კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

როგორ მოხსნა ნომრები ლოყებღაჟღაჟა ინსპექტორმა გივი ბერიკაშვილის მანქანას

მარჯანიშვილის თეატრის წინ შემოუღობავი, მაგრამ, „დაკანონებული“ პატარა მოედანი იყო, სადაც მსახიობები აყენებდნენ ფერად-ფერად „ჟიგულებს“.

1987 წლის ზაფხულია. საქმეზე მივდიოდი და შემთხვევით გავიარე თეატრთან. შუადღის ოთხი საათია. დილის რეპეტიცია მოთავებულია და, მოულოდნელად, ავთო მიქაძე „გამეჩითა“ – ძმა და მეგობარი.

მიყუდებულია ზურგით „ნივაზე“ და ზარმაცად აკნატუნებს მზესუმზირას, ზრდილობიანად...

– ქართველთა სიამაყეს, კაცურ კაცს! – შევაგებე ხელი ავთოს ხელს.

– საით? – დაინტერესდა.

– იქით... – ვანიშნე „ნაბერეჟნისკენ“, – პაწა საქმე მაქვს.

ავთო მოულოდნელად „დასერიოზულდა“.

– სოსოს ველოდები, გოგიჩაიშვილს, უნდა მოვიდეს აგერ-აგერ... შენ არსად დაიკარგო, პანტიანში მივდივართ ხინკალზე და შენი ადგილი გვაქვს მანქანაში.

პანტიანის ხინკალი მაშინ მაგარ მოდაში იყო, დიიიდი და იაფი (20 კაპიკი).

– მივალ და ხუთ წუთში მოვბრუნდები, – დავაიმედე.

– დავაი, აბა, გელოდები...

სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული და ფეხებთან ინსპექტორის ყვითელი, ატრახტრახებული („გაი“) მოტოციკლი გაქვავდა. 180-კილოიანმა (დაახლოებით!), ლოყაღაჟღაჟა ინსპექტორმა ძლივს გადმოაბიჯა „უნაგირიდან“ და ხვნეშით მოგვადგა:

– რათა დგას მანქანაი ორი ბორბლითა ბორდიურზე და მეორე ორი ბორბლითა სავალ ნაწილზე? – დაუსვა „ნივაზე“ მიყუდებულ ავთოს კითხვა.

მაშინ „ნიანგში“ ვმუშაობდი და საბუთი უნდა ამომეღო, მაგრამ, ავთომ თვალებით გამაჩერა.

– დგას, რა... მსახიობები ვართ. რა მოხდა, არ შეიძლება?

– რა თქმა უნდა, არ შეიძლება... „პაპკა“ შეათამაშა ხელში ინსპექტორმა. ავთოს, გარდა მსახიობობისა, სხვა ბევრი დამსახურება ჰქონდა ქალაქში, წონა და სიტყვის უფლება, მაგრამ, ინსპექტორი, როგორც მივხვდით, „ახალი ცოცხი“ იყო და, „ცოცხავდა“ თავისებურად, რა...

– ნომრებს რო მოგიხსნი, მერე ნახაე შენა! მამე პრავაი!

– არა მაქ პრავაი, – ოდნავ ირონია შეეპარა მიქაძეს.

– მაშინ, გიხსნი ნომრებსა... – გადავიდა შეტევაზე მსუქანა.

– დავაი! – მანქანას მოშორდა ავთო და ასპარეზი დაუთმო.

 ასე ადვილ გამარჯვებას კი ნამდვილად არ ელოდა მომხდური, მაგრამ, სიტყვა აღარ გატეხა, „კალიასკიდან“ ჩხარუნით ამოიღო „კლუჩებიანი“ ჩანთა. ხვნეშით ჩაიჩოქა და გულმოდგინედ შეუდგა წინა ნომრის მოხსნას.

მოაწვა სისხლი გაბუთქუნებულ სახეზე, გადაასკდა ტონა ოფლი და, მოხსნა, როგორც იქნა, წინა ნომერი „ახლა ნახე შენას“ ძახილით.

უკანა ნომრის მოხსნა ძალიან გაუჭირდა: ორი ვინტი ათ წუთში მოაჯახირა, მესამე გაუჯიუტდა – ვერ ხსნის.

ძლივძლიობით წამოდგა – საცოდავ დღეშია, გაილუმპა ოფლში.

– არა უშავს... იმ წინასა წავიღებ და ხვალ მობრძანდები ინსპექციაში, – დაემუქრა ავთოს.

– ინსპექციაში რა მინდა? – ეკითხება ეს –  ჩემი ავთო, გაოცებული.

– ნომერი რომ გამოიხსნა.

– მე რა შუაში ვარ?.. ეს ჩემი მანქანა არ არის, ჩემი მანქანა ეგერ, იქ, კედელთან დგას...

ინსპექტორს იდიოტივით გაეღიმა, მაგრამ მყისვე „დაინსპექტორდა:“

– აბა, ვისია?

შეკითხვა დამთავრებული არ ჰქონდა და თეატრიდან გივი ბერიკაშვილი გამორბის ყვირილით:

– შე ტარტაროზო შენა! ვის უხსნი ნომრებს?!, არა, ვის უხსნი ნომრებს, შე გიტლერო! აბა, გამასწარი ახლაა!!!

მსუქანას მოწითალო-ლურჯი ფერი დაედო.

– თქვენია, ბატონო გივი, ესა? – ანიშნა „ნივაზე“.

– არა, ბიჭო, ბაბუაშენ ქიშვარდასი...

– მაპ.. მაპატიეთ, ბატონო გივი... – ამოილუღლუღა და ჩაიჩოქა, რომ ნომრები ისევ მიაკრას...

აქაც გვარიანად იწვალა.

როგორც იქნა, წამოდგა და ავთოს ცალი წარბი აუწია.

– შენა გგონია, შენ არ ჩამივარდები ხელში? აბა ეხლა ის მითხარი, – არ იტეხს იხტიბარს, – შენი მანქანა მთლად უზადოა?

– ხანდახან ამირანა ბუაძის მანქანასთან ერთად პაპიროსს ეწევა ბუჩქებში, – გადაიხარხარა ავთომ.

ინსპექტორი აშკარად „ცაიტნოტშია“.

– ჩამივარდები ხელში! – მიაძახა ავთოს, გადაებღოტა იმ საწყალ მოტოციკლს და უსაშველო ბოლი დააყენა.

 ასეა, „ცხენს ვერაფერი დააკლეს, უნაგირი დაამტვრიესო.“ ისე კი, მორალი არც მაშინ იყო საქართველოში...

скачать dle 11.3