კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიულოცა დაბადების დღე ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს ბაჩო ახალაიამ და რაში ვერ წაადგა მისი ჰალსტუხის ფერი თენგიზ გუნავას

მალხაზ ველიჯანაშვილი ქართულ ტელესივრცეში რეზონანსული სასამართლო პროცესების დროს გამოჩნდა. ახალგაზრდა თაობის ადვოკატს ფერად-ფერადი პერანგებითა და ჰალსტუხებით,  უცებ მიაკერეს „ნაციონალების ადვოკატის” იარლიყი, რასაც ის  ჩვეული იუმორით ხვდება. ამბობს, პროფესიონალი ვარ და პოლიტიკური ორიენტაციით არ ვირჩევ კლიენტებსო, თუმცა, არც ის ავიწყდება, რომ წლების წინ, როცა ადვოკატურის გზას შეუყვა, ნაციონალების გამო დარჩა უმუშევარი. მოკლედ, ასეა თუ ისე, ის ახალი თაობის ადვოკატია, ვინც მძიმე ბრალდებებით „შეკაზმულ”  ადამიანებს  იცავს. როგორ მოხვდა მალხაზ ველიჯანაშვილი  გახმაურებულ  სისხლის სამართლის  საქმეებში და როგორ გაიზარდა მისი „ფასი,” ამის შესახებ ის თავად გიამბობთ. 

–  მალხაზ,  რეზონანსული  სასამართლოების წყალობით, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდით, რის გამოც „ნაციონალების ადვოკატის“ იარლიყიც კი მოგაკერეს. საიდან და როგორ  მოხვდით  ამ ამბებში?    

– არადა, ვინ  იცის, რომ, პოლიციიდან, სადაც მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი, სწორედ ნაციონალებმა გამომიშვეს,  მათ დამტოვეს მაშინ უმუშევარი?! ამის მიუხედავად, მაინც მადლიერი ვარ მათი, რადგან, იმ გზაზე დავდექი, რომელიც დღეს ძალიან მომწონს  (იცინის)  ადვოკატურაში მუშაობის  სულ რაღაც სამი წლის გამოცდილება მაქვს. ამ საქმეში ძალიან გამომადგა პოლიციაში გატარებული წლები. ბოლოს, როცა გამათავისუფლეს, ვარკეთილის კრიმინალური პოლიციის უფროსი ვიყავი.  მანამდე საგამოძიებო სამსახურში გავიარე გამომძიებლის ერთი თვე და პრაქტიკა. 2010 წელს, კაპიტნის ჩინამდე  ერთი ვარსკვლავი მაკლდა, როცა უფროსი ლეიტენანტის ჩინით დავემშვიდობე პოლიციას (იცინის). ერთი თვე ისეთი სტრესი მქონდა,  მაინც მივდიოდი სამსახურში, ხან რაში ვეხმარებოდი ჩემს თანამშრომლებს, ხან – რაში.  ბუნებით ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ, არ მიყვარს ხელების ჩამოშვება და ზუზუნი. როგორც კი უმუშევარი დავრჩი, მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა – იურისტის სამუშაოს ვეძებდი. გასაუბრებას გავივლიდი, თუ არა, ეგრევე მბლოკავდნენ. პოლიციიდან გამოშვებულის სამსახურში აყვანა არავის უნდოდა, ყოფილ პოლიციელს ყველგან ალმაცერად მიყურებდნენ. ავდექი და ადვოკატურის გამოცდებისთვის დავიწყე მომზადება და ექვს თვეში ჩავაბარე გამოცდები. ჩემი პირველი საქმე იყო  ნარკოტიკების მომხმარებლის საქმე, ორი წელი ასეთ საქმეებზე დავრბოდი. მაშინ ისეთი დრო იყო, არც ხმაურდებოდა საქმეები.   ახლა რეზონანსული საქმეების წყალობით  გავხდი  ასე ცნობადი, თორემ, ძალიან ბევრ საინტერესო, მაგრამ გაუხმაურებელ საქმეზე მიმუშავია. ისეთი საქმეებიც მაქვს აღებული, სადაც ნაციონალებს უჩივიან, ასე რომ, მარტო ნაციონალების ადვოკატი არ ვარ, როგორც ზოგიერთს ჰგონია. 

– როგორ ფიქრობთ,  რატომ გააკეთეს  არჩევანი ყოფილმა მაღალჩინოსნებმა  ადვოკატზე, რომელსაც არცთუ დიდი გამოცდილება ჰქონდა  და არც ქართული საზოგადოება იცნობდა?  

– ისეთი რთული პერიოდი იყო, არავინ არავის ენდობოდა, არავინ იცოდა, ვინ სადამდე მივიდოდა და ვინ მიიყვანდა ბოლომდე.  ჩემთვის  პირველი იყო თენგიზ გუნავას საქმე, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. საზოგადოებისა და სასამართლოს წინაშე დამტკიცდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლე და ამან გამოიწვია, ჩემზე „მოთხოვნა” (იცინის) ამას მოჰყვა იგორ მელნიკოვის საქმე, შემდეგ – ბაჩო ახალაიას საქმე, რომელიც  თავიდანვე მე შემომთავაზეს, მაგრამ, მაშინ სხვა საქმეზე ვმუშაობდი. როგორც კი ის დავასრულე, მაშინვე ჩავერთე ბაჩო ახალაიას საქმეში. მე ვიცავ დავით ჭაკუას, მეგის ქარდავას.  როგორც ვიცი,  როცა თავიდან დაიბარეს ვანო მერაბიშვილი,  მათ  უნდოდათ ჩემთან   დაკავშირება, მაგრამ, მერე დაუკავშირდნენ სხვა ბიუროს, სადაც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადვოკატები მუშაობენ.  

– ამ ადამიანების  დაცვა იოლი არ უნდა იყოს. ამას, შეიძლება, თქვენი პროფესიული იმიჯიც კი შეეწიროს. 

– ვერ გეტყვით, რომ ამაზე არ მიფიქრია, უფრო მეტიც, სანამ ამ საქმეებს ხელს მოვკიდებდი, საკმაოდ ბევრი ვიფიქრე. მიმაჩნია, რომ პროფესიონალი ვარ, რის გამოც, არც ერთ საქმეზე არ უნდა თქვა უარი, მით უფრო, საინტერესო საქმის ცდუნებას ვერ გავუძლებ.  ჩვენი მთავარი პროკურორი არ იცავდა კანონიერ ქურდს?! ასეა ჩვენი საქმე. ერთხელაც თუ თქვი უარი საქმეზე იმის გამო, რომ იმიჯი არ შეგელახოს, ისეთ იმიჯს მიიღებ, ვერასდროს რომ ვერ მოიშორებ. არაა სწორი, ადამიანს დაცვაზე უარი უთხრა, არის ის დამნაშავე თუ არა. ყველაფერი  მაინც „გადაწონა” იმ ფაქტორმა, რომ მე თვითონ უნდა გამეგო, რეალურად რაში იყო საქმე. მინდოდა საკუთარი ძალების მოსინჯვა იქ, სადაც ბევრი სირთულე იყო. როგორც ვიცი, ბაჩო ახალაიას საერთოდ არ უნდოდა ადვოკატის აყვანა, იმიტომ ჩამოვიდა, რომ თავად უნდა დაემტკიცებინა თავისი სიმართლე, მაგრამ  გაჩნდა კომუნიკაციის პრობლემა და აუცილებელი გახდა ადვოკატის აყვანა. ახლა უკვე ისე გაერკვა იურიდიულ საკითხებში, ამას წინათ ვუთხარი, ცოტა გვაცალე-მეთქი. უკვე ისეა გაწვრთნილი, მგონი, შუამდგომლობებს თვითონ აყენებს (იცინის).     

– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან და სხვა  ყოფილ მაღალჩინოსნებთან, რომლებსაც რეზონანსულ საქმეებზე იცავთ?

–  სიმართლე გითხრათ, იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბაჩო ახალაიას დაცვა მომიწევდა! ტელევიზორში მყავდა ნანახი სულ რამდენჯერმე.  ეს ადამიანები ურთიერთობაში ძალიან თბილები და მეგობრულები არიან, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ბაჩო ასეთი ადამიანი იყო. ოთხი ადვოკატი ვმუშაობთ, ოთხივეს გვისმენს, აანალიზებს და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს.  გამორჩეული ადამიანია თენგიზ გუნავა,  კარგი იუმორი აქვს.  სულ ხუმრობდა ხოლმე  ჩემს ჰალსტუხებზე. მიყვარს ფერად-ფერადი ჰალსტუხები და გუნავა მეუბნებოდა: რომელი ჰალსტუხი გაქვს კარგად დაცდილი, რომ იმ ჰალსტუხით მივიდეთ პროცესზეო (იცინის). 

– ამ საქმეებმა ძალიან ცნობილი ადვოკატი გაგხადათ და, ალბათ, თქვენი „ფასიც” ძალიან  გაიზარდა.  

–  სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ფული არაფერს არ წყვეტს. ბოლო პერიოდში ისეთი საქმეებიც მაქვს აღებული, რომლებშიც ანაზღაურება ან საერთოდ არ მაქვს, ან ძალიან დაბალია.  იმას ვერ ვიტყვი, რომ ამ რეზონანსული საქმეებიდან დაბალი  ჰონორარი მაქვს, თუმცა, არც ერთი საქმის აღება არ გადამიწყვეტია თანხის გამო.  ზოგს ჰგონია, რომ ძალიან ბევრს ვიღებ. ამას წინათ ერთი ნაცნობი დამიკავშირდა: შენ ალბათ, ახლა იმდენს იღებ, ჩემს საქმეს ხელს არ მოჰკიდებო, – მითხრა.  ჩემთვის საქმეში სხვა აზარტია მთავარი.  რაც შეეხება პოპულარობას, სადაც არ უნდა მივიდე, უკვე ყველა მცნობს. ზოგი მცნობს, მაგრამ, ვერ ხვდება საიდან. ისე, ჟურნალისტებიც „დამეხმარნენ”. ვერასდროს  წარმოვიდგენდი, ასე  თუ შევეჩვეოდი კამერებს. ჟურნალისტები  სოფელში ჩამოდიოდნენ ხოლმე კომენტარის ჩასაწერად. ოთხი თვის წინ მე და ჩემს მეუღლეს ბიჭი შეგვეძინა, სოფელში მყავდა ცოლ-შვილი წაყვანილი და იქაც კი ჩამოდიოდნენ  თქვენი კოლეგები. „პირველი არხის“ ჟურნალისტი მეუბნება:  ძალიან მაგარი რესპონდენტი ხარ, არასდროს გჭირდება „დაჭრა”, 35 წამში ატევ ყველაფერსო, – აი, ასე დავოსტატდი კომენტარებში.  ახლა ახალ სახლში გადავდივარ და ცალკე ოთახი უნდა გავაკეთო ჟურნალისტების მისაღებად (იცინის).  ისე, ვარკეთილში ყოველთვის ვიყავი პოპულარული, აქ გავიზარდე, აქ ვმუშაობდი წლების განმავლობაში. იმ დროს, როცა საგამოძიებოში ვმუშაობდი,  თითქოს  მოდად იქცა ცრუ დასმენები და ამ ბრალდებით ძალიან ბევრ ხალხს ვაკავებდით.  პროკურორი მეხუმრებოდა ხოლმე,  ეტყობა, ჰიპნოზს უტარებ ამ ხალხს, დანაშაულს რომ აღიარებინებო. ერთ თვეში შვიდი ცრუ დასმენა მქონდა და შვიდივე შემთხვევა საქმის აღიარებით დამთავრდა

– ბაჩო ახალაიასაც ჩაუტარეთ „ჰიპნოზი”?

– ბაჩო ახალაიასთვის ჰიპნოზის ჩატარება იოლი არაა, თვითონ არის ყველაზე დიდი ჰიპნოზიორი. რომ შემოგხედავს, მაშინვე ყველაფერს ხვდება. მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა ძალიან ოფიციალური იყო, მაშინვე შენიშვნა მომცა: არც თქვენობით მომმართო და არც „ბატონო” დამიძახოო. 

– თენგიზ გუნავას მსგავსად, მასაც სჯერა  თქვენი ჰალსტუხების ფერის?

– თვითონაც მეხუმრება ხოლმე ჰალსტუხებზე, მაგრამ, არაა ცრუმორწმუნე. იმაზეც მეხუმრება – დამნაშავეებს როგორ იცავო. ვგრძნობ, რომ მისგან ძალიან დიდი ნდობა მაქვს. საერთოდ, ეს არის ადვოკატის მუშაობის მთავარი წესი: კლიენტსა და ადვოკატს შორის ნდობა თუ არ არის, არაფერი გამოვა – შედეგს ვერ მიაღწევ.  კლიენტმა უნდა მითხრას სრული სიმართლე და მერე ერთად წყდება, რა უნდა დაიმალოს და რა – გახმაურდეს. ამას კანონი არ კრძალავს, ბრალდებულს შეუძლია, მოიტყუოს კიდეც. თენგიზ გუნავას საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელიც ტალონების გახარჯვას ეხებოდა და მოითხოვდა დოკუმენტს,  რომელიც არ არსებობდა, მე ვეუბნებოდი თენგოს, რომ ტყუილი ჩვენება მიეცა.  პროცესი ისე მქონდა წარმართული, მისი იმ ჩვენებით ვერ მიუსჯიდნენ. ზუსტად ერთი კვირა ვეხვეწებოდი თენგოს,  მაგრამ, ვერ დავითანხმე. 

– თავად გჯერათ, რომ ბაჩო ახალაია უდანაშაულოა?

– იმ საქმეებში, რაშიც მე ვარ ჩართული, მჯერა მისი უდანაშაულობა. როგორც სხვებს, მეც ბევრი მესმოდა მასზე. მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, მე იქიდან წამოსული ვიყავი, მაგრამ, სტრუქტურებში  მყავდა ბევრი მეგობარი.  ყველა ამბობდა მასზე, „ბუააო,“ მაგრამ, სამინისტროში მისულმა, პოლიციელებთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო, სულ მიკვირდა: ეს რანაირი ბუაა, ძალიან მაგრად მართავს ყველაფერს-მეთქი. პოლიციელი ელემენტარული გადაცდომის გამო არ უნდა გაუშვა სამსახურიდან. მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.  როცა  პოლიციაში ვმუშაობდი, ორი წლის განმავლობაში სახლში სულ ოთხჯერ მეძინა: ორჯერ  2009 წელს და ორჯერ – 2010 წელს. მახსოვს ის დღეებიც სახლში იმიტომ გავატარე, რომ ოჯახის წევრების დაბადების დღე იყო, დედას ვფიცავარ, მართლა ასე იყო.  კიდევ კარგი მაშინ  ცოლი არ მყავდა (იცინის).   

– რაც პოპულარული გახდით, რა  შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

– არაფერი, გარდა  ცხოვრების რეჟიმისა  და წესისა.  თითქმის აღარ მაქვს თავისუფალი დრო.  დილის ძილი მიყვარს, თუმცა, ამას შეველიე. ყოველდღე გვიანობამდე მიწევს მუშაობა, მაგრამ, ვეღარ ვაძლევ თავს დილით კარგად გამოძინების უფლებას (იცინის). ნეტავ იცოდეთ, როგორ მიყვარს გართობა, თევზაობა, ნადირობა... ბაჩო ახალაია დამპირდა, როცა გავთავისუფლდები, ერთად წავიდეთ სანადიროდო. არასდროს არაფერი ავიწყდება, დაბადების დღეც კი მომილოცა ციხეში – ამერიკიდან გამოწერილი წიგნი მაჩუქა. თვითონ დიდხანს  ელოდებოდა ამ წიგნს, რომელიც იტალიურ მაფიაზეა. ბოლოს  „კამორა” მაინც გაიმეტა ჩემთვის, ინგლისურ ენაზეა, თუმცა, ჯერ არ ვიცი ინგლისური ისე კარგად, რომ იტალიურ მაფიაზე დაწერილი წიგნები ვიკითხო (იცინის).          

скачать dle 11.3