კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გადაამოწმოს ქალმა საყვარელი მამაკაცის ერთგულების ხარისხი

ორი ადამიანის ურთიერთობაში ნდობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ღალატი იმითაც არის საშინელი სტრესი, რომ ბოლოს უღებს ნდობას, რის შემდეგაც ურთიერთობაც კარგავს ხიბლს – ის აღარ არის სიხარულის მომგვრელი, თუნდაც სიყვარული ისევ ცოცხლობდეს. ზოგი ადამიანი ეჭვიანია. ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველა შეყვარებულს ღრღნის ეჭვები, მაგრამ, აქ საუბარია არაბუნებრივ, პათოლოგიურ ეჭვიანობაზე, რომელიც უამრავ პრობლემას შობს. რაც შეეხება იმ ეჭვს, რომელიც საყვარელი ადამიანის ერთგულებაში დარწმუნების სურვილი უფროა, მისი მართვა შეიძლება და აუცილებელიც არის. არსებობენ მამაკაცები (ქალებიც), რომლებიც განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ საყვარელი ადამიანის მხრიდან უნდობლობას და, მზად არიან, ყველანაირი კავშირი გაწყვიტონ მასთან. როგორ მოვიქცეთ – ვენდოთ მამაკაცს უპირობოდ და ბოლომდე?! მაგრამ, ესეც რომ რისკია?!.      

თინიკო (38 წლის): ზოგადად, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ, პანიკაში ადვილად არ ვვარდები და ემოციების მართვაც კარგად შემიძლია. ყოველთვის მჯეროდა, რომ ეჭვიანიც არ ვარ, მაგრამ...

28 წლის გავთხოვდი დიდი სიყვარულით... მართლა უპირობოდ ვენდობოდი. სხვა ქალი ჩემს ადგილას ნერვიულობით და ეჭვიანობით მოკვდებოდა, ისეთი სამსახური ჰქონდა ჩემს ქმარს. ქორწინების პირველივე დღეებიდან, უცებ დამირეკავდა და მეტყოდა, ორი დღე არ ვიქნებიო და მეც მშვიდად ველოდებოდი ორი დღე.

– ანუ, თავიდანვე შეგითანხმდათ, რომ არ ინერვიულებდით და ენდობოდით?

– შეთანხმება რა შუაშია, ნდობა მქონდა. შეიძლება, გამოცდილება არ მქონია და ამდენი ღალატის მაგალითი არ მქონდა ნანახი?!

– მაგალითებით ცხოვრება ძალიან ძნელია და ნებისმიერ შემთხვევაში – წამგებიანი.

– გეთანხმებით. ყველა მაგალითს რომ აჰყვე, შეიძლება, გაგიჟდე და ოჯახი დაუფიქრებლად დაანგრიო. ჩემმა ერთმა მეგობარმა, მაგალითად, კერძო დეტექტივი აიყვანა, ქმრისთვის რომ ეთვალთვალა და ლამის გააგიჟა იმ დეტექტივმა. საბოლოოდ, მაინც იმ ქმართან ცხოვრობს,  ნერვიულობა კი შერჩა და ლამის დეპრესიაც აიკიდა.

– ღალატობდა ქმარი?

– ვერ გამოტეხა ბოლომდე და დღესაც არ არის დარწმუნებული. სულ სკანდალები, აყალმაყალი, გამიშვი-დამიჭირე კი ჰქონდა. შეეშვი, ნუ ქექავ-მეთქი... რას წარმოვიდგენდი, მეც თუ იმავე პრობლემას შევიქმნიდი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ ღირდა, მაგრამ უკვე გვიან არის.

– ანუ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ქმარს უპირობოდ, თვალებდახუჭული უნდა ენდო?

– ვაიმე, არ ვიცი, რა ჯობია. ალბათ, კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული. მე არ გამომივიდა და მხოლოდ პრობლემები შევიქმენი. საკმაოდ დიდი ხნით გამიფუჭდა ქმართან ურთიერთობა. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ, ერთ დღეს, როცა ჩემი ქმარი მივლინებაში წავიდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მე უჩვეულოდ ავფორიაქდი. პირველად გამიჩნდა ეჭვი, რომ, შეიძლებოდა, იქ ვიღაც ეპოვა. თან, მითხრა, საქმე იმდენი არაფერი მაქვს, ცოტას დავისვენებ კიდეცო.

– მხოლოდ ამ სიტყვების გამო გაგიჩნდათ ეჭვი?

– მგონი, კი. სულ ვფიქრობ და სხვა მაპროვოცირებელ ფაქტორს ვერ ვპოულობ. ის ექვსი დღე ნერვიულობა-განცდებში გავატარე. ვცდილობდი, ხშირად არ მერეკა ჩემს ქმართან და ჩემი ზარებით არ შემეწუხებინა, მაგრამ, ხელი თავისით მიმირბოდა მობილურისკენ. ექვსი დღის შემდეგ ჩემი ქმარიც დაბრუნდა გარუჯული, დასვენებული, გახალისებული, არაჩვეულებრივ გუნებაზე... გულს შემომეყარა. თვალებიც კი უჩვეულოდ უბრწყინავდა.

– ამან გაფიქრებინათ, რომ იქ „მომსახურების“ სრული პაკეტი მიიღო, ანუ, ეს დღეები ქალთან ერთად გაატარა?

– დიახ, სწორედ თვალებში ანთებული ნაპერწკალი იყო ის, რამაც სერიოზულად შემაშფოთა. ვეღარ გავუძელი და ჩემს დაქალს მოვუყევი ჩემი შფოთვის შესახებ. კარგად დაფიქრდი, რამე ცვლილებები ხომ არ შეგიმჩნევიაო. დავიწყე ფიქრი და... ხომ იცით, როცა რაღაცის პოვნა გინდა, იპოვი...

– რა იპოვეთ?

– მაგალითად, ის, რომ ბოლო დროს სულ კარგ გუნებაზე იყო და ღიღინებდა. სამსახურიდან დაგვიანებით დაიწყო მოსვლა... ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, ტირილი დავიწყე. ჩემმა დაქალმა მითხრა, ახლა ტირილი კი არა, მოქმედებაა საჭირო, ფაქტები გვჭირდება, რომ ღალატში დარწმუნდე და „მიაწვეო“. მიდი სახლში და დაიწყე კომპრომატების ძებნა: მობილურიც გაუსინჯე, მისი შარვლის ჯიბეშიც ჩაყავი ხელიო... გულახდილად გეტყვით; ძალიან არ მომეწონა ეს იდეა. შევწუხდი. ამდენი წელია მისი ცოლი ვარ და ასეთი საშინელება არ გამიკეთებია, ეს უღირსი საქციელია, როგორ ვიკადრო-მეთქი. ის ღირსეული საქციელია, რომ გღალატობს?! ოდესმე ყველა ქალი ასე იქცევა, ამიტომ, სანამ სულ წაურთმევიათ შენთვის ქმარი, იმოქმედეო.

– პრინციპში, ბევრი ქალი სრულიად დამშვიდებული სინდისით აკეთებს ამას.

– დიახ და ეს არ არის გამართლებული, უპირველესად, ისევ შენ გაზარალებს. საშინელებაა, როცა ეჭვით ცხოვრობ. თანაც, არ ენდობი ადამიანს, რომელიც ლამის საკუთარ თავზე მეტად გიყვარს. პირველად ჩავვარდი პანიკაში, ბევრიც ვიყოყმანე... მაგრამ, იმ დღეს ჩემი ქმარი ისევ გვიან მოვიდა სახლში და ღიღინ-ღიღინით შევიდა შხაპის მისაღებად, რამაც დამარწმუნა, რომ ჩემი დაქალი მართალი იყო. ავიღე ქმრის მობილური და დავიწყე ესემესების წაკითხვა. ვიპოვე ერთი მესიჯი, რომელიც უცხო ნომრიდან იყო გამოგზავნილი, საკმაოდ შემაშფოთებელი, უჩვეულო შინაარსით: „როგორი კარგი ხარ. არ დაგავიწყდეს, რომ უნდა დამირეკო“... და – ქალის სახელი. არსებობს ქალი, რომელიც ასეთ მესიჯს გულგრილად და მშვიდად „გაატარებს?“ დავიშალე... ლამის მოვკვდი. იმდენი ვიტირე, თვალები დავისიე. ჩემი ქმარი რომ გამოვიდა აბაზანიდან, გაუკვირდა – რა გჭირსო. ძალიან მინდოდა, არაფერი მეთქვა, სხვანაირად ვგეგმავდი მასთან საუბარს, მაგრამ, თავი ვეღარ შევიკავე, ემოცია ვერ დავიოკე, მობილური მივუგდე და ვუყვირე: ეს იყო შენი მივლინება? ამიტომ ჩამოხვედი გაბრწყინებული? არ დაგავიწყდეს, დაურეკე მაგ შენს საყვარელს, რაში გაინტერესებს, მე რას განვიცდი-მეთქი. გაშტერდა: შენ, რა, ჩემი ტელეფონი ნახე და მესიჯები წაიკითხე? გაგიჟდი? როდის გაგიკეთებია ასეთი რამ? თუ, ყოველთვის აკეთებდი და მე ვერ ვამჩნევდი? ესე იგი, საერთოდ არ მცნობიხარ და არც შენ გცნობივარ, რადგან, გგონია, რომ მივლინება ჩემთვის ღალატის საშუალებაა. ეგ რომ მინდოდეს და ბუნებით მოღალატე რომ ვიყო, ამას აქაც კარგად მოვახერხებდი. როგორ არ გრცხვენია, საშინლად გამიცრუე იმედი და ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე ღირებული გააფუჭეო. მერე ჩაიცვა და კარი გაიჯახუნა. მე ისევ ვიტირე. მერე ჩემს მეგობარს დავურეკე და იმანაც მაშინვე დასვა „დიაგნოზი“: წავიდა? ესე იგი, ჰქონდა წასასვლელი. შეხედე, როგორი თავხედია?! არ დაურეკო, არც იფიქროო. მეც, წესიერი მოსწავლესავით, დავუჯერე. სამი დღე გავუძელი, თუ იმას გაძლება ერქვა. ვტიროდი და ვგლოვობდი... ასეთ უსუსურ, უიმედო მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. არანაირი ნუგეში. ვნერვიულობდი და გამოსავალს ვერ ვხედავდი. მაცოფებდა ის, რომ ქმარს ერთხელაც არ დაურეკავს, თითქოს აღარც ვარსებობდი.

– თქვენც თითქმის დარწმუნდით, რომ საყვარელთან წავიდა?

– თითქმის. ამიტომაც აღარ მოვკიდე ტელეფონს ხელი. არც მიფიქრია, რომ შეურაცხყოფილი და გაბრაზებული იყო, თანაც, სრულიად საფუძვლიანად. ამას მერე მივხვდი.

– ვინმემ მიგახვედრათ?

– ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ სხვამ მომიყვანა ჭკუაზე. თუმცა, როცა მშვიდი გონებით ვაანალიზებ ამ ყველაფერს, ღალატიც შესაძლებელი იყო – ალბათობის ვარიანტის გამორიცხვა ხომ არ შეიძლება?! პრობლემა ის არის, რომ ჩემი ქმარი მართლა არ იმსახურებდა ჩემგან ასეთი უნდობლობას. ახლა ისე მრცხვენია და სინდისი ისე მაწუხებს, რომ ვკვდები. ხომ შევრიგდით, მაგრამ, რაღაც ისე აღარ არის – თითქოს უხილავი ბარიერი გაჩნდა და მაწუხებს ეს ამბავი. როგორ გამოვასწორო ეს შეცდომა, არ ვიცი.

– როგორ შერიგდით?

– ჩემი დედამთილი მოვიდა – მასთან წასულა და იქ იყო ეს დღეები. მაგრამ კონკრეტულად არაფერი უთქვამს. ჩემი დედამთილი მაგარი ქალია, ჩუმად მოუსმინა, როგორ ელაპარაკებოდა თავის მეგობარს და თანამშრომელს: გული მტკივა, თინიკო ასე რომ მომექცა. ჯერ ხომ ჩემს მობილურში ჩაძვრა, მერე საშინელი სკანდალი მომიწყო არაფრის გამო. ის შემკვეთი რომ გვყავს, ახალი, იმისი მესიჯი ნახა – ნამუშევრები რომ გავუგზავნე, მოეწონა და მწერდა, დამირეკეო. ამაზე გაგიჟდა და, გადაწყვიტა, რომ საყვარელი მყავს. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. სამსახურიდან ბოლო დროს იმიტომ ვაგვიანებ, რომ დამატებით შეკვეთებს ვიღებ. თინიკოსთვის მანქანის ფულს რომ ვაგროვებდი, ხომ იცი და, ვუმალავდი ამ ამბავს. მაგან კი ყველაფერი წყალში ჩამიყარაო... ეს ყველაფერი რომ მოვისმინე, მიწა გამხეთქოდა, მერჩივნა. დედამთილმა მთხოვა, მივსულიყავი მათთან და ბოდიში მომეხადა ქმრისთვის. არც მიყოყმანია. ისე ცუდად ვიყავი, ხელებიც კი მიკანკალებდა. კარი თვითონ ქმარმა გამიღო. შევატყვე, გაუხარდა, მაგრამ, არ შეიმჩნია. მოდი, მაგრამ, იმედს გაგიცრუებ – აქ ჩემი საყვარელი ვერ დაგახვედრეო... იცით, რა დამემართა? რას ვლუღლუღებდი, რას ვბოდავდი და ვღრიალებდი, არ მახსოვს. ჯერ მიყურებდა, მერე მომეხვია და ჩამიხუტა. ბოლოს უსიტყვოდ აიღო თავისი ნივთები და სახლში დაბრუნდა. მეტად ამაზე აღარ გვილაპარაკია, მაგრამ, ვგრძნობ, რომ პრობლემა მოგვარებული არ არის. რა ვქნა, დავუჩოქო და პატიება ვთხოვო? მართლა ძალიან ვნანობ და, ეს, ალბათ, უნდა იცოდეს.

скачать dle 11.3