კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპოვებდნენ ჩვენი წინაპრები ოქროს 5 400 წლის წინათ და რატომ შეიტანეს ეჭვი მათ პროფესიონალიზმში თანამედროვე ქართველმა ოქროს მომპოვებლებმა

ამა წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურის მინისტრმა არაკომპეტენტური კომისიის დასკვნაზე დამყარებული გადაწყვეტილება მიიღო: მან კომისიაში RMG Gold-ის („მადნეულის“ შვილობილი კომპანია, რომელიც ოქროს მოპოვებას აწარმოებს ამ ტერიტორიაზე) თანამშრომლები, მათი კონტრაქტორები და ამ საკითხებში (სამთო არქეოლოგია და არქეომეტალურგია) გაუთვითცნობიერებელი პირები  შეიყვანა, რომლებმაც ყველა ღონე იხმარეს და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების დისკრიმინაცია მოახდინეს. ჩვენ,  ანუ, ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო პროექტის ჯგუფი, საერთოდ არ გაგვაკარეს; არც დოკუმენტებსა და პუბლიკაციებს გაეცნენ, არც ჩვენს  უცხოელ პარტნიორებს დაუკავშირდნენ და გადაწყვეტილება ძეგლის სტატუსის მოხსნაზე ერთპიროვნულად მიიღეს. 

2013 წლის 10 ივლისს პრეზიდენტმა, რომელიც არაფერზე აწერს ხელს, მათი ეს მოთხოვნა ელვისებურად დაამტკიცა ბრძანებით. არ ჰქვია ახლა ამას სამშობლოს ინტერესების ღალატი?! „როდემდე?!“ – სვამს კითხვას ქალბატონი ირინე ღამბაშიძე, არქეოლოგი, საყდრისის უნიკალური ძეგლის შესახებ მიმდინარე სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელი. 

 

– ქალბატონო ირინა, რითია საყდრისი უნიკალური?

– საყდრისი უძველესი სამთო წარმოების ძეგლია, რომელიც 2004 წლიდან მუშავდება და მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები. დადგინდა, რომ საყდრისი ოქროს წარმოების უძველესი კერაა მსოფლიოში, სადაც ოქროს მადანი სამთო წესით მოიპოვებოდა მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. „ფოლკსვაგენის ფონდის” დაფინანსებით ჩატარდა ორი სასწავლო-სამეცნიერო პროექტი: „საქართველოში ინტერდისციპლინური კვლევების გააქტიურება სამთო არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში” და „ოქრო საქართველოში”. ვინაიდან ძეგლის სამეცნიერო ღირებულება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, 2006 წელს მიენიჭა კიდეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ათი წელია, რაც გერმანიის სამთო მუზეუმთან ერთად ვიკვლევთ, რა ოქრო მოიპოვებოდა საყდრისის ტერიტორიაზე, როგორ და ასე შემდეგ. 10 000-მდე ქვის იარაღია მოპოვებული, რომლითაც ხდებოდა მადნის მონგრევა, დაფხვნა და დანაყვა. თვითონ მაღაროები ძალიან კარგ მდგომარეობაშია შემონახული. ამ საკითხს მრავალი პუბლიკაცია მიეძღვნა და მთელი ინფორმაცია შევიდა მსოფლიო სამეცნიერო მიმოქცევაში. კვლევების შედეგები პრეზენტირებული იყო სახვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე.

ჩვენ სრულიად სხვა საქმის გამო მოვხვდით იქ – შუა საუკუნეების სამარხები იყო და დასაზვერი სამუშაოების ჩასატარებლად მივედით. მთაზე, ანუ მიწის ზედაპირზე, გეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაზიანებული იყო კულტურული ფენები, სადაც, ქვის უროების სიმრავლე, რომლებითაც პრეისტორიულ ხანაში ხდებოდა მადნის მოპოვება, პირდაპირ ეყარა ზედაპირზე.  მიწისქვეშა გვირაბების გაყვანის დროს გადაჭრილი იყო ძველი მაღაროები და აქაც ათეულობით ქვის ურო იყო თავმოყრილი (ალბათ, გეოლოგებმა მოაგროვეს). რომ გადავთვალოთ, 5 400 წლის წინანდელია, მაგრამ ეს თარიღი თავიდანვე არ იყო ცნობილი – ელემენტარულად, ქვის ურო ვერ გამოდგებოდა დასათარიღებლად, რადგან, დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება. როდესაც მივედით ამ გადაჭრილ შტოლნაში (მაღაროში), იქ დაგვხვდა კულტურული ფენა, რაც ნიშნავს ადამიანის შექმნილის ნაკვალევს და ძალიან კარგად გამოირჩევა დედა-ქანისაგან. ვიპოვეთ კერამიკის სამი ნატეხიც, რომელიც დამათარიღებლად შეიძლებოდა გამომდგარიყო – ეს იყო მტკვარ-არაქსული კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკა, რომელიც, სპეციფიკურობიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია, რამეში შეგეშალოს. კულტურული ფენიდან აღებულ ნახშირებზე ჰაიდელბერგის ფიზიკის ინსტიტუტში გაკეთდა ანალიზი რადიოკარბონული თარიღის მისაღებად და 2005 წლის აპრილში მივიღეთ დასკვნა, რომ საქმე გვქონდა ძველი წელთაღრიცხვის 3030-2918 წლებთან, რაც სრულად ესადაგებოდა კერამიკული ნატეხების თარიღს. 2005 წელს ჩამოვიდა გერმანიის სამთო არქეოლოგების ჯგუფი და დაიწყო სტაციონარული გათხრები პროფესორ თომას შტორნერის ხელმძღვანელობით. გათხრებს თან ერთვოდა ინტერდისციპლინური კვლევები: ანალიზების გაკეთება ნახშირზე, მადნებზე და საერთოდ ყველაფერზე. 2011 წლამდე ჩვენ უკვე მოგვეცა საშუალება, სამეცნიერო კვლევებით დაგვედგინა, რა პერიოდში ხდებოდა აქედან ოქროს გამოტანა და ასე შემდეგ.

– როდის შეექმნა ძეგლს საფრთხე?

– როცა საყდრისი გაძეგლდა, აღმოჩნდა, რომ ეს არის „მადნეულის” სალიცენზიო ტერიტორია (კობა ნაყოფია გახლდათ სს „მადნეულის” გენერალური დირექტორი 2004-2008 წლებში; შპს „კვარციტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2006-2008 წლებში; 2007-2008 წლებში კი – შპს „ზარაფხანა დეველოპმენტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, – ავტორი). ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ „მადნეულს” და „ჯორჯიან ტრანს რესურსეს,” რის შემდგომ, უკვე კვარციტის” გენერალურმა დირექტორმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ დააფინანსებდნენ საყდრისის მუზეუმს, რომელიც ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავდა იმის გამო, რომ, ისეთ პრეისტორიული ხანის სამთო ძეგლს, რომელიც იქ დგას, ყველგან ვერ ნახავ. 2012 წელს ლიცენზია გაიყიდა და ახალი მეპატრონე სრულიად სხვანაირად განეწყო. ვინ არის ის, ამ წუთში ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, არის ფირმა „ერ-ემ-ჯი გოლდი”, მაგრამ, მათ ინტერესებშია ამ ძეგლის დანგრევა.

– რას ჰქვია დანგრევა!

– შემოგვთავაზეს, რომ, იქნებ, ეს ძეგლი მოვჭრათ და გადავიტანოთ.

– უკაცრავად, იქნებ დამიზუსტოთ, მთა როგორ უნდა მოჭრათ, ტოტი ხომ არ არის; ან, როგორ უნდა გადაიტანოთ?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით, ჩემი განათლება ამას არ ჰყოფნის... აქედან დაიწყო ბრძოლა საყდრისისთვის. ჩვენ დაგვადანაშაულეს, რომ ყველანაირი კვლევა არის ტყუილი, ვიტყუებით ჩვენც, გერმანელებიც და მთელი მსოფლიოც. ცხადი გახდა, რომ ეს კამპანია დაიწყო საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად.

– რატომ და ვის აინტერესებს ძეგლის სტატუსის მოხსნა?

– „ერ-ემ-ჯი გოლდს” აინტერესებს და, იმიტომ, რომ დაანგრიონ და ოქრო მოიპოვონ – დღესაც არის იქ ოქრო, საბადოა, გახსნილია და ძეგლის ქვემოთ არის მარაგი. ამის გამოა, რომ აბსურდულ რაღაცეებს ვაწყდებით: ვთქვათ, რომ უროებით შეუძლებელია მონგრევა, მაშ, 10 000 ქვის ურო საიდან მოვიდა, ხომ ვერ მეტყვით?! ჩვენ ექსპერიმენტიც ჩავატარეთ – შარშან ჩამოსულები იყვნენ კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული არქეოლოგიის პროფესორები: ბატონი საიმონ თიმბერლეიკი და ბრედა გრენდოკი. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი არის რეალური – როგორ მოიპოვება მადანი, როგორ ირეცხება, როგორ იღებენ ოქროს და ასე შემდეგ.

  ახლა დგას ძალიან მძიმე საკითხი: რა ბედი ეწევა ძეგლს? სასწორზე დებენ – ძეგლი თუ წარმოება?

– ვერ გავიგე, რამდენიმე მილიონად უნდა გაწიროს სახელმწიფომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი?

– სწორედ ამიტომ, გამონახეს სრულიად იოლი გზა, რომ ვითომ იქ არ არის ოქროს წარმოების კერა, არც უძველესია, ტყუილად მიენიჭა ეს სტატუსი და, ამიტომ, უნდა მოეხსნას. ბატონი კობა ნაყოფია ახლა აღარ ჩანს, მაგრამ, მანამდე მასმედიის ყველა საშუალებით დაგვადანაშაულა თაღლითობაში. ეს სხვა არაფერია, გარდა საშინელი ზეწოლისა მეცნიერებაზე; ეს არის მაფია მეცნიერებაში, რომელიც მსოფლიოში უძველეს ძეგლს უქმნის საფრთხეს...

იცით, რა, დმანისი იყო ერთი ორმო, რომელიც მეცნიერული კვლევების საფუძველზე გახდა მსოფლიო მნიშვნელობის და საყდრისიც ასევეა, მასზე ფილმი გადაიღო „არტემ”, „ცედეეფმა,” გააკეთა რამდენიმე გადაცემა, „ტერა-იქსმა”, „პიკმა” გადაიღო ფილმი „საქართველოს ოქრო”, რომელშიც საყდრისის კვლევებიცაა შესული, მოკლედ, რომელი ერთი გითხრათ. ახლა კამპანიაა წამოწყებული, რომ ეს ყველაფერი არაფერი არ არის. ძალიან ნათელია რა დგას ამის უკან... 300/300-ზეა, ერთი ძალიან პატარა მთაა, განა, რა ტერიტორიაა, რომ ვერ შეელიონ და ასეთი უნიკალური ძეგლი არ გაანადგურონ? ჩვენ ვამბობთ: ბოლოს და ბოლოს, დააპატარაონ კულტურული მემკვიდრეობის ზონის ფარგლები და გვერდიგვერდ ვიმუშაოთ – არ მესმის...

– რას ამბობთ, ბაგრატის ტაძარი არაფრის გამო გაანადგურეს და, ოქრო თუ სადმე დაიგულეს, რომელ ძეგლზეა საუბარი! თუმცა, ვივარაუდოთ, რომ ახალი ხელისუფლება და კულტურის მინისტრი სხვაგვარად შეხედავენ ამ საკითხს...

– ოთარაანთ ქვრივივით გამოვედი, შვილივით მიყვარს და ჭკუაზე აღარ ვარ... ეს არის საქართველოს ბრენდი... ახლა, აბსურდული ბრალდებებით, სამუშაოები დაგვიბლოკა „ერ-ემ-ჯი გოლდმა”... ხელისუფლება შეიცვალა, თორემ, აქამდე ვინ მიმიყვანდა და ვინ მკითხავდა რამეს – ერთს ააფეთქებდნენ და მორჩებოდა. მთელი სამეცნიერო მსოფლიო ყვირის – რისი პატრონები ყოფილხართო და, ესენი გვეუბნებიან, იტყუებითო. ეს არის „ოქროს ლომის პერიოდი,” როდესაც აქ ხდება ოქროს მოპოვება –  ტიტანური შრომაა ჩადებული...

– ბუნებრივია, ეჭვი გამიჩნდა კომისიის კომპეტენტურობაში. ვინ არიან წევრები?

– კომისიის დიდი ნაწილი მათი კონტრაქტორია – უშუალოდ „მადნეულის”, თვით „ერ-ემ-ჯი გოლდის” თანამშრომლები და კლუბ „ტაძრის” წევრები, რომელიც პაპუნა დავითაიამ ჩამოაყალიბა. როგორ მოხვდნენ კომისიაში, არ ვიცით, ხოლო ჩვენ, ანუ, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები, ჩავითვალეთ დაინტერესებულ მხარედ.  რატომ, რა ნიშნით შეიყვანა კულტურის სამინისტრომ ისინი კომისიის შემადგენლობაში – უცნობია. გარდა ამისა, არქეოლოგები არიან, რომლებსაც არანაირი საქმე არ აქვთ პრეისტორიულ ხანასთან. ისეთი ვითარებაა, კბილის ექიმმა რომ სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავროს და ამიტომ აპენდიციტის ოპერაციის გაკეთება ითავოს. ასევე, აღმოჩნდა, რომ, გეოლოგები, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ, ყველანი მუშაობენ „მადნეულში”. რა თქმა უნდა, დღეს ისინი ვერანაირად ვერ დაუპირისპირდებიან თავიანთ ხელმძღვანელობას, ელემენტარულად, იმის გამო, რომ სამსახურს დაკარგავენ. 

 – „ფოლკსვაგენის ფონდს” არავინ ახსენებს?

– კლუბმა „ტაძარმა” „ფოლკსვაგენის ფონდში” გაგზავნა წერილი, სადაც ითხოვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევების დაფინანსების შეწყვეტას. ფონდი ჩვენ დაგვიკავშირდა – რას ნიშნავს ეს, როცა მსოფლიო აღიარებს საქართველოში პრეისტორიული ხანის უძველესი ძეგლის არსებობას, ქართველებს რა დაემართათო. ეს შეფასდა როგორც საქართველოში არსებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი.

დადგა საკითხი, რომ მიმდებარე ტერიტორია არქეოლოგიურად უნდა იქნეს შესწავლილი და კლუბი „ტაძარი” დაიქირავა „ერ-ემ-ჯი გოლდმა”. როგორც ვთქვი, პირველ ჩვენებაში კლუბის დამფუძნებელი არის პაპუნა დავითაია, პოლიტიკოსი, რომელიც ქირაობს არქეოლოგს, რომელიც იქ აწარმოებს სამუშაოებს და, პარალელურად ქირაობს კიდევ ერთ არქეოლოგს, რომელიც ჩვენს პუბლიკაციებზე წერს უარყოფით რეცენზიებს, ანუ, პაპუნა დავითაიამ შექმნა კლუბი „ტაძარი”, რომ საყდრისი რამენაირად დაინგრეს. ფილმებში რომ არის მაფიასთან ბრძოლის მომენტები, ზუსტად ასე ვართ.

წარმოიდგინეთ საყდრისის მნიშვნელობა – საქართველოში საყდრისის სახით ოქროს მოპოვების წყაროს აღმოჩენამ ძალიან დიდი ინტერესი გააჩინა გარშემო. სასწრაფოდ დაიწყო ოქროს ნივთების შესწავლა თურქეთში, დაიწყო ბულგარეთში – იმიტომ, რომ მსოფლიოში უძველესი ოქროს ნივთები (მეხუთე ათასწლეული) ვარნის სამაროვანზეა აღმოჩენილი; დაიწყო მესოპოტამიური ოქროს კვლევაც და, საერთოდ, ყველგან, სადაც ამ პერიოდის უძველესი ოქროა აღმოჩენილი დაიწყო კვლევა – აქედან ხომ არ არის ეს ყველაფერი. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ დადგინდეს, რომელი მადნიდან არის ესა თუ ის ნივთი. სომხეთში შეიქმნა არაჩვეულებრივი პროექტი საზღვართან ახლოს, რომელიც არის ზუსტად ჩვენი ქედის გაყოლებაზე, სადაც იქნება სამთო წარმოების ძეგლები შესწავლილი გერმანული სამეცნიერო წრეების კვლევებით; ასევე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ერთიანობაში ეს არის დიდი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ისტორიაში ბევრ ახალ ფურცელს ჩაწერს. ეს არის მეცნიერების გამარჯვება საქართველოში, ვიღაცეები კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ჩვენ ვიგონებთ. მაფიოზური სტრუქტურები, რომლებიც მეცნიერებაზე „ტყუილიას” გაიძახიან, ყველაფერთან ერთად, სამარცხვინოა ქვეყნისთვის!

 

скачать dle 11.3