კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქალბატონი, ვის გამოც გოგი დოლიძემ სცენაზე იტირა და ვინ გაათენა ოცდაერთი ღამე მის საწოლთან

„...მაგონდება დედაჩემის ნამღერი იავნანა, რომლის გარეშეც გოგი ვერ იძინებდა. შეიძლება ითქვვას, რომ გოგიმ დედას აკვნიდან მიუმღერა მეორე ხმა – ლამაზი ბგერების გაგონებაზე აღუღუნდებოდა ხოლმე და ფართოდ გახელილი, მადლიერი თვალებით შესცქეროდა დედას. გადიოდა დრო. გოგიმ პირველი ნაბიჯები გადადგა, ცოტა ხანში სიარულიც დაიწყო. მე მაშინ სამუსიკო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ვიყავი და უკვე საკმაოდ გამართულად ვუკრავდი ფორტეპიანოზე. მახსენდება ბავშვის სრულიად ადეკვატური რეაქციები. იმხანად ეკრანზე გამოვიდა ქართული მხატვრული ფილმი „აბეზარა”. კინოთეატრიდან დაბრუნებული, მივუჯექი ინსტრუმენტს და ის სიმღერა წავიღიღინე, აბეზარა ფისოს რომ უმღერის. ბავშვისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია. დავასრულე თუ არა მისამღერი, გოგიმ ტირილი მორთო. შევწუხდით ყველა, დავუწყეთ მოფერება. „რატომ ტირი?” – ვეკითხებით გოგის. მან ძლივს ამოილუღლუღა: „ფისო ცოდო”. ყველა გაოცებული დავრჩით ბავშვის ასეთი რეაქციით...” – ასე იხსენებს თავის წიგნში ლალი დოლიძე ძმას, გოგი დოლიძეს. 

ძნელია, გოგი დოლიძის პიროვნებაზე თავისუფლად ილაპარაკო. ის  გამორჩეულად კარგი ადამიანი, ძალიან დიდი მომღერალი იყო და მასზე საუბარისას ყოველი სიტყვა ფრთხილად, სწორად უნდა გათვალო, ისე სწორად, როგორც იგი ცხოვრობდა. გოგი აღარ არის, დარჩა მხოლოდ მისი ხმა. გავა დრო და მოვუყვებით შვილებს, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს; რომ საქართველოს ჰყავდა ჰამლეტ გონაშვილი, გოგი დოლიძე და, სხვა თუ არაფერი გვეამაყება ამ ცოდვილ მიწაზე, ის მაინც ყოველთვის გვექნება საამაყოდ, რომ ჩვენ იმ ადამიანების გვერდით ვცხოვრობდით, რომლებიც ასე ალამაზებდნენ სამყაროს.                    

„გოგი 11 წლის იყო, როცა გავთხოვდი. მისი წყალობით, ეს ფრიად საპასუხისმგებლო მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილ სკეტჩად იქცა. ჩემი მეუღლის, ჯემალ ყოლბაიას მშობლები ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ. ექიმების ეს ოჯახი მთელ აფხაზეთში იყო ცნობილი და ქორწინების შემდეგ მათთან უნდა ჩავსულიყავით. გოგიმაც, დაასკვნა, რომ ჩვენთან ერთად ზღვაზე უნდა წამოსულიყო. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ყველას გვაჩქარებდა. ბოლოს და ბოლოს, ჩავედით ოჩამჩირეში, სადაც უამრავი სტუმარი გველოდა. როცა ყველა წავიდ-წამოვიდა, დაღლილებმა ჩვენს საძინებელს მივაშურეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ კაკუნი შემოგვესმა, მოკრძალებით გაიღო კარი და გოგიმ ეშმაკურად მოციმციმე თვალებითა და მოღიმარი სახით გვისურვა „ღამე მშვიდობისა“. ჩვენ სიცილი წაგვსკდა. ასე გრძელდებოდა მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, რის გამოც ჩვენს თაფლობის თვეს „ღამე მშვიდობისა” დავარქვით. 

მოგეხსენებათ, ცხოვრება მხოლოდ სასიხარულო დღეებით როდია სავსე. საშინელ მოგონებად დამრჩა მეხსიერებაში გოგის ავადმყოფობა. 14 წლის იყო, როდესაც თირკმელებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა. დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა. მაგრამ, რა დამავიწყებს იმ საშინელ 21 ღამეს, რომლებიც მის საწოლთან მრგვალ, უზურგო სკამზე გავათენე. მაგრამ, ახლა ვიტყვი, რომ ეს უმძიმესი დღეებიც კი უბედნიერესი ყოფილა ჩემთვის – მე ხომ მაშინ მის სუნთქვას ვუსმენდი. საავადმყოფოდან გოგი სახლში საგრძნობლად გამხდარი დაბრუნდა, რის გამოც ძალიან მაღალი ჩანდა. შემდეგ, ორი თვის განმავლობაში, რეაბილიტაციის კურსს გადიოდა...

„გოგი კლასში ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა ბიჭებისგან რაინდული თვისებებით, – იხსენებს თავისი თანაკლასელი თამუნა ომანიძე, – ასეთ დამოკიდებულებას ის მასწავლებლების მიმართაც ავლენდა, რაც ყველა ქალბატონს ძალიან მოსწონდა... მეექვსე კლასამდე ჩვენს ჩანთებს გოგი ატარებდა... მოგვიანებით ხშირად ხუმრობდა – თირკმელები სულ თქვენი ჩანთებით დავიზიანეო. ეს იყო საუცხოო წლები ჩვენს ცხოვრებაში.“ ეს მართლაც საუცხოო წლები გადიოდა. გაჩნდნენ ჩემი შვილები: ჯერ ირაკლი, შემდეგ მაკა, მაგრამ, გოგი ყოველთვის მთავარ ბავშვად რჩებოდა ჩემს ცხოვრებაში.

ხშირად მეკითხებიან, რატომ ტირის გოგი სცენაზე „ისევ მტკივა მორჩენილი იარას” შესრულების დროს. ბევრ მათგანს თავისი ვერსიაც გააჩნია, ამიტომ, მინდა, ეს შემთხვევა ერთხელ და სამუდამოდ განვმარტო. ეს მოხდა ერთ-ერთ საქველმოქმედო ტელემარათონზე, რომელიც უმწეო მოხუცებულების დასახმარებლად გაიმართა. დარბაზში მსმენელთა უმრავლესობა სწორედ უმწეო ადამიანები იყვნენ. კულისებში გოგისთან მისულა ასაკოვანი ქალბატონი და უთხოვია – დამეხმარე, მშიაო. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის გოგის მდგომარეობა, არადა უკვე სცენაზე გასვლის დრო დგებოდა. რაც თან გააჩნდა, მისცა, მაგრამ, ამ თავზარდამცემი მომენტის მოსანელებლად დრო აღარ დარჩა. სახლში ცოცხალ-მკვდარი დაბრუნდა, ისევ ცრემლი ახრჩობდა და ძლივს ამოღერღა: გავფუჭდი კაცი. სცენაზე სული ვერ მოვითქვი, ყელში ცრემლი გამეჩხირაო.

ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ყოველთვის მოდური და პრესტიჟული სასწავლებელი გახლდათ... ინსტიტუტს ჰყავდა შესანიშნავი საესტრადო ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელი გიორგი შიოშვილი იყო და, გოგიც, რა თქმა უნდა, ამ ანსამბლის სული და გული გახდა... სულ მალე უცხო ენათა ინსტიტუტის ანსამბლი შესანიშნავ ჯგუფად ჩამოყალიბდა და პოპულარობაც სწრაფად მოიპოვა. მათ ხშირად იწვევდნენ კონცერტებზე, საღამოებზე, პრეზენტაციებზე, ამიტომ, გოგის იშვიათად ნახავდით სახლში. ამ პერიოდში შეიძინა უამრავი მეგობარი და ახალი გრძნობებით, ახალი განცდებით აღივსო. ალბათ, გამორჩეული სიფაქიზით მომიწევს ამ გრძნობაზე წერა, განსაკუთრებით იმ ერთზე, სიცოცხლის ბოლომდე გოგის ცხოვრების ნაწილად რომ იქცა. 23 წლის გოგი თავისზე უფროს ქალბატონს შეხვდა... თავდაპირველად ყოველივე ეს ახალგაზრდულ გატაცებად ჩავთვალე, წლების მერე კი მივხვდი, რომ ეს ურთიერთობა მისი მარადიული ტრფობის, ტანჯვისა და მარტოობის საგანი გახდა. მახსოვს, როგორ აცდენდა სამსახურს, ავიწყდებოდა ყველა საქმე შეხვედრის მოლოდინში, როგორ განიცდიდა და ამ განცდებს მეც მიზიარებდა. თანდათან გამიჩნდა ამ ადამიანის ნახვისა და გაცნობის სურვილი, თუმცა, ჩვენი შეხვედრა სწორედ 8 მარტს მოხდა – გავა წლები და გაზაფხულის ეს მშვენიერი დღესასწაული გოგის გარდაცვალების თარიღად აღინიშნება. იმ ღამეს გოგი სახლში არ დაბრუნებულა. გვეგონა, სადღაც ქეიფობდა და, შესაბამისად, განგაში არ აგვიტეხავს. დილით დარეკეს საავადმყოფოდან და გვითხრეს, რომ გოგი იქ იყო. ყბაგატეხილი დაგვხვდა – ვიღაცას მისთვის კასტეტი ჩაერტყა, მხოლოდ თვალებიღა უჩანდა. ლაპარაკი არ შეეძლო. ორი თვის განმავლობაში ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია, რათა მეტყველება სრულყოფილად აღმდგარიყო. მის სიმღერაზე არავის უფიქრია, ამას მხოლოდ თვითონ განიცდიდა. სწორედ ასეთ ტრაგიკულ სიტუაციაში შევხვდი იმ ადამიანს, ვისი ნახვაც მაინტერესებდა. რამდენიმე დღის შემდეგ მან წერილი გადასცა გოგის. კითხვისას გოგის თვალებზე ცრემლი შევნიშნე. მან ბალიშის ქვეშ დამალა ფურცელი. გურმანით მივხვდი, რა ეწერა ამ წერილში და რატომ იყო იგი გოგისთვის ესოდენ ძვირფასი. გადიოდა წლები, დედის ჯანმრთელობა სულ უფრო უარედებოდა. გოგის მოუწყობელი პირადი ცხოვრება ჩვენი ნერვიულობის საგანი ხდებოდა. ყველას  კარგად გვესმოდა, რა იყო ამის მიზეზი. დედას ძალიან უნდოდა, რომ ის ოჯახს მოჰკიდებოდა. ბოლოს გოგიმ გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ, ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვში გაემგზავრა. დაბრუნება რომ შეაგვიანდა, გავბედე და დავრეკე. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღირსეულ ადამიანსა და მშვენიერ ქალს ვესაუბრებოდი. ქორწინების შემდეგ გოგი თითქოს ერთბაშად გაიზარდა. მთელი დღე საქმით იყო დაკავებული. ხშირად უწევდა უცხოეთში გასტროლებზე წასვლა. მალე ლევანიკოც დაიბადა. გოგის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. იგი ძალიან დიდ დროს უთმობდა შვილს. როდესაც ბავშვი ავად ხდებოდა, არავის გვენდობოდა და ღამეებს მის გვერდით ატარებდა, ასეირნებდა, ამღერებდა, ეთამაშებოდა, ერთი სიტყვით, ძალიან ეამაყებოდა... ამ  დიდი სიხარულის მიღმა მაინც ყოველთვის შეამჩნევდით იმ პირად ტკივილს, რომელიც სამუდამოდ დარჩა მის სულში და რომელთან განშორებაც მისთვის შეუძლებელი გახდა. არასდროს დამავიწყდება ის სიტყვები, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რომ მითხრა:  „რატომღაც, არაფერი მოხდა ისეთი, რაც ცხოვრებას გამიადვილებს. ჩემი სიყვარული არ დამთავრებულა, არ შერყეულა, არ შენელებულა, ის ცოცხალია და ჩემშია, ხოლო მე მასში ვარსებობ სამუდამოდ”. სწორედ მისი სიტყვები მაძლევს უფლებას, ვთხოვო ამ ქალბატონს, მოიგონოს გოგი, რადგან ამ მოგონების გარეშე განქარდება მთელი ის მშვენიერება, რაც მის ცხოვრებას, სიმღერას გრძნობებს ახლდა თან და ჩვენი მონათხრობიც დაემსგავსება ყალბი ზნეობრივი კანონებით შელამაზებულ ზღაპარს, ეს კი მხოლოდ ჩრდილს მიაყენებს გოგის ხსოვნას.”

скачать dle 11.3