კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-37(663) 

ოლგა რომ „გამემაზა“, ქურდული მალინისკენ გავემართე. იქ თავშესაფარსაც მომცემდნენ, ქალითაც გავერთობოდი და ქურდული „ობშჩიაკითაც“ ვისარგებლებდი. მაგრამ, ფული მქონდა და მხოლოდ „ხატა“ და ქალი მჭირდებოდა. ტაქსი შეგნებულად არ ავიყვანე, რადგან, გადატვირთული ქუჩების გამო დანიშნულების ადგილამდე მისვლას ნახევარი დღე მოვანდომებდი და მეტროში ჩავედი. თბილისისგან განსხვავებით, სადაც მეტროს მგზავრთა 99 პროცენტი ღარიბი მოქალაქეები არიან, მოსკოვის მეტროთი „მაყუთიანების“ დიდი ნაწილი სარგებლობს, რათა გზაში დრო არ დაკარგონ, ანუ, მოსკოვის მეტროს „კლიენტები“ არიან ბიზნესმენები, თანამდებობის პირები, უცხოელი ტურისტები და თითოეულ მათგანს მსხვილი საფულე უდევთ ჯიბეებში. ამიტომ, მოსკოვში საკმაოდ გავრცელებულია ჯიბგირობა და მილიციელებიც მრავლად არიან, რომ მათ ხელი სტაცონ და გასროკონ. ამ დაპირისპირებაში კი ხან ერთ მხარეს უმართლებს, ხან – მეორეს. ხალხით სავსე ვაგონში რომ შევედი და მატარებელი დაიძრა, შარვლის ჯიბეში ხელის ფათური ვიგრძენი. სასწრაფოდ მარცხენა ხელი ჩავიყავი ჯიბეში, ჯერ ჯიბგირს ჩავავლე მარჯვენაში და მხოლოდ ამის მერე შევხედე სახეზე.

– თუ შეიძლება, ხელი გამიშვით, ნუ მიჭერთ, მტკივა, – მიჩურჩულა ჯიბგირმა, რომელიც ოცდახუთიოდე წლის, ოქროსთმიანი, ლამაზი გოგონა აღმოჩნდა.

– ალბათ, ჯიბე შეგეშალა, ხომ? – ჩურჩულითვე მივუგე გოგონას.

– დიახ.

– მაშინ, საფულეს ხელი გაუშვი.

ჯიბგირმა გოგონამ საფულეს გაუშვა ხელი, მე კი მას გავუშვი ხელი და ხმადაბლა ვუთხარი:

– გეტყობა, არსად გეჩქარება. მოდი, ჩავიდეთ და ვიბაზროთ, ვფიქრობ, კარგი საუბარი გვექნება.

– გინდა, რომ, „ძაღლებს“ ჩააბარო ჩემი თავი? – ეჭვის თვალით შემომხედა გოგონამ, მე კი გავუღიმე და მივუგე:

– ეგ რომ მდომოდა, ხელს არ გაგიშვებდი.

– კარგი, ჩავიდეთ, – გამიღიმა გოგონამ.

მატარებელი გაჩერდა და ვაგონიდან რომ გავდიოდით, ჯიბგირს ვუთხარი:

– გაქცევა არ გაბედო, თორემ, მეც კარგად დავრბივარ.

– სპრინტერი ხარ?

– ქურდი ვარ, – გავუღიმე გოგონას და თვალი ჩავუკარი.

– ქურდი?! – შეცბა გოგონა. მე კი მას მაჯაში ჩავავლე ხელი და ვუთხარი:

– ჰო, ქურდი. წამოდი, რესტორანში გეპატიჟები. ციხიდან ამ დილით გავთავისუფლდი და ჯერ არაფერი მიჭამია.

ჩემს სიტყვებზე ჯიბგირ გოგონას გაეცინა და მითხრა:

– ეშმაკი კაცი ჩანხარ, ბიძაჩემო. მიხვდი, რომ ქურდებს პატივს ვცემ, ჩემი დაკერვა გინდა და თავს ქურდად ასაღებ.

– რომ მითხარი, ქურდობას იბრალებო, ეს სიტყვები დიდი შეურაცხყოფაა ჩემთვის და აღარ გაიმეორო. ამ ერთხელ გაპატიებ, მაგრამ, მეტჯერ – აღარ.

– მართლა ამ დილით გათავისუფლდი?

– აი, წაიკითხე, – და გოგონას ციხიდან გათავისუფლების ფურცელი გავუწოდე, – იმედია, რომ სკოლაში დადიოდი.

ციხიდან გათავისუფლების ცნობას რომ გაეცნო, შეცბუნებულმა გოგონამ ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია და ისეთი თვალიერება დამიწყო, როგორც აკლდამიდან ამოღებულ მუმიას. მე კი გამეცინა და ვკითხე:

– აბა, რას იტყვი, ახლა გჯერა ჩემი სიტყვების?

– ბოდიშს გიხდით, ძალიან ცუდად გამომივიდა და მაპატიეთ. აბა, რას წარმოვიდგენდი, თუ ვლადიმირის ცენტრალში იჯექით. იქ კი უბრალო პატიმრებს არ ათავსებენ. მაპატიეთ.

– გაპატიებ, თუ, რა თქმა უნდა, კომპანიონობას გამიწევ და რესტორანში წამომყვები. რას იტყვი, მოსულა?

– მოსულა, წავედით.

გოგონას ციხიდან გათავისუფლების საბუთი გამოვართვი, ჯიბეში ჩავიდე და სადგურ „იზმაილოვოში“ ამოვედით, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც უამრავი პატარ-პატარა რესტორანი იყო განთავსებული. ჩვენ ერთ-ერთში მოვჯექით, ერთი ბოთლი ღვინო და ვახშამი შევუკვეთეთ და საუბარი გავაბით. 25 წლის ჯიბგირ გოგონას ლარისა ერქვა და, აღმოჩნდა, რომ მოსკოვის ცენტრში, სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა.

– ჩემი დედ-მამა გეოლოგები იყვნენ და, თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, მაშინ დაიღუპნენ ერთ-ერთ ციმბირულ ექსპედიციაში. ბებია მზრდიდა, რომელიც ერთი წლის წინ გარდამეცვალა, – მითხრა ლარისამ და დაამატა: ბებია ფილოლოგიის დოქტორი იყო, პროფესორი და მის დაკრძალვაზე პრეზიდენტიც მოვიდა.

– ლარა, ასეთი კარგი ოჯახის შვილი ასეთ გზაზე რამ დაგაყენა? – ვკითხე ლარისას, რომელმაც თავადვე მთხოვა, ასე მომმართეო.

– გაჭირვებამ და ინტერესმა, – მომიგო გოგონამ, – ჯერ ერთი, არსებობა ხომ მინდა. განა ასე ადვილია კარგი სამსახურის შოვნა? პუტანკობას ვერ დავიწყებ, არც მაყუთიანი საყვარლები მაინტერესებს. თანაც, ქურდული ცხოვრება ბავშვობიდანვე მიზიდავდა და ამ ყველაფერმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.

– დიდი ხანია, ჯიბგირობ?

– ერთი წელია. მას მერე, რაც ბებია გარდამეცვალა.

– არ გინდა, რომ პროფესია შეიცვალო, უფრო სწორად – სპეციალობა?

– რას გულისხმობთ?

– ჯიბგირობიდან დომუშნიკობაზე გადახვიდე. იცი, რას ნიშნავს დომუშნიკობა?

– ბინის ქურდობას.

– სწორია. რას იტყვი, გინდა?

– თქვენ დომუშნიკი ხართ?

– კი.

– მაშინ, მინდა.

– ძალიან კარგი. ესე იგი,  შევთანხმდით, – ვუთხარი ლარას, მან კი გამიღიმა და მითხრა:

– შევთანხმდით, მაგრამ, იმ პირობით, რომ ამ სპეციალობას შემასწავლით, თორემ, დომუშნიკობაში არაფერი გამეგება.

იმ დღიდან ლარასთან ჩავსახლდი და ერთად ცხოვრება დავიწყეთ, პარალელურად კი დომუშნიკობას ვასწავლიდი და ჩემს მდიდარ გამოცდილებას ვუზიარებდი. გოგონა ნიჭიერი მოწაფე აღმოჩნდა, დომუშნიკობას ჯიბგირობაზე უკეთესად დაეუფლა და ერთი სული ჰქონდა, საქმეზე წასულიყო.

– ნუ ჩქარობ, ლარა. გახსოვდეს, რომ ნებისმიერი საქმე წვრილმანებამდე უნდა მოამზადო და მხოლოდ ამის მერე დაიწყო მისი კეთება, – ვმოძღვრავდი ლარას.

– ძალიან მაინტერესებს, ბაითის „დაბომბვის“ დროს რა განცდა ეუფლება ქურდს, – მკითხა ლარამ, მე კი მივუგე:

– ჯიბგირობისას რას გრძნობდი?

– ჩალიჩის დაწყებამდე სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. ჩალიჩის დროს მხოლოდ  საქმის წარმატებულ დასრულებაზე ვიყავი კონცენტრირებული, კლიენტის წარმატებულად „გაპარსვის“ მერე კი სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელს ვგრძნობდი, დაახლოებით ისეთს, როგორც სექსის შემდეგ.

– სექსზე რა მოგახსენო, მაგრამ, ბაითის „დაბომბვის“ პროცესს საკმაოდ დიდი ფიზიკური და ფსიქიკური ენერგია მიაქვს და უფრო მეტ სიზუსტესა და მოხერხებულობას მოითხოვს, ვიდრე ჯიბგირობა.

– მინდა... ბაითის „დაბომბვა“ მინდა. მოდი, დავაჩქაროთ ეს პროცესი, – მითხრა ლარამ და კისერზე ჩამომეკიდა.

მე და ლარამ საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ სამიოდე წელიწადი და არაერთი მაყუთიანი საქმე გავჩარხეთ. გოგონა ძალიან საზრიანი, მოხერხებული მომპარავი აღმოჩნდა, მაღალი კლასის პროფესიონალად ჩამოყალიბდა და სრულფასოვან პარტნიორობას მიწევდა ნებისმიერი სირთულის საქმეში. პირველ საქმეზე წასვლამდე ექვსი თვე ვემზადებოდით. ყველაფერი საგულდაგულოდ რომ დავგეგმეთ და საბოლოოდ დავაზუსტეთ, საქმეზე გავემართეთ.

შემუშავებული სქემის მიხედვით, ლარა უცხოელი ნაშის როლს თამაშობდა, რომელიც, მართალია გატეხილი რუსულით, მაგრამ, გასაგებად ლაპარაკობდა. „დაბომბვის“ პირველი ობიექტი ერთი სომეხი ეროვნების მოსკოველი ცეხავიკი იყო, რომელიც ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობდა და სახლი ანტიკვარიატით ჰქონდა გამოტენილი. მან ლარა სასტუმრო „როსიას“ ბარში „შეაბა“, სადაც ეს ცეხავიკი დადიოდა. ლარა მეორე დღესვე სახლში აჰყვა მას, თუმცა, სექსზე არ დათანხმდა და მისი ბინა საგულდაგულოდ დაათვალიერა, თან, საკეტების ანაბეჭდებიც აიღო. ლარა და ცეხავიკი ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ ნდომით შეპყრობილი მამაკაცი ბუღას ჰგავდა და ერთი სურვილი ჰქონდა, ლარა ლოგინში ჩაეწვინა. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ლარა ცეხავიკს არ შეხვედრია, რითაც ის უფრო მეტად აღაგზნო და ტვინი აურია. მეხუთე დღეს კი ლარა და ცეხავიკი პოდმოსკოვიეში, აგარაკზე გაემგზავრნენ. ინტიმური ვახშმის დროს ლარამ კლიენტი თორმეტი საათით დააძინა საძილე აბით, თვითონ მოსკოვში დაბრუნდა და ჩემთან ერთად „დაბომბა“ ბაითი. „ტავარი“ მშვიდობიანად რომ დავაბინავეთ, კვლავ აგარაკზე გაემგზავრა, ცეხავიკთან ერთად „გაიღვიძა“ და თავის „კუროს“ დამტვრეული რუსულით უთხრა:

– რა კარგი იყავი, ძვირფასო... რა სამწუხაროა, რომ დღეს მივემგზავრები...

გაბრუებულმა ცეხავიკმა კი, რომელსაც არაფერი ახსოვდა და, ეგონა, რომ „უცხოელ ნაშას“ მართლა ძალიან მოაწონა თავი, ლარა აეროპორტში გააცილა, პირობა ჩამორთვა, რომ გოგონა მასთან კვლავ ჩამოვიდოდა და სახლში დაბრუნდა, რომელიც პირწმინდად გასუფთავებული დახვდა... ცეხავიკს აზრადაც არ მოსვლია, რომ მისი ბინის გაქურდვაში „უცხოელი ნაშის“ ხელი ერია. მას მილიციისთვის არც კი მიუმართავს, რადგან, იატაკქვეშა მილიონერი იყო და ამის გამჟღავნება არ აწყობდა. ერთი სიტყვით, ამ საქმიდან ასე სუფთად გამოვძვერით, თუმცა, ყოველთვის ასეთი სქემით არ ვმოქმედებდით და ვცდილობდით, ხელწერა არ გაგვემეორებინა, რომ სამძებრო „კუდზე“ არ დაგვჯდომოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლარაჩკა ქალი იყო, პრაქტიკული ქურდული საქმიანობის პარალელურად, ქურდული კანონებიც მშვენივრად ჰქონდა ათვისებული და, მამაკაცი რომ ყოფილიყო, კანონიერი ქურდობა არ ასცდებოდა. თუმცა, ქალისთვის ამ სტატუსის მინიჭება არ შეიძლება და ლარა მაღალკვალიფიციურ მომპარავად და ჩემს სრულუფლებიან პარტნიორად რჩებოდა. დიდი ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, მე და ლარა იდეალურად ვეწყობოდით ერთმანეთს საწოლშიც და ის თითქმის ისე შემიყვარდა, როგორც თათია. ლარასთან დაშორება კი მას მერე მომიწია, როდესაც მორიგი საქმის დროს გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: შუა ჩალიჩის დროს, როდესაც ბინის პატრონის საძინებელში სეიფს ვეძებდი, საიდუმლო კარადის კარი გაიღო და პისტოლეტმომარჯვებულმა პატრონმა მითხრა:

– ადგილზე გაქვავდი და იარაღი ფრთხილად დადე, თორემ, გესვრი!

– უიარაღო ვარ.

– მაშინ, გაქვავდი და არ გაინძრე, – გამიმეორა ბინის პატრონმა.

შემუშავებული სქემის მიხედვით, ლარა მანქანით მელოდებოდა ქვევით, თუმცა, შეიძლებოდა, ამოსულიყო. ეს კი დაუშვებელი იყო და ბინის პატრონს ვუთხარი:

– რას აპირებთ?

– მილიციას ჩაგაბარებ.

– მერე, რას ელოდებით, მიდით...

– ჯერ ის მითხარი, აქ როგორ მოხვდი.

– პროფესიონალი ქურდი ვარ, მეტსახელად კობრა და არ გამჭირვებია, – სწრაფად მივუგე ბინის პატრონს, რათა მას მილიცია გამოეძახა და ამით ლარას „დაწვა“ ამეცილებინა თავიდან.

ბინის პატრონმა მალევე გამოიძახა მილიცია და ლარა დაპატიმრებას გადაურჩა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო ამ საქმეში, რომ ბინის პატრონს მოღალატე ცოლის საყვარელთან გამოჭერა უნდოდა, სახლში სათადარიგო, საიდუმლო შესასვლელიდან დაბრუნდა და ცოლისა და მისი საყვარლის ნაცვლად მე შევრჩი ხელში.

ლარა სასამართლოს ყველა სხდომას ესწრებოდა. საბოლოოდ, ოთხი წელი მომისაჯეს. გოგონამ ბადრაგს ფული გადაუხადა, საკანში მომინახულა და მითხრა:

– კობრა, საყვარელო, მადლობა, რომ არ გამწირე, მე შენ დაგელოდები.

– არა, ჩემო გოგონა, ამაზე არც იფიქრო, – მივუგე ლარას, – მე შენთან აღარ დავბრუნდები. გირჩევ, გათხოვდე, ბავშვი გააჩინო და წესიერ ცხოვრებას მოჰკიდო ხელი. საამისო თანხები გაქვს, მე კი შენგან მეტი არაფერი მინდა.

ლარამ ყურად იღო ჩემი თხოვნა, უცხოელზე გათხოვდა და საზღვარგარეთ გაემგზავრა. მე ორი წელი რუსეთში ვიხდიდი სასჯელს, შემდეგ კი საქართველოში გადმომგზავნეს, რადგან, რუსეთის მოქალაქეობა არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციით მოსული მთავრობა უკვე სულს ღაფავდა, როცა სროკიდან გამოვედი, მაინც ძველი წესები მოქმედებდა. ძალიან მალე „სოდი“ დამეცა სახლში და ამ წყეული 223-ე პრიმა მუხლით ხელახლა მომინდომეს ციხეში ჩემი შებრუნება, მაგრამ, თავს გაქცევით ვუშველე, რაც ადრე დაწვრილებით მოვყევი.

როგორც უკვე ვთქვი, ამჟამად პაბეგში ვარ და, მიუხედავად მთავრობის ცვლილებისა, ეს ეგრეთ წოდებული დრაკონული 223-ე მუხლი კვლავ ძალაშია, მის შეცვლას არ აპირებენ და, თუკი ვინმეს წამოსცდა, ქურდი ვარ ან ქურდებს თანავუგრძნობო, ყოველგვარ ფაქტზე წასწრების გარეშე, საკმაოდ დიდი ხნით სვამენ ციხეში. ამგვარად, გამოთქმა: „ქურდი ციხეში უნდა იჯდესო“, ახალი ხელისუფლების მმართველობის დროსაც ძველებურად სრულდება და ამ უსამართლობის გამოსწორებას ჯერჯერობით არავინ ფიქრობს.

მე კომუნისტური წყობის ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ, ასეთი რამ მაშინაც არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, იყო წამება, იარაღისა და ნარკოტიკების ჩადება, საქმეების შეტენვა, მაგრამ, ქურდული სტატუსის გამო მაშინ არავის აპატიმრებდნენ. მე იურისტი არ ვარ, თუმცა, შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ იურისპრუდენციისთვის ყოვლად მიუღებელი და ალოგიკურია 223-ე პრიმა მუხლის არსებობა და ეს უფრო უკან გადადგმული ნაბიჯია, ვიდრე პროგრესისკენ და დემოკრეტიული სამართლებრივი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ სწრაფვა. თუ მაგრები არიან ძალოვანი სტრუქტურები, მაშინ, დანაშაულის პრევენცია თავიანთი პროფესიონალიზმით მოახდინონ და არა შანტაჟით, რომელიც კანონში შეტანილი უსამართლობითაა სანქცირებული. აბა, რომელი ქურდი მოიჭრის თავს და საჯაროდ ან პირისპირ იტყვის – ქურდი არ ვარო?! თუკი ეგრეთ წოდებული ყოველგვარი ჩამოსხმის უმცირესობებს აქვთ უფლებები, რაც, ხშირ შემთხვევაში, უზნეობაა და მათ კანონი მაინც იცავს, ქურდებს რატომ უნდა აპატიმრებდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქურდის სტატუსს ატარებს, ეს ხომ ყოველგვარი უსამართლობის ზღვარს სცილდება?! ჩემი აზრით, აქ „აკრძალული ხილის“ პრინციპი მოქმედებს. ამ კანონმა მხოლოდ ქურდების რაოდენობა გაზარდა ქურდულ ციხეებში, ქურდის ტიტულის მაძიებელთა რაოდენობა კი არ შემცირებულა და არც ქურდობის შემთხვევებია კლებისკენ წასული. მე არ ვამბობ, რომ ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდობა“ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა იყოს აყვანილი, მაგრამ, არც სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს ქურდების უკანონო შევიწროება-განადგურება, რაც უკუეფექტს გამოიწვევს და ამით მხოლოდ ქართული საზოგადოება დაზარალდება.

– ჩვენ, ძმაო, სულ მალე წითელ წიგნში შესატანები გავხდებით, – ხუმრობით მითხრა ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ, რომელიც მეშვიდე იზოლატორში იჯდა ჩემთან ერთად და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს და რვაწლიანზე გაუშვეს, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე თქვა, ქურდი ვარო და ქურდების სადღეგრძელო დალია. ეს ყველაფერი კი ვიდეოფირზე იყო აღბეჭდილი და სასამართლოზე მთავარ სამხილად გამოიყენეს.

– სტალინის პერიოდი გადავიტანეთ, ხრუშჩოვი მოვინელეთ და არც ამათ გავანადგურებინებთ თავს, – სერიოზულად მივუგე კოლეგას და ღიმილით დავამატე: ვერ გადაგვყლაპავენ, ყელში გავეჩხირებით და, ისე წაუვათ საქმე, რომ მათ წითელ წიგნშიც კი აღარავინ შეიტანს.

იმ დღეს, როდესაც ეს საუბარი გაიმართა, ქურდების წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია განხორციელდა და, როგორც გუბერსკში, ასევე მეშვიდეში მსხდომ ქურდებს სპეცრაზმი მოგვისიეს, რომელსაც პენიტენციალური სისტემის ნორჩი ხელმძღვანელი პირადად მეთაურობდა. ეს თვალებგაფართოებული, ნასვამი ნაბიჭვარი პირდაპირ ჩვენს საკანში შემოვიდა ოთხი „ჟლობი“ სპეცრაზმელის თანხლებით და ჩემს კოლეგას უთხრა:

– ვინ ხარ?

– ადამიანი, – მშვიდად მიუგო ჩემმა კოლეგამ და, ზოგიერთი სხვა კოლეგისგან განსხვავებით, მას თვალი თვალში გაუყარა.

– შენ ის არ ხარ, ყანწით რომ ქურდების სადღეგრძელოს სვამდი და რვა წელი მოგარჭვეს? – ცინიკურად ჰკითხა თვალებგაფართოებულმა ნაბიჭვარმა ჩემს კოლეგას და პასუხიც ცინიკური მიიღო:

– მირჭობილებისაც და დამბრალებლების დედაც!.. ქურდების სადღეგრძელოს დავლევ, აბა, ბოზებს ხომ არ ვადღეგრძელებ!

ნაბიჭვარს ველურად აენთო თვალები, მაგრამ, სიმშვიდის შენარჩუნება სცადა და ჰკითხა:

– ბოზებში ვის გულისხმობ?

– იმას, ვინც ქურდებს აგინებს, – პირში მიახალა ჩემმა კოლეგამ.

– მე რომ შევაგინო, მეც ბოზი ვიქნები?

– რომც არ შეაგინო, ისედაც ბოზი ხარ! – კვლავ პირში მიახალა სიმართლე ჩემმა კოლეგამ იმ ნაბიჭვარს, რითაც წყობიდან გამოიყვანა და მან ქურდს ხელი გაარტყა სახეში.

ჩემმა კოლეგამ პასუხი არ დააყოვნა და თვალებგაფართოებულ ნაბიჭვარს ისეთი მუშტი სთხლიშა ყბაში, რომ კამერის კედელს მიანარცხა... ამის შემდეგ „სპეცრაზმელებმა“ ჩემი კოლეგა დერეფანში გაათრიეს და დუბინკებით სასტიკად სცემეს. არც ჩვენ დაგვაკლეს – რვა სპეცრაზმელი „ჟლობი“ კამერაში შემოგვიცვივდა და ხუთ დარჩენილ ქურდს დუბინკებით დაგვცხეს. ვალში არც ჩვენ დავრჩენილვართ და მანამდე ვჩხუბობდით, სანამ ხუთივემ გონება არ დავკარგეთ... მთელი ეს აჯაფსანდალი იმით დასრულდა, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია ციხის ბუნტად მონათლეს. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ათეულობით პატიმარი კი მძიმედ დაშავდა. ჩვენ, ქურდები მკაცრ იზოლაციაში მოგვაქციეს და ჯურღმულებში გამოგვკეტეს. დიდი ხნის განმავლობაში ინფორმაციის ყველა არხი გადაკეტილი გვქონდა და, არ ვიცოდით გარეთ რეალურად რა ხდებოდა.

ორი კვირის შემდეგ საკანში ოფიცერი მეწვია და მითხრა:

– გველესიანო, წამომყევით!

ოფიცერს პირველად ვხედავდი. ის არც ნადზორს ჰგავდა და არც სპეცნაზელს, ამიტომ, ვკითხე:

– ხომ არ მათავისუფლებთ?

– წამომყევით, – კორექტულად მითხრა ოფიცერმა და მივხვდი, რომ ჩემს თავს სხვა რამ ხდებოდა, რადგან, ოფიცერი საპრესად რომ ყოფილიყო გამოგზავნილი, უცენზუროდ მომექცეოდა.

მეშვიდე იზოლატორიდან იზოლირებულ, უფანჯრებო კაბინეტში მიმიყვანეს და ოფიცერი უკან გაბრუნდა. ოთახში მყოფი სამოქალაქოდ ჩაცმული პიროვნება კი ჩემკენ შემობრუნდა და ღიმილით მითხრა:

– როგორ ხარ, კობრა, შე  ძველო?

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ჩემს წინაშე ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, ყველაზე უახლოესი მეგობარი, ზურიკო ყიფიანი იდგა...

– ხუჭუჭა, შეენ?! – ამოვილუღლუღე მე, რადგან ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ თავი სიზმარში მეგონა.

– მე ვარ, მე, შე ძველო! – მითხრა ხუჭუჭამ, მომვარდა და გადამეხვია. მერე კი გაღიმებულმა მკითხა: გაოცებული ხარ, ხომ?

– აქ საიდან, როგორ და, საერთოდ, სად ვიმყოფებით? – ვკითხე ხუჭუჭას.

– ეს ოთახი ის ერთადერთი ადგილია მთელ საქართველოში, რომელიც არ ისმინება, – მითხრა ხუჭუჭამ, – ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ: უშიშროების გენერალი, ზურაბ ვახტანგის ძე ყიფიანი!

– რას ამბობ, მართლა?! – აღმომხდა მე, რადგან ისე ვიყავი გაოგნებული, რომ სხვა ვერაფერი ვთქვი.

– აბა, შენსავით ქურდი ხომ არ გამოვიდოდი? თუმცა, თავიდან სწორედ ეგ მინდოდა.

– გენერლობას ქურდობა აღარ ჯობია?

– გენერალს გააჩნია. მე გენერლებში ვარ ქურდი, – სავსებით სერიოზულად მითხრა ხუჭუჭამ, – მთელი გულით მიხარია შენთან შეხვედრა. იმედია, ამდენწლიანი განშორების მერე ერთმანეთს აღარ დავკარგავთ.

– ხუმრობ? – ვკითხე ხუჭუჭას.

– სულაც არა. ვგავარ ხუმარას? ორმოცი წელია, ერთმანეთი არ გვინახავს. არ გვეყო განშორება?!

– ზუსტად ორმოცი წელია... – ვთქვი მე, ხუჭუჭამ კი ძველებური რიხით მითხრა:

– რა გჭირს, შე ჩემა, დაივიწყე, რომ ქურდი ხარ და უშიშროების გენერალს ელაპარაკები. ბავშვობის ძმაკაცები ვართ. შენ კობრა ხარ, მე კი – ხუჭუჭა.

ხუჭუჭასთან შეხვედრა მართლა ძალიან გამიხარდა, მაგრამ, მასში უშიშროების გენერალს ვხედავდი და თავშეკავებულად ვკითხე:

– სად ხარ, როგორ ხარ, სად იყავი ამდენი წელი, რომ არ ჩანდი?

– კობრა, იცოდე, ძმები ვართ და ჩემში ეჭვი ნუ გეპარება. შენთვის და ყბედალოსთვის ისევ ის ხუჭუჭა ვარ, ვინც მაშინ, ბავშვობაში, მთაწმინდაზე ვიყავი.

ხუჭუჭას სიტყვებმა გული ამიჩუყა და ცრემლი ძლივს შევიკავე. მივხვდი, რომ არ თვალთმაქცობდა, გადავეხვიე და მივუგე:

– აქ როგორ გაიჩითე?

– ასე, რა, შე დალოცვილო! – მითხრა ხუჭუჭამ და დაამატა: ერთი კვირის ჩამოსული ვარ საქართველოში. მანამდე, ჯერ რუსეთში ვმოღვაწეობდი, შემდეგ – უკრაინაში, ამერიკელების რეკომენდაციით კი სამინისტროში ერთ-ერთ უმაღლეს პოსტზე დავინიშნე.

ხუჭუჭა, ჩემი არ იყოს, დღესდღეობით გაქცეულია და მას ინტერპოლი ეძებს ახალი მთავრობის ძალისხმევით, რადგან, ზურიკო ყიფიანს ძველი რეჟიმის ერთგულებაში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და საერთაშორისო მაფიასთან კავშირში დასდეს ბრალი. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მაგრამ, ხუჭუჭა რომ მხოლოდ უბრალო გენერლობას არ დასჯერდებოდა და მეტს მოინდომებდა, ამაში დარწმუნებული ვარ. მან თავისი ამბიციები ჩვენი შეხვედრის დროს დაუფარავად გამიმხილა და მითხრა:

– მართალია, დიდად არ მიცნობენ ფართო წრეებში, მაგრამ, ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ვარ და დიდი გავლენა გამაჩნია.

– ძალიან სახიფათო გზაზე დგახარ...

– შენ რა, არა? – კითხვა შემომიბრუნა ხუჭუჭამ.

– ჩვენ სხვადასხვა განზომილებაში ვმოღვაწეობთ.

– ტყუილად ფიქრობ ასე. ქურდული სამყარო და მაფია თითქმის ერთი სფეროა და შენ ამ სამყაროში დიდი გავლენა გაქვს. შენი სამყარო და პოლიტიკა კი ერთმანეთზეა მიბმული და შეიძლება, ითქვას, რომ ერთ უღელში ვართ.

– ხუჭუჭა, რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, მავერბოვკებს-მეთქი.

– კიდევ კარგი, რომ ასე არ ფიქრობ. მაგას არ გაკადრებ. მე შენ, როგორც ძმაკაცს, ისე გხვდები და, შემიძლია, სამ დღეში გაგიყვანო აქედან, თუმცა, კარგად ვიცი, რომ უარს იტყვი.

– სწორად გცოდნია.

– ჰოდა, ამაზე სიტყვასაც აღარ დავასველებ, მით უმეტეს, რომ სროკიც მალე დაგიმთავრდება, – მითხრა ხუჭუჭამ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიტყვა თქვა, ხუჭუჭას უხილავ ხელს მაინც ვგრძნობდი და დარჩენილი სროკი ისე გავატარე ციხეში, რომ არ გამჭირვებია, არავის შეუვიწროვებივარ და ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ, ვერც მე ვუსაყვედურებდი საკუთარ თავს და ვერც ჩემი კოლეგები წამომაძახებდნენ რამეს.

– ხუჭუჭ, შენ ისეთი ხარ, რომ ჩემ შესახებ  ყველაფერი გეცოდინება და ჩემზე ლაპარაკით დროს ნუ დავკარგავთ. ჯობია, შენზე მიამბო.

– ცოლი მყავს და ორი შვილი, ქალ-ვაჟი. ისინი ახლა აქ არიან, მაგრამ, უცხოეთში დაბრუნდებიან, რადგან, იქ ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ, – მოკლედ და მკაფიოდ მომიგო ხუჭუჭამ.

– სულ ესაა?

– დანარჩენი – მერე, როცა გარეთ შევხვდებით ერთმანეთს და ჩემს ოჯახს გაგაცნობ.

– კარგი, ასე იყოს. კიდევ რას მეტყვი?

– შენ მართალი ხარ. მთავარი სათქმელი მაქვს შენთან, მაგრამ, სიტყვებს ვარჩევ – მეშინია, გული არ გაგისკდეს.

– მაგოიმებ? ისეთი რა უნდა მითხრა, რომ გული გამისდეს? ყბედალო ცოცხალია და ეს ზუსტად ვიცი, თუ, რა თქმა უნდა, ამ ორ კვირაში არ შეემთხვა რამე. დედ-მამა დიდი ხანია, აღარ მყავს... კიდევ რა? – უცებ თავში საზარელმა აზრმა გამიელვა და უნებურად აღმომხდა: თათია?!.

– ნუ გეშინია, თათიაც ცოცხალია, – სიტყვა შემაშველა ხუჭუჭამ.

მე შვებით ამოვისუნთქე და ვთქვი:

– მადლობა ღმერთს, მეტის არაფრის მეშინია.

– კობრა, მომისმინე, – მითხრა ხუჭუჭამ  და საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  განაგრძო: თათიასგან ვაჟი გყავს, გოგია ჰქვია და ოცი წლისაა...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3