კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-36(662) 

 

სრულიად საიდუმლოდ

გიგისთან შეხვედრამ ნინი მაინც ააფორიაქა, თუმცა, თავს ირწმუნებდა, რომ მის მიმართ გრძნობა აღარ ჰქონდა. კაფეში, თომას გვერდით, კიდევ ცდილობდა ნაძალადევ მხიარულებას, მაგრამ, მარტოდ დარჩენილმა მოიწყინა. დივანზე ფეხებმოკეცილი იჯდა და ბალიშზე ჩახუტებული ფიქრობდა. გიგის მიმართ წყენამ არ გაუარა – ამაში დარწმუნდა, მაგრამ, მაინც დარჩა გრძნობა, რომელშიც საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. თუმცა, გიგისთან შერიგებას, მასთან ურთიერთობის ადგენასაც არ ჰქონდა აზრი... 

ტელეფონმა საკმაოდ გვიან დარეკა. ნინიმ მექანიკურად შეხედა საათს და, დარწმუნებულმა იმაში, რომ თომა ურეკავდა, აღარ დაელოდა, რას ეტყოდა და თვითონ დაასწრო:

– თომა, იცი, ახლა რომელი საათია? დაძინებას ვაპირებდი.

– ჯერ ხომ არ გძინავს? თანაც, მე თომა არ ვარ... – გიგის უცნაურად ჩახლეჩილი ხმის გაგონებაზე ნინი შეკრთა.

– უკაცრავად, მგონი, ნომერი შეგეშალათ, – ჩაილაპარაკა გოგომ ნაძალადევი სიმშვიდით.

– ამჯერად უნიჭოდ ცრუობ. მშვენივრად იცი, რომ არც ნომერი შემშლია და არც უცხო ვარ. 

– რა გინდა, გიგი? – ამოიოხრა ნინიმ.

– გაწუხებ? თუმცა, შენ ხომ დასაძინებლად ემზადებოდი და მეც ცუდი სიზმარივით გამოგეცხადე... შენი ნახვა მინდა.

ნინი რამდენიმე წამით გაჩუმდა და ბიჭმა მისი დუმილი თავის სასარგებლოდ გამოიყენა:

– მოვალ შენს სახლთან და ჩამოდი, სალაპარაკო მაქვს.

– არა.

– არა? ანუ, არ დამელაპარაკები თუ არ მოვიდე?

– ერთიც და მეორეც. აღარ ღირს ჩვენი გარდაცვლილი გრძნობების რეანიმაცია – კარგს არაფერს მოიტანს და იმიტომ.

– შენ ასე იმიტომ ამბობ, რომ იმ რემბოთი ჩამანაცვლე. ნინი, თუ გეტყვი, რომ შენ მიმართ გრძნობა ისევ მაქვს?

– მართლა? უცნაურია... იქნებ, დააკონკრეტო, გრძნობა ნინის მიმართ გაქვს თუ იმ ნაშის ეშხი გკლავს, ინტერნეტის საშუალებით რომ ცდილობდი, შეგება?! მე შენი ნამდვილი სახე დავინახე. უკვე ზუსტად ვიცი, როგორი ხარ.

– არაფერიც არ იცი! – იბღავლა გიგიმ, – არ შეიძლება, იცოდე. ორი თვეც არ გაგწვდა ჩემი სიყვარული, მაშინვე სხვას დაუწყე კეკლუცობა. კმაყოფილი ხარ შენი საქციელით? გამოგივიდა, ძალიან ცუდად ვარ! 

– ნუ ყვირი, – გაბრაზდა ნინიც, – დაქვრივებული ცოლი კი არ ვიყავი, რომ გარდაცვლილი საყვარელი ქმარი მეგლოვა. შენ გასაგებად მითხარი, რომ აღარ გჭირდებოდი. ახლა რა პრეტენზია გაქვს, ვერ ვხვდები. თუ იმან გაგაღიზიანა, ცოტა რომ გავერთე შენთან. თუ ასეა, ბოდიშს მოგიხდი და ამით დავამთავროთ.

– არა. ასე მარტივად არ გამოვა. დღესვე უნდა გნახო, – გაჯიუტდა გიგი.

– მთვრალი ხარ? – როგორც იქნა, მიხვდა გოგო და გაეცინა, – თურმე, რაში ყოფილა საქმე! ალკოჰოლის გავლენაა შენი ასეთი აწრიალება, მაგრამ, გაგივლის. იმედი მაქვს, პახმელიაზე მაინც აღარ გემახსოვრები.

– ნინი, გეყოფა... მივდივარ და თხუთმეტ წუთში შენს სახლთან ვიქნები. თუ არ ჩამოხვალ, მე ამოვალ და ყველას გავაღვიძებ, მთელ კორპუსს! – მუქარაზე გადავიდა გიგი.

– თუ ახლავე არ გათიშავ ტელეფონს და თავს არ დამანებებ, პატრულს გამოვუძახებ. აუცილებლად გავაკეთებ ამას! – უკან არ დაიხია ნინიმაც და მობილური საერთოდ გამორთო.

გიგიმ ტელეფონი იატაკზე ისროლა და მუშტი გამეტებით დასცხო მაგიდის ზედაპირს:

– გამითიშა, ძუკნა!..

– ჰა, ჰა, ისეთ რამეს ნუ იტყვი, რასაც მერე ინანებ! – თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ზუკამ, – გითხარი, არ დაურეკო-მეთქი?! ახლა რა გააკეთე? ნინისთან დასაბრუნებელი ყველა გზა მოიჭერი. გაბრაზებულს, მით უმეტეს, მთვრალს, არ უნდა დაგერეკა.

– გაჩუმდი, ახლა ნამდვილად არ ვარ შენს გუნებაზე! – გააფრთხილა მეგობარი ერთიანად აჭარხლებულმა გიგიმ და შეიგინა.

– მდაა, აჯობებს, წავიდე, – ჩაილაპარაკა ზუკამ და ქურთუკს წამოავლო ხელი.

– ფეხი არ მოიცვალო! – თვალები დაუბრიალა გიგიმ, – დაჯექი და ხმა არ ამოიღო!

– ღამის ორი საათია, სახლში უნდა წავიდე და დავიძინო. ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი.

– ფეხი არ გადგა-მეთქი! – ხმას აუწია გიგიმ, – თუ გეძინება, სავარძელზე დაიძინე. ისეთი გამწარებული ვარ, ფეხებზე დავიკიდებ პატრულსაც და ნინის გავაგებინებ, როგორ უნდა ჩემს ემოციებზე თამაში!

ზუკამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:

– ნწ, ნწ, პატრულს ფეხებზე დაიკიდებს ბიჭი!.. წინასწარი პატიმრობის საკანში გინდა ღამის გათენება? თან, მაგასაც არ დაგვჯერდებიან... საპროცესოთი თუ გადარჩი, კიდევ არა უშავს, თუ არა, წვრილმანი ხულიგნობისთვის ერთი წელი აკიდებული გაქვს. გააჩნია, იქ მივარდნილი კიდევ რას დააშავებ. ვახოც გაგაგდებს სამსახურიდან...

– გაჩუმდი! – იბღავლა გიგიმ, იატაკზე ჩაჯდა და თავი ხელისგულებში ჩარგო, – რატომ ვარ ასე ცუდად? დავიჯერო, ნინი ისევ მიყვარს?

– არა, არ გიყვარს. უბრალოდ, შენს პატივმოყვარეობას ცუდად შეეხნენ – სულ ეს არის. თან, მთვრალიც ხარ. ძალიან ბევრი დალიე. იცი, საუკეთესო ვარიანტი რა იქნება შენთვის?  დაწვე და გამოიძინო. დილით კი, შეხედავ, რა...

– ჭკუას მარიგებ? რა გენაღვლება, შეისრულე გულის წადილი, სექსი გქონდა ლიზასთან... ჩემი პრობლემები ფეხებზე გკიდია.

ზუკა წამოენთო, გიგის მივარდა და მაგრად შეანჯღრია:

– ერთხელ კიდევ ახსენებ ლიზას და დედას გეფიცები, გცემ. მართლა გცემ, თანაც, ისე მაგრად, რომ ნინი კი არა, საკუთარი მშობელი ვერ გიცნობს!

ზუკას ისეთი სახე ჰქონდა, გიგი მიხვდა, რომ ეს უბრალოდ მუქარა არ იყო, აუცილებლად შეასრულებდა სიტყვას. ამიტომ, მოეშვა და დამნაშავესავით გაიღიმა:

– კარგი, ამჯერად დაგიჯერებ. ვაღიარებ, რომ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ, ნინის ასე ადვილად თავს არ დავანებებ.

– მაგაზეც ხვალ ვილაპარაკოთ. ახლა კი დაიძინე.

***

ლიზა ტელევიზორის გადამრთველით ხელში დივანზე მიწოლილ ქმარს მიუახლოვდა და მოეხვია... ლევანს არ უცდია მისი მკლავების მოშორება, მაგრამ, საპასუხო ალერსისგან თავი შეიკავა. ქალმა არ შეიმჩნია, პირიქით, კალთაში ჩაუჯდა და მიეხუტა.

– რატომ დაგაგვიანდა? – ჰკითხა კაცმა, – რომ დაგირეკე, მითხარი, ნახევარ საათში სახლში ვიქნებიო და იმის მერე ორი საათი გავიდა.

– მანქანა გამიფუჭდა და სახელოსნოში შევიარე, – სწრაფად მიუგო ლიზამ.

– რა მოუვიდა მანქანას, რატომ არ დამირეკე?

– ისეთი არაფერი. საბურავი დაეშვა. მაგრამ სახელოსნოში ხალხი იყო და ცოტა ლოდინი დამჭირდა. ბოდიში, რომ არ დაგირეკე. ვიფიქრე, დიდხანს არ გაგრძელდებოდა და...

– კარგი. ისე, სხვა დროს დამირეკე, ისევ შენთვის აჯობებს.

ლიზამ დააპირა, რაღაც მკვახე ეთქვა, მაგრამ, ბოლო მომენტში თავი შეიკავა. გაახსენდა, ამ ეტაპზე მორჩილი ცოლის როლი რომ უნდა ეთამაშა.

– არ გინდა, სადმე წავიდეთ? – ჰკითხა ალერსიანი, შემპარავი ხმით.

– არა, – თავი გააქნია კაცმა.

– რატომ?

– დაღლილი ვარ და სახლში ყოფნა მირჩევნია.

– მეც დავიღალე. მოდი, სიღნაღში წავიდეთ, ჩვენს სასტუმროში. დაუვიწყარ ღამეს გაჩუქებ, – ლიზამ ცალი ხელი გაითავისუფლა, საკინძე გაიხსნა და კეკლულად გაიცინა.

ლევანმა ირონიულად შეხედა ცოლს.

– რა იყო, ლიზა, ასე შეგაშინა ჩემი დაკარგვის საფრთხემ, უფრო სწორად, ჩემი ფულის დაკარგვის საფრთხემ? ასეთი ინიციატივა უწინ არასდროს გამოგიჩენია. ყოველთვის მე გეხვეწებოდი, შენ კი უარს მეუბნებოდი.

– შევიცვალე, – მხრები აიჩეჩა ლიზამ, – ადამიანები იცვლებიან, ზოგი – უარესობისკენ, ზოგიც – უკეთესობისკენ. მე უკეთესობისკენ შევიცვალე. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. ვერ ამჩნევ?

– როგორ არა, ვამჩნევ და ვფიქრობ, რას მივაწერო შენი ასეთი შემობრუნება.

– რად უნდა მაგას ფიქრი? შემეკითხე და გიპასუხებ, – ქალმა თვალებში ჩახედა ქმარს.

– ლიზა, შეგიძლია, ცოტა ხნით მარტო დამტოვო, საკუთარ თავთან?

– შემიძლია, მაგრამ, არ მინდა. მომენატრე. შენი ალერსი მომენატრა, შენი ხელების, სხეულის სითბო... – ლიზამ პერანგის ღილები ქმარსაც შეუხსნა და ყელში აკოცა. ლევანს შეაჟრჟოლა...

– ლიზა, არ გინდა, ახლა ამის გუნებაზე არ ვარ...

– მინდა, შენც გინდა, ორივეს გვინდა – მე შენს თვალებში ვხედავ ამას... დავივიწყოთ ყველაფერი, ყველა პრობლემა და სიგიჟის ღამე მოვაწყოთ... იცი, როგორ მომენატრე?.. მინდიხარ, ძალიან მინდიხარ... – აჩურჩულდა ქალი და კაციც დანებდა. 

– სიღნაღში აღარ გინდა? – ჰკითხა ქალს.

– არა, არა, შენთან აქაც კარგად ვიქნები, ოღონდ მომეხვიე, მაგრად, ძალიან მაგრად მომეხვიე... ისე, რომ მთელი სხეული მეტკინოს და ვიგრძნო, რომ შენი ვარ...

– ოხ, ლიზა, ლიზა... – ლევანმა ცოლი აიტაცა და საძინებლისკენ გააქანა...

***

ქეთი საკუთარ თავს არ უტყდებოდა იმაში, რომ მისი და ვახოს ურთიერთობა უარესად დაიძაბა. ცოლ-ქმარი თითქოს სიჯიუტეში გაეჯიბრა ერთმანეთს – არც ერთი არ აპირებდა, შერიგებისკენ ნაბიჯი გადაედგა. მტრებივით უბღვერდნენ ერთმანეთს. ვახოს აშკარად დაეტყო, ოჯახში ცუდი სიტუაცია რომ ჰქონდა. სამსახურში მისული, კაბინეტიდან არ გამოდიოდა. წარბშეკრული და მუდმივად მოღუშული, თანამშრომლებს არ ეკონტაქტებოდა, მხოლოდ თიკოს თუ ეტყოდა ერთ-ორ სიტყვას, ისიც იშვიათად...

ოფისში შესულ გიგისა და ზუკას თიკო შეშფოთებული დაუხვდათ. 

– სად ხართ ამდენ ხანს? ეს წუთია, ვაპირებდი თქვენთან დარეკვას!

– რა მოხდა, ვახომ გვიკითხა? ჰო, სულ რაღაც ნახევარი საათით დავაგვიანეთ, მერე რა, ქვეყანა ხომ არ დანგრეულა?

თიკომ ტუჩი აიბზუა:

– ვახოს, მგონი, აღარც თქვენ ახსოვხართ და აღარც საქმე. კაბინეტშია შეკეტილი. ორჯერ დავუკაკუნე კარზე და ხმა არ გამცა. აქ კი ორი კლიენტი ელოდება, – თიკომ ჰოლის სიღრმეში მდგარი სავარძლისკენ გაიშვირა ხელი, – მე ხომ ვერ მივიღებ შეკვეთას?! მიდით, დაელაპარაკეთ იმ ხალხს.

ზუკა კლიენტებისკენ გაემართა. გიგიმ თიკოს გამოუწია ყელი ორი თითით და შეეხვეწა.

– პახმელიაზე ვარ, თავი მისკდება, ყავა მომიდუღე, რა...

– ჰმ, ყავა მოუნდა ვაჟბატონს... ჯანდაბას, მოგიდუღებ, ოღონდ, მერე იქნებ ვახოსთან შეხვიდე... დაელაპარაკე, რამე უთხარი. ვერ ატყობ, რაღაც რომ უჭირს?

გიგი დაიჭყანა:

– ეე, მაგას, მგონი, ცოლთან აქვს პრობლემები და მე რას ვუშველი?! გაჭირვებით კი მეც მიჭირს. საშინელ გუნებაზე ვარ და ამ ყველაფრის მიზეზი, თქვენც ბრძანდებით, ქალბატონო თიკო.

– მე რა შუაში ვარ, შენ ხომ არ გაგიჟდი? – გაბრაზდა თიკო.

– იმ შუაში ხარ, რომ ქალი ხარ. მეც, ვახოსაც, ზუკასაც და კიდევ უამრავ მამაკაცს, სწორედ ქალების გამო გვაქვს პრობლემები.

– ჰმ, აბა, ერთი ქალებსაც გვკითხე! მაგ პრობლემებს თქვენ თავად ქმნით და მერე ჩვენც გვახვევთ თავზე. არასდროს არ იცით, რა გინდათ.

– რა გვინდა და, სიყვარული, გაგება... ის, რომ ჩვენი ესმოდეთ, – ჩამოთვალა გიგიმ.

– იტყუები, თქვენ სიყვარული არაფერში გჭირდებათ. უამრავი მაგალითი მაქვს იმისთვის, რომ ამაში ეჭვი აღარ მეპარებოდეს. მხოლოდ თავს გვაჩვენებთ, რომ გინდათ, ვინმეს უყვარდეთ. მაგრამ, როცა გაქვთ ეს სიყვარული, როგორ იქცევით? ფეხქვეშ თელავთ მას. ასე რომ, ახლა მომცილდი, სხვაზე გაბრაზებულმა შენზე არ ამოვანთხიო მთელი ბოღმა.

– ვაა, ყველას როგორი აკრეფილი აქვს! – ხელები გაშალა გიგიმ, – რა გითხარი, გოგო, ისეთი, გამძვინვარებული ლომივით რომ აიშალე ფაფარი?

– თავი დამანებე, რა, საქმეს მიხედე! გიგიმ ხელი ჩაიქნია და ოთახში შევიდა. თიკო მობილურს დაუბრუნდა. ცოტა ხნის წინ აკრეფილი მესიჯი კიდევ ერთხელ გადაიკითხა, გაგზავნა და ამოიოხრა...

***

ქეთიმ ბოლო პაციენტიც გაუშვა და ხალათი გაიხადა.

– მივდივარ მე და შენც მორჩი საქმეს. წამოდი, სახლში მიგიყვან! – გასძახა ნატას.

– უკვე? ტრადიციას ვუღალატოთ? ყავა არ დავლიოთ და „წასვლისა“ არ გავაბოლოთ?

– არა, მეჩქარება, სახლში ადრე უნდა მივიდე. ვახოს ისევ არ ველაპარაკები და, არ მინდა, ზედმეტი საბაბი მივცე ჩხუბისთვის. იცი, რა მითხრა? შეგიძლია, ჩემგან საერთოდ წახვიდეო.

– უჰ, მაგამდე მივიდა საქმე? გოგო, ეგ ცუდია, ხომ იცი შენ?!

– მართლა? მეც ვხვდები, რომ ცუდია. როგორი იდიოტია, ხომ წარმოგიდგენია?! რამდენიმე დღეა, ზედ არ მიყურებს, იქით იბერება. მერედა, რისთვის? როგორ გავბედე და ლიზას როგორ შევხვდი.

– ამისთვის ანგრევთ ოჯახს? – თვალები გაუფართოვდა ნატას, – ქეთი, შენ ხომ ჭკვიანი ქალი ხარ? რა გინდა, თოვლის გუნდა ზვავად აქციო და ყველაფერი გაანადგურებინო?

– არ ვიცი, არ ვიცი... იქნებ, კარგიც იყოს, თუ წავა. მეტი აღარ შემიძლია, – თავი გადააქნია ქეთიმ და  და შუბლი მოისრისა.

– ეგ ახლა ამბობ ამას. საკმარისია, ვახომ ფაქტის წინაშე დაგაყენოს, რომ ტირილით დაისიებ თვალებს. ინანებ კიდეც, მის შესაჩერებლად არაფერი რომ არ გააკეთე.

– ვერ შევეხვეწები. თუ არ ვუნდივარ, წავიდეს, – ჯიუტად ჩაილაპარაკა ქეთიმ, – ჩემთვის სულერთია...

– არ არის სულერთი, თორემ, არ მეტყოდი, სახლში დროზე უნდა მივიდეო. ნუ ბავშვობ, დღესვე შეურიგდი ვახოს!

– დამელაპარაკოს და შევურიგდები, –  თავისაზე იდგა ქეთი. ნატომ ხელი ჩაიქნია:

– ინანებ, იცოდე...

– იცი, რას გეტყვი? ახლა რომ მე მაგას შევეხვეწო, მერე სულ თავზე დამაჯდება. ისედაც დიქტატორობისკენ აქვს გადახრა.

– შენი საქმის შენ იცი, მე ჩემი გითხარი...

***

... ვახო ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა სახლში. შინ მისულ ქეთის ქმარი საკუთარი ნივთების შეგროვებასა და ჩანთაში ჩალაგებაში გართული დახვდა. შეშინებულმა ძიძამ დიასახლისს ანიშნა, შეხედე, რას შვრებაო და სწრაფად გავიდა მეორე ოთხაში. ქეთიმ ერთხანს ადროვა, მერე ვეღარ მოითმინა:

– რას აკეთებ? 

– მივდივარ. შენ ხომ ეს გინდოდა? – მიუგო ვახომ, ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს. ქეთის გული შეუქანდა, მაგრამ, ნაძალადევად მაინც გაიცინა:

– ძალიან კარგი. შეიძლება, გავიგო, სად მიბრძანდები?

– რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ჩემი არსებობით და ზედმეტი შეკითხვებით აღარ შეგაწუხებ. ბავშვს ვნახავ ხოლმე, ფულსაც მოგაწვდით; მაშინ მოვალ, როცა შენ სახლში არ იქნები...

ქეთის საშინლად მოუნდა, ქმარს მივარდნოდა, მოხვეოდა და მთელი ხმით ეყვირა, არსად გაგიშვებ, ძალიან მიყვარხარო, მაგრამ, შინაგანმა სიჯიუტემ სძლია... თითქოს მის ნაცვლად ვიღაც სხვა ქალი მოქმედებდა... კარადასთან მივიდა, ვახოს პირის საპარსი გამოიღო და ჩანთაზე ზემოდან დადო:

– ეს არ დაგრჩეს, მე არაფერში მჭირდება...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3