კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკონტროლებდა რუსი რეზიდენტი ერეკლე მეორის დიპლომატიურ მიმოწერას და საიდან დასტურდება ეს

რუსული დაზვერვა საქართველოში გააქტიურდა მეთვრამეტე საუკუნის შუახნებიდან. ხოლო განსაკუთრებით აქტიური გახდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, 1783 წლიდან. ამ თემაზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალების მიხედვით.

რუსი მზვერავები საქართველოს მოევლინნენ დიპლომატების (ელჩების), მოგზაურების, მწერლების, მხატვრების სახით. სადაზვერვო საქმიანობის ორგანიზებას რუსეთის იმპერია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და მასზე დიდ ფულს ხარჯავდა. მოსკოვიდან ან პეტერბურგიდან საქართველოში რუსი მზვერავის გამომგზავრებამდე, გუბერნატორები, დიდი ქალაქის სამხედრო კომენდანტები, იღებდნენ საიდუმლო ბრძანებებსა და ცირკულარებს. მათში მითითებული იყო, რა სახის დახმარება უნდა აღმოეჩინათ მზვერავისთვის. რუსი მზვერავების შეჩერების ბოლო პუნქტი იყო ყიზლარის სიმაგრე ჩრდილოეთ კავკასიაში. ყიზლარის კომენდანტი ვალდებული იყო, ფულით მოემარაგებინა მზვერავი, გამოეყო მისთვის გამცილებელთა რაზმი, რათა მშვიდობიანად გადასულიყო ის საქართველოს ტერიტორიაზე. რამდენად გამორჩეული იყო მზვერავი და მნიშვნელოვანი იყო მისი მისია, იმდენად მკაცრ ტონს შეიცავდა პეტერბურგიდან მიღებული საიდუმლო ბრძანებები და ცირკულარები. ყიზლარის კომენდანტი პირადად აგებდა პასუხს მზვერავის უსაფრთხო მგზავრობაზე თბილისამდე. 

საქართველოში ჩამოსული რუსი მზვერავები აგროვებდნენ ყოველგვარ ინფორმაციას. ინფორმაციის ნაწილი, შესაძლოა, ერთი შეხედვით, არცთუ ისე მნიშვნელოვანი ყოფილიყო, თუმცა, ეს ასე არ იყო. საბოლოოდ პეტერბურგში თავს იყრიდა საქართველოდან გაგზავნილი ძვირფასი ინფორმაცია, რომლის წყალობითაც, პეტერბურგში ზუსტად იცოდნენ: რა დამოკიდებულება იყო ქართლ-კახეთის სამეფო კარის წევრებს შორის – ერეკლე მეფეს, დედოფალს, მათ შვილებსა და შვილიშვილებს შორის; რა გეგმები ჰქონდა ერეკლე მეორის ოპოზიციას; როგორი იყო ქართლ-კახეთის ლაშქრის რაოდენობა და მისი აღჭურვილობა; როგორი იყო ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ქართლ-კახეთის მეფეს ქართველ მეფე-მთავრებთან, თურქეთთან, ირანთან და სხვა. 

გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, ქართლ-კახეთის მეფის კარზე ოფიციალურად დაინიშნა რუსეთის წარმომადგენელი (მინისტრი) – სერგეი ბურნაშოვი. პოლკოვნიკი სერგეი ბურნაშოვი, პრაქტიკულად, წარმოადგენდა რუსეთის დაზვერვის რეზიდენტს საქართველოში. მალე რუსეთის მზვერავების რაოდენობამ ისე იმატა, რომ თბილისის სამეფო სასახლეში ერეკლე მეორე საიდუმლო თათბირსაც ვეღარ ატარებდა. ერთხელ ასეთი თათბირი საგარეჯოს რეზიდენციაში გაუმართავს მეფეს. 

სერგეი ბურნაშოვი აკონტროლებდა ერეკლე მეორის საიდუმლო დიპლომატიურ მიმოწერასაც კი. რა გზით და რა საშუალებით? ეს დღეს ზუსტად დადგენილი არ არის. ერთ-ერთ მოხსენებაში სერგეი ბურნაშოვი პეტერბურგს აცნობებს, რომ მართალია, ქართლ-კახეთის სამეფო გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით, რუსეთის მფარველობაში შევიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერეკლე მეორე ავსტრიის იმპერატორთან ფარულ მიმოწერას აწარმოებსო. ეს იმას ნიშნავდა, რომ თბილისში მყოფ სერგეი ბურნაშოვს ხელი მიუწვდებოდა უაღრესად საიდუმლო ინფორმაციაზე. 

კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ (1798 წელი). ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი მეთორმეტის კარზე რუსული დიპლომატიური და სამხედრო დაზვერვა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ღიად მოქმედებდა. გიორგი მეთორმეტის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ხშირად არ იცოდნენ დედოფალმა და ტახტის მემკვიდრემ, მაგრამ იცოდნენ რუსმა მზვერავებმა. პრაქტიკულად, ავადმყოფი მეფის საწოლს იშვიათად თუ ტოვებდნენ რუსი მზვერავები. ავადმყოფ მეფეს ისინი გამუდმებით ჩასჩიჩინებდნენ, რომ მისი ძმები არ დაუშვებდნენ ტახტის მემკვიდრის, დავითის გამეფებას. მაგრამ თუ გიორგი მეთორმეტე რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეულ დათმობაზე წავიდოდა, რუსეთი მხოლოდ ამ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს დავითის ტახტზე ასვლას. იმავდროულად, რუსეთის დაზვერვა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერეკლეს მრავალრიცხოვანი შვილები და შვილიშვილები ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინა. ყველანი ერთად კი დარეჯან დედოფლის წინააღმდეგ დაერაზმა.

საინტერესოა რუსი მზვერავების დამოკიდებულება ერეკლეს ოპოზიციასთან. ცნობილია, რომ ქართლის თავადები ერეკლეს ქართლის სამეფო ტახტის მიმტაცებლად მიიჩნევდნენ და არ აღიარებდნენ მის ძალაუფლებას ქართლზე. ეს კარგად გამოიყენეს რუსმა მზვერავებმა და ქართლის თავადები დაარწმუნეს, რომ თუ ისინი პრორუსულ ორიენტაციას დაიკავებდნენ, ქართლს ცალკე სამეფოდ გამოყოფდნენ და მეფედ ვახტანგ მეექვსის შთამომავალს დასვამდნენ. ქართლ-კახეთში შიდაპოლიტიკური ვითარების დაძაბვის მიზნით, პეტერბურგიდან ერეკლეს უგზავნიდნენ ქართლის თავადების მოღალატური საქციელის დამამტკიცებელ დოკუმენტებს. ამ დოკუმენტის საერთო აზრი კი იყო ქართლის თავადების მოთხოვნა ერეკლესთვის ქართლის ტახტის წართმევის შესახებ. ცხადია, ამით რუსეთს იმის მიღწევა უნდოდა, რომ ერეკლე უფრო მორჩილი და დამთმობი გამხდარიყო რუსეთთან ურთიერთობაში.

რუსმა მზვერავებმა შეძლეს ის, რომ ერეკლეს ოპოზიცია რუსეთის გეგმების განხორციელებაში ჩააბეს. მაგალითად: 1770 წელს გენერალ ტოტლებენის საექსპედიციო კორპუსის ქართლ-კახეთში შემოსვლისას, რუსულმა დაზვერვამ მთელი სიმძლავრით აამოქმედა ერეკლეს ოპოზიცია. მასალის სიმცირის გამო დაწვრილებით არ არის ყველაფერი ცნობილი, მაგრამ დადგენილია, რომ დავით ქსნის ერისთავი და ზაალ ორბელიანი გენერალ ტოტლებენის ავანტიურაში ერივნენ და მზად იყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ ერეკლე მეორის ტახტიდან ჩამოგდებაში. ეს ბინძური ისტორია, იმდენად სამარცხვინოა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერეკლეს საქმის გამოძიება ბოლომდე არ მიეყვანა. სწორედ ამის გამო დარჩა უცნობი რუსი მზვერავებისა და მათი ქართველი თანამზრახველების მოღვაწეობის ბევრი დეტალი. 

скачать dle 11.3