კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახერხებენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ღარიბ ქვეყანაში ყოველწლიურად რამდენიმე ათეულმილიონიანი მოგების მიღებას

დაპირება იყო, თუმცა ბანკის მოვალეების პრობლემა კვლავაც გადაუჭრელია: უამრავმა ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი და ამდენივე იმავეს მოლოდინშია. მეორე მხრივ, არც იურიდიული პირების საქმეა უკეთ: ბანკის ვალებმა მათი ბიზნესებიც გააკოტრა. განსაკუთრებით დამძიმდა ვითარება 2008 წლის შემდეგ: თუკი მანამდე ბანკები ლამის ძალადობრივად აიძულებდნენ კლიენტებს სესხების აღებას, მათი გასტუმრება ომისა თუ მსოფლიო კრიზისის გამო ვეღარ მოხერხდა, რამაც ჯარიმებითა და საურავებით ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. აჭარის მთავრობამ პრობლემის მოგვარება დაიწყო და იმ კრედიტორებს, რომლებსაც კრედიტები საოჯახო სასტუმროების  მოსაწყობად აიღეს, ვალდებულებები შეუმსუბუქა. რა ბედი ელით ბანკების დანარჩენ მოვალეებს, მიუხედავად პრობლემებისა, მაინც რატომ არის მიმზიდველი ბანკებიდან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან კრედიტების უპრაგონოდ აღება, რატომ არ მცირდება სესხების საპროცენტო განაკვეთი ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის კლების პარალელურად და რატომ რჩება მიკროსაფინანსო ბიზნესი კვლავ ყველაზე სარფიან საქმიანობად? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში „აფბას“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე დაგვეხმარება.

– უამრავი ადამიანი დაზარალდა და უამრავი დაზარალდება უახლოეს მომავალში გაუსტუმრებელი საბანკო ვალების გამო. რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, ქვეყანაში და რა შეიძლება, იყოს გამოსავალი?

– უპირველესი ნაბიჯი, რომელიც გადასადგმელია ამ პრობლემის მოგვარების დასაწყებად, არის ის, რომ უნდა დაზუსტდეს მონაცემები: რამდენი ადამიანია დაზარალებული, რამდენია მათგან ფიზიკური თუ იურიდიული პირი, როგორია მათი დაზარალებულობის ხარისხი, ვისი პრობლემაა უფრო მწვავე და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება არის პირველი რიგის ამოცანა

– ანუ ასეთი სტატისტიკა არ არსებობს?

– ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ასეთი ინფორმაცია არსად შემხვედრია და არც ის ინფორმაცია მაქვს, რომ ასეთი მონაცემები არსებობდეს. ძალიან მოუწესრიგებელია ეს სტატისტიკა, რაც, ჩემი აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად გეგმის შემუშავება ჯერ არც ერთ ორგანოს არ დაუწყია და, მით უმეტეს, არც რამე კონკრეტული ქმედებები მიმდინარეობს.

– ის, რომ აქტიურად არ დაწყებულა ამ პრობლემის მოგვარება, ვის აზარალებს: გასაგებია, რომ ბანკები ვერ დარჩებიან დაზარალებულები, რადგან მიიღებენ სესხს უზრუნველყოფილი ქონებით, მაგრამ სახელმწიფოს ხომ კიდევ უფრო ემატება საზრუნავი გაკოტრებული მოქალაქეების სახით?

– ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პასიურად მიმდინარეობს პროცესი, იმიტომ რომ პრობლემა მწვავეა და მოიცავს ინტერესთა კონფლიქტს. ისეთი საკითხია, რომლის გადაჭრით ყველა ვერ დარჩება კმაყოფილი. კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ, საქმე ეხება აღებულ სესხებს, რომლის დაფარვაც ვერ მოხდა და ამით ზარალდება საკრედიტო დაწესებულება, რომელიც თავისი ზარალის მინიმუმამდე დასაყვანად მიმართავს უზრუნველყოფის მექანიზმს, ანუ რეალიზაციას. ამის ლეგიტიმური უფლება მას გააჩნია. ამ უფლების შეზღუდვა, პირადად მე კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. ანუ მივდივართ ორ წინააღმდეგობასთან: მსესხებელი ვარდება სავალალო მდგომარეობაში და რჩება საცხოვრებლის გარეშე და, მეორე, საკრედიტო დაწესებულებას, რაც ბიზნესის ერთ-ერთი სახეობაა, თუ შეეზღუდება უზრუნველყოფის მექანიზმი, ის დგება ძალიან დიდი რისკის წინაშე. ამაში სახელმწიფო შეიძლება, ჩაერიოს, როგორც ამ ზარალის გარკვეული დონით შემმცირებელი, ანუ გარკვეული ვალდებულებები: პროცენტი თუ სესხის რეფინანსირება, აიღოს თავის თავზე, რითაც ორივე მხარეს შეუმსუბუქებს ზიანს, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი მაინც არც ერთი მხარე არ დარჩება.

– და აქ არის მესამე მხარეც: მე, გადასახადის გადამხდელს, არ მეკითხებიან, მინდა თუ არა გავისტუმრო ვიღაცის ვალდებულებები, იმიტომ რომ მან ვერ გათვალა თავისი შესაძლებლობები?

– სახელმწიფო ამ შემთხვევაში ამ ტვირთს დაადებს გადასახადის გადამხდელს, რადგან თვითონ სახელმწიფოს არაფერი გააჩნია, გარდა მოქალაქეებისა და ბიზნესსუბიექტების მიერ გადახდილი გადასახადებისა. ამიტომ ვამბობ, რომ ამ პრობლემის მოგვარება ისე, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს, შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, წავა თუ არა დათმობაზე რომელიმე მხარე და რამდენს დათმობს. ანუ, კარგი გაგებით, ვაჭრობაზე. თუმცა რომელიღაც მხარე მაინც მიიღებს ზიანს: მსესხებელი, გამსესხებელი ან გადასახადის გადამხდელი.

– დახარისხებისას სიმწვავის კრიტერიუმი რა უნდა იყოს?

– სიმწვავეს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, ყველაზე ცუდი შედეგია, როდესაც მსესხებელს შეიძლება, გამსესხებელმა ჩამოართვას უძრავი ქონება.

– როგორია ამ ტიპის პრობლემის მოგვარებისას სხვა ქვეყნების გამოცდილება?

– რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი გამოცდილება და ყველაზე მასშტაბური და თვალსაჩინოა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი, როდესაც იმ ქვეყანაში იპოთეკური კრიზისი მოხდა, ბინათმესაკუთრეების ძალიან დიდი რაოდენობა საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა და მაშინ დამტკიცდა ობამას ფინანსური სტაბილიზაციის პროგრამა. საბოლოოდ, 100 მილიარდამდე დოლარი გამოიყო იმისთვის, რომ ბინათმესაკუთრეები ბინების გარეშე არ დარჩენილიყვნენ; ოღონდ ეს არ ნიშნავდა, რომ ამ თანხით დაიფარა სესხები. ეს თანხა გადაეცა ბანკებს, რომ მათ მოეხდინათ ამ სესხების რესტრუქტურიზაცია. მაქსიმალურად შეუმცირეს გადასახადები როგორც ძირითადი, ისე საპროცენტო. იქაც დახარისხდა დაზარალებულების პრობლემები და ყველას დაუწესდა შეღავათები: ზოგს პირველ წლებში გადაუვადდა კრედიტის მომსახურება, ზოგს –  შეუმცირდა გადასახადები. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგს გამოიღებს ეს პროგრამა, იმიტომ რომ არ დასრულებულა, ვინც შეძლებს ამ საშეღავათო პერიოდით სარგებლობას, ის გამოისყიდის თავის ვალდებულებებს.

– მიუხედავად ამ პრობლემებისა, ისევ გახშირდა სარეკლამო რგოლები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ  სესხებს მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე თვეში 2,5 პროცენტიდან და იქვე ხმადაბლა ამატებენ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით. აღარ ფრთხილობენ მიკროსაფინანსოები?

– არ ფრთხილობენ იმის გამო, რომ აღსრულების უფლება შენარჩუნებული აქვთ. საჭიროების შემთხვევაში, აქვთ ქონების რეალიზაციის უფლება სახელშეკრულებო პირობების მიხედვით და, ამდენად, მათი რისკი არის მინიმალური. ვფიქრობ, საკმარისია, რამე მსგავსი ქმედება განხორციელდეს, მორატორიუმი ან შეზღუდვა დაწესდეს აღსრულების პროცესზე, ერთი პრეცედენტი თუ მოხდა, გაცილებით თავშეკავებულები იქნებიან როგორც ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ისე კერძო გამსესხებლები, იმიტომ რომ, თუ ერთხელ დაუშვა მსგავსი რამ ხელისუფლებამ, შეუზღუდა აღსრულებაზე ხელმისაწვდომობა, გაუჩნდებათ შიში იმისა, რომ ეს შეიძლება, განმეორდეს და მათ მიერ გაცემული სესხი ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს უზრუნველყოფის გარეშე. რამაც შეიძლება, სავალალო შედეგი გამოიწვიოს მათთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლება ასეთ ნაბიჯზე არ უნდა წავიდეს, რადგან, მეორე მხრივ, ეს მსესხებლებსაც გაუჩენს მოლოდინს, რომ, თუ ისინიც დადგებიან ამ პრობლემის წინაშე, მთავრობა მათაც გადაუვადებს. ჩარევის გარეშე უნდა თვითრეგულირდებოდეს ეს პროცესები, იმ ხელშეკრულებით, რომელსაც მსესხებელი და გამსესხებელი აფორმებენ.

– მაგრამ ხომ შეიძლებოდა, რომ იმ ხელშეკრულებებში არაადეკვატური ჯარიმები ადეკვატურით შეიცვალოს? 

– ეს კანონით დაშვებული პრაქტიკაა, რომ  კრედიტორებმა მსგავსი პირობებით გასცენ სესხები. ჩემი აზრით, ეს პრობლემა თავისით უნდა მოგვარდეს. არ ვარ მომხრე, რომ სახელმწიფომ დაადგინოს სესხების ზედა ზღვარი. ჯანსაღმა კონკურენციამ უნდა აიძულოს ფინანსური ინსტიტუტები, რომ შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები: თუ მაღალი განაკვეთები მექნა, ჩემთან არავინ მოვა.

– მაგრამ თითქმის ყველას ერთნაირი პირობები და ფაშისტური საურავები აქვს?

– იმიტომ რომ ეკონომიკაში ფულის მასა ცოტაა, არადა, მოთხოვნა არის და, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირს იმ საპროცენტო განაკვეთადაც კი უღირთ სესხის აღება, რაც არის. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო საპროცენტო განაკვეთების სიდიდით, მსოფლიო ათეულშია, როდესაც ასეთი არაკონკურენტული გარემოა ფინანსურ ბაზარზე და ერთგვარი თავკომბალაა საფინანსო სფერო, თან, თვითონ საბანკო სექტორშიც არ არის ეს კონკურენცია, იმიტომ რომ ბაზრის ძალიან დიდ ნაწილს ორი ბანკი ფლობს, ორმაგად იზღუდება კონკურენცია და ასეთ პირობებში არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საპროცენტო განაკვეთები მაღალია და საკრედიტო ხელშეკრულებებში არის ისეთი მუხლები, რომლებიც მსესხებელზე ათი თავით მაღლა აყენებს გამსესხებელს. პირადად ჩემთვის ამ პირობებში შექმნილი პრობლემები გასაკვირი არ არის.

– სესხებზე თითქმის არ შეცვლილა საპროცენტო განაკვეთები, ოდნავ შემცირდა იპოთეკურ სესხებზე, მაგრამ მიკროსაფინანსოებმა შეამცირეს განაკვეთები ვადიან ანაბრებზე: „რიკო კრედიტმა“ 18-დან 12-მდე, „კონსტანტამ“: 17-დან 13-მდე. ანაბრები აღარ იხსნება თუ რა არის ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზეზი? 

– საერთოდ, ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება ერთ-ერთი ფაქტორია იმისთვის, რომ შეამცირონ საპროცენტო განაკვეთი სესხებზე. რადგან, თუ ანაბარზე იგივე განაკვეთი დარჩა, სესხებზე კი შეამცირეს, მათი მადა ნაკლებად დაკმაყოფილდება, თუმცა კლება პროპორციულად შეინიშნება სესხის და ანაბრების განაკვეთებზეც.

– ანაბრებზე 5-6 პროცენტით შემცირდა საპროცენტო განაკვეთი, რაც არც ისე ცოტაა. დასავლეთში, საერთოდაც, აიღებ 5 პროცენტად სესხს.

– ჩვენთან არა მხოლოდ სესხების საპროცენტო განაკვეთია მაღალი, არამედ სხვაობა სესხისა და დეპოზიტის საშუალო საპროცენტო განაკვეთებს შორის. ამ მხრივაც, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. გარდა ამისა, ანაბრის პროცენტის შემცირებასთან დაკავშირებით მინდა, ვთქვა, რომ უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს დეფლაცია, რაც ზრდის რეალურ განაკვეთს დეპოზიტზე. მაგალითად, თუ ორი წლის წინათ ვადიან ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი იყო 18 პროცენტი და იყო 6-პროცენტიანი ინფლაცია, ანაბრის მფლობელი რეალურად იღებდა 12 პროცენტის ოდენობის სარგებელს. დღეს თუ 12 პროცენტზეა ჩამოსული დეფლაცია, სხვადასხვა თვეებში სხვადასხვა მაჩვენებელია, თუმცა, საშუალოდ, 2-პროცენტიანი გვაქვს, რეალური საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ბანკი აძლევს მეანაბრეს, არის 10 პროცენტი. ერთი სიტყვით, დეფლაციის პირობებში ბანკის მიერ გადახდილი რეალური სარგებელი არის უფრო მაღალი და, ამდენად, ისინი ცდილობენ, შეამცირონ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი, რომ მათ მიერ გაცემული სიკეთე იყოს ნაკლები. 

რეალურად, არც სესხის განაკვეთი შემცირებულა, არც ანაბრის, მოხდა ის, რომ ფასების დონე შემცირდა, რამაც რეალური განაკვეთი დატოვა, ოღონდ შესაძლოა, ნომინალურად შეცვლილი.

– მიუხედავად ასეთი მძიმე ვითარებისა: ამდენ ადამიანს აქვს ვალი და შეიძლება, დარჩეს საცხოვრებლის გარეშე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა რამდენიმე თვე 36-მილიონიანი მოგებით დაასრულეს, აღარაფერს ვიტყვი ბანკების მოგებაზე. ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და საიდან ამოაქვს ჩვენს მოსახლეობას ამდენი ფული?

– მიკროსაფინანსო სექტორი, ანუ საკრედიტო ორგანიზაციების ეს ფორმა 2005 წლიდან გამოჩნდა და დღეს 70-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომლებიც საკმაოდ მსუყე მოგებას ნახულობენ ყოველდღიურად. ისინი აი, ამ არასახარბიელო ვითარებაშიც კი პოულობენ კლიენტებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ეკონომიკაში ფულის მასა არის ძალიან დაბალი, ფულზე მოთხოვნა კი დიდია. სულ ურფო მეტი და მეტი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საჭიროებს ფულად რესურსს, რომლის მოძიებაც, განსაკუთრებით, 2008 წლის მოვლენების შემდეგ გაურთულდათ, რადგან ურთიერთობა გაუფუჭდათ ბანკებთან და იქ კრედიტის მიღება აღარ შეეძლოთ, მიმართეს ალტერნატიულ წყაროს. მართალია, თითქმის ორჯერ და მეტჯერ ძვირს, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომს. მიკროსაფინანსო სექტორის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ერთი მხრივ, ის, რომ ბანკებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ და, მეორე მხრივ, ის, რომ არ არსებობს კრედიტის აღების ალტერნატიული წყარო. ამას ადასტურებს ისიც, რომ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თავად ბანკებმა დააფუძნეს ან ბანკები თავად იღებენ კრედიტებს მათგან, რომელსაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით გასცემენ და ამით ნახულობენ მოგებას. 

– საბჭოთადროინდელი სპეკულანტებივით ყოფილან ეს ჩვენი ევროდონის ბანკები.

– ბანკს აქვს შესაბამისი უზრუნველყოფები და უფრო სტაბილურია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან კრედიტს იღებს 11-12 პროცენტად და სხვადასხვა შემთხვევაში, მინიმუმ, 30 პროცენტად გასცემს, თუ სამომხმარებლო და სალომბარდო სესხია, უფრო მეტადაც, ავტოსესხის შემთხვევაში კი, ზოგჯერ წლიური საპროცენტო განაკვეთი 100 პროცენტზეც ადის. ამიტომ, ვისაც ჰქონდა მეტ-ნაკლებად შესაბამისი კაპიტალი ამ საქმის დასაწყებად, დაიწყო და პირადად მეც რომ მქონოდა შესაბამისი თანხა, აუცილებლად მოვკიდებდი ხელს ამ ბიზნესს, იმიტომ რომ თითქმის მინიმალური რისკის ფასად, მინიმუმ, აორმაგებ ჩადებულ თანხას, რადგან საპროცენტო განაკვეთები არის ძალიან მაღალი და ძალიან მიმზიდველი სექტორია ინვესტორისთვის.

скачать dle 11.3