კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ არის დედაქალაქში ერთ მეტრამდე სიმაღლის ბავშვების ქუჩაში სიარული სახიფათო და რატომ არის ვაკე და საბურთალო თბილისის ყველაზე დაბინძურებული რაიონები

შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ დიდი ინდუსტრიული ქვეყანა არ ვართ და, ლურსმანი რაა, იმასაც კი ვერ ვაწარმოებთ, თუმცა, იმას მაინც ვახერხებთ, რომ ჰაერს არანორმალურად ვაბინძურებთ და შემდეგ ამ ჩვენ მიერვე დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ, ერთი ისაა, რომ, არცთუ ჯანმრთელად, ანუ, უფრო სულს ვღაფავთ. დაბინძურების რა სტადიაშია ჰაერი, რომელსაც შევისუნთქავთ და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ჯანმრთელობაზე? –  საკითხს ნინო ჩხობაძე განგვიმარტავს.

 

– შესუნთქვითაც გასაგებია, რომ ჩვენი ჰაერი მძიმე მდგომარეობაშია. რა ფაქტორები უწყობს ხელს ამ ჩვენს უეკონომიკო ქვეყანაში გარემოს ასე უკიდეგანოდ დაბინძურებას?

– დღეს იმდენადაა დაბინძურებული ჰაერი თბილისში, რომ უკვე სმოგი გაჩნდა (სმოგი –  შავი, სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და მჭვარტლისგან) თბილისის თავზე, უპირველესად, ამას იწვევს ავტოტრანსპორტი. საერთოდ კი ჰაერის ტრანსპორტით დაბინძურებას სამი ფაქტორი განაპირობებს: გზების მდგომარეობა, მანქანის მდგომარეობა და ყველაზე მთავარია –  საწვავის ხარისხი. ჩვენთან, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული პრობლემაა საწვავის ხარისხი. მთელ საქართველოში დღეს გამოიყენება „ევრო 1-თან“ მიახლოებული სტანდარტის საწვავი, მაშინ, როდესაც ევროპაში უკვე „ევრო 6-ია“.

მეორე ფაქტორი, რაც დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას იწვევს, არის ის, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა და შემცირებულია სატრანსპორტო მაგისტრალების გამტარიანობა. მიუხედავად ახალი გზების მშენებლობისა, ეს პრობლემა რჩება და, სპეციალისტების თქმით, არანაკლებ პრობლემებს ქმნის არაგონივრულად განლაგებული შუქნიშნები, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი გამონაბოლქვი მანქანის დაქოქვისას გამოიფრქვევა. შესაბამისად, უპირველესი, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება ქალაქში, არის საწვავის ხარისხი. მოდი, ისიც ვთქვათ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსკოვმა და კიევმა შემოიღო სტანდარტები დედაქალაქებისთვის.

– თუმცა, აქვე ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ბაზარზე შემოსული საწვავის ხარისხი მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ ნორმებს, თუმცა, სრულ შეუსაბამობაშია ევროსტანდარტებთან.

– ეს არის „ევრო-1-ის“ სტანდარტი. კიდევ მომენტი, რომელიც სერიოზულ პრობლემას ქმნის: ეს არის მანქანების გამართულობა. როგორც წესი, საქართველოში მანქანები გამართული არ არის. თითქმის ყველას მოხსნილი აქვს კატალიზატორი, მით უფრო, როდესაც გაიგეს, რომ მის შემადგენლობაში პლატინააო. ძალიან ხშირ შემთხვევაში მძღოლებისთვისაა პრობლემა კატალიზატორის დაბიდნვა, ის ან უნდა შეცვალო, ან გააუქმო. ჩვენი საწვავი იმდენად ცუდია, რომ კატალიზატორები ძალიან სწრაფად იბიდნება, რადგან, ჩვენი საწვავის ხარისხი არ შეესაბამება იმ ტიპის საწვავს, რომელიც ამ ავტომობილებში უნდა ისხმებოდეს. საწვავთან მიმართებაში ასე დგება საკითხი: როგორი უნდა იყოს საწვავი? უნდა იყოს თუ არა თბილისისთვის დაწესებული საწვავის სხვა სტანდარტი? უნდა მოწმდებოდეს თუ არა ავტოტრანსპორტის რეგულირება? უნდა იყოს, რადგან, ბევრი ქალაქისთვის ეს პრობლემა აღმოჩნდა, მათ გაიარეს ეს ეტაპი და მონახეს გამოსავალი. სმოგი იყო ლონდონის თავზეც, პარიზის თავზეც და ტოკიოს თავზეც, ამიტომ მათ მთელი რიგი პროგრამები შეიმუშავეს და განახორციელეს. თქვენ  ვერ გაივლით გაუმართავი ავტომანქანით ევროპის ვერც ერთ ცენტრალურ ქალაქში. მანქანას ჩამოგართმევენ და, როგორც მეპატრონე, მიიღებთ საშინელ საჯარიმო სანქციებს. ჩვენთან ასეთი რამ არ არის.

– რომ გამართო კიდეც მანქანა, ისეთ საწვავს ასხამ, რომ მაშინვე გაუმართავი აღმოჩნდება.

– ამიტომ, მე საერთოდაც მეპარება ეჭვი, რომ ჩვენს ბაზარზე „ევრო 1“ სტანდარტის საწვავი იყიდება, რაც უნდა მეკამათონ იმპორტიორებმა. ისინი თვითონ ატარებენ ანალიზს და ამბობენ, ეს ევროპული საწვავიაო, მაგრამ, სადმე ქვეყნდება ეს მონაცემები?!

– გვეუბნებიან, რომ მათი საწვავი მაღალი ოქტანობისაა და ამიტომ ხარისხიანიაო. არადა, ოქტანობა საჭიროა ბენზინის თანაბარი წვისთვის და ეს ოქტანობა ჩვენს შემთხვევაში მიიღწევა ტყვიის დამატებით, რაც ანადგურებს ჯანმრთელობასა და ჰაერს და რაც აკრძალულია ევროპაში.

– მოდი, ასე ვთქვათ: ისინი სწორად საზღვრავენ ოქტანობას, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სტანდარტი, ძირითადად, გათვლილია ოქტანობაზე და არა იმ ხარისხზე, რაზეც, წესით, უნდა იყოს გათვლილი. იმიტომ ვამბობ, რომ „ევრო 1“ არის, მაჩვენეთ საქსტანდარტის მიერ დამტკიცებული, რომ არის „ევრო 1“?!

– ასეთი სტანდარტი არ არსებობს.

– ჩვენ, მომხმარებლები, ვტყუვდებით, როდესაც ვყიდულობთ ევროსაწვავს, რადგან ეს არ არის ევროსაწვავი, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენთან ასეთი სტანდარტი არ არსებობს.

– „ევრორეგულართან“ მიმართებაში საერთოდ კომიკური ვითარებაა: „ევრორეგულარი“ ბუნებაში არ არსებობს, რადგან, „რეგულარის“ ტიპის საწვავი ევროპაში კარგა ხანია, აკრძალულია.

– გეთანხმებით. ანუ, საწვავს ჩვენთან მხოლოდ ოქტანობა რომ ეწეროს, ეს იქნებოდა სწორი, რადგან, ჩვენთან მოქმედებს სტანდარტი, რომელიც ისაზღვრება მხოლოდ ოქტანობით.

– და მე არ დავიზარებ და კიდევ გავიმეორებ, რომ ოქტანობა ტყვიითაა გაზრდილი და არა ძვირად ღირებული ეკოლოგიურად სუფთა მეთოდით, რასაც იყენებენ ევროპაში.

– ან სხვა მინარევით, თუმცა, ძირითადად, მაინც ტეტრაეთილტყვიაა. სტანდარტის მიღება არ არის კერძო ბიზნესის საკითხი, ეს სახელმწიფოს მიერ მოსაგვარებელი პრობლემაა. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა თბილისის მერიასთან, მაგრამ, თბილისის მერიამ გვითხრა, რომ მათ არ აქვთ უფლება, მიიღონ სტანდარტი. მართლაც, დოკუმენტაციას რომ ვკითხულობთ, ნამდვილად ასეა, უფლებამოსილება არ ჰყოფნით. ერთი სიტყვით, თბილისისთვის საწვავის სტანდარტების შემოღება რთულია, მაგრამ, თუ გვინდა, რომ სუფთა ჰაერით ვისუნთქოთ, ტრანსპორტი უნდა გავაკეთილშობილოთ. მეორე თემა, რომელიც უკავშირდება ჰაერის დაბინძურებას, არის მწვანე ზონები. 

– შესაძლებელია, თბილისში გამწვანებული იყოს ისეთი რაოდენობის ფართობი, რომ გააუვნებელყოს ავტომანქანების გაუმართაობა და საწვავის საეჭვო ხარისხი?

– ნაწილობრივ შესაძლებელია. რეალურად, მწვანე ზოლებს სამი ფუნქცია აქვს: ერთია ესთეტიკური ფუნქცია –  მოგწონს და ლამაზია; მეორე –  შთანთქავენ გამონაბოლქვს და, მესამე –  ხმაურის შთანთქმის ფუნქცია გააჩნია. ახალ ტრასაზე რომ მასიური მწვანე ზოლი გაშენდეს, ჩაახშობს ტრასას და გარშემო მცხოვრები მოსახლეობა ნაკლებად შეწუხდება ხმაურით. თბილისის ქუჩებში გაუსაძლისი ვითარებაა, შეუძლებელია ფანჯრის გაღება, ისეთი ხმაური შემოდის. ცენტრალური ქუჩების გამწვანება ძალიან ცუდ დღეშია და უფრო ნაკლები ხეა დარჩენილი, ამიტომ, გამწვანება ვერ ასრულებს ბუფერულ და შთანთქმის ფუნქციას. მეორე პრობლემაა სკვერებისა და ბაღების არსებობა ქალაქში. 20 წლის განმავლობაში სისტემატურად იჩეხებოდა სკვერები და ბაღები და დღეს თბილისში, ფაქტობრივად, არ არის სკვერი ან ბაღი, რომელშიც არ დგას ან კვების ობიექტი, ან კაზინო, ან საცხოვრებელი სახლი, ან პოლიციის ობიექტი. ჩვენ ყველაფერი გვაქვს ამ სკვერებში გამწვანების ზოლის გარდა.

– გვაქვს სკვერების გარეშე.

– დიახ. პარკებს ქალაქისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იშვიათია შემთხვევა, რომ რომელიმე რაიონს შეუნარჩუნდა სახეუცვლელი პარკი; ფაქტობრივად, თბილისის რაიონებს ძალიან უჭირს სუნთქვა. კიდევ ერთი პრობლემაა განიავება: ჩვენს ქალაქში მოიმატა სართულიანობამ. ჩვენ ძალიან მოგვწონს მაღალსართულიანი შენობები. შეიძლება, კარგია, რომ ვიყოთ ნიუ-იორკი, მაგრამ, არ ვართ. ჩვენ არ გვაქვს ნიუ-იორკის მდებარეობა.

– თბილისი ტაფობშია განლაგებული.

– დიახ, ამიტომ, მაღალსართულიანი სახლები ცვლის ქარის მოძრაობის კონფიგურაციას და ქარი ვეღარ ანიავებს ქალაქს.

– განსაკუთრებით რომელი უბნებია დაზიანებული ჰაერის დაბინძურებით?

– ევროპული დედაქალაქების ბოლო შეფასებით, თბილისი აღმოჩნდა ერთ-ერთი უვარგისი საცხოვრებლად. ბევრი უცხოელისთვის, რომლებიც სტუმრად ჩამოდიან, ქალაქი აუტანელია საცხოვრებლად: დაბინძურება, ხმაური და უვარგისი საცხოვრებელი პირობები; არ ხარ გარანტირებული, რომ უცბად არ ჩამოინგრევა რომელიმე შენობა. და, კიდევ ერთი პრობლემა: საკმაოდ ენერგოტევადი სახლებია, უფრო მეტს ხარჯავ გასათბობად, განსაკუთრებით, ეს ეხება ძველ სახლებს. ჯერჯერობით არ არსებობს დათბუნების პროგრამა. ფაქტობრივად, არ არსებობს ენერგოდამზოგი პროგრამები. შესაბამისად, განსაკუთრებულად დაბინძურებული აღმოჩნდა ის რაიონები, რომლებშიც ყველაზე მეტი რაოდენობის საცხოვრებელი სახლები დგას: გასაგებია, ვაკე და საბურთალოა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსი ჩაიდგა და გამწვანების ზონები თითქმის არ არსებობს ამ რაიონებში, რის გამოც საქართველოს მწვანეთა მოძრაობის აქცენტი, გაკეთებული ასათიანზე მდებარე პარკთან დაკავშირებით, არის ის, რომ ესაა პატარა ოაზისი, რომელიც, უკეთესია, შენარჩუნდეს როგორც გამწვანების ზონა, ვიდრე განადგურდეს და იქ კორპუსები ჩაიდგას. აქ ჩნდება დამატებითი პრობლემები: რამდენად უძლებს ძველი ინფრასტრუქტურა ამდენ მშენებლობას? ვგულისხმობ საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემებს. რა თქმა უნდა, ვერ უძლებს! ბევრი სპეციალისტი მეუბნება, რომ ვაკეში საკანალიზაციაო სისტემა არის წნევით, ანუ, იმდენი ნაგებობა აშენდა, რომ ვეღარ უძლებს და, არავინ იცის, როდის აფეთქდება. და, ასეთი პრობლემაა ქალაქის ყველა რაიონში, რომ არაფერი ვთქვათ სანიაღვრე სისტემაზე.

– ჯანმრთელობაზე როგორ მოქმედებს ასეთ დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება? როგორც ვიცი, მთელი ნაგავი კონცენტრირებულია ერთ მეტრ სიმაღლეზე, იმ სივრცეში, სადაც ჩვენი მცირეწლოვანი თანამოქალაქეები დაიარებიან?

– დიახ, ამიტომ, ერთ მეტრამდე სიმაღლის ბავშვები უნდა ასეირნო მწვანე სკვერში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ასეირნო ქუჩაში, იმიტომ, რომ ძირითადი დაბინძურება ილექება ერთ მეტრ სიმაღლეზე. ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ, თავის დროზე შეფასდა ტეტრაეთილტყვიის მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეს კომპონენტი რეალურად არსებობს საწვავში, რომელიც ჩვენთან იყიდება, თუმცა, ყველა შემომტანი იფიცება, რომ მათ საწვავში არ არის ტეტრაეთილტყვიიანი მინარევი.

– მე თვითონ შევამოწმე ლაბორატორიაში და ნამდვილად არის ყველა ტიპის საწვავში, „სუპერშიც“.

– ეს ნამდვილად ასეა და ეს ტეტრაეთილტყვია ილექება ქალაქის ქუჩებზე, მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და იწვევს ალერგიულ დაავადებებს, ბრონქულ ასთმას; ბუნებრივია, მხოლოდ ტეტრაეთილტყვიაზე არ არის ლაპარაკი, ვგულისხმობ, ზოგადად, გამონაბოლქვის მავნებლობაზე. ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნახევარჯერ ამცირებს ბავშვებში აღქმის უნარს.

– ბავშვების გონებრივ შესაძლებლობებს აქვეითებს?

– დიახ, გონებრივ შეზღუდვებს იწვევს და, აქედან გამომდინარე, დავასკვნათ, არის თუ არა ეს გამონაბოლქვი საშიში. მეორე პრობლემაა ის, რომ ნებისმიერი ეს დაბინძურება იწვევს მოსახლეობის ჯანმრთელობის საერთო ფონის შეცვლას, რის გამოც ქვეყანას სჭირდება უფრო მეტი თანხა სოციალური დახმარებისთვის, უფრო მეტი სამედიცინო პროგრამის განხორციელება, რომ მოსახლეობა მეტ-ნაკლებად შრომისუნარიანი იყოს.  და კიდევ ერთ საკითხს გავუსვამ ხაზს: მხოლოდ გამწვანებული ზონების არსებობა ბუფერულ ზონაში არ წყვეტს პრობლემას, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქალაქი კატლავანშია მოქცეული, მთელი ეს სიბინძურე ილექება. ბევრი სხვა პრობლემაცაა თბილისში, რასაც არ აქცევენ ყურადღებას ჟურნალისტები. თბილისის მერიამ თავის თავზე უნდა აიღოს ის, რომ ჰქონდეს დაკვირვების სისტემა, რომ თავად გაზომოს დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა და აცნობოს მოსახლეობას. ძალიან ბევრი დედაქალაქი თავისი არხებით ახერხებს ამას და მასმედიის საშუალებით აწვდის ამ ინფორმაციას თანამოქალაქეებს. ჩვენც გვინდა, რომ თბილისი ასეთი ქალაქი იყოს.

– წელიწადის დროები ახდენს გავლენას ჰაერის დაბინძურებაზე, ანუ, ამსუბუქებს?

– ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ძალიან რთული გასაკეთებელია, მაგრამ, ნუ ეგონება ვინმეს, რომ თოვლი ასუფთავებს ჰაერს. რეალურად, დედაქალაქში დაბინძურების ფონი მაღალია, მაგრამ, პრობლემა მარტივად წყდება, როდესაც არ გაქვს მონიტორინგის სისტემა. ამბობენ, რომ არის დაბინძურება, მაგრამ, მერე რა?! რეალური პრობლემა ისიცაა, რომ სისტემატურად არ იზომება დაბინძურების ხარისხი და ქალაქმა ამაზე უნდა იფიქროს.

– ისინი, ვინც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილებები და არ იღებს, რას ფიქრობენ, რომ მათ ეს დაბინძურებული ჰაერი ვერაფერს დააკლებს?

– ისინი ფიქრობენ, რომ დაცულ შენობებში სხედან და მათ ჰაერიდან საფრთხე არ ემუქრებათ, რაც ასე არ არის. მეორე მომენტია ის, რომ, მართალია, თბილისში ძალიან ბევრი ადამიანი ფეხით დადის, მაგრამ, ძალიან ბევრი პურის საყიდლადაც კი მანქანით მიდის. ამიტომ, მოდი, ვთქვათ: თუ გვინდა, რომ ჰაერი იყოს სუფთა, მოსახლეობის თვითშეგნების დონეც უნდა ამაღლდეს –  არ შეიძლება, პურზე მანქანით სიარული, ფეხით უნდა გაიარო. ეს კულტურა არც ქალაქის მოსახლეობას გააჩნია და არც სახელმწიფო მოხელეებს.

– ცოტათი არ შეამსუბუქებს ვითარებას, თუნდაც, უსისტემოდ რომ დავრგოთ ხეები?

– უფრო მარტივია, არ მოჭრა, ვიდრე დარგო, იმიტომ რომ, ვიცით, როგორ გახმა თბილისში ბოლო ხანს ხეები, მათ შორის, ძვირად ღირებული კვიპაროსებიც?! ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს მოხდებოდა: დღეს ჩვენს ქალაქში ნებისმიერი ნერგის გახარება უფრო რთულია, ვიდრე იყო 20 წლის წინათ, აი, ამ დაბინძურებული ფონის გამო. ამიტომ, რაც გვაქვს, ის უნდა შევინარჩუნოთ და ნელ-ნელა გამწვანებასაც შევეცადოთ.

скачать dle 11.3