კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაცდუნებელი სილამაზე

ლიუნგარის ქუჩაზე საღამოობით არავინ დადის... დღისით ის ულამაზესია, დღის მეორე ნახევარში კი – უკაცრიელი... ვსეირნობდი და, უცებ, ისინი დავინახე: კაცი თითქოს ნაცნობი იყო – მისი ძალიან წვრილი და გაღუნული ფეხები ადრე სადღაც მენახა, მაგრამ, ვერ გავიხსენე... აი, ქალი კი... ის თოჯინა იყო, ბერძნულ სტატუეტს ჰგავდა... წელი, თეძოები, მკერდი თითქოს მარმარილოსგან იყო გამოთლილი, მაგრამ, სახეზე ბავშვს ჰგავდა, თუმცა, ისიც მარმარილოსგან გამოთლილს უგავდა... ერთი შეხედვით, 18 წელზე მეტს ვერ მისცემდი, არადა, გაცილებით მეტის იყო. თოჯინა რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა რომში ქალაქ რიეტიდან. ერთ-ერთ ფირმაში მბეჭდავად-მემანქანედ მუშაობდა. მაშინვე შევამჩნიე, გავიცანი კიდეც, თუმცა, თბილი გრძნობები თავიდანვე არ გამჩენია. უფრო ვნებიანი და ეშხიანი ქალები მომწონდა, რაღაცნაირი იდუმალება რომ აქვთ. თოჯინა კი მეტისმეტად მარტივი და უბრალო იყო. ხომ იცით, ხდება ხოლმე ასე: გაიცნობ ქალს და – არაფერი... მერე კი, ერთ დღესაც, უცებ აღმოაჩენ, რომ გიყვარს; რომ ის ძალიან ლამაზია... ასე დამემართა იმ საღამოს და ბოღმაც მომეძალა, რომ თოჯინა ჩემ გვერდით არ მოსეირნობდა. წყვილს მექანიკურად გავყევი უკან და ერთბაშად შევნიშნე – რაღაც ისე ვერ იყო... კაცმა უცებ მაჯაში სტაცა ხელი და ნჯღრევა დაუწყო, თითქოს აპირებდა, დაერტყა. თოჯინა შემობრუნდა: „სენიორ, დამეხმარეთ... სენიორ პაოლინო, გემუდარებით...“ საკმაოდ რბილი ხასიათი მაქვს, უკონფლიქტო, ჩხუბი არც მიყვარს და არც შემიძლია. ერთი ნახტომით მათ შუა ჩავდექი. „სენიორ პაოლინო... უთხარით ამას, რომ თავი დამანებოს. მე წესიერი ქალიშვილი ვარ, არავის მივცემ ზედმეტის უფლებას!..“ 

შევეცადე, მრისხანე გამომეტყველება მიმეღო... 

– ახლავე მოსცილდი ქალიშვილს! – ვუყვირე აბეზარ თაყვანისმცემელს.

– კი მაგრამ, მე...

– ახლავე-მეთქი! რა გინდა თოჯინასგან? პოლიციას გამოვუძახებ!

– საერთოდ, მე... – კაცი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ, ვინ დააცადა? ხელი მოვმუშტე და სახესთან ახლოს მივუტანე.

– კარგი, კარგი... თუმცა...

– არც ერთი სიტყვა! წადი აქედან!..

მან ცოტა უცნაურად შემომხედა, რომლის მნიშვნელობასაც მაშინ ვერ მივხვდი...

მარტონი დავრჩით. თოჯინამ შავი, დიდი თვალები ისე შემომანათა, მივხვდი, რომ აქამდე ძალიან სულელი ვიყავი... გული სიამოვნებით შემიფრთხიალდა... ჩხუბიც რომ დამჭირვებოდა, მზად ვიყავი, ოღონდ კი ჩემთვის ასე შემოეხედა... სითამამე მოვიკრიბე და კაფეში ყავაზე დავპატიჟე. ჩემთვის ასეთი დღეები უჩვეულო იყო – სეირნობა, ჩხუბი, მერე – კაფე და ყავა, თოჯინას შავი თვალების ციმციმი... 

უცებ თოჯინამ მითხრა:

– ისე კარგია თქვენთან, მაგრამ, სამწუხაროდ, დედაჩემმა უნდა დამირეკოს და სახლში დაბრუნება მომიწევს...

მოვიწყინე. მასთან ერთად დილამდე ვისეირნებდი რომის ქუჩებში. თოჯინამ ხელი მომკიდა... მისი თითების სითბომ გამანადგურა... ისე ბუნებრივად იყო ყველაფერი, ამანაც შემძრა და ხელი მოვუჭირე...

„სენიორ პაოლინო, ვერც ვიფიქრებდი, თუ ასეთი თამამი იყავით, არ მეგონა...“ – ქალი რომ ამას გეტყვის, რა უნდა გააკეთო კაცმა? თვალებში ჩავხედე.

– იცით, თუ არ შეწუხდებით, ჩემთან წავიდეთ და დაველოდოთ დედაჩემის ზარს, მერე კი ვისეირნოთ. ისეთი მშვიდი და თბილი საღამოა...

ყველაფერი იყო ნათქვამი... უარს რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა? ხმისამოუღებლად გავყევი უკან.

სახლის კარი შავებში ჩაცმულმა, მკაცრსახიანმა ქალმა გაგვიღო.

– სინიორა, ეს რა არის? როცა ბინას ქირაობდით,  ხომ გითხარით, რომ მამაკაცების მოყვანის უფლებას არ მოგცემდით?

– ჰო, მაგრამ, ეს ჩემი ბიძაშვილია. სულ ნახევარი საათით მოვიდა, ტელეფონზე უნდა დაგვირეკონ.

– რადგან ასეა, შემოვიდეს...

ბინა პატარა იყო. მისაღებში, სკივრზე ჩამოვჯექი. თოჯინა მოწნულ სავარძელში მოკალათდა. ოთახში ცუდი განათება იყო და მე მის ჩრდილს ვხედავდი. ოთახის სიღრმეში ვიწრო და ბნელი დერეფანი ჩანდა, აქეთ-იქით ორი დახურული კარით. ტელეფონი დუმდა. თოჯინას გავუღიმე. მოწყენილი მომეჩვენა.

– ნერვიულობთ, დედათქვენი რომ არ გირეკავთ?

– ო, დიახ, ფული უნდა გამოეგზავნა. ო, რა დიდი სიამოვნებით ვიფიქრებდი მხოლოდ სიყვარულზე, მაგრამ...

– მომიყევი შენი გასაჭირის შესახებ, – წამოვიძახე გულანთებულმა.

– დიასახლისი ბინიდან მასახლებს. რამდენიმე თვის ქირას მთხოვს წინასწარ, მე კი ამის ნახევარსაც ვერ შევაგროვებ ჩემი მოკრძალებული ხელფასით.

გული დამწყდა, რომ პრობლემები ჩემზე ფიქრში უშლიდა ხელს... როგორ შეიძლებოდა, ასეთი სიფრიფანა, ნაზი და მიმნდობი არსება ბინიდან გაგეგდო?!

– თუ დედა არ დარეკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფული ვერ იშოვა და რომიდან უნდა გავემგზავრო... შინ დავბრუნდები...

– არა, არავითარ შემთხვევვაში! ამის გადატანა ჩემს ძალ-ღონეს აღემატება! ფული რამდენია საჭირო?

თოჯინამ ისე შემომხედა, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.

– სენიორ პაოლინო, ეს მართალია? თქვენ მართლა არ გინდათ, რომ მე აქედან გავემგზავრო?

– რა თქმა უნდა! ძალიან მდიდარი არ ვარ, მაგრამ, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ... – ჯიბეები ამოვიცარიელე და ათი ათას ლირას მოვუყარე თავი.

მადლიერებით შემომანათა თვალები, ტუჩებზე ნაზი თითები მიიდო და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.

– ახლავე დავბრუნდები, ჩემო კეთილო რაინდო. დიასახლისს ფულს მივუტან, თორემ, მეშინია, არ შემოვარდეს და გუშინდელივით სკანდალი არ მომიწყოს...

წამოხტა და ბედნიერი გაიქცა... არ მახსოვს, რამდენ ხანს ველოდი. მხოლოდ მაშინ, როცა სკივრზე უხერხულად ჯდომისგან ზურგი და ფეხები მეტკინა, მივხვდი, რომ თოჯინა აღარ დაბრუნდებოდა. ჯერ ვიდარდე – ნეტავი, უნებლიეთ რამე ხომ არ ვაწყენინე-მეთქი... ისე ბუნებრივად იყო ყველაფერი – დიასახლისები ხომ მკაცრად ექცევიან პროვინციიდან ჩამოსულ ლამაზ ქალიშვილებს... არანაირი ხმაური, დერეფნიდან ჩქამიც კი არ ისმოდა. აბსოლუტურ სიჩუმეში, როგორც იქნა, გავაცნობიერე, რომ მომატყუეს. დიასახლისიც ვერსად ვიპოვე. რაღა უნდა მექნა, გარდა იმისა, რომ ჩემს გზაზე წავსულიყავი...

ფეხებგაღუნულს ორი კვირის შემდეგ შევხვდი, ბარში. ჯერ კიდევ ცუდად ვგრძნობდი თავს იმის გამო, რაც დამემართა. ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და ბოდიშივით რაღაც ვუთხარი:

– მომიტევეთ... იმ საღამოს... მე მეგონა, რომ...

– დიახ, გეგონათ. მე კი თქვენს გაფრთხილებას ვაპირებდი...

– რამდენი? ანუ, თქვენს შემთხვევაში რამდენი იყო?

– თორმეტი ათასი ლირა.

– მე ათი ათასით შემითხელდა ჯიბე... მარმარილოსსახიანი თაღლითი! ვერაფრით ვიფიქრებდი...

– ვერც მე, – თქვა მან...

– გულახდილად მითხარით, ჩემს ადგილას თქვენც ხომ ასე მოიქცეოდით? ქალიშვილი გეძახის და დახმარებას გთხოვს...

 – რა თქმა უნდა! შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ – მეც ზუსტად თქვენსავით მოვიქეცი... – გამიღიმა მან.

скачать dle 11.3