კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაატარა ამერიკაში ცხოვრების პირველი პერიოდი შიმშილობაში ვოვა კანდელაკმა და სად ინახება მისი ხანჯლების, უნაგირებისა და მუზარადების უზარმაზარი კოლექცია

ოცდასამი წელი უდიდესი პატრიოტიზმით იცხოვრა ამერიკაში. ქართული კულტურით, ეთნიკურობით, სულით გაჟღენთილი ნახატები დიდი გაჭირვებით ჩამოიტანა ვოვა კანდელაკმა საქართველომდე. წელიწადში რამდენიმე თვეს ყოველთვის თავის ქვეყანაში ატარებდა, თუმცა, საბოლოოდ დარჩენის ბიძგი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისცა, რომელიც აღფრთოვანდა მხატვრის ნამუშევრებით და ისინი საპატრიარქოს დიდ დარბაზში გამოფინა. 

 ვოვა კანდელაკი: თბილისში რომ ჩამოვედი, მითხრეს, დავიწყებული ხარ, არავინ გიცნობსო. ალბათ, უფროს თაობას უფრო ვახსოვარ, მაგრამ, ამ ახალ თაობას როგორღა ზრდიდნენ. თან, ამას ისინი ამბობენ, ვისაც ჩემი ნახატები სახლში უკიდიათ. ძირითადად, საქართველოში ჩემი ნახატები საჩუქრების სახით ჩამოდიოდა, მერე პატრონი გარდაიცვალა და გაყიდა ოჯახმა. ბევრმა ჩემმა ნახატმა ძალიან ბევრი იმოგზაურა. ჩვენს დროს გალერეებიც არ იყო, იყო სალონები, სადაც შეგვეძლო ჩვენი ნახატების გამოფენა.

– რა ასაკში წახვედით ამერიკაში?

–  47 წლის ვიყავი, კონტრაქტით წავედი. მაშინ ვფიქრობდი, რომ მხოლოდ სამი თვით მივდიოდი, შემდეგ კი ისე მოხდა, რომ 23 წელი დავრჩი. „ტუფტა“ კონტრაქტით ჩამიყვანეს ვითომ გასტროლებზე, რასაც მოჰყვა შიმშილის, მარტოობისა და ტყვეობის დღეები. აქ არც ვიცოდით, კონტრაქტი რა იყო და რისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება, ამიტომ, ჩვენი მოტყუება ძალიან ადვილი იყო. საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში მოხვედრა მაშინ გმირობის ტოლფასი იყო და მათთვისაც საოცრად უცხო ვიყავი. რომ ჩავედი, იქ სულ ორი ქართველი ებრაელის ოჯახი ცხოვრობდა, მერე უცებ რა მოხდა, არ ვიცი, ისეთი ბუმი ატყდა, გაივსო ამერიკა ქართველებით. მეტროში ხმამაღალი ლაპარაკი რომ ისმის, ესე იგი, ქართველია (იცინის). ყოფილი გენერლები, მილიციის ყოფილი პოლკოვნიკები, სამხედრო მოხელეები მზარეულებად მუშაობენ, სხვის მოხუცებს უვლიან, როცა აქ თავიანთი ბებრები ჰყავთ მიტოვებული. მონობაა... ამხელა ქვეყანაა, არავის იცნობ, ენა არ იცი, არავინაა შენი ქვეყნიდან. დღემდე არ ვლაპარაკობ ინგლისურად. ათი წლის განმავლობაში მრცხვენოდა და არ ვიმჩნევდი ამას, იმიტომ, რომ ყველა ეტაპზე ვიცოდი – იქ დროებით ვიყავი. არავის ესმოდა ჩემი. მოკლედ, ძალიან მაგრად მომხვდა ცხოვრებისგან. გადავრჩი იმით, რომ ჩემი შემოქმედებით ვცხოვრობდი, ვარსებობდი ხატვით. არც მაძლევდნენ ხატვის შესაძლებლობას. ერთი რაიონიდან მეორეში, ერთი სპონსორის ხელიდან მეორის ხელში ვინაცვლებდი, მატყუებდნენ, მიჰქონდათ ჩემი ნახატები და იკარგებოდნენ. წლების განმავლობაში უამრავ აგენტთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც, პირდაპირ, მოწადინებულები არიან, რომ რამე წაგგლიჯონ. 

– რამდენ ხანში შეძელით ამ სიტუაციასთან გამკლავება?

– სანამ ნორმალურ ადამიანებზე არ გავედი. ფილადელფია, ამერიკის ძველი დედაქალაქი, ცნობილია თავისი კულტურული ცხოვრებით. ყველა ძირითადი დარბაზი, სითი ჰოლი ფილადელფიაშია. სწორედ იქ დაიწყო ჩემი კარიერული აღმასვლა. უამრავი აგენტი გავუშვი, რომლებიც ნერვებს მიშლიდნენ, მათ შორის, ალბათ, კარგებიც. დრო სჭირდება, რომ გაიგო, ვინ ვინაა. 

– პირველი ნახატი სოლიდურ ფასად როდის გაყიდეთ?

– ბალჩის მუზეუმში, ჩასვლიდან სამ წელიწადში. მანამდე ძალიან დაბალ ფასში ვყიდდი, ან, ძირითადად, ვჩუქნიდი, რომ ჩემზე ინფორმაცია გასულიყო. გამოჩნდა ასეთი – რობერტ ლი, რომელმაც ისეთი თანხა გადამიხადა, რაც იმ პერიოდში ჩემთვის საკმაოდ კარგი იყო. იქ ძალიან რთულია ცხოვრება: ბინის ქირა, გადასახადები, ტელეფონის ფული... ფაქტობრივად, არსებობისთვის აღარაფერი რჩებოდა. ნორმალურად წავიდა ყველაფერი უკვე ექვს წელიწადში, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა კოლექციონერი ნორტონ დოჯი, ყველაზე ძლიერი კოლექციონერი ჩვენი ხაზით, საბჭოთა ქვეყნების ნონკომფორმისტი მხატვრების ხაზით. ნიუ-ჯერსიში, დიდი კოლექცია ჰქონდა. ყველა გარკვეული იყო, ყველამ იცოდა, ვინ იყო, ჩემ გარდა. გაფრთხილებული ვიყავი, რომ ჩეკებზე ნახატები არ გამეყიდა, რომ მოვიდა, ჩეკები შემომთავაზა და გავუშვი, არ ავიღე – ქეში მინდა-მეთქი. ორ დღეში ქეშით ჩამოვიდა (იცინის). როგორ მომძებნა არ ვიცი, სერიოზულად მბლოკავდნენ. რუსული გალერეიდან გამოვიდა ჩემზე. ამის შემდეგ მის ფავორიტად ვიქეცი. თუმცა, მასაც არ აძლევდნენ საშუალებას, იმდენი ნამუშევარი შეეძინა, რამდენიც სურდა – საკმარისიაო; რაღაც კომისიები იყვნენ ჩართული, ბევრი მხრიდან ვიბლოკებოდი. ბალჩის მუზეუმი ჩემი გამოფენისთვის შეღებეს, შეცვალეს ინტერიერი, სხვანაირად გადატიხრეს, გამოფინეს ჩემი ნამუშევრები, რომლებიც ჩარჩოებში ჩასვეს. უცებ გავხდი ვარსკვლავი, ყველა გაზეთი ჩემზე წერდა. ფილადელფიიდან ნიუ-იორკში მიმავალი ადამიანები ჩართავდნენ რადიოს და იქ მიდიოდა გადაცემა ბალანჩივაძეზე, „მაკნატუნაზე,“ ჩაიკოვსკიზე და კანდელაკზე (იცინის). – ასეთი მომენტიც იყო. მერე გამოიცა ჩემი პერსონალური ალბომი, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. ესეც ნორტონ დოჯმა გააკეთა, რომელიც ამბობდა, არავინ გაიგოს, თორემ, შურით მოკვდებიანო. 

– თქვენი ნახატების ძირითადი ნაწილი დოჯის კოლექციის ნაწილია?

– დიახ, ასამდე ნამუშევარი. 

– ორი შვილი გყავთ, ისინიც ამერიკაში ცხოვრობენ?

– დიახ, მოგვიანებით წავიყვანე, როდესაც უკვე „გრინ-კარტა,“ მუდმივი რეზიდენტობა მივიღე. მათთვის უკვე ადვილი იყო დამკვიდრება. „გრინ-კარტა“ მივიღე 001 სტანდარტით, ანუ, ვჭირდები ამერიკის ეკონომიკას და კულტურას. მხატვრებიდან, მგონი, მე ავიღე ეს სტანდარტი პირველად. მხატვრები მაინც გადავრჩით, იქ მოხვედრილი მწერლები და პოეტები კი, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, ვის სჭირდება მათი მშობლიურ ენაზე დაწერილი ლექსები?! „მაი ლენგვიჯ მაი ფეინთინგ,“ – ეს ერთი წინადადება ვიცი, რომელიც ყველაფერში მეხმარებოდა. 

– ალბათ, ძალიან რთული იყო ამ ნამუშევრების წამოღება.

– ურთულესი. რა გადამხდა გზაში, რა გადავიტანე – ეს ცალკე ინტერვიუს თემაა. ძალიან გამიჭირდა. სრულიად მარტომ ჩამოვიტანე ორტონა-ნახევარი წონის შემოქმედება, უზარმაზარი ნახატები, რომელთა დიდი ნაწილი ახლა საპატრიარქოში ინახება. ამერიკაში ყოფნისას „ქართული კულტურის აღორძინების ფონდი“ გავხსენი, რომელიც მთლიანად გაქურდეს და გასული საუკუნიდან სასამართლოშია საქმე. რას ვიფიქრებდი, რომ კულტურის აღორძინების ნაცვლად, ღალატს მივიღებდი. ეთნოგრაფიული მუზეუმის ზონაში ღია ცის ქვეშ მუზეუმის გახსნა მინდოდა, თუმცა, ეს ამბავიც ძალიან ცუდად დამთავრდა. მაგრამ, იქაც აღარ შემეძლო დარჩენა, ნადირობა იყო გამოცხადებული ჩემზე, სულ მძარცვავდნენ. ვიკეტებოდი, მარტო ვიჯექი და არავის ვეკონტაქტებოდი. მანამდე მიხაროდა, ჩემთან რომ მოდიოდნენ, ვერ ვხვდებოდი, რომ ისევ წართმევა უნდოდათ. ციხეშიც ჩამსვეს. თან რომელში? – ლონდონის ცენტრალურ ციხეში... არავითარი მიზეზი არ იყო, მომიწყვეს, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩამოვრჩენილიყავი, „გრინ-კარტა“ დამეკარგა. წელიწადი და ათი თვით დამაკავეს, გამოფენა მქონდა დაგეგმილი. ნორტონიც გამებუტა, აღარ მელაპარაკებოდა. ვაშინგტონში ჩემი გამოფენა მიმდინარეობდა, მთელ შტატებში და შემდეგ ევროპაში უნდა ყოფილიყო გაგრძელება, მე კი ჩამსვეს. სპონსორები დავკარგე. ხუთი წუთით არ შეიძლება ბიზნესიდან ამოვარდნა და, წარმოიდგინეთ, როგორ აირეოდა ყველაფერი ამ პერიოდში.

– რამდენჯერმე ახსენეთ, რომ საქართველოდან იყო ღალატი. ვინ გიღალატათ?

– ადამიანმა, რომელიც ფონდის დირექტორად დავნიშნე; აკადემიის პრორექტორი იყო მეცნიერების ხაზით. ოფისი გვქონდა, მთლიანად გამართული და ყველაფერი ჩამიშალეს. ფონდი უკვე გაკოტრებული იყო, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს მაინც ჩემი ჯიბიდან ვაფინანსებდი. 

– პატრიარქმა სად ნახა თქვენი ნახატები?

– 1998 თუ 1997 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა ვაშინგტონში. თედო ჯაფარიძე იყო მაშინ აქ. მაშინ ჩატარდა ჩემი ალბომის პრეზენტაცია და პირველად იქ ნახა ჩემი ნამუშევრები. იქიდან დაიწყო შემოთავაზებები, უნდოდა, საპატრიარქოში მეცხოვრა და იქ მემუშავა. ბოლო დროს ჩემი ფარშევანგით აღფრთოვანდა, ხელით ეხებოდა და ეფერებოდა ნახატს. მოეწონა შესრულების ტექნიკაც. მან მთხოვა თავისი მშობლების დახატვა. სნოს საგვარეულო კოშკის ფონზე მინდა მისი შესრულება. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ფორმაში მოსვლა მჭირდება მის შესასრულებლად. თუ დავიწყე, სერია უნდა გავაკეთო. ასე არ შემიძლია: ფორმაში რომ შევდივარ, მერე უცებ რაღაც არის გასაკეთებელი და თავს ვანებებ – ასე, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს ერთ თემაზე მუშაობა. 

 ახლა ველოდები დასკვნას გამოფენებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა ჩატარდეს საქართველოში, ისრაელში, რუსეთში, იაპონიაში, შვედეთში... ჯერ არ ვიცი ორგანიზატორი ვინ იქნება, სულ არის რაღაც შემოთავაზებები. 

– გაქვთ იარაღის, საბრძოლო ქამრების, უნაგირების კოლექცია...

– ეს კოლექცია აქ ინახებოდა და აქ არის, იქიდან, პირიქით, ჩამომქონდა ახალი ეგზემპლარები. ეს ჩემი ჰობია, რომელსაც ბოლო კაპიკს ვახარჯავდი, უკვე გაკოტრებულიც კი, ნივთებს ვყიდულობდი, ოღონდ კი ქვეყნიდან არ გასულიყო მნიშვნელოვანი ნივთი. მსოფლიოში პირველი კოლექციაა და, რატომ არ ახმაურებენ ამ ამბავს, არ ვიცი. ეროვნულ მუზეუმზე მეტი ხანჯალი მაქვს, მათ ორმოცდაათამდე გორდა ხმალი აქვთ, მე – ასამდე. მე ექვსასზე მეტი ხანჯალი მაქვს, მათ – ხუთასამდე; პლუს, ქამრები, უნაგირები, ჯაჭვის პერანგები, მუზარადები, საგვარეულო ყანწები... ძალიან მინდოდა, ამ ყველაფრისთვის ღია ცის ქვეშ მუზეუმში მომეყარა თავი, ოღონდ იქ მაცხოვრეთ-მეთქი, ფარშევანგების და ხევსურული, დაბალტანიანი მთის ცხენების მომრავლება მინდოდა. ჩემი „დილიხორი“ მქონდა, მაგრამ, არც ეს გამოვიდა. ეთნოგრაფიულში ძალიან დიდი ზონაა და სწორედ იქ მინდოდა გაკეთება... ვნახოთ, ახლა რა იქნება. მათ საცავში ინახება კოლექციის ნაწილი. ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ მაქვს, გამოფენებზე ვფიქრობ, მაგრამ, რა და როდის იქნება, არ ვიცი. 

საოცარი ფერწერული ტილოების გარდა, ვლადიმერ კანდელაკს ულამაზესი კოლაჟები, პოპარტში შესრულებული ნამუშევრები აქვს, რომელთა შესახებ ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე შემდეგს წერს: „მე არ ვარ პოპარტის თაყვანისმცემელი, შეიძლება, ზოგი რამ არც მესმის, მაგრამ, ავტორისეულმა კოლაჟებმა ჩემი ბავშვობა, ვერის უბნის ერთ პატარა ქუჩაზე „კლასობანას“, „ჩილიკა-ჯოხის“, „კოჭობანას“ თამაში, მხერხავები, დანის მლესავების იმ დროს პოპულარული ლექსი გამახსენა: „თუმცა ჩვენი ალექსი არცთუ ისე დიდია, მაგრამ ფეხის მანქანა მხარზე გადუკიდია, ეზოებში, ქუჩებში მიდის-მოდის ალექსი და გასძახის: ვისა გაქვთ დანები გასალესი“; გამახსენდა მეშუშეები, თავისი შეძახილებით: „სტეკლო ვსტავლიაც“ და ბევრი სხვა რამ. გამოფენის დათვალიერებისას მივხვდი, რომ, ასეთი განწყობის შემოქმედი, თავისი ლამაზი, გალიაში გამომწყვდეული საქართველოთი – ფარშევანგით, კრემლის „ილიჩის ნათურით“ განათებული, დასანგრევად გამზადებული კარტის სახლით, ალბათ, ამოსუნთქვის საშუალებას ეძებდა... კანდელაკის შემოქმედება იმის მოწმობაა, რომ ის მყარად დგას ეროვნულ ნიადაგზე, ღრმად აქვს ფესვები გადგმული მშობლიურ მიწაში.“

скачать dle 11.3