კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სურპრიზი გაუკეთა ნუკა გვალიამ მეუღლეს და რატომ გადავიდა ის დედის გვარზე

მომღერალმა ნუკა გვალიამ გვარი შეიცვალა და კვალიაშვილი გახდა. ნუკა და მისი მეუღლე, ნიკუშა კობახიძე, ვაჟს ელოდებიან, რამაც, მომავალი დედის თქმით, ახალგაზრდა წყვილი ძალიან გაახარა

– როგორც ვხედავ, შენთან სიახლეა – დედის გვარზე გადახვედი. რატომ გადაწყვიტე ასე და აქამდე თუ გიფიქრია ამაზე? 

– ფიქრით ყოველთვის  ვფიქრობდი, მაგრამ, სრულწლოვანებამდე გვარის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მშობლები რთავენ უფლებას და, მე რა ვიცი, მამაჩემი სად უნდა მეპოვნა?! როდესაც 18 წლის  გავხდი, დედაჩემს სულ  ვეუბნებოდი, რომ გვარის შეცვლა მინდოდა, ეკა კი ყოველთვის  მეუბნებოდა, რომ არ გადამედგა  ეს ნაბიჯი, თუნდაც იმიტომ, რომ  ადამიანს შანსი უნდა მისცე... ჰოდა, ასე გავიდა „შანსების მიცემაში“ კიდევ სამი წელი, მაგრამ, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ერთი სიტყვით, მინდა  ვატარო იმ ადამიანის გვარი, ვინც ჩემზე ამაგი გასწია და გამზარდა, თორემ, ეგრე ავიღებ და სრულიად უცხო ადამიანის  გვარს ვატარებ – რა მნიშვნელობა  ექნება, გვალია ვიქნები თუ წისქვილაშვილი...

– ეკა როგორ  შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?

– როგორც იცით, უკვე აღარ ვარ პატარა ბავშვი, გათხოვილი ვარ და თვითონ ველოდები შვილს; ამასთანავე, როდესაც რაიმე ყელში  ამომდის, უკვე არავის აზრი აღარ ნიშნავს არაფერს, არადა, ძალიან ბევრჯერ შემიძლია ადამიანების პატიება და შანსების მიცემა, მაგრამ, თავზე  არავის არასდროს დავისვამ, ვინც არ უნდა იყოს. ეკამ იცოდა, რომ, ადრე თუ გვიან, ასე  მოხდებოდა. 

– როდის შეიტყვე, რომ ბიჭის დედა ხდები და  რა რექაცია გქონდა ამაზე? შენ რომელი გინდოდა – ბიჭი თუ გოგო?

– 19 სექტემბერს გავიგე, რომ ბიჭი უნდა გვეყოლოს. 13 კვირის ვიყავი, როდესაც ექოსკოპიაზე მივედი – უკვე მაინტერესებდა, ბიჭი იყო თუ გოგო, მაგრამ, ბავშვს ფეხები ისე ჰქონდა დალაგებული, რომ ვერ გავარკვიეთ, გოგონა იყო თუ ბიჭი. დიდი ხნის ცდების ჩატარების მიუხედავად, მაინც არ გამოუჩნდა კარგად არაფერი და ექიმმა მითხრა, სავარაუდოდ, გოგონა არისო. მეც და ჩემი მეუღლეც შევეჩვიეთ, რომ გოგოს მშობლები ვხდებოდით. როდესაც 19 კვირის გავხდი, ისევ წავედი ექოსკოპიაზე და, სანამ მე და ჩემი მეუღლე ოთახში შევიდოდით, დერეფანში ვიდექით და ვხუმრობდი – ახლა რომ ბიჭი იყოს-მეთქი? როდესაც ჩვენი რიგი მოვიდა და შევედით ექოზე, დავწექი და დიდ ეკრანს კარგად დავაკვირდით – გამოჩნდა ფეხები და ექიმმა მითხრა, ბიჭი გყავთო. ჩემს მეუღლეს ძალიან უნდოდა, პირველი შვილი ბიჭი ჰყოლოდა და სიხარულისგან რამდენიმე ცრემლი გადმოუვარდა თვალებიდან; მეც, ანალოგიურად, სიხარულისგან აღვფრთოვანდი და ისტერიული სიცილი ამიტყდა, ეს არის სრული შოკი, როცა ამდენი ხანი იცი, რომ გოგონა უნდა გეყოლოს და უცებ ბიჭს გეუბნებიან (იცინის).

– ნიკუშა როგორ  შეხვდა იმ ამბავს, რომ  ბიჭის მამა ხდება?

– ნიკუშა ამბობდა, ბიჭი თუ გაჩნდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი მთელ სამყაროში არავინ იქნებაო. რომ გაიგო, ბიჭიაო, სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა და ხელები უკანკალებდა, ერთი სიტყვით  საჩუქარი გამომივიდა (იცინის).

– რით განებივრებს  მეუღლე და თუ ცდილობს,  ხელი შეგიწყოს?

– რაც  არ უნდა ვთხოვო ნიკუშას – დავუშვათ, ეს მინდა ან ის მინდა, – გამორიცხულია, არ შემისრულოს, მზად არის, ყველანაირად  გვერდში დამიდგეს და ხელი შემიწყოს თუნდაც იმით, რომ სახლი  დაალაგოს, საჭმელი გააკეთოს... მაგრამ, ჭურჭლის რეცხვას  ვერ იტანს და ამას მე ვაკეთებ (იცინის).

– თქვენი ოჯახის  შესახებ ყოველთვის ბევრი  მითქმა-მოთქმა იყო. ამას  როგორ ეგუებოდი, ან ახლა  როგორ ეგუები?

– ვინც რა საზიზღრობა არ უნდა თქვას, ჩემთვის მთავარი  ის არის რომ მე, ჩემმა ოჯახმა და უფალმა ვიცით, რეალურად რა და როგორ არის, ასე რომ, სრულიად უინტერესოა, გარშემო ვინ რას ყბედობს. ასეთებს ვურჩევდი, თავიანთი უინტერესო  ცხოვრება გახადონ საინტერესო, რომ სხვისი ცხოვრებით აღარ დაინტერესდნენ.

– მძიმედ რეაგირებ  ჭორებზე? რა ჭორი გსმენია  შენ შესახებ ყველაზე გამაღიზიანებელი?

– მძიმედ თუ მსუბუქად, არ ვიცი, მაგრამ, ყველა უაზრო  მითქმა-მოთქმისთვის პირადად  მოვთხოვ იმ ადამიანს, პასუხი გამცეს, თუ, რა თქმა უნდა, ვიცი, ვინ გაავრცელა. იმ შემთხვევაში კი, თუ არ ვიცი მისი ვინაობა, არც მაინტერესებს, ანუ, იმ ადამიანის ძებნით ნამდვილად არ დავიღლი თავს. ყველაზე  მეტად იმან გამაღიზიანა, როდესაც ჩემზე გაავრცელეს ჭორი, მუცელი მოეშალაო. ასეთი  საზიზღრობა რომ მოიფიქრო, ჩამპალი სულის პატრონი  უნდა იყო. ასეთებს შევახსენებ, რომ ღმერთი ყველაფერს  ხედავს და საბოლოოდ ყველას მოგეკითხებათ სიბოროტეები, თორემ, მაგ ბოღმა გულით  მე არაფერი მაკლდება, თქვენ კი საშინლად დაგაკლდებათ, რადგან, ბოღმას რომ  გაუშვებ, უკანვე მოგიბრუნდება ბუმერანგივით.

– ალბათ, ყოველთვის ცდილობდი, ეკასგან განსხვავებული  ყოფილიყავი, თუ, ჰბაძავდი დედას? რთულია ცნობილი დედის შვილობა?

– რთული რატომ  უნდა იყოს, როდესაც უნიჭიერესი ადამიანის შვილი ხარ? პირიქით  ძალიან ბედნიერი ვარ, რომ  ეკა არის ჩემი მშობელი. ის თუ ვინმესთვის არის „ეკა კვალიაშვილი, აღიარებული მომღერალი,“ ჩემთვის  არის დედიკო და, დავამატებ იმასაც, რომ არასოდეს მქონია იმის შეგრძნება – „რა  რთულია ეკას შვილობა.“ მე და დედა რაშიც ვგავართ ერთმანეთს  და რაც შინაგანად გვაქვს ორივეს, არის პირდაპირობა  და სიმართლის თქმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ვინმეს არ მოსწონს; ვერც ერთი ვერ ვიტანთ პირფერობასა და ადამიანების გამოყენებას. 

– ვიცი, რომ გარდატეხის  ასაკი რთულად გადაიტანე და დედას  უჭირდა შენთან ურთიერთობა. როგორ შეძელი, გადაგელახა  ეგ პერიოდი?

– 14-დან 16 წლამდე  ვიყავი ძალიან აუტანელი  ბავშვი იმ მხრივ, რომ, მეგონა, ჩემი არავის ესმოდა, ყველას ცუდი უნდოდა ჩემთვის  და ასე შემდეგ. იმ მომენტში  სულ  მარტო ყოფნა მინდოდა  და არავის დანახვა არ  მსიამოვნებდა. მომწონდა  განმარტოება ჩემს ჩაბნელებულ  ოთახში და  მუსიკის მოსმენა, რაც იმ მომენტში მიზიდავდა, ანუ, გოთიკ მეტალის; მაღიზიანებდა  თითოეული ადამიანის მოსაზრება  ამ ყველაფერთან დაკავშირებით... მეგობრები მაინც რაღაცნაირად  ცდილობდნენ, დამხმარებოდნენ, რომ ამ უაზრო სიბნელიდან  გამოვეყვანე, მაგრამ, იმ  მომენტში ამას დახმარების ნაცვლად სხვა რამედ აღვიქვამდი – მეგონა, რომ ჩემი შეცვლა  უნდოდათ და ჩემი არ  ესმოდათ, მაგრამ, ღმერთის წყალობით,  მათ ეს შეძლეს – 17 წლის  რომ გავხდი, უკვე დალაგებული  აზროვნება და ქცევები  მქონდა და, დედასთანაც აღმიდგა  ურთიერთობა. 

– როგორ ფიქრობ, მკაცრი დედა იქნები?

– მკაცრი ადამიანი არ ვარ, ერთი ის ვიცი, რომ, რამეს თუ ავუკრძალავ ჩემს შვილს, იმის პასუხიც მექნება, რატომ ვუკრძალავ,  რომ ბავშვი გაურკვევლობაში არ იყოს და არ დაებადოს კითხვა – რატომ ამიკრძალა, რას ვაშავებო. მინდა, ისე გავზარდო, როგორც დედამ  მე გამზარდა. ეკა მკაცრი არასდროს ყოფილა, პირიქით, ყოველთვის ცდილობდა, ისე  მომდგომოდა, რომ ჩემში აგრესია და პროტესტი არ გამოეწვია.

– ბავშვის სახელი თუ გაქვთ უკვე მოფიქრებული?

– ჯერჯერობით,  99 პროცენტით ვფიქრობთ, რომ ნიკოლოზს დავარქმევთ, მაგრამ, ჯერ დაიბადოს, შევხედავთ პატარა, ლამაზ სახეზე და, ჩემი აზრით, თავისით  მოვა იდეა, რა სახელი უფრო შეეფერება  ჩვენს პატარა ბიჭს.

– თუ ფიქრობ უცხოეთში კარიერის გაგრძელებაზე?

– ამაზე ყოველდღე ვფიქრობ, თან, ჩემს გეგმებს ნელ-ნელა ვაუმჯობესებ და ვხვეწ. რა თქმა უნდა, აუცილებლად მინდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობა. 

– ალბათ, პროექტის განმავლობაში ფეხმძიმეს ძალიან გიჭირდა სცენაზე დგომა. თუ შეგიშალა ამან რამეში ხელი?

– ორი კვირის ვიყავი,  როდესაც ფეხმძიმობის შესახებ  შევიტყვე. თურმე, ისეთი  ცუდი მდგომარეობა მქონდა, რომ, ფაქტობრივად, მწყდებოდა  მუცელი, რაც ჩემმა ექიმმა  არ მითხრა და ბავშვის  შესანარჩუნებლად ძალიან  ბევრი წამალი გამომიწერა, წოლითი რეჟიმი დამინიშნა, მაგრამ, ვის  ახსოვდა წოლითი რეჟიმი,  როცა ყოველდღე რეპეტიცია გვქონდა, თან, ზუსტად მაგ პერიოდს დაემთხვა დიფ ფარფლის „ჰაივეი სთარ,“ რომელსაც დიდი ენერგია სჭირდებოდა შესასრულებლად. როდესაც სცენაზე ვიმღერე და შევედი კულისებში, ჩემმა გინეკოლოგმა დამირეკა ტელეფონზე და მკითხა, თავს როგორ გრძნობო. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, ეს რატომ მკითხა-მეთქი, მაგრამ, მე ხომ არ ვიცოდი, როგორი მძიმე მდგომარეობა მქონდა? თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა, დაღლილობა და სისუსტე მაინც გამოიკვეთებოდა ამ კარგად ყოფნაში, რამდენიმე დღეში კი ტოქსიკოზიც დამეწყო და, ერთი სიტყვით, ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ, მე ძლიერი ადამიანი ვარ და, არც ვაპირებდი, ვინმეს გაეგო ჩემი პრობლემების შესახებ პროექტის მსვლელობის პერიოდში. მეზიზღება, როცა ვინმეს ან ვეცოდები ან მიბრალებს. მოკლედ, ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ, იმაზე მეტი გავაკეთე, რაც იმ მომენტში შემეძლო.

– დედის რჩევებს თუ ითვალისწინებ ხოლმე ხშრად?

– როდესაც რჩევას ვეკითხები, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ვითვალისწინებ, მაგრამ, ეკა ჩემზე  ბევრად რბილი ხასიათის ადამიანია – არის რაღაცეები, რასაც  მე სხვას არ ვაპატიებ, ეკა კი აპატიებს და, შეიძლება, აი, ამ რაღაცეებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, თუნდაც, „გოლდენ თალენტის“ მეორე ტურიდან წამოსვლა რომ დავაპირე, ეკა მთხოვდა, რომ იქნება მემღერა, მაგრამ, რომ დავინახე სიბინძურე, ერთხელ ვთქვი „არა“ და ეს „არა“ იყო მყარი, ალბათ, იმიტომ, რომ ზოდიაქოთი „სასწორი“ ვარ და, გადაწყვეტილებამდე თუ მივედი, ეს გადაწყვეტილება აღარ იცვლება; მაგრამ, რა თქმა უნდა, სანამ გადაწყვეტილებამდე მივალ, მანამდე იმდენს ვფიქრობ, რომ ბოლოს ფიქრით ვიღლები.

– მამასთან საბოლოოდ გაწყვიტე ურთიერთობა?

– ჯერ ის მითხარით, რომელ ურთიერთობაზეა საუბარი  და მერე მე გაგცემთ პასუხს. რაც არ ყოფილა, ის როგორ  უნდა გამეწყვიტა?!

скачать dle 11.3