კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ჰქონდა ფარაჯანოვს სკანდალური ურთიერთობა და ვინ უკვდავყო მან

ყველამ კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავდა სერგო ფარაჯანოვისთვის თბილისი.„ციხიდან რომ გამოვიდა, არც მოსკოვმა, არც უკრაინამ და არც სომხეთმა არ მიიღო. მაშინ რეზო ჩხეიძე მივიდა შევარდნაძესთან და სთხოვა, ფარაჯანოვისთვის უფლება მიეცა, ფილმი გადაეღო. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ის მიიღო, მაგრამ, რადგან, პირობითი ჰქონდა მისჯილი, ოფიციალურად უფლება არ ჰქონდა ფილმის რეჟისორი ყოფილიყო. ამიტომ, „სურამის ციხე” რომ გამოვიდა ეკრანებზე, ტიტრებში რეჟისორად დოდო აბაშიძე ეწერა,” – გვითხრა ხელოვნებათმცოდნე მანანა ჭყონიამ. დღეს სწორედ ქალბატონი მანანას და ბატონი სერგოს ურთიერთობაზე გიამბობთ, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებას დიდი კვალი დააჩნია. მისთვის ის ერთადერთი ადამიანი გახლდათ, ვისაც ფარაჯანოვი ბოლომდე ენდობოდა. 

მანანა ჭყონია: ფარაჯანოვი გავიცანი მეგობრებისგან, ახალი გამოსული იყო ციხიდან. მაშინ 25 წლის გახლდით. მე და ჩემი მეგობარი ერთად ვიყავით, ვსაუბრობდით. დაურეკა ქმარმა – ახლა მანქანას გამოგიგზავნით და ამა და ამ რესტორანში მოდით, მე და სერგო ფარაჯანოვი ვიქნებით მარტოო. რომ შევედი და დავინახე, დავიბენი. არ გასულა ხანი, ამ ადამიანმა ჩემი მისამართით დაიწყო კომპლიმენტები – ეს რა საოცრებაა... ასეთი ქალები კიდევ თუ არსებობდნენ საქართველოში ვერ წარმოვიდგენდიო... ამ დროს ძალიან ჩვეულებრივად მიმაჩნდა თავი, ბევრად ლამაზი მეგობრებიც მყავდა. ვიფიქრე, ნასვამია და იმიტომ იქცევა ასე, ან შეამჩნია, რომ დამორცხვებული ვარ და უნდა, თავისუფლად ვიგრძნო თავი-მეთქი. რა აღარ ვიფიქრე. მოკლედ, არ ჩერდება. მიტრიალდება, ხან ჩემს მეგობარს ეკითხება, რატომ ადრე არ ვიცნობდიო, ხან კი მის მეუღლეს ელაპარაკება რაღაცას... მოსაღამოვდა. ჯერ მე მომიყვანეს სახლში მანქანით, მერე სერგო მიაცილეს. გზაში ჩემი მეგობრებისთვის უთქვამს – ეს გოგო ხვალ ჩემთან მოიყვანეთო. მეორე დღეს დამირეკეს და მთხოვეს წამოდიო. არ წავედი. რამდენიმე თვე არ მივდიოდი. მერე, გამომიგზავნა ბუკლეტი, წმინდა მარკოზის ტაძრის რეპროდუქციებით. მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი ამერიდებინა და არც არავისთვის მითქვამს, რომ ფარაჯანოვი გავიცანი. ჩემი მეგობრის ქმარს აბარებდა, მოვიდესო. 

– მე არ ვიცი, თქვენი და ფარაჯანოვის ურთიერთობის ისტორიას ვინ როგორ გაიგებს, როცა ამას წაიკითხავენ, მაგრამ ერთი კი ვიცი, სერგო ფარაჯანოვი, რომ სახლში ვინმეს დაპატიჟებდა, თუნდაც მანდილოსანს, ეს ბევრს ნიშნავდა. 

– რა თქმა უნდა, ჩემთვის ის იყო ძალიან დიდი შემოქმედი და არასდროს დამიშვია, რომ შეიძლებოდა, მასთან ოდესმე შეხვედრის საშუალება მქონოდა. ძალიან მოკრძალებული ვიყავი ჩემს ასაკთან შედარებით, საკუთარი თავის წარმოჩენაზე არასოდეს მიზრუნია. მაგრამ, ამ კაცმა მართლა იმდენი  გააკეთა ჩემთვის, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას დააჩნია კვალი. მასზე ლეგენდებიც მქონდა გაგონილი და საშინელი სიბინძურეებიც. რომ გითხრათ, ეს სიბინძურე დავიწყებული მქონდა-მეთქი – არა, მაგრამ არ მაინტერესებდა მისი არაფერი, მისი შემოქმედებითი მხარის გარდა. ვსაუბრობდით ხელოვნებაზე, შემდეგ, როდესაც დავახლოვდით, მიყვებოდა თავის ცოლზე – თუ როგორ უყვარდა, რომ მისი ცხოვრების ერთადერთი ქალი იყო. ასევე, შვილზე, რომლის ბედიც ძალიან აწუხებდა და ვერაფერს აკეთებდა მისი მომავლისთვის. მიყვებოდა იმ ტკივილზე, რასაც ადამიანები აყენებდნენ თავიანთი შურითა და უმადურობით. რამდენჯერ უტირია კიდეც,  მაგრამ გეფიცებით, ისე წავიდა ეს კაცი ჩემი ცხოვრებიდან, მისგან არ მიგრძნია, რომ ჩემში ქალი აინტერესებდა. ჩემს ნათესავებს, ნაცნობებს დღემდე ჰგონათ, რომ მისი საყვარელი ვიყავი. როდესაც მითვლიდა მასთან სახლში მივსულიყავი, თავს ვარიდებდი, ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდოდა ჩემი ნახვა ასე ძალიან. აღმოჩნდა, რომ ამ კაცმა დაინახა ჩემში ინდივიდუალიზმი და შემოქმედებითი ნიჭი. ეს თვისებები მისთვის ახლობელი და გასაგები იყო. ერთ დილასაც მირეკავენ და მეუბნებიან: სერგოსთან ხარ დაპატიჟებული, ბელა ახმადულინას დაბადების დღეა. ქმართან ერთად არის ჩამოსული და შენზე მთხოვა აუცილებლად მომიყვანეო. რომ არ წამოხვიდე, შეუძლებელია, დაგვკარგავსო. წავედი. მე, პატარა გოგო ჯინსებში, კედებში შევდივარ და უცებ, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. მეგონა, მარტო თვითონ, ბელა ახმადულინა და მისი ქმარი იქნებოდნენ და უცებ მხვდება მთელი 70-იანი წლების ქართული ხელოვნების უფროსი თაობა, ელიტა – ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეზო ჭეიშვილი, დიმიტრი ერისთავი... წარმოიდგინეთ, რა პატარად ვიგრძენი თავი და თან რა ბედნიერად. ბატონმა სერგომ მათ გააცნო ჩემი თავი – ეს ის მანანა ჭყონიაა მე რომ გიყვებოდითო. ყველამ შესვა ჩემი სადღეგრძელო, მათ შორის ბელა ახმადულინამაც და წაიკითხა თავისი ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ლექსი,  რომელზეც ემოცია ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა.  წამოსვლისას სერგომ გამიმიტანა ხატი – ეს შენ ჩემგან სახსოვრად, ძალიან ძვირფასია. ხელოვნებათმცოდნე ხარ და თვითონაც მიხვდები რას წარმოადგენსო. ეს იყო მეჩვიდმეტე საუკუნის ხატი. ამ დროს მოგვიახლოვდა ერთი პიროვნება (გვარს არ დავასახელებ, საკმაოდ ცნობილია) და ეუბნება: ეს ხატი ხომ მე გთხოვე და შენ ამას აძლევო? კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. შენ მითხარი მინდაო, თორემ მე არაფერსაც არ შეგპირებივარო – მიუგო ბატონმა სერგომ. მოვიდა და ხელიდან მართმევს, რა თქმა უნდა, არ მივეცი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო ჩემთვის ფარაჯანოვისგან, რაზეც უარს ვერ ვეტყოდი. ამ დღის მერე ძალიან გააქტიურდა. მიგზავნიდა ძვირფას საჩუქრებს, მეპატიჟებოდა თავისთან. არც საჩუქრებს ვიღებდი და არც მივდიოდი. მომდიოდა ხმები, ფარაჯანოვი გეძებსო. მე, რა თქმა უნდა, ვიმალებოდი. გულახდილად გითხრათ, მრცხვენოდა, მეგონა, დამცინოდა.  ახლაღა ვხვდები, თურმე როგორ შურდათ მისი. ერთხელ უბნის ინსპექტორი გამომიგზავნა.  ვერ გავიაზრე, რა საქმე უნდა ჰქონოდა ჩემთან უბნის ინსპექტორს. ფარაჯანოვმა მთხოვა,  ეს კონვერტი თქვენთვის გადმომეცა და მეთქვა – საღამოს ლუბიმოვის თეატრი მყავს და წვეულებაზე ვეპატიჟებიო. კონვერტში ჩადებული იყო თავისი ხელით გაკეთებული კოლაჟი. არც ეს მივიღე და უკან გავატანე. ასეთი მოსაწვევი დღეს იყიდება, ფონდს სთავაზობენ და ჩვენ  ფული არ გვაქვს, რომ შევიძინოთ. ერთხელ, ბრილიანტის კოლიე გამომიგზავნა და რა თქმა უნდა, ყველაფერი უკან გავატანე. იმ პერიოდში რატომღაც მოვწონდი ჩემზე უფროსებს,  უმეტესად რეჟისორებს, რაც ძალიან მაღიზიანებდა. თუმცა, მაინც არ დამიშვია, რომ ფარაჯანოვი ჩემით, როგორც ქალით შეიძლებოდა, ყოფილიყო დაინტერესებული.  შეყვარებული ვიყავი. მე ჩემი გატაცებები, სხვა ინტერესები მქონდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი, მე ისევ ვიმალებოდი. სპექტაკლზე ან სადმე ღონისძიებაზე რომ დავინახავდი, ვიპარებოდი. მერე მამა გარდამეცვალა. ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. მოხდა ისე, რომ იმ დროსთვის არასტანდარტული, თამამი ნაბიჯი გადავდგი – გავაჩინე შვილი. მქონდა საკმაოდ გახმაურებული ურთიერთობა ადამიანთან – მაშინ მეგონა, რომ მიყვარდა. ყოველთვის, როცა კი გათხოვებაზე მიდგებოდა საქმე, რაღაც მაკავებდა, პირველი მე ვწყვეტდი ამ ურთიერთბას. თუმცა, ვცდილობდი, კაცისთვის თავმოყვარეობა არ შემელახა, ამიტომ თავს მიტოვებული ქალის პოზიციაში ვიტოვებდი. ზოგი ამას არ მპატიობდა და ამ ჩემს საქციელს სათავისოდ იყენებდა. მე კი, როგორც ჩანს, არ ვიყავი მოწოდებული ცოლობისთვის. სხვანაირი კაცების გარემოცვაში გავიზარდე, ყოველთვის ბევრს ვითხოვდი მათგან (მატერიალურზე არ არის საუბარი) და ამას რომ ვერ ვიღებდი, ურთიერთობას მომენტალურად ვწყვეტდი. არ მინდოდა, ვიღაცისთვის მონაპოვარი ვყოფილიყავი. მოკლედ, არ შემხვდა ისეთი კაცი, ვინც ჩემზე ძლიერი იქნებოდა, უფრო თავდაჯერებული და ამ ნაბიჯს გადამადგმევინებდა, ან იმდენად დიდი არჩევანი მქონდა, გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. როგორც მინდოდა, ისე ვიცხოვრე. მინდოდა დედობა და გავხდი დედა, ცოლის ფუნქციაში კი ხიბლს ვერ ვხედავდი. როგორც ჩანს, აქამდე უნდა მოვსულიყავი. გაცილებით მნიშვნელოვანი საქმისთვის ვდებდი თურმე ჩემს ცხოვრებას, რომელმაც ქმარიც შემიცვალა, საყვარელიც მეგობარიც და ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოგონება მაქვს მედიცინაში და ბვერი წელი მოვანდომე ამ საქმეს, ბევრიც გადავიტანე ამის გამო. ალბათ, ეს ძიება უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე სიყვარული. ხატვაშიც წარმატებებს მივაღწიე. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება შედგა და ამაში უდიდესი წვლილი სერგო ფარაჯანოვს მიუძღვის.   

– როდესაც გაიგო, რომ შვილი შეგეძინათ, როგორი რეაქცია ჰქონდა?

– ერთხელ სახლში ვბრუნდები და მეუბნებიან – მუზეუმიდან დარეკეს ფარაჯანოვი გეძებს, კინოსტუდიის ტელეფონის ნომერი დატოვა  და სასწრაფოდ დაუკავშირდიო. დავრეკე. გაბრაზებული ტონით მეუბნება – დღეს ჩემთან გამოდიო. მივედი, დამიწყო ლანძღვა – შენ არც კი გრცხვენია, რა გჭირდა სამაგისო, ვისთან დაიჭირე საქმე... თურმე, მისულა მუზეუმში, ვუკითხივარ. მანანა აქ აღარ მუშაობს და რა გნებავდათო. ფილმს ვიღებ და მინდა, მივიწვიო. ამ დროს გამოსულა ვიღაც და ეუბნება – იცით რა, მანანა ჭყონია არ გამოგადგებათ, მაგან უკანონო შვილი გააჩინა. ჩვენ აქ კარგი გოგოები გვყავს და იმათ გაგაცნობთო. ძალიან გავბრაზდი და შემომელანძღა ის შენი მუზეუმის ხალხიო. მე ვუთხარი: გოგო რომ მინდოდეს, ქუჩაშიც ვნახავდი, მე სწორედ მას ვეძებო. ახლა, სადაც არ უნდა დაიმალო, იცოდე, ყველგან მოგაგნებო. მან არ იცოდა, ეს რატომ გავაკეთე. იფიქრა, რაღაც ურთიერთობა მქონდა კაცთან, რომელმაც მიმატოვა და ამაზე გაგიგჟდა. ისიც კი გაურკვევია ვინ იყო და სახლში მისდგომია. მათ დღემდე ჰგონიათ, რომ მე მივუგზავნე. „დურა ტი, კეკელკა ტბილისკაია. კაკ ტი მაგლა პოლუბიც ჩელავეკა, უ კატოროვა  ნა როიალე ხრუსტალნიე ვაზი სტოიატ. ანეკოგდა ტი ნე ზნალა ტვოიუ ცენუ.” მეც გავბრაზდი – კი მაგრამ, თქვენ რა უფლება გქონდათ, რომ მიხვედით-მეთქი. მაინტერესებდა, შენი ღირსი მაინც თუ იყოო, მიპასუხა. მერე მითხრა: შენ ჯერაც ვერ ხვდები, რა ნიჭი და შესაძლებლობებია შენში. ახლა არაფერზე არ იფიქრო, შეეცადე, მაქსიმალურად ამოქაჩო შენი თავი. რისი საშუალებაც გაქვს, ყველაფერი გააკეთე. ბავშვს მამა არ ჰყავს და ძალიან ბევრი რამ სჭირდება. როცა მქონდა საშუალება და ამ ნივთებსა და ფულს ვარიგებდი, შენ მაშინ გარბოდი და იმალეობოდიო. ფილმის გადაღება რომ დავიწყე და რეკვიზიტი დამჭირდა, ჩემი ნაჩუქარი ნივთები მომაქირავეს. გეხმარა ჭკუა და წაგეღო, უფასოდ მაინც მათხოვებდი ან გაყიდდი და ბავშვს მოახმარდიო. მერე მთხოვა, ბავშვი მომიყვანე, მაჩვენეო. ბავშვს რომ დაინახავდა, აივანზე გადმოდგებოდა და მთელ კოტე მესხის შესახვევს ესმოდა – ჩემი შვილიშვილი მოჰყავთო  

იურა მეჩითოვი გამომიგზავნა, ბავშვს სურათები გადაუღო. ბატონმა სერგომ ჩემი შვილის ფოტოების კუთხე გააკეთა ცალკე და ვინც მიდიოდა, ყველას აჩვენებდა – ეს ჩემი შვილიშვილიაო. ერთ დღეს მოიყვანა მართლმადიდებელი მღვდელი და თავისი სახლის აივანზე მოანათვლინა ჩემი შვილი. 

– იცით, რა მაინტერესებს. აი, რომ გითხრათ, როცა მქონდა საშუალება და ამ ნივთებსა და ფულებს ვარიგებდი, შენ მაშინ გარბოდი და იმალებოდიო. მართლაც, რატომ იმალებოდით და უბრუნებდით უკან ყველაფერს? ანტიკვარული ავეჯი, ბრილიანტის კოლიე... გქონოდათ მისგან სახსოვრად...   

– რატომ? ესე იგი, რა გამოდიოდა, რომ ამ კაცს ჩემთან ურთიერთობის ყიდვა უნდოდა?! კი ბატონო, მანამდე მაჩუქა უძვირფასესი ხატი და მივიღე, მაგრამ რატომ უნდა მიმეღო ვიღაც სამოცი წლის უცხო კაცისგან ძვირფასი ნივთები, თანაც მე არაფერი მაკლდა. ხალხს გაგონილი რომ არ ჰქონდა, მაშინ ჩამომდიოდა საფრანგეთიდან ძვირფასი ნივთები და არაფერი მიკვირდა. ბაბუაჩემი პარიზში ცხოვრობდა, პირველი თაობის ემიგრანტი იყო, რომელიც ამჟამად ლევილშია დაკრძალული

– რას გიყვებოდათ თავის ცხოვრებაზე?  

– ისეთი რაღაცეები აქვს მოყოლილი, უბრალოდ, ვერ მივცემ თავს იმის უფლებას, ამაზე ვილაპარაკო. ძალიან გულნატკენი წავიდა. ახლა ვხვდები, ეს რა დიდი ტკივილი ყოფილა, როცა თვითონ გამოვცადე. 

– თქვენ დააარსეთ მისი სახელობის ფონდი  და ბროწეულის პრიზი, რომელიც ფარაჯანოვის ფილმებში, როგორც სიმბოლო, ყველგან ჩანს. მე ვიცი, რომ ფონდთან დაკავშირებით პატარა პრობლემები გქონდათ, რატომ?     

– მინდოდა, ამ კაცის წინაშე ჩემი ვალი მომეხადა, მისი სახელი თბილისთან დამეკავშირებინა, ვინაიდან თბილისი ძალიან უყვარდა. რომ გარდაიცვალა, რამდენიმე თვეში გამოფენაც მივუძღვენი. ზოგიერთებმა  ჩათვალეს, რომ ფონდი დიდი ფულის საკეთებელი ყოფილა და მომაწებეს ახალი იარლიყი – თურმე, ფარაჯანოვის ფონდი იმიტომ დავაარსე, რომ ფული მეკეთებინმა. ერთი კაპიკი არავისთვის მითხოვია. ყველა პრიზი ჩემი ხარჯით მაქვს გაკეთებული. წლები დასჭირდა მიმხვდარიყვნენ, რომ ფულს კი არ ვაკეთებდი, არამედ სახელი შემოვუნახე თბილისს. სერგოს სახელით ვერ ვისპეკულიანტებდი. რამდენიმე წლის წინ კულტურის სამინისტროს რომ შევთავაზე თანამშრომლობა, ასეთი რამ მითხრეს: ეს მინისტრს არ გააგონო, ბიოლოგიური ზიზღი აქვს ზოგადად სომხებისა და გეების მიმართო. ეს თემა კიდევ, მისი ორიენტაციის შესახებ, ძალიან სადავოა.

ერთხელ ჩემი ნათესავი მირეკავს და მეუბნება: შენ ხომ არ გადარეულხარ, გავიგე, ფარაჯანოვს მიჰყვება ცოლადო. საიდან მოგაქვთ, ხალხო, ეს ჭორები-მეთქი. რა ჭორი, თვითონ უთქვამს – ცოლად მანანა ჭყონიას ვირთავ და მთელ ჩემს ქონებას მის ბავშვს ვუტოვებო. გავმწარდი და მივუვარდი. ძლივს ხალხი ცოტა მიწყნარდა, საჭორაო ობიექტი აღარ ვარ და რატომ მივრცელებთ ამ ჭორებს-მეთქი, ვეჩხუბე. სანამ რამეს მეტყოდა, თვალები ცრემლებით აევსო. „კეკელკა ტი ტბილსკაია, ნეჩეგო ტი ნე პონიმაეშ”. მე მარტო ის ვთქვი, რომ ბავშვს მამა არ ჰყავს და მინდა, ჩემი ქონება დავუტოვო-მეთქი. კი მაგრამ, თქვენ ხომ გყავთ შვილი, ჩემს შვილს რატომ უნდა დაუტოვოთ-მეთქი. თურმე მართლა უთქვამს და რომ გარდაიცვალა ეს მერე გავიგე მისი მეგობრისგან. მანანა ერთადერთი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ვინც ჩემთან გამორჩენის მიზნით არ ურთიერთობდაო. ამაში ბევრჯერ გამოვცადე, ერთადერთი, იმის იმედი მაქვს. ამას ყველაფერს, რასაც ვტოვებ და ჩემს სახელს თბილისს შეუნარჩუნებს. ამიტომ მინდოდა, ამისთვის ოფიციალური სახე მიმეცაო. 

– თქვენს ემიგრანტ ბაბუაზეც მინდა გკითხოთ. გავიგე, სალვადორ დალის ახლოს იცნობდაო. მოგვიყევით.

– ბაბუაჩემი – სანდრო ჭყონია, როგორც უკვე ვთქვი, პარიზში ცხოვრობდა. ცოლ-შვილის წაყვანა ვერ მოასწრო. გაუგია, რომ მამაჩემი ომში იბრძოდა და ტყვეებს შორის დაუწყია ძებნა. რომ ვერ იპოვა, პარიზში ვინმე არჩილ ჭყონია უშვილებია. როგორც მიამბეს, ბაბუა ძალიან შეძლებული კაცი იყო და შვილობილისთვის განათლება მიუცია, გზაზე დაუყენებია. ბოლოს პარიზის სახლი დაუტოვებია, თვითონ კი მოხუცთა პანსიონში წასულა. ეს ისტორია მისმა მეგობარმა ვალიკო წილოსანმა მიამბო.  ბაბუა  ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც სალვადორ დალის და მის ცოლს – გალას ახლოს  იცნობდა და მათთან მეგობრობდა. არჩილს სწორედ მის ოჯახში გაუცნია მხატვრის მეუღლის, გალას მეგობარი – ელენ რუბინშტეინი. ძალიან შეუხედავი ქალი ყოფილა, მაგრამ შეჰყვარებია და ცოლად შეურთავს, თუმცა მერე გაშორებია. დალის ბაბუასთვის უჩუქებია თავისი ნახატი, რომელიც თავშესაფარში წასვლამდე არჩილისთვის დაუტოვებია, რომ არ დაკარგულიყო. ახლა არავინ იცის ის ნახატი სად არის. არჩილ ჭყონია შემდგომ ამერიკაში წასულა და იქ გარდაცვლილა.      

скачать dle 11.3