. ამ მიმართულებით ჩამოვყალიბდი მენეჯერად. საერთოდ მაქვს საერთაშორისო მენეჯმენტის პროფილი, მაგრამ საფრანგეთში გაცვლითი პროგრამებით ფინანსების განხრით წავედი, ესეც ვცადე. მინდოდა, ამ კუთხით საკუთარი თავი გამომეცადა და ჩემს შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავი. დედაჩემი მეუბნება, შეცვლილი ხარო. სულ სხვა ხედვები მაქვს და მგონი, ევროპულად უფრო ვაზროვნებ. თუმცა, არც მანამდე ვცხოვრობდი სტერეოტიპებით, ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი აზრი მქონდა და ამას ვაფიქსირებდი. უბრალოდ ახლა უფრო მეტად ვახდენ რეალიზებას, საკუთარ ძალებში უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, პრეზენტაბელური გავხდი და ვისწავლე, როგორ გამოვამჟღავნო ცოდნა უფრო მეტად. რაც მთავარია, ძალიან დამოუკიდებელი ვარ და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ თუ ჩემი მშობლები მეხმარებიან, იქ ყველაფერს აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვაკეთებდი. იქ მივეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, საქართველოში კი ეს ცოტა რთულია. აქ‚ რა თქმა უნდა‚ ვითვალისწინებ ახლობლების რჩევებს, მაგრამ ამ ყველაფერს ვშიფრავ, მაქვს იმის გამოცდილება, რომ მივხვდე: რა გავითვალისწინო და რა – არა. 

– თქვი: ევროპულად დავიწყე ცხოვრებაო. რას გულისხმობდი?

– უფრო გახსნილი ვარ, არაფერი მიკვირს. ბევრი ისეთი რამ ვნახე, რაც არ არის საქართველოში, განსაკუთრებით ეკონომიკისა და განათლების სფეროში. ცხოვრების სტილი, ევროპული ოჯახი როგორია, ყველაფერი ეს მინტერესებდა და შევისწავლე. სიახლეებს ძალიან ადვილად ვიღებ და ვეგუები, მთავარია‚ გარშემო მყავდეს ის ადამიანები, ვინც მიყვარს და მორჩა, ყველაფერი კარგად არის. საკუთარი თავის გამოცდა მიყვარს. ბავშვობიდან ვაბარებდი სხვადასხვა ტესტებს, სერტიფიკატებს ვიღებდი. თან‚ მამა მეკითხებოდა ხოლმე: ხომ არ გინდა, ამ ტესტს ხომ არ ჩააბარებდი, ხომ არ ცდიდი ამას? ოღონდ ამ ყველაფერს შეკითხვის ფორმა ჰქონდა და არა დაძალების. უარს არაფერზე ვამბობდი. ახალ გამოწვევებს ახლაც დადებითად ვხვდები. თუ გრძნობ, რომ გაქვს ამის რესურსი და შესაძლებლობა, უნდა გააკეთო კიდეც, რადგან ამ ყველაფერს შემდეგ ეტაპზე უფრო მეტი თავდაჯერებულობა და წინსვლა მოაქვს. 

– წარმატებულად აბარებდი გამოცდებს?

– გამოცდის წინა პერიოდში მოვილევდი ხოლმე პანიკას, ნერვიულობას და მერე ერთი სული მქონდა, როდის დავწერდი. ვცდილობდი‚ ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც მქონდა დაგეგმილი, ჩამოწერილი, რადგან გეგმებს ყოველთვის ვწერ. როდესაც იმას‚ რაც დავგეგმე, ბოლომდე ამოვწურავ, ვიცი, რომ ყველაფერი კარგადაა. ანუ‚ რაშიც შრომას ვდებ, ის აუცილებლად მიფასდება, შედეგს ვიღებ. ძალიან შრომისმოყვარე ვარ, ბავშვობიდან ბევრ რამეს ვაკეთებდი, თან ერთად და ამას მიჩვეული ვარ. 

– როგორი იყო ნიცაში გატარებული სწავლის პერიოდი? 

– სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი შვედეთის შემდეგ. შვედეთი მაინც დეპრესიული ქვეყანაა, სულ ცივა, 8 თვე ზამთარია. ნიცაში სულ მზე იყო, სითბო. ულამაზესია, ყვავილებში ჩაფლული, ფრანგებიც ძალიან გახსნილები, კომუნიკაბელურები არიან. მაქსიმალურად ცდილობ‚ დრო კარგად გაატარო. გარემო შევიცვალე, თან ახალ საგნებს ვსწავლობდი, ახალი მეგობრები შევიძინე, პლუს ამას – ფრანგული ღვინო და მოკლედ, შვედეთში სულ სხვანაირი დავბრუნდი. ხასიათი ბევრად უკეთესად მქონდა. თან‚ ბევრი წვეულება, ბანკეტები გვქონდა და ბოლო პერიოდი ძალიან კარგად გავატარე. რაც შეეხება სწავლას, სამმა სტუდენტმა სერიოზული თეზისი დავწერეთ: ვინც აპირებს რეგიონებში, ქალაქგარეთ ახალი ბიზნესის წამოწყებას, რა უნდა გაითვალისწინოს და რა პირობები დახვდება იქ. თან, ეკონომიკური კუთხითაც განვიხილეთ. საბოლოოდ, ყველაზე მაღალი ქულა ავიღეთ, არადა‚ არ ველოდით. 

– რატომ?

– შვედები მაინც სნობები არიან, ძირითადად‚ მაღალ ქულებს შვედებსა და გერმანელებს უწერენ, რადგან‚ ამ მხრივ‚ ძალიან კარგი რეპუტაცია აქვთ. განსაკუთრებით კი შვედებს, რადგან აქ განათლების სისტემა ძალიან მაღალ დონეზეა. გერმანული განათლებაც სერიოზულია, მაგრამ ისინიც შვედეთში ჩამოდიან სასწავლებლად. ამიტომაც მეგონა, რომ შვედებს დაუწერდნენ მხოლოდ მაღალ ქულებს, მაგრამ ჩვენც დაგვიფასეს შრომა. სამი თვის განმავლობაში დავდიოდით სხვადასხვა კომპანიაში, ინტერვიუებზე, ვესაუბრებოდით. სტუდენტებს ძალიან უწყობენ ხელს, რადგან იქ აკადემიური‚ კვლევითი სწავლაა და ყველაფერი გახსნილად ხდება. მოძიება ცოტა რთული იყო, მაგრამ‚ ეტყობა‚ მე მაქვს მარკეტინგული ნიჭი. ორი კომპანიის ხელმძღვანელი დაგვთანხმდა შეხვედრაზე. თუმცა, ერთ-ერთის ხელმძღვანელი ხანშიშესული კაცი იყო და თავიდან არ გვპასუხობდა მეილებზე, არც შეხვედრაზე გვთანხმდებოდა. მოკლედ‚ პირადი ნომერი მოვიძიე, პირდაპირ გავედი კონტაქტზე და საუბარში ვეღარ მითხრა უარი, დამთანხმდა შეხვედრაზე. 

– როგორ ჩაიარა ბანკეტმა?

– ძალიან სერიოზულ სასტუმროში აქვთ დარბაზი, სადაც ბანკეტებს იხდიან. ისეთი დარბაზია, ძველ სასახლეში გეგონება თავი. თან, ბანკეტისთვის წინასწარ უნდა დარეგისტრირდე, ანუ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე ხდება. მანამდე ცერემონიალი გვქონდა, რომელიც საქართველოსგან განსხვავებით, უფრო გრანდიოზული იყო. დეკანი გამოვიდა სიტყვით, მოგვილოცა დამთავრება. თან, მთელი პროცესი კოსტიუმირებული იყო: ძველი შვედური კოსტიუმებით, ჯოხებით. ჩვენ მანტიებით, ქუდებით ვიყავით. ძალიან ლამაზი იყო. რაც შეეხება ბანკეტს, როდესაც დეკანი სიტყვით გამოდიოდა, ჩემმა შვედმა მეგობარმა მითხრა: არ გინდა‚ იმღეროო. მინდა, მაგრამ სპეციალური პროგრამა აქვთ წინასწარ დაგეგმილი, სიმღერა არ არის გათვალისწინებული და როგორ ვიმღერო-მეთქი. რამე რომ იყოს‚ იმღერებო? მეგონა‚ მეხუმრებოდა, რადგან ძალიან მაღალი დონის წვეულება იყო. ამიტომ ვუპასუხე: კი, რატომაც არა-მეთქი. მოკლედ, ადგა ის გოგო‚ მივიდა დეკანთან და პირდაპირ უთხრა: ქართული „აიდოლის“ გამარჯვებულია აქ და თუ გსურთ‚ რომ იმღეროსო. დეკანმაც პირდაპირ გამოაცხადა: ჩვენ გვყოლია „ჯორჯიან აიდოლის“ გამარჯვებული და ახლა გვიმღერებსო. ამიყვანეს სცენაზე და აკაპელაში ვიმღერე. ისეთი აპლოდისმენტები მოჰყვა, საოცარი, ასეთი არსად გამიგია. რომ ჩამოვედი სცენიდან, შვედურად კიდევ იძახდნენ: კიდევ, კიდევო და მეორედაც მამღერეს. თან‚ ამას სერიოზული შემოთავაზებაც მოჰყვა, მაგრამ უკვე მოვდიოდი.

– რა შემოთავაზება?

– წვეულებას ცნობილი შვედური კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთის წარმომადგენელი მოვიდა და მითხრა: არ გინდა‚ ჩვენთან დაიწყო მუშაობაო? დიდი სიამოვნებით, მაგრამ საქართველოში ვბრუნდები-მეთქი. სამაგიეროდ‚ ახლა დავბრუნდი თბილისში და ვმუშაობ მეგობრებთან ერთად ახალ მუსიკალურ პროექტზე, რომელიც სექტემბერში იქნება. ასევე‚ მინდა, ჩემს ერთ სიმღერას გავუკეთო პრეზენტაცია, რომელიც არსად გამიჟღერებია. რომ არ ვიმღერო, ჩემს ცხოვრებას არ ექნება აზრი. გარდა ამისა, მინდა შვედეთში, საფრანგეთში მიღებული გამოცდილება, ცოდნა საქმეში ჩავდო და საქართველოში დავიწყო მუშაობა. 

– რა ხდება პირად ცხოვრებაში? სამწლიანი პაუზის შემდეგ, შენ და შენი შეყვარებული ისევ ერთად ხართ. 

– მშვიდობა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით სერიოზულს არაფერს ვაპირებთ. უნდა ვისწავლო, ვიმუშაო, ამ მხრივ შევიძინო გამოცდილება. არ  ვარ ის ტიპი, რომელიც ნაჩქარევად იღებს გადაწყვეტილებას. შეიძლება ითქვას, გიორგი გმირია. არ არის იოლი‚ 3 წლის განმავლობაში გაუძლო იმას, რომ შენი შეყვარებული უცხოეთშია. ეს ძალიან დასაფასებელია. მაგრამ, მარტო გიორგის არ გაუძლია, მეც გავძელი. ეს ერთგვარი გამოცდაც იყო. ბევრი წინააღმდეგობა გადავლახეთ: კამათი, ფიქრები, აზრები, სხვა შეხედულებები. მაგრამ, ახლა ერთად ვართ და თანაც კარგად.

скачать dle 11.3