კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ებრძოდა „დოჟდ ტევეს“ დახმარებით მერაბ რატიშვილის შვილი პუტინს და ვინ იღებს ჰოლივუდში ფილმს, მის მიერ ციხეში დაწერილი რომანის მიხედვით

მერაბ რატიშვილის გარკვეულ პოლიტიკურ პირებთან მეგობრობამ, პოლიტიკურ წრეებში აქტივობამ გამოიწვია წინა ხელისუფლების მკვეთრად გამოხატული, უარყოფითი განწყობა მის მიმართ, რასაც უმალ უკანონო დაპატიმრება მოჰყვა. მერაბ რატიშვილმა ხუთი წელი და სამი თვე გაატარა ციხეში სრულიად უკანონოდ, რასაც ადასტურებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს ომბუდსმენი და თვით პარლამენტმა აღიარა პოლიტპატიმრად.

 მერაბ რატიშვილი: ჩემს მიმართ წინა ხელისუფლების ანტიპათია ერთ დღეში არ დაწყებულა. ახალგაზრდა ვიყავი, როცა მოსკოვში წავედი სასწავლებლად. 9 აპრილის პერიოდში დავბრუნდი საქართველოში და მივხდი, რომ ის ინფორმაციული ულუფები, რომელსაც მოსკოვში გვაწვდიდნენ, აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო რეალობას. როდესაც მოსკოვში დავბრუნდი, იმ დღესვე დავტოვე პარტია და სახელმწიფო სამსახური. ამის შემდეგ დავიწყე მოღვაწეობა ბიზნესში, სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სექტორი ენერგეტიკა იყო. 1992 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის აბსოლუტური პარალიზება მოხდა – არ იყო დენი, არ იშოვებოდა საწვავი, გაჩერებული იყო ყველანაირი მოძრაობა, არ მუშაობდა სასწრაფო და სახანძრო დახმარებები. ნავთობის იმპორტი შეწყდა, რადგან დავტოვეთ საბჭოთა სივრცე და რუსეთისთვის უკვე საექსპორტო ქვეყანად ვიქეცით. საქართველოდან დამირეკეს და დახმარება მთხოვეს, ჩამოვფრინდი 1992 წლის მარტის მეორე ნახევარში. რა თქმა უნდა, მომიწია შევარდნაძესთან, სიგუასთან და კიტოვანთან შეხვედრა.

– როგორ გაიხსენებდით მათთან შეხვედრას? 

– დაახლოებით ღამის პირევლი საათი იყო, როდესაც აეროპორტიდან მათთან შესახვედრად წამიყვანეს. პირდაპირ მითხრეს, რომ ნავთობი უნდა შემომეტანა, თუმცა ქვეყანას ფული არ ჰქონდა ნავთობის საყიდლად. იქვე დავაწერინე მთავრობის დადგენილება და წერილი, რომლითაც უნდა მიემართათ რუსეთის მთავრობისთვის. 45 დღეში შემოვიდა პირველი ტანკერი ბათუმში. ეს იყო მთელი ომი და უამრავი თავგადასავალი, რომ ამისთვის მიმეღწია. სამი თვის განმავლობაში 11 გემი შემოვიდა ბათუმში. საკუთარი პასუხისმგებლობით ავიღე კრედიტები, რათა დამეფინანსებინა ნავთობის მოწოდება საქართველოში. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ქალაქში გაჩნდა საცობები, თვითმფრინავებმა დაიბრუნეს ფუნქცია, ყველაფერი დალაგდა და იფიქრეს, რაღაში გვჭირდება მერაბ რატიშვილიო. ნავთობკომპანიებს გადასახადი შეუწყვიტეს. კისერზე უზარმაზარი ვალი დამედო. მოვახერხე ამ სიტუაციიდან გამოსვლა, თუმცა მეორე წელს, ისევ მომიწია დახმარება. როდესაც მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი, რადგან აფხაზეთში ომი გრძელდებოდა. ვერც ამჯერად ვისწავლე ჭკუა და იგივე ისტორია განმეორდა, მაგრამ რა მექნა... 

– ახალი მთავრობისთვისაც, ასე ვთქვათ, „პერსონა ნონ გრატა“ გახდით.

– ფაქტობრივად ასეა. ჩემი მოღვაწეობა და დამოუკიდებლობა თავიდანვე ბევრ სახელმწიფო მოხელეს და პოლიტიკოსს აღიზიანებდა, მრავალ პრობლემას მიქმნიდნენ.  ღია საჯარო ღონისძიებებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. მიმაჩნდა, რომ რადგან ორმაგი მოქალაქე ვარ, პოლიტიკაში არ უნდა ჩავრეულიყავი. თუმცა, დამეთანხმებით, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს უფლება ჩემი აზრი და წუხილი გამოვთქვა ამა თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს მთავრობას არ მოსწონდა. სააკაშვილის მთავრობას კი ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ იარაღის ჟღარუნი და მტრის ხატის შექმნა იქამდე მიგვიყვანდა, რომ ერთ დღესაც ეს მტერი გაიღვიძებდა და სერიოზულ ზიანს მოგვაყენებდა. 

– ღიად თუ დაუპირისპირდით მათ?

–დაწერილი მქონდა კონცეფცია, როგორ შეიძლებოდა სიტუაციის დაბალანსება. დიპლომატიურ კორპუსთან ამაზე ხშირად ვმსჯელობდი და სხვათა შორის, მეთანხმებოდნენ. სწორედ ევროპელი დიპლომატების მეშვეობით ვცდილობდი, მიმეტანა ოპოზიციამდე ჩემი ხედვა, თუ როგორ უნდა გაერთიანებულიყო ოპოზიცია. 2007 წელს ჩავატარეთ კონფერენცია „სეპარატიზმი, როგორც ორგანიზებული დანაშაულის უმაღლესი ფორმა“. ჩვენ გვჭირდებოდა დიალოგი უშუალოდ ოსებთან და აფხაზებთან და არა შუამავლებთან. სწორედ ეს იყო ამ კონფერენციის კონტექსტი. ამ კონფერენციის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოვექეცი, ვგულისხმობ იმას, რომ დაიწყეს ჩემი თვალთვალი, მოსმენა. სამმა სხვადასხვა ადამიანმა, ისევ და ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა, გამაფრთხილეს, რომ ჩემს დაპატიმრებას აპირებდნენ. ოქტომბერში მეუღლე გავაფრთხილე, შეიძლება დამაპატიმრონ და არ ინერვიულო-მეთქი.

– მეუღლეს არ გაუკვირდა? 

– რა თქმა უნდა, ძალიან დაიბნა, ვერ მიხვდა, რის გამო მაპატიმრებდნენ. მითხრა, წადიო, მაგრამ უარი ვთქვი წასვლაზე. რომ წავსულიყავი, მართლაც მივცემდი სათქმელს, რაღაცა უკანონობას სჩადიოდა და ამიტომაც გაიქცაო. ვანო მერაბიშვილს შევუთვალე შემხვედროდა, შეხვედრის მაგივრად, სწორედ იმ დღეს ამიყვანეს. ქიაჩელის ქუჩა მთლიანად გადაკეტეს, დაახლოებით ათი კაცი რკინის ხელკეტებით თავს დაესხა ჩემს მანქანას. როცა ხელბორკილები დამადეს, ნემსი გამიკეთეს. ქუჩაში ჩემი  ჩხრეკის შემდეგ, ჩემს სახლში შეცვივდნენ. სწორედ იქ ჩადეს ჩემს პიჯაკში ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ოცი წუთით ადრე ჩემმა მეუღლემ გააუთოა და გარდერობის კარზე ჩამოკიდა. 

– რამდენი წელი მოგისაჯეს?

– ცხრა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებას მუდმივად ვასაჩივრებდით სხვადასხვა ინსტანციაში, მათ შორის ევროპაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში,  მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ის პროკურორები და მოსამართლეები ისევ აგრძელებენ საქმიანობას თანამდებობებზე, ზოგი დააწინაურეს კიდეც.  ერთ ასეთ ფაქტს მოგიყვებით: სააპელაციო სასამართლოზე შემოვატანინე გოლფის ბურთი და მოსამართლეებს მივმართე – თუ დარბაზში მყოფი რომელიმე ადამიანი (არადა იმ დღეს მართლაც ბევრნი იყვნენ), ასი მცდელობიდან ერთხელ მაინც დაარტყამს ბურთს, მაშინ კიდევ ცხრა წელი დამიმატეთ, სხვა შემთხვევაში, აბსურდამდე ნუ მივალთ-მეთქი. წარმოუდგენელია, გოლფის ასოციაციის პრეზიდენტი, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი იყოს ნარკოტიკებზე დამოკიდებული. გოლფი ეს რეფლექტორული სპორტია. შეუძლებელია, ნარკოტიკებს მოიხმარდე და გოლფს თამაშობდე-მეთქი. 

– როგორ გაიხსენებთ ციხეში გატარებულ წლებს? 

– ადაპტირება ყველგან სჭირდება ადამიანს, თუნდაც ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდეს საცხოვრებლად. ახლა წარმოიდგინეთ, როგორი რთულია ციხესთან შეგუება, მით უმეტეს, ჩემს ასაკში. იმ პერიოდში დაიწყო ოპოზიციის ლიდერებზე ვიდეოკადრების გავრცელება, სადაც მათ რუსეთთან კავშირში სდებდნენ ბრალს. უნდოდათ, ამ მიმართულებით მათთვის ყალბი ჩვენება მიმეცა. მეთქვა, რომ თავად ჯაშუში ვარ და მათაც მე ვმართავ. თუმცა, როცა ეს არ გამოუვიდათ, საშინლად გაღიზიანდნენ. მთელი ეროვნული საბჭოს დაპატიმრების გეგმა ეშლებოდათ. ორთაჭალის ციხეში რომ მიმიყვანეს, 95-ე საკანში, პრაქტიკულად, ფეხით შემტენეს. ჩემი ადგილი აღარ იყო, რადგან 22 ნარზე 109-ე  კაცი ვიყავი. გაუსაძლისი პირობები იყო. დასადგომი ადგილიც კი არ იყო, არა თუ დასაჯდომი. ფეხი რომ დაგცდენოდა და კედელს მიყუდებოდი, რაიმე ავადმყოფობა გარანტირებული გქონდა. ყველანაირი მწერი, თვალით უნახავი კანის დაავადებები იყო საკანში. ტუბერკულოზით, C ჰეპატიტით დაავადებული ხალხით იყო სავსე იქაურობა – ყველანი ერთად იყვნენ და ერთად ეძინათ. ოთხი ცვლა იყო დასაძინებლად. ზოგს შეუძლია, ხმაურსა და ბოლში დაძინება, მაგრამ ყველას ხომ არა. თან ნემსი მქონდა გაკეთებული... ლამის ინსულტი დამემართა მეორედ. თუმცა, ადამიანურობა, კარგი ურთიერთობები ყველგან დამხვდა. მოვახერხე ისე, რომ ამ სიტუაციაშიც შევქმენი გასაძლისი პირობები. მაგრამ, ესეც პირობითია, ტარაკნები პირდაპირ ჩაიში ცვიოდა. ვაა, ძმა მოვიდაო, იტყოდნენ და დალევდნენ. სანამ მიმიყვანდნენ, ორი ადამიანი იმ საკანში უჰაერობით იყო გარდაცვლილი. ასე დაიწყო ჩემი ციხის ეპოპეა, თერთმეტი საკანი გამომიცვალეს ხუთ თვეში. რომელ საკანშიც შევდიოდი უკვე აღარ მიწევდა რაღაცეების ახსნა და მოყოლა. ციხის ფოსტა მუშაობდა და ყველაფერი იცოდნენ ჩემ შესახებ. 7 ნოემბრის შემდეგ გაძლიერდა ჩემზე ზეწოლა და დაიწყო გაუთავებელი დაკითხვები, მრავალი მცდელობა ჰქონდათ, სხვადასხვა ხერხით ჩემზე ზემოქმედება მოეხდინათ. ერთ-ერთი დაკითხვის დროს, ციხის უფროსი რომ შემოვა ოთახში და ყავას შემოგთავაზებს, იქ რაღაც კარგად ვერ არის. რა თქმა უნდა, ჩემს ყავაში ის ნივთიერება იყო გაზავებული, რომლის ზემოქმედების ქვეშ ყველაფერზე თანხმობას აცხადებ. ყავა რომ თავისი ხელით შემომიტანა, ვკითხე, შაქრიანია თუ უშაქრო-მეთქი. შაქრიანიო, მითხრა, მე უშაქროს ვსვამ, ეს თქვენ დალიეთ-მეთქი. კონტრდაზვერვის ასები და დირექტორი შეცბნენ და რა თქმა უნდა, ის ყავა არავის დაულევია. 2007 წლის 8 ნოემბერს შემოცვივდნენ და დაიწყეს წინა დღეს მომხდარი ამბების ჩემზე გადმობრალება. თითქოს მე მიმიძღვოდა წვლილი იმაში, რაც მათ ჩაიდინეს. როდესაც მუქარით ვერაფერს მიაღწიეს, შემდეგ გადავიდნენ მოსყიდვაზე, გოლფის მოედანს აგიშენებთ, რა გინდა, ნებისმიერ თანამდებობას დაადე ხელი, ოღონდ ეროვნული საბჭოს ლიდერები დაგვაჭერინეო და... 19 ნოემბრის შემდეგ, თავი დამანებეს. შემდეგ გლდანის ციხეში პირველი ეტაპით გადამიყვანეს. წინააღმდეგობას რომ ვუწევდი, ერთ დღეს გაითამაშეს, ვითომ საკანი დაშალეს და ამიტომ, ისევ ორთაჭალის ძველ ციხეში დამაბრუნეს. გლდანის ციხეში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა, უამრავი რაღაც ვისწავლე. სხვათა შორის, ამ ციხეს ცხვრების საპარსი ფაბრიკა შევარქვი, რადგან მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – ყველა მეთოდით აეძულებინათ დაპატიმრებული, ხელი აეღო თავის ქონებასა თუ ბიზნესზე, ხშირად სინდის-ნამუსსა და კაცობაზე... სიგარეტს გვირიგებდნენ და არ გვაძლევდნენ ასანთს, ესეც წვალების ერთგვარი მეთოდი იყო. სტაჟიანი პატიმრები საბნიდან გამოაცლიდნენ ბამბას, პატარა ქაღალდს რადიოს წვრილ მავთულს დაახვევდნენ და შეყოფდნენ „შტეპსელში“. უცებ იბუთქებდა, წაეკიდებოდა ცეცხლი ბამბას და მაშინვე უნდა მოგეკიდებინა სიგარეტისთვის. ასჯერ რომ იფეთქა ამ „შტეპსელმა,“ რა თქმა უნდა, გაფუჭდა და ქსელიც გათიშა. ამისთვის, სხვადასხვა საკანში სცემეს პატიმრები, მაგრამ ბოლოს მაინც დაგვირიგეს ასანთები. დავხატეთ შაში და ისე ვთამაშობდით, რომ დრო გაგვეყვანა, თორემ არც წიგნი გვქონდა და არც პრესა შემოგვდიოდა. საბოლოოდ, აღმოვჩნდი რუსთავის ციხეში, სადაც ვწერდი სტატიებს. ჩემი მეუღლის დახმარებით შევქმენი პოლიტპატიმრების საიტი, ინტერნეტ-გაზეთი და გამოვეცით ბეჭდვითი გაზეთიც. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც პოლიტპატიმრების არსებობა ქვეყნის გარეთ გავიტანეთ. 2008 წლის მარტში, როდესაც ოპოზიცია შიმშილობდა რუსთაველზე, მეც დავიწყე უვადო შიმშილობა ციხეში, რომლის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში აღმოვჩნდი. შიმშილობა მხოლოდ მას შემდეგ შევწყვიტე, რაც ზუგდიდი-ცაიშის ეპისკოპოსი, მეუფე გერასიმე მესტუმრა ციხეში და პატრიარქის თხოვნა გადმომცა, შიმშილობა შემეწყვიტა.

2010 წელს ციხეში მოვამზადე და შევიტანე სარჩელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში სააკაშვილისა და მისი ბანდის წინააღმდეგ, რომლებმაც ჩაიდინეს მრავალი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის სამხედრო დანაშაული, და დანაშაული კაცობრიობის წინაშე. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე, ოდესღაც ახალგაზრდობაში მიტოვებულ ლიტერატურულ საქმიანობას დავბრუნებოდი, რასაც დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ძალიან დავშორდი, ახლა კი ამის დრო ნამდვილად მქონდა. დავწერე სამი რომანი ხუთ წიგნად, ასევე ლექსებისა და მოთხრობების კრებული. ჯერ კიდევ ციხეში ვიყავი, როცა ჩემი რომანები ითარგმნა რამდენიმე ენაზე.

– თქვენს შვილზეც მინდა, მიამბოთ. ძალიან უცნაურია, რომ თქვენ პუტინის რუსეთის ჯაშუშობას გაბრალებდნენ და ამ დროს თქვენი შვილი ყველაზე ოპოზიციური არხის, „დოჟდ ტევეს“ სათავეებთან იდგა.

– კი, გია ერთ-ერთი მათგანია, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ არხს და ჰქონდა საავტორო გადაცემებიც. აღებული ჰქონდა ფსევდონიმი გია მევარ. პირველად რომ მითხრეს, გია მევარ შენი შვილიაო, ძალიან გავოცდი (იცინის). გიაც ძალიან პრინციპული ბიჭია, არასდროს მიდის დათმობებზე. ახლა ბიზნესშია და სხვა გეგმები აქვს. მისთვის ჩემი ამბავი შოკი იყო. ჯერ ჩემი „ნარკომანობა” და მერე „ჯაშუშობა.” ამას ჩემი ოჯახის წევრები როგორ დაიჯერებდნენ?! ოჯახის მთელი სიმძიმე იმ წლებში გიას დააწვა მხრებზე და ყველაფერს ღირსეულად გაუძღვა. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგიათ და ამ სიტუაციამ ისე იმოქმედა მასზე, რომ გამოვედი, ვერ ვიცანი, ძალიან შეცვლილი დამხვდა ამ ხუთ წელიწადში. ტელევიზიის საკითხი რომ წამოიჭრა, ვთხოვე, დაანებე თავი ამ წამოწყებას, ოჯახს ახალ პრობლემებს ნუ შეუქმნი, ერთი პოლიტპატიმარიც ეყოფა-მეთქი. მაგრამ, სიძნელეებს არ შეუშინდა და ასე მიპასუხა: რა ვქნა მამა, ალბათ, ეს ჩვენი ბედიაო. 

– აგრძელებთ ლიტერატურულ საქმიანობას?

– დიახ, ვაგრძელებ მუშაობას. ახლა ვწერ ახალ რომანს, თუმცა სხვა რეჟიმში ვარ და უფრო ნაკლები დრო მრჩება წერისთვის. ამ ზაფხულს, ჰოლივუდისთვის გავაკეთეთ ჩემი რომანის სცენარი „თეთრი ლამა“, ნიკა ხომასურიძესთან ერთად. ეს იქნება 6-საათიანი ფილმი სამ სერიად. ასევე, აქტიურად ვმუშაობ, რომ ჩემი წიგნები გამოიცეს ევროპასა და ამერიკაში. 

скачать dle 11.3