კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მალაციძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მალასი.

1726 წელს იორდანე ბებეშიძის მიერ ელიზბარ მამასახლისიშვილისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ზურაბ მალაციძე.

1721 წელს მანუჩარ გლურჯიძის მიერ ზაზა მოურავისშვილისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში, სოფელ ხანდაკურში, მოიხსენიება ვინმე მალაციძე.

საქართველოში 510 მალაციძე ცხოვრობს: თბილისში – 194, გორში – 161, კასპში – 155.

ტიკურიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტიკარა, ტიკა.

გადმოცემის მიხედვით, ტიკურიშვილები ადრე ძეყორაშვილები იყვნენ. ამ გვარიდან წარმოიშვა: ბეკარაშვილი, მახარაშვილი, ხრიკული.

1873 წლის აღწერით, სოფელ გელთეთში, ანტონ ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხებად მოიხსენიებიან ზურაბ, ანდრე და გაბრიელ ტიკურიშვილები.

ამავე ძირისაა გვარები: ტიკაშვილი, ტიკაძე, ტიკარიძე, ტიკიშვილი, ტიკურაშვილი.

საქართველოში 104 ტიკურიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 23. არიან სხვაგანაც.

დავითულიანი

ილია მაისურაძის წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ საუბარია სვანეთში წარმოშობილი დავითულიანების შესახებ. მკვლევარი წერს, რომ ერთი ფუძისაა გვარები: დავითაძე, დავითაშვილი, დავითაია, დავითულიანი, დავითიანი და დავითური.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გვარს საფუძვლად უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი დავითი, რომელიც ძველებრაული წარმოშობისაა. ქართულად კი „საყვარელს,“ „წინამძღოლს“ ნიშნავს.

დავითულიანებში არსებობს გადმოცემა, რომ მათი გვარი დავით ულუს უკავშირდება, თუმცა, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის.

დავითულიანი წარმოშობილია დავითის მოფერებითი ფორმიდან – დავითულა.

1527-1558 წლებში, როინ და გოშფარ ჯავახიშვილების გაყრის დროს, დავითულიანი მამულით გოშფარს ერგო.

დავითულიანი ბართლომე მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა ტკოცაში. იყო სახასო მსახური. ჰქონდა ერთი კომლი და ჰყავდა ხუთი მოლაშქრე ვაჟი. ის მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში.

საქართველოში 1 201 დავითულიანი ცხოვრობს: თბილისში – 297, ქუთაისში– 222, ცაგერში – 198. არიან სხვაგანაც.

მირზიაშვილი-მირზაშვილი

გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელისგან მირზა, ხოლო თვით სახელი მირზა არაბულ-სპარსული სიტყვიდან – ამირზადე – „ამირის შვილი“. ამირა შუა აზიაში არაბთა მოსვლის დროიდან ეწოდებოდა მხედართმთავარს, მმართველს. ჩინგიზ ხანის შვილის, თემურის შვილებმა მიიღეს წოდება ამირ (ემირ) ზადე. აქედან თავ-ბოლოს მოკვეცით მიღებულია მირზა, რომელიც გვხვდება როგორც ტიტულად, ისე საკუთარ სახელად. 

„ასანბეგიშვილი თაყა პაპუნა გოშსტაშაბიშვილს სოფელ ტბისში აძლევს მირზიაშვილს, მისი მამულითა და სასახლით“ (ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნი ასანბეგიშვილებისა პაპუნა გოსტაშაბიშვილებისადმი, 1671 წელი). 

„მირზიაშვილის ნაქონი ვენახი ტბისში თაყა ბარათაშვილმა მიჰყიდა პაპუნა გოსტაშაბიშვილს“. 

საქართველოში 201 მირზიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 84, დუშეთში – 78, მცხეთაში – 2; არიან სხვაგანაც.

544 მირზაშვილი.

ლუქუნიძე

გვარის ფუძე, სავარაუდოდ, არის საკუთარი სახელი ლუკა, ლუკიანე, რაც ლათინურად „მანათობელს“, „ბრწყინვალეს“ ნიშნავს. მომდინარეობს სიტყვისგან ლუქსი – „სინათლე“. მასვე უკავშირდება ფრანგულის გზით გავრცელებული სიტყვა ლუქსი, რომელიც აღნიშნავს სასტუმროს საუკეთესო ნომერს. ასევე, სავარაუდოდ, ამ გვარის თავდაპირველი ძირი იყო ლუხუმი, ლუხუმა. 

1700 წელს მოხსენიებულია „პაპუნა სადუნიშვილი-ლუქუნის ძეს ეწერათ სამასპინძლო“. 

საქართველოში 125 ლუქუნიძე ცხოვრობს: ქარელში – 91, ბორჯომში – 7, თბილისში – 2. არიან სხვაგანაც.

საკაშვილი 

საკაშვილის გვარის მქონეთა შორის არიან როგორც ქართველები, ისე ოსები. ქვემო ქართლის სოფელ კუმისში (დღევანდელი გარდაბნის რაიონში) მოიხსენიებიან საკაშვილები. ცხინვალის მიდამოებში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსული ჩანაწერებით, სუფიქსი შვილის ნაცვლად, ზოგიერთები ჩაწერეს საკაევიებად. საკ ფუძითაა გვარები: საკანიანი, საკიანი, საკოიანი; არსებობს, ასევე, ებრაული სახელიდან ისაკ (ძველ ებრაულად – „მოცინარი“). ბიბლიური გადმოცემის მიხედით, პატრიარქ აბრაამის ცოლს, სარას, რომელსაც დიდხანს არ ჰყავდა შვილი, უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარმეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა. აქედანაა გვარები: ესაკია, ისაკაძე, სააკაშვილი, სააკიშვილი, სააკაძე... 

ისაკ-იდანაა სომხური გვარებიც: სააკიანი, სააკოვი; საკაშვილების გვარს ატარებენ, ასევე, სააკაშვილები და სააკოვები. 

საქართველოში 107 საკაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 42, კასპში – 25, გორში – 14. არიან სხვაგანაც. 

ურიგაშვილი

ქართულ გვარში – ურიგაშვილი ფუძედ გამოყენებულია ქართველური საკუთარი სახელი ურიგა. 

საკუთარი სახელი ურიგა გვხვდება, გვარში ურიგაშვილი (ილია მაისურაძე, „ქართული გვარ-სახელები“). ასევე, ზმნებში: არიგებს, დაურიგა... 

საქართველოში 173 ურიგაშვილი ცხოვრობს: გორში – 114, თბილისში – 49, ადიგენში – 5. არიან სხვაგანაც.

სალამაძე

გვარის ფუძეა სიტყვა სალამა. ამავე ძირისაა გვარი სალამაშვილი.

სალამაშვილები, როგორც სახაზინო გლეხები, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსების მიერ ჩატარებულ აღწერაში მოხვდნენ. სუფიქსი შვილი ჩამოაცილეს და ოვი დაურთეს. ასე გაჩნდა ახალი გვარი – სალამოვი. დაბეჯითებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სალამოვები სალამაშვილები არიან.

სალამაძე უძველესი გვარ-სახელია. მისი ადრინდელი ფორმა სალამოსძე იყო.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, გვარის ფუძეა სიტყვა სალამი. სავარაუდოდ, საკუთარი სახელი სალამა მომდინარეობს სოლომონიდან.

საქართველში 67 სალამაძე ცხოვრობს. თბილისში 41, გორში 24, ახალგორში 2.

156 სალამაშვილი: კასპში – 102, თბილისში – 31, გორში – 9. არიან სხვაგანაც.

ქვლივიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქველია.

ქვლივისძე მათე მოხსენიებულია 1494 წელს ქვათახევის სიგელში.

ქვლივიძეები იყვნენ აზნაურები.

„ქვლივიძე ბასილა, ნაცვალი, მოწმე იესე ჯაფარიძის მიერ თბილელის, საგინაშვილისთვის მიცემულ კავთისხევში მიწის ნასყიდობის წიგნისა” (1649 წელი).

1674 წელს მოხსენიებულია ქვლივიძე ბასილა.

საქართველოში 739 ქვლივიძე ცხოვრობს. თბილისში – 349, საგარეჯოში – 306, გურჯაანში – 21. არიან სხვაგანაც.

ბაღდუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაღდუა.

ბაღდუაშვილები სოფელ მუხათში მოიხსენიებიან. მათ მიწის გაყოფის დროს ჩხუბი მოსვლიათ. სიგელი შედგენილია ბაგრატიონ-მუხრანელის მითითებით, ხელს აწერენ არტემა და მელქო ბაღდუაშვილები. აქვე მოიხსენიებიან დროებით ვალდებული გლეხები – ბაღდურაშვილები.

საქართველოში 34 ბაღდუაშვილი ცხოვრობს: კასპში – 7, თეთრი წყაროში – 5. არიან სხვაგანაც.

გორაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გორა.

1721 წელს ასურეთში მოხსენიებულია იასე სოლოღაშვილის ყმა – ბასილა გორაშვილი.

სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა და მიმდინარეობს კვლევა.

საქართველოში 84 გორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 25, დედოფლისწყაროში – 17, საგარეჯოში – 12. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3