კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინციდენტი მოხდა სტალინსა და როკოსოვსკის შორის ოპერაცია „ბაგრატიონის“ დაწყების წინ

სტალინგრადის ოპერაციამ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა საბჭოთა კავშირ-გერმანიის დაპირისპირებაში. წარმატებით გახალისებულმა საბჭოთა ჯარებმა კიდევ რამდენიმე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს და გერმანელებისგან გაწმინდეს დონბასი, ხარკოვი, რეევსკი და კალინინი, რის შემდეგაც სტალინმა ლენინგრადისთვის მოიცალა.

ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისთვის შემუშავდა საგანგებო გეგმა „ისკრა“, რომლის მიხედვითაც, ლენინგრადისა და ვოლხოვოს ფრონტებს უნდა განეხორციელებინათ შემხვედრი დარტყმები და გერმანელების დაცვითი ზღუდე გაერღვიათ. ზღუდე სიგანეში მხოლოდ 12 კილომეტრს შეადგენდა, მაგრამ ეს გახლდათ მთლიანი ნაგებობა, რომელიც დაქსელილი იყო რკინაბეტონის კონსტრუქციებით, მავთულხლართებითა და დანაღმული ველებით. ორი წლის განმავლობაში იდგა ლენინგრადის მისადგომებთან გერმანელების მძიმე არტილერია და საავიაციო არმია, რომელიც შესანიშნავად იცნობდა ადგილმდებარეობას და შეგუებული იყო კლიმატთანაც. ხელმძღვანელი კი გამოცდილი გენერალ-ფელდმარშალი გეორგ ფონ კლიუხერი იყო, რომელსაც გამოცდილება ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომიდან ჰქონდა მიღებული. ის იბრძოდა პოლონეთის წინააღმდეგაც და მისი დაპყრობილი გახლდათ საფრანგეთიც.

სტალინმა ფრონტიდან გამოიძახა ჟუკოვი, რომელიც იმ დროისთვის ვორონეჟის ფრონტს ხელმძღვანელობდა და ოპერაცია „ისკრის“ ხელმძღვანელობა დაავალა. საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სტალინმა ჟუკოვს გადასცა გეგმა და სასწრაფოდ ფრონტზე გამგზავრება უბრძანა, სადაც საბჭოთა ჯარებს ალყაში ჰყავდათ გერმანიის 16 არმია და ამის გამო, გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობდა. ჟუკოვს დაევალა, რაც შეიძლება დიდხანს ჰყოლოდა ალყაში გერმანელები, რათა კლიუხერს მთელი რეზერვები ამ მიმართულებით გადაესროლა და საბჭოთა შენაერთების შეტევას ხელცარიელი შეგებებოდა.

ლენინგრადის ბლოკადის გარღვევა 1943 წლის 12 იანვარს, დილის 9 საათსა და 30 წუთზე დაიწყო: ეგრეთ წოდებულ, შლისებურგის დერეფანს, რომლის სიგანეც თორმეტ კილომეტრს შეადგენდა, ათასობით ჭურვი, ნაღმი და საავიაციო ბომბი დაატყდა. თავდაცვის ზოლის თითოეულ მეტრზე წუთში ორი-სამი ჭურვი ფეთქდებოდა. გერმანელები გააფთრებული იცავდნენ ლენინგრადის მისადგომებს. საბჭოთა შენაერთებმა ერთი კვირის ბრძოლის შემდეგ, შეძლეს გერმანიის არმიების თავდაცვის ზღუდის გარღვევა.

გამარჯვების შესახებ ჟუკოვმა პირადად მოახსენა სტალინს. როგორც ყოველთვის, სტალინი ამჯერადაც სიტყვაძუნწი იყო.

– ამხანაგო ჟუკოვ, გილოცავთ ამ გამარჯვებას და  გაცნობებთ, რომ უმაღლესმა საბჭომ მოგანიჭათ საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება, – თქვა მან და მაშინვე სხვა საკითხზე გადავიდა, – მხოლოდ ბლოკადის გარღვევა არაფერს ნიშნავს, ქალაქს სასწრაფოდ დახმარება სჭირდება. რკინიგზა ისევ მტრის ხელშია, ჩვენ კი ქალაქის მომარაგებისთვის ახალი სარკინიგზო ხაზი გვჭირდება.

ქვეყნის დანარჩენ ნაწილებთან დამაკავშირებელი ლენინგრადის რკინიგზა უნიკალურ მშენებლობად იქცა. სამშენებლო ბრიგადები ფეხდაფეხ მისდევდნენ მოიერიშე ნაწილებს და მათ კვალდაკვალ ალაგებდნენ ლიანდაგებს. ორი კვირის განმავლობაში რკინიგზის ოცდათოთხმეტკილომეტრიანი მონაკვეთი გაიყვანეს და ცხრაასდღიანი ბლოკადით გამოფიტული ქალაქისკენ პირველი ტვირთი დაიძრა. ოპერაცია 12 იანვრიდან 1 მარტამდე მიმდინარეობდა, გერმანელების არმიათა ჯგუფი – „ჩრდილოეთი“ საბოლოოდ განადგურდა. ლენინგრადის მისადგომებთან ჩარჩა ასიათასობით გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი. ჰიტლერმა არ აპატია კლიუხერს ლენინგრადის დაკარგვა, სარდლობა ჩამოართვა და მის ადგილზე გენერალ-პოლკოვნიკი ლინდენმანი დანიშნა. ლინდენმანმა ვერ შეძლო შეეკავებინა საბჭოთა ჯარების შემოტევა და ისიც შეცვალეს – გენერალ-ფელდმარშალ მოდელით. შედეგი ამანაც არ გამოიღო. საბჭოთა შენაერთები აგრძელებდნენ იერიშებს და გერმანელების ჩრდილოეთის არმიამ და საერთოდ, ჩრდილოეთის ფრონტმა, არსებობა შეწყვიტა.

1944 წელს საბჭოთა ჯარები რუმინეთის მისადგომებთან მივიდნენ. იმ პერიოდში საბჭოთა სარდლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბრძოლების საზღვრებს გარეთ გადატანა. მაგრამ, რუმინეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა გერმანიის არმიათა ჯგუფის ცენტრი, რომლის შემადგენლობაში 60 დივიზია იყო. მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილებისა და რაოდენობის მიუხედავად, არსებულ ვითარებაში საბჭოთა სარდლებს არ შეეძლოთ ასეთ დაჯგუფებასთან შებრძოლება. მათ, უბრალოდ, არ გააჩნდათ საამისო ძალები. ამით გერმანელები უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ და სწრაფი ტემპით აგებდნენ გამაგრებულ ზღუდეებს და საზღვრისპირა რაიონებს გეგმავდნენ. ვითარების გამოსასწორებლად, სტალინმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო თათბირზე მან ბრძანა, სხვა ფრონტებზე გერმანელი დაჯგუფებების განადგურება და შემდეგ გამოთავისუფლებული საბჭოთა შენაერთების რუმინეთის მიმართულებით  გადასროლა. კონკრეტულად, საბჭოთა ჯარებს უნდა გაენადგურებინათ ბალტიისპირეთში დისლოცირებული არმიათა ჯგუფ „ჩრდილოეთის“ ნარჩენები და ასევე, უკრაინაში დისლოცირებულ არმიათა ჯგუფი „ჩრდილოეთ უკრაინა“. ამ გრანდიოზული გეგმის დეტალებს მხოლოდ ხუთი ადამიანი იცნობდა.

გეგმიდან რაიმე ჩანაწერების გაკეთება და მის თაობაზე სატელეფონო საუბრები, სტალინმა კატეგორიულად აკრძალა. გეგმას კი სახელად უწოდა „ბაგრატიონი“.

გეგმის მიხედვით, საბჭოთა ჯარებს ხუთი ფრონტის მიმართულებით უნდა დაერტყათ ბელორუსიისა და ბალტიისპირეთისკენ, გაენადგურებინათ მოწინააღმდეგე და შეტევა რუმინეთის მიმართულებით გაეგრძელებინათ. გეგმის საბოლოო ვარიანტის განხილვისას, როკოსოვსკიმ სტალინს ფრონტის მარცხენა ფლანგზე ორი დარტყმის განხორციელება შესთავაზა. სტალინი ყოველთვის მშვიდად ისმენდა მოსაზრებებს, მაგრამ, ამჯერად როკოსოვსკის შენიშვნამ იმდენად გააღიზიანა, სარდალს თათბირის დატოვება უბრძანა. სტალინმა გააგრძელა თათბირი. რამდენიმე წუთის შემდეგ როკოსოვსკი ისევ დაბრუნდა კაბინეტში და სტალინს იგივე მოსაზრება გაუმეორა.

– გაბრძანდით მოსაცდელში და კარგად დაფიქრდით, რას გვთავაზობთ! – ბრძანა სტალინმა.

როკოსოვსკი დაემორჩილა მის ბრძანებას, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოძახებულმა, იგივე მოსაზრება გაუმეორა სტალინს.

მაშინ სტალინმა გაიცინა და თათბირის მონაწილეებს უთხრა:

– ფრონტის სარდლის დაჟინებამ მეც დამარწმუნა მისი გეგმის სისწორეში. კეთილი, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. განვიხილოთ ეს გეგმაც. მოგვიანებით, ჟუკოვი იხსენებდა:

„ჩვენ გაოცებული ვუსმენდით სტალინს, რადგან ვიცოდით ის, რაც არ იცოდა როკოსოვსკიმ – გეგმაში უკვე დამტკიცებული იყო შეტევები, რომლებსაც ის მოითხოვდა, მაგრამ სტალინი მაინც უარით პასუხობდა. ამას უბრალო მიზეზი ჰქონდა – სტალინი უპირატესობას ანიჭებდა გუნდურ გადაწყვეტილებებს და პერიოდულად ამოწმებდა, ემთხვეოდა თუ არა მათი მოსაზრებები ერთმანეთს.

ოპერაცია „ბაგრატიონი“ საიდუმლოდ მზადდებოდა. მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად  ამოქმედდა ყველა სადაზვერვო უწყება. ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ საბჭოთა სარდლობა დარტყმას უკრაინის მიმართულებით ამზადებდა. დეზინფორმაციის მიზნით კი, უკრაინის მიმართულებით იგზავნებოდა სარკინიგზო შემადგენლობები, რომლებიც ბუტაფორიული ტანკებითა და არტილერიით იყო დატვირთული. პარალელურად, მიმდინარეობდა ჯარების ფარულად გადაყვანა რუმინეთის მიმართულებით. საბჭოთა სამხედროებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი ამ რთულ ამოცანას. რუმინეთის მიმართულებით გადაისროლეს ფეხოსანთა ხუთი, ორი სატანკო და ერთი საჰაერო არმია. სტალინმა საკუთარი რეზერვებიდან, ამ შენაერთებს დაუმატა ფეხოსანთა ოთხი, ორი სატანკო არმია და ორმოცდაათი ფეხოსანთა დივიზია, რაც, საერთო ჯამში, შეადგენდა 250 ათას ჯარისკაცსა და ოფიცერს. ასეთი რაოდენობის ჯარებისა და ტექნიკის გადაადგილება კი გერმანელებს შეუმჩნეველი დარჩათ.

1944 წლის 20 მაისს გეგმა „ბაგრატიონი“ ამოქმედდა და გერმანელებმა, რომლებმაც უკრაინაში მოუყარეს ჯარებს თავი, დარტყმა რუმინეთში მიიღეს.

скачать dle 11.3