კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

სერიული მანიაკები

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N38-39(665) 

ანა და გიორგი საავადმყოფოში დაშორდნენ ერთმანეთს. გიორგი ნონას მეგობართან ერთად მის ბინაში კომპიუტერის ამოსაღებად გაემგზავრა. ანამ კი ეკას პროკურატურაში დაკითხვა ზედმეტად ჩათვალა და გოგონას სახლში გაჰყვა.

ბინის კარი ეკას დედამ გააღო. მან ყურადღებით შეათვალიერა ანა, შემდეგ კი ტირილისგან თვალებჩაწითლებულ გოგონაზე გადაიტანა მზერა და შეშფოთებით ჰკითხა:

– რა მოხდა, ეკა?!

– მე აგიხსნით, – აჩქარდა ანა, – შეიძლება შემოვიდე?

– თქვენ ვინ ბრძანდებით? – ჰკითხა ქალმა.

– უკაცრავად... ამით უნდა დამეწყო, – თქვა ანამ და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უჩვენა.

– პროკურატურის გამომძიებელი?! – ქალმა დაბნეული მზერა მიაპყრო ანას, – კი მაგრამ, რა გესაქმებათ ჩემს შვილთან?!

– ნუ ღელავთ... ყველაფერს აგიხსნით... – უპასუხა ანამ და მოწმობა ხელჩანთაში შეინახა.

– ჰო... რა თქმა უნდა... – გამოერკვა ქალი და უკან დაიხია, – მობრძანდით.

ეკა ჯერაც ვერ გამორკვეულიყო საავადმყოფოში მიღებული სტრესისგან. მან ხელის კანკალით დალია რამდენიმე ყლუპი წყალი და დედას ორიოდ სიტყვით აუხსნა, რაც შეემთხვა ნონას, შემდეგ კი ანას უთხრა, მზად ვარ. შეგიძლიათ, დამკითხოთო.

– კი მაგრამ, რაზე უნდა დაკითხოთ?! – გაოცებით ჰკითხა ქალმა ანას, – რა უნდა იცოდეს ეკამ მომხდარის შესახებ?

– ამჟამად გამოძიებისთვის ნებისმიერ ინფორმაციას აქვს მნიშვნელობა, თუნდაც უმნიშვნელოს, – ამ სიტყვებთან ერთად ანა მაგიდას მიუჯდა, ხელჩანთიდან დიქტოფონი ამოიღო, ჩართო და ლაპარაკი განაგრძო, – მე და ეკამ ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ ამ საკითხზე, მაგრამ, ის არასრულწლოვანია და მე არ მაქვს მშობლების გარეშე მისი დაკითხვის უფლება. რადგან ის მოწმის სახით უნდა დაიკითხოს. ადვოკატის დასწრება სავალდებულო არ არის, მაგრამ, თუ თქვენ ამის სურვილი გაქვთ, შეგვიძლია დაკითხვა ხვალისთვის გადავდოთ. ხვალ შეგიძლიათ ადვოკატთან ერთად მოხვიდეთ პროკურატურაში.

– არა... რისთვის, – თავი გააქნია ეკას დედამ. რატომღაც ის თავიდანვე ნდობით განეწყო ახალგაზრდა, მიმზიდველი ქალის მიმართ, რომელიც მშვიდი, გაწონასწორებული ხმით საუბრობდა, – პროკურატურაში მოსვლას, მირჩევნია, აქ დაკითხოთ.

– ძალიან კარგი, – გაუღიმა ანამ და გოგონას მიუბრუნდა: ეკა, საავადმყოფოში შენ ახსენე ნონას ნაცნობი, ვენმე რამაზი. შეგიძლია დაწვრილებით მიამბო, როგორ და რა ვითარებაში გაიცნო ეს პიროვნება შენმა მეგობარმა?

ეკამ შეფარვით გახედა დედას და შემდეგ გაუბედავად ალაპარაკდა:

– ნონამ დაახლოებით ერთი თვის წინ გაიცნო რამაზი.

– მოდი დავაზუსტოთ, – თქვა ანამ, – ერთი თვის წინ ინტერნეტით დაიწყო მასთან ურთიერთობა, თუ პირადად შეხვდა?

– პირადად შეხვდა, – ჩაილაპარაკა ეკამ.

– ინტერნეტით რამდენ ხანს ჰქონდათ ურთიერთობა? – გამოკითხვა განაგრძო ანამ.

– დაახლოებით ორი კვირა.

– ვისი ინიციატივით შედგა ნაცნობობა? ნონა დაუკავშირდა იმ პიროვნებას, თუ – პირიქით?

– ნონა დაუკავშირდა, – თავი ჩახარა ეკამ.

– ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რაღაცას ბოლომდე არ ამბობ!

– ჩვენ ერთად ვწერდით რამაზს, – მოიბუზა გოგონა.

– ეკა!.. – უნებლიედ აღმოხდა დედამისს.

– მაპატიე, დედა! – ცრემლი მოერია გოგონას, – ჩვენ მხოლოდ ვერთობოდით. ერთ დღეს, გაკვეთილების შემდეგ, ნონასთან მივედი სახლში. ლიანა დეიდა შინ არ იყო. ნონამ კომპიუტერი ჩართო და გაცნობის საიტზე ანკეტების დათვალიერება დაიწყო. მაშინ წავაწყდით რამაზის ანკეტას...

– მე ხომ გთხოვე! – მკაცრად თქვა დედამისმა.

– ეს ხომ გართობაა და მეტი არაფერი, – გოგონამ გაუბედავად იმართლა თავი, – ვინ ხარ?.. რას საქმიანობ?.. რამდენი წლის ხარ?.. უბრალო საუბარი და მეტი არაფერი... შაყირი...

– ხომ ნახე, რაც შეემთხა ნონას მაგ „შაყირსა“ და „უბრალოდ საუბარში?!“ – ქალმა ვეღარ შეძლო ადგილზე დარჩენა. ფეხზე ადგა რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში. შემდეგ კი მაგიდისკენ ზურგშექცევით შედგა და კედელზე ერთ წერტილს მიაშტერდა.

– დამშვიდდით. ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ამ ეტაპზე მე მხოლოდ ნონას ნაცნობების წრეში გარკვევას ვცდილობ, – ქალის მისამართით თქვა ანამ და ისევ ეკას მიუბრუნდა: მაინც, რით მიგიზიდათ თქვენზე უფროსი მამაკაცის ანკეტამ?

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ეკამ, – რამაზი მხატვარია. ანკეტაში მისი რამდენიმე ნამუშევრის ფოტოც იდო და ნახატები მოგვეწონა. იქვე იყო მისი ფოტოებიც. რაღაცნაირი, ვაჟაკაცური ტიპია: მაღალი, სპორტული გარეგნობის, მეტყველი თვალებით. მანქანაც ჰყავს. წითელი, სპორტული „ტოიოტა”, ძალიან ლამაზი სპოილერებით. მოკლედ, საინტერესო ტიპად გვეჩვენა. თანაც იმ მომენტში საიტზე იმყოფებოდა და ჩვენ რამდენიმე წერილი მივწერეთ... – ეკა მოულოდნელად გაჩუმდა, ანას ბავშვურად ფართოდ გახელილი თვალები მიაპყრო და უთხრა: ალბათ, ძალიან სულელი გგონივართ...

– არა, – გაუღიმა მან, – მეც ვიყავი თექვსმეტი წლის... მაინც, რა მისწერეთ რამაზს?

– ისეთი არაფერი, – სწრაფად განაგრძო გოგონამ, – „სიმპათიური ხარ...“ „მაგარი მანქანა გყავს...“ „სხვა ნახატებს არ გვაჩვენებ“ – მაგრამ, მან არ გვიპასუხა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი მე სახლში წამოვედი. სულ ეს იყო.

– ესე იგი, იმ დღის შემდეგ რამაზს აღარ დაჰკავშირებიხართ? – ჰკითხა ანამ.

– მე არა... მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ ნონამ სკოლაში მითხრა, რომ საღამოს რამაზი თავად შეეხმიანა. იმ დღის შემდეგ ისინი ხშირად ურთიერთობდნენ ინტერნეტით, მერე კი პირადად შეხვდნენ ერთმანეთს.

– ნონა ხშირად ხვდებოდა რამაზს?

– არა. ეშინოდა, ლიანა დეიდას არ გაეგო ამის შესახებ. ხანდახან რამაზსაც არ ეცალა. სულ სამჯერ თუ ოთხჯერ შეხვდა, – უპასუხა ეკამ.

– რა გიამბო ნონამ იმ შეხვედრების შესახებ? – ჰკითხა ანამ.

– აღფრთოვანებული იყო ახალი ნაცნობით. სულ იმაზე ლაპარაკობდა, რომ რამაზი არაფრით ჰგავდა ჩვენს სკოლელ და უბნელ ბიჭებს. ის სერიოზული ადამიანი იყო, კარგი და საინტერესო თანამოსაუბრე. ნონას ისე ექცეოდა, როგორც თანატოლს. ერთხელ რესტორანშიც კი დაპატიჟა, მერე თავის სახელოსნოში მიიყვანა  და მანქანის ტარებაც კი ანდო. ეს ყველაზე ძალიან მოსწონდა ნონას – იზიდავდა კარგი ავტომობილები, სპორტულ მანქანებზე ხომ, საერთოდ კარგავდა ჭკუას.

– რამაზის გვარი ან მისამართი ხომ არ იცი?

– არა, – თავი გაიქნია ეკამ, – ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მხოლოდ ერთხელ ახსენა, რომ რამაზი მთაწმინდის მიდამოებში ცხოვრობს ორსართულიან სახლში და იქვე აქვს მოწყობილი სამხატვრო სახელოსნოც.

– რამაზის ანკეტა როგორ მოძებნეთ? – ჰკითხა ანამ.

– არ მახსოვს. რამდენიმე წუთით ნონა მარტო დავტოვე კომპიუტერთან. ტელეფონით მქონდა დასარეკი. როდესაც უკან დავბრუნდი, ნონა უკვე წერილის ტექსტს კრეფდა.

– რამაზს თავისი სახელით აქვს დარეგისტრირებული ანკეტა?

– დიახ, – დაუდასტურა გოგონამ.

– რამის დამატება ხომ არ გსურს?

გოგონა მცირე ხნით ჩაფიქრდა და გაუბედავად ჰკითხა:

– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რამაზმა ჩაიდინა?

– არ ვიცი... მაგრამ ერთ რჩევას მაინც მოგცემ: ადამიანის გაცნობა არც გართობაა და არც შაყირი. ყოველ ახალ ნაცნობობას გარკვეული შინაარსი უნდა ჰქონდეს და, კიდევ, ნურასოდეს შეარჩევ ნაცნობებს მანქანის მოდელისა და ფერის მიხედვით. გასაგებია?!

– გასაგებია, – ყრუდ ჩაილაპარაკა ეკამ და თავი ჩახარა.

– კეთილი. დღეისთვის საკმარისია. შენი დახმარება თუ დაგვჭირდა, დაგიკავშირდები, – დაასრულა ანამ და დიქტოფონი გამორთო.

* * *

ანას პროკურატურაში დაბრუნებისთვის პროგრამისტები უკვე მუშაობდნენ ნონას კომპიუტერთან, რომელიც მათ გიორგიმ გადასცა. მათ უკვე გახსნილი ჰქონდათ გოგონას საფოსტო ყუთი და ახლა მისი ნაცნობების ანკეტებს უკირკიტებდნენ.

– როგორაა საქმე? – გიორგი ანას კაბინეტში შესვლისთანავე მოშორდა მაგიდას და მას მიაშურა.

– მირიანი სად არის? – ანამ ოთახს მოავლო მზერა.

– ჯერ არ დაბრუნებულა... რა ქენი, დაკითხე?

– დავკითხე. პრინციპში, ახალი არაფერი უთქვამს. თანაკლასალებსა და უბნელებს თუ არ ჩავთვლით, ნონას მხოლოდ ერთი ახალი ნაცნობი ჰყავდა – ვინმე რამაზი. ის მხატვარია, ცხოვრობს მთაწმინდის უბანში და ჰყავს წითელი სპორტული „ტოიოტა”. შენ თვითონ მოუსმინე, – უპასუხა ანამ და დიქტოფონი მისცა.

გიორგი სასწრაფოდ მოეწყო ოთახის საპირისპირო მხარეს მდგარ სავარძელში და დიქტოფონი ჩართო. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, ისევ პროგრამისტებთან დაბრუნდა და სწრაფად თქვა:

– კარგი, ბიჭებო! სხვა ანკეტებს შემდეგ გადავხედავთ, ახლა კი სასწრაფოდ მომიძებნეთ მის მიმოწერაში ვინმე რამაზი. ანკეტა თავისი სახელით უნდა ჰქონდეს დარეგისტრირებული!

პროგრამისტმა სწრაფად შეასრულა დავალება – ათიოდ წამში მონიტორზე ანკეტა გამოჩნდა. ანკეტას ფოტოსურათიც ერთვოდა – შავ მაისურსა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი, მზეზე გარუჯული, წაბლისფერთმიანი ახალგაზრდა მამაკაცი იყო აღბეჭდილი, რომელიც წითელი „ტოიოტას” გვერდით იდგა.

– ვერაფერს იტყვი, მართლაც სიმპათიურია, – ჩაილაპარაკა ანამ.

– გავასიმპათიურებ მაგ ახვარს! – უკმაყოფილო ხმით წამოიყვირა გიორგიმ და პროგრამისტს გადაულაპარაკა, – მანდ სხვა ფოტოებიც იქნება.

პროგრამისტმა ანკეტაში შესაბამისი განყოფილება მოძებნა, მაგრამ იქ ფოტოსურათები არ იყო, მათ ნაცვლად კი მონიტორზე რამდენიმე ფერწერული ტილო გამოჩნდა. ანას საინტერესოდ ეჩვენა ტილოები. ჩანს ავტორი ქალების უცნაური გამოსახულებების შექმნით იყო გატაცებული. ზოგიერთ ტილოზე ერთი ან ორი ქალი იყო გამოსახული, ზოგზე ქალთა ჯგუფი და ყველა ტილოს ერთი საერთო ნიშანთვისება ჰქონდა: სხეულის ფორმებით ქალები რთული აღსაქმელი იყო. ჩანს ავტორი შეგნებულად ცვლიდა ფორმებს და ქმნიდა უჩვეულო, ბუნებაში არარსებულ სხეულის ნაკვთებს, მაგრამ, ყოველ გამოსახულებას არაჩვეულებრივად მეტყველი თვალები ჰქონდა. აქ იყო თაფლისფერი, ცისფერი, ზღვასავით ლურჯი, აცრემლებული, მოღიმარი, განრისხებული თუ ჩაფიქრებული თვალების მთელი გალერეა.

– ამ ტიპს აშკარა გადახრები აქვს! – ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა გიომ, – ნაღდი შეშლილია. ასეთი მახინჯი ქალები არასდროს მინახავს და ვერც ვნახავდი, იმიტომ რომ, ასეთი ქალები, უბრალოდ, არ არსებობენ!.. თქვენ რას იტყვით ბიჭებო?

– ნაღდად უბერავს, – დაეთანხმნენ პროგრამისტები.

– საბედნიეროდ, გამომძიებლები და პროგრამისტები ვერ განსაზღვრავენ ფერწერის სტანდარტებს, – ირონიით დაამატა ანამ.

– ახლა არ მითხრა, რომ მოგწონს! – გაოცებით წამოიძახა გიომ.

– შენი მიდგომებით, უფლება რომ მოეცათ, პიკასოსა და გოიას მანიაკებად გამოაცხადებდი და დახვრეტას თუ არა, სამუდამო პატიმრობას ნაღდად მიუსჯიდი! – გაეცინა ანას.

– ესე იგი, მოგწონს?

– ყოველ შემთხვევაში, საინტერესოდ მეჩვენება, – თქვა ანამ.

– მაინც, რა გეჩვენება ამაში საინტერესო, ეს?! – გიომ მონიტორზე ქალის გამოსახულებას მიაბჯინა თითი, რომელსაც არაბუნებრივად განიერი თეძოები და ლერწამივით წვრილი მკლავები ჰქონდა.

– ნუ მიაქცევ ყურადღებას მაგ დეტალებს. ავტორი ქალის სილამაზეს მის თვალებში ხედავს. დანარჩენი მისთვის უმნიშვნელლოა, – შენიშნა ანამ, – შენ რაში ხედავ ქალის სილამაზეს?

– მეე?! – გიო ანას მიუბრუნდა, ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ კი თავი გააქნია, თითქოს რაღაც ფიქრების განდევნა სურსო და სწრაფად თქვა: რა დროს ეგაა! გულწრფელობის საღამო კი არ გვაქვს. საქმეზე ვმუშაობთ!

ამასობაში პროგრამისტი ანკეტის შესწავლას განაგრძობდა. აღმოჩნდა, რომ რამაზს უამრავ ადამიანთან, ძირითადად კი ქალებთან ჰქონდა მიმოწერა. ბოლოს პროგრამისტმა პირად მონაცემებსაც გადახედა და გამომძიებლებს მონიტორზე მიანიშნა – ეს ნახეთო.

– რა? – გიო ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა პროგრამისტი.

– „გავიცნობ მხოლოდ იმ ქალს, რომელსაც ძალიან ლამაზი თვალები აქვს,“ – პროგრამისტმა დამარცვლით ამოიკითხა ანკეტის ერთ-ერთი პუნქტი.

– ასარჩევადაც აქვს საქმე ამ დამპალს! – ბრაზით ჩაილაპარაკა გიორგიმ.

– შენ რა გიწერია ანკეტაში? – ირონიით გახედა ანამ, – გავიცნობ გრძელფეხება, მაღალმკერდიან ლამაზმანს, რომელსაც „შებმა“ არ დასჭირდება?

– ეე... ისევ დაიწყო! იცი, რას გეტყვი?.. – გიო მოულოდნელად გაჩუმდა და ანას ყურადღებით ჩააცქერდა თვალებში.

– რა იყო? – ჰკითხა ქალმა.

– ისე, შენც ლამაზი თვალები გაქვს, – ჩაილაპარაკა გიომ.

– აქამდე ვერ შეამჩნიე?

– როგორ არა, შევამჩნიე, მაგრამ, ახლა სრულიად სხვა კუთხით შევხედე ამას.

– რა კუთხით? – დაინტერესდა ანა.

– შენ თვითონ ვერ ხვდები? – შემპარავად თქვა გიომ.

– ვერ ვხვდები.

– რაა აქ მისახვედრი? შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, ეს ტიპი კი მხოლოდ იმ ქალს გაიცნობს პირადად, ვისაც ლამაზი თვალები აქვს!

– შემდეგ? – მოიღრუბლა ანა.

– დანარჩენი ტექნიკის საქმეა. იმედია, კლავიატურის ხმარება იცი. თუ არ გეხერხება, ბიჭები დაგეხმარებიან.

– დაივიწყე! საქმეს მივხედოთ. ბიჭებო, ანკეტის მფლობელის მისამართს ვერ გაარკვევთ?

– ამას დრო დასჭირდება, – უპასუხა ერთ-ერთმა პროგრამისტმა.

– ჰოდა, ტყუილად ნუ დავკარგავთ ამ დროს, ახლავე დაიწყეთ!

– როგორ არ გესმის! – აღელდა გიო, – იმ ტიპის მოძებნას რა უნდა! რამდენი იქნება მთაწმინდაზე მხატვარი, რომელსაც აქვს ორსართულიანი სახლი და ჰყავს წითელი „ტოიოტა”? მისი მისამართის დასადგენად ბიჭებს დროს არ დავაკარგვინებ, ათ წუთში გეტყვი სად ცხოვრობს, მაგრამ, ახლა ეს არ არის მთავარი.

– მაშ, რაა მთავარი?! – გაუკვირდა ანას.

– წარმოიდგინე ასეთი ვითარება: ჩვენ გავარკვიეთ მისი მისამართი, მივადექით სახლში და პირადობის მოწმობების ფრიალით, პისტოლეტების გადატენვითა და სირენების კივილით მოვიყვანეთ პროკურატურაში. რა პროცესი დაიწყება შემდეგ?

– ვერ ვხვდები, საით მიგყავს საუბარი, – მხრები აიჩეჩა ანამ.

– ახლავე აგიხსნი, – სწრაფად განაგრძო გიომ, – დაიწყება სტანდარტული დაკითხვა ზედამხედველი პროკურორისა და ადვოკატების მონაწილეობით. იცი, რა არის ეს? ასეთ ვითარებაში ყოველთვის ისე ვგრძნობ თავს, როგორც გიჟი დამაწყნარებელ ხალათში!

– შენგან განსხვავებით, მე ყოველთვის ნორმალურ ადამიანად ვგრძნობ თავს, – გაუღიმა ანამ.

– ეს იმიტომ, რომ შენ ჯერ არ გაქვს ჩემნაირი პრაქტიკა. გამოიძიებ რამდენიმე საქმეს და სულ სხვანაირად ამღერდები! რა გგონია? რამაზი პროკურატურაში მოყვანისთანავე მესაიდუმლედ გაგიხდის და ყველაფერს გულწრფელად გიამბობს?! არა, ჩემო კარგო, ამის იმედი ნუ გექნება. პირიქით. ახლავე შემიძლია, გითხრა მისი ყოველი ფრაზა: „რას ბრძანებთ, ბატონო გამომძიებელო?! ვინ?! მე?! როგორ გეკადრებათ!.. მე კულტურული და მაღალზნეობრივი მოქალაქე ვარ!.. რა დავაშავე იმით, თუ არასრულწლოვანი გოგონა გავიცანი? ერთხელ კაფეში დავპატიჟე და ერთხელაც ჩემი მანქანის საჭესთან დავსვი – ეს დანაშაულია?! თბილისის ზღვა?! არა, რას ბრძანებთ. სად მცალია ზღვაზე სასეირნოდ, მე ხომ თავი ამ მახინჯი ქალებით მაქვს გამოტენილი!..“ ყოველივე ამას მხარს დაუჭერენ მისი ადვოკატებიც და შემდეგ ჩვენ, ანუ, მე და შენ, და არა მირიანს, მისხალ- მისხალ მოგვიწევს საქმის ყველა დეტალის შეგროვება და მისი დანაშაულისა თუ უდანაშაულობის დამტკიცება! ახლა განვიხილოთ მეორე ვარიანტი: შენ, როგორც ლამაზი თვალების პატრონი, ეცნობი რამაზს – ასე ვთქვათ, შედიხარ მასთან უშუალო კონტაქტში. ხვდები, რა შესაძლებლობა გეძლევა? შენ ხომ მისთვის ბუა გამომძიებელი აღარ იქნები. როგორ გგონია, ვისთან უფრო გულახდილი იქნება ჩვენი მხატვარი: გამომძიებელ ქალთან თუ, იმ ქალთან, რომელსაც ასეთი... მოკლედ, შენც ხვდები, რასაც ვგულისხმობ. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ჩათვალე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტს ვატარებთ.

– არა! – მოკლედ მოუჭრა ანამ.

– ამათ შეხედე! – გიომ სწრაფად ჩამოატარა თითი მონიტორზე, რომელზეც იმ ქალების ფოტოსურათების წყება მოჩანდა, რომლებთანაც რამაზს მიწერ-მოწერა ჰქონდა, – ხედავ?

– რას? – ჰკითხა ანამ.

– აქ ყველა ასაკის ქალია, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იმ ტიპს ასაკზე გართულება არა აქვს, მისთვის ეს არ არის მთავარი. ამ ქალებს ერთი რამ აქვთ საერთო – ყველას ლამაზი თვალები აქვს. ახლა დღევანდელი ჩვენება გაიხსენე: რამაზს ნონას წერილებისთვის არ უპასუხია, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეეხმიანა გოგონას. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის მის ფოტოსურათს აკვირდებოდა და მისი თვალების შეფასებას ცდილობდა.

– და, რა, ამით?

– უყურადღებოდ შენც არ დაგტოვებს, გამორიცხულია! თუ ეს მოხდა, ვიტყვი, რომ არაფერი გამეგება ქალის სილამაზის! თანაც, ის ახლა საიტზეა!..

– ვერ დავუკავშირდები – მე ხომ საერთოდ არ ვსარგებლობ ასეთი საიტებით და, შესაბამისად, არ მაქვს ანკეტაც, – გამოსავალი გამონახა ანამ.

– მხოლოდ ეს გაბრკოლებს? – უმალ გამოცოცხლდა გიო.

– ესაც, – პირდაპირ პასუხს გაერიდა ანა.

– ბიჭებო, ანკეტა! – გიო მოზეიმე სახით მიუბრუნდა პროგრამისტებს.

– ფოტოსურათი! – ხავსს ჩაეჭიდა ანა, – მშრალი ანკეტა ვერ აგრძნობინებს ჩემი თვალების სიღრმეს!

– ბიჭებო! – ორი თითი გაატკაცუნა გიომ.

ერთ-ერთმა პროგრამისტმა მაგიდის უჯრიდან ციფრული ფოტოაპარატი ამოიღო და ღიმილით გახედა ანას.

– ახლა მართლაც ვნანობ, რომ უარი არ ვუთხარი მირიანს! – ამ სიტყვებთან ერთად ანამ ხელჩანთიდან სარკე ამოიღო და ვარცხნილობის შესწორებას შეუდგა.

გიო გამოცდილი ფოტოგრაფივით აძლევდა პროგრამისტს რჩევა-დარიგებებს:

– გაითვალისწინე, რომ, პირველ ყოვლისა, გვჭირდება თვალები და შემდეგ – დანარჩენი.

– ვიცი... ვიცი... – პასუხობდა ის და ანას მიყოლებით უღებდა სურათებს. საერთო ჯამში პროგრამისტმა ოცამდე ფოტოსურათი გადაიღო. როგორც კი ის საქმიანობას მორჩა, გიომ ფოტოაპარატი გამოართვა და ანკეტაზე განსათავსებელი ფოტოსურათების შერჩევას შეუდგა.

– მე თვითონ შევარჩევ, – მკაცრად უთხრა ანამ და ფოტოაპარატი ლამის ძალით გამოჰგლიჯა ხელიდან.

დავა დიდხანს გაგრძელდა. გიორგის შერჩეული ფოტოსურათები ანას არ მოსწონდა, ანას შერჩეულები კი – გიორგის. საბოლოოდ, ანამ მაინც თავისი გაიტანა და პროგრამისტს ანკეტაში განსათავსებელი ფოტოსურათები მოუნიშნა. მან სწრაფად შეასრულა დავალება. შემდეგ პირადი მონაცემების განყოფილებებიც შეავსო და ანკეტა გაააქტიურა.

შემდეგ კი...

საძიებო ველში ახალი ანკეტის გამოჩენამ უმალ მიიპყრო უამრავი მამაკაცის ყურადღება. ანკეტას წერილების ნიაღვარი მოაწყდა.

„ეს შენი ნამდვილი სახელია?..“ „ქმარი გყავს?..“ „მეგობარ ქალს ვეძებ. შენ მომწონხარ“.. „სექსი არ გინდა?..“

– საიდან ამდენი შეშლილი?! – ბრაზით ჩაილაპარაკა ანამ, სასწრაფოდ მოშორდა კომპიუტერს და კარისკენ წავიდა.

გიო უმალ დაედევნა, მკლავში ჩაავლო ხელი და ძალით შემოაბრუნა უკან, თან ეუბნებოდა – არ დაგავიწყდეს, რომ ეს საგამოძიებო ექსპერიმენტია. ეს შენთვის ან ჩემთვის კი არა, საქმისთვის უნდა გააკეთოო.

– თავი გამანებე, სუტენიორო! – შეუღრინა ანამ და ისევ მიუჯდა კომპიუტერს.

რამაზის ანკეტის მოძებნას წუთზე ნაკლები დასჭირდა – ის ისევ საიტზე იმყოფებოდა.

– რა მივწერო? – გიოს გახედა ანამ.

– რა მივწეროთ?! – ჩაფიქრდა ის, – მას ხომ თვალებზე აქვს გართულება. მისწერე, რომ ეძებ ადამიანს, რომელიც ჯეროვნად შეაფასებს შენი თვალების სილამაზეს.

ანამ უღონოდ ამოიოხრა და კლავიატურაზე აამოძრავა თითები.

„ორიგინალური სტილი გაქვს. ძალიან მომეწონა შენი ნამუშევრები“... – წაიკითხა გიორგიმ მისი აკრეფილი ტექსტი.

გავიდა წუთი... ორი... სამი... რამაზს პასუხი არ გამოუგზავნია.

– გამოდის, რომ შენ მართლაც არაფერი გესმის ქალის სილამაზის. ექსპერიმენტი დამთავრდა! – დაუფარავი კმაყოფილებით თქვა ანამ და ასადგომად წამოიწია, მაგრამ, სწორედ ამ დროს კომპიუტერმა წერილის მიღების სიგნალი გამოსცა.

– არის! – მოზეიმე ხმით წამოიძახა გიომ, როდესაც სიგნალთან ერთად წერილის ავტორის ფოტოსურათი აციმციმდა, – „ჭამა!“

„არ გეწყინოს, მაგრამ, აუცილებლად უნდა გკითხო: ფოტო მართლაც შენია?“ – ამოიკითხა ანამ რამაზის წერილში და მაშინვე მისწერა პასუხი:

„რა თქმა უნდა. მაშ, ვისი უნდა იყოს?“

„აქ ათასი შეშლილი შემოდის. ბევრს არ უყვარს თავისი ფოტოსურათის გამოჩენა,“ – უპასუხა რამაზმა.

„არა... ნამდვილად ჩემია“, – სწრაფად აკრიფა ანამ.

„გაბრაზებული მზერა გაქვს. ვინ გაგაღიზიანა?“ – გაჩნდა მონიტორზე.

„ერთმა იდიოტმა,“ – ანამ ნიშნის მოგებით გახედა გიოს, რომელიც ტექსტის წაკითხვისთანავე მუშტით დაემუქრა.

„რომ შემეძლოს, ცხვირ-პირს გავუერთიანებდი!“

– აი, ნამდვილი რაინდი. შენსავით კი არ იქცევა! – გიოს გადაულაპარაკა ანამ და ტექსტის აკრეფა განაგრძო:

„არ ღირს. თავისი გაჭირვებაც ეყოფა.“

„ძალიან ლამაზი თვალები გაქვს – სუფთა, უბოროტო,“ – უპასუხა რამაზმა.

„გმადლობთ,“ – მისწერა ანამ.

„არ მიყვარს ფოტოსურათების თვალიერება. შეგიძლია, სკაიპში შემოხვიდე?“ – ჰკითხა რამაზმა.

„არა... ამ კომპიუტერზე კამერა არ მაქვს დაყენებული,“ – უპასუხა ანამ.

„საწყენია.... არადა, მართლაც ძალიან მინდოდა შენი ნახვა“.

„შეიძლება, მოგვიანებით მოვახერხო,“ – მისწერა ანამ.

„როდის?“ – უმალ დაინტერესდა რამაზი.

„საღამოს, როდესაც შინ დავბრუნდები. სახლში მაქვს კამერა.“

„რომელი საათისთვის იქნები სახლში?“

„ალბათ, რვა საათისთვის,“ – უპასუხა ანამ.

„ამდენ ხანს ვერ მოვითმენ,“ – აჩქარდა რამაზი.

„რას ნიშნავს – ვერ მოვითმენ,“ – იწყინა ანამ.

„სწორად გამიგეთ. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ჩემს ნამუშევრებში მხოლოდ თვალებს ვხატავ. თქვენ კი არნახულად ლამაზი თვალები გაქვთ. თანაც, ძალიან გიხდებათ ეს ბრაზნარევი მზერა. ალბათ, ვეღარასოდეს გიხილავთ ასეთი მზერით“, – მოსწერა რამაზმა.

„ვინ იცის“ – დაუბრუნა ანამ.

„შეხვედრა რომ შემოგთავაზოთ, ხომ არ გამინაწყენდებით“.

„რისთვის?“ – ჰკითხა ანამ.

„არ დაგიმალავთ: ყოველ ჩემს ნახატს რეალური პროტოტიპი ჰყავს. თქვენი დახატვა მინდა.“

„არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. ვერ წარმომიდგენია, ჩემი თავი სხეულის ასეთი ფორმებით“ – უპასუხა ანამ.

– რას აკეთებ? – აღელდა გიო, – ამაზე შევთანხმდით?!

– დამაცადე... – უპასუხა ანამ და მომდევნო წერილის კითხვას შეუდგა.

„არ მიკვირს. ჩემი სტილი ბევრს არ მოსწონს, მაგრამ, მე მხატვარი ვარ და ასე ვხედავ ქალს – თვალებით... მხოლოდ თვალებით. დანარჩენი ტილოს შესავსები დეტალებია და მეტი არაფერი. გთხოვთ ნუ მეტყვით უარს.

„ვერ ვხვდები, რა გინდათ? პოზირებას მთხოვთ?“ – ჰკითხა ანამ.

„არა... ამდენზე არ შეგაწუხებთ. მე თქვენთან ერთი შეხვედრაც მეყოფა. ერთი ერთსაათიანი შეხვედრა და მეტი არაფერი. ადგილი თქვენ შეარჩიეთ. გინდათ კაფეში შევხვდეთ ერთმანეთს, გინდათ – რესტორანში, გინდათ – ჩემს სახელოსნოში და, თუ სურვილი გაქვთ, თქვენთან მოვალ სახლში,“ – შესთავაზა რამაზმა.

ანა მცირე ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ კლავიატურაზე თავისი მობილური ტელეფონის ნომერი აკრიფა და მიაწერა: „დამირეკე.“ 

ის იყო, წერილი გაგზავნა, რომ მისი მობილური აწკრიალდა. ანამ ხელჩანთიდან ამოიღო აპარატი და ეკრანს დახედა – მასზე უცნობი ნომერი ციმციმებდა.

– უპასუხე... ნაღდად ისაა! – თქვა გიომ.

ანამ სწრაფად გახედა გიორგის, შემდეგ აპარატი ყურზე მიიდო და ჩუმად თქვა:

– გისმენთ...

 

  გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3