კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-36(662) 

ოლეგას თემა რომ ამოვწურეთ, სიყვარულის მორიგმა ტალღამ მოგვიარა და კარგა ხანს ვცურავდით მასში...

ოლგასთან თითქმის ორი წელიწადი ვიცხოვრე, მაგრამ, ბოლოს ბინის ქურდობის საქმეზე დამიჭირეს და ოთხი წლით რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და ცნობილ ციხეში, ქალაქ ვლადიმირის ცენტრალში მიკრეს თავი.

ვლადიმირის ცენტრალი, იგივე ვლადიმირის „კრიტი“, განსაკუთრებული რეჟიმის, დახურული ციხე იყო და იქ სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები, რომლებიც სახელმწიფოს საგანგებო აღრიცხვაზე ჰყავდა და აყვანილი და უმკაცრეს იზოლაციაში მოქცეული. იქ ვისხედით ქურდი-რეციდივისტები, ბანდიტები, ყაჩაღები, ბანკის მძარცველები, მკვლელები და პოლიტიკურები, ანუ დისიდენტები, როგორც მათ მაშინ უწოდებდნენ. 

ქალაქი ვლადიმირი მოსკოვიდან 170 კილომეტრითაა დაშორებული და მისი ცნობილი ციხე 200 წელზე მეტი ხნისაა. იქ მილიონობით ადამიანი მჯდარა და იქიდან გაქცევის არც ერთი შემთხვევა არაა ცნობილი. განსაკუთრებული რეჟიმის მიუხედავად, ვლადიმირის „კრიტში“ ქურდებს პატივს სცემდნენ პატიმრები და ჩვენი სტატუსი იქ არ იყო შებღალული. ვლადიმირის ცენტრალი „ბელი ლებედი“ არ იყო, რომელსაც ქურდების მოსატეხი სპეციალური სტატუსი ჰქონდა, მაგრამ, არც ორთაჭალის „გუბერნსკი“ (საგუბერნიო ციხე) იყო, სადაც ქურდები თავის გემოზე ბაირამობდნენ...

– კობრას სიცოცხლე! დაბრუნდი, ძმაო, სახლში? – შემომეგებნენ ქურდები, როდესაც ოცადგილიან საკანში შევდგი ფეხი, რომელიც ქურდებისთვის იყო განკუთვნილი.

– დავბრუნდი, ძმებო! როგორ ხართ? – მივუგე კოლეგებს და თითოეულ მათგანს სათითაოდ გადავეხვიე, შემდეგ ერთადერთი ცარიელი კოიკა დავიკავე და გავაბოლე.

– რა ხდება გარეთ, როგორ მიდის ცხოვრება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? – მკითხა სანდრო რატიანმა, იგივე „ცალხელამ“, რომელიც ვლადიმირის ცენტრალის უხუცესი პატიმარი იყო და 20 წელი იჯდა იქ.

– ბესპრეძელი ყვავის და პატიოსან ხალხს ტყუილად ხოცავენ, – მივუგე ცალხელას.

– ბესპრეძელის მეტი რა მინახავს, მაგრამ, როგორც ამბობენ, რაც დღეს ხდება, ყველასა და ყველაფერს გადააჭარბაო, – თქვა ცალხელამ, რომელსაც ბესპრეძელი საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი და მეტსახელი „ცალხელაც“ ამის გამო შეარქვეს. მანამდე კი მას „სანდრო ოქროსხელებას“ ეძახდნენ.

70 წლის სანდრო რატიანს თავისი ცხოვრების ზუსტად ნახევარი „სროკზე“ ჰქონდა გატარებული და, ბრილიანტის მსგავსად, ქურდულ სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ოქროსუბნელი ცალხელა „მედვეჟატნიკი“ იყო, მისი აქტიური მოღვაწეობის პერიოდში არ არსებობდა სეიფი, რომლის გახსნაც მას არ შეეძლო და ამიტომაც შეარქვეს „ოქროსხელება“. სწორედ მან და მისმა პაძელნიკებმა გაძარცვეს თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხნის სეიფი, იქიდან 2 მილიონ მანეთზე მეტი გაიტაცეს და მიიმალნენ. ეს საქმე დღისით-მზისით, იმ დროს მოხდა, როდესაც ქარხნის მოლარე. სულ რაღაც ათიოდე წუთით გავიდა სალაროდან – მას უთხრეს, ქარხნის დირექტორი გიბარებსო, სინამდვილეში კი ის ქურდების მიერ დაგებულ მახეში გაება, რომლებმაც სატელეფონო ზარით გარეთ გაიტყუეს... სანამ მოლარე დირექტორის კაბინეტისკენ მიემართებოდა და სალაროსთან ასეულობით ქარხნის მუშა იცდიდა, სანდრო და მისი ერთი პაძელნიკი სავენტილაციო მილიდან სალაროში ჩაძვრნენ. შემდეგ სანდრომ სეიფი გააღო, ფულიანი ტომრები გაიტაცა და გაუჩინარდა... სანდრო და მისი პაძელნიკები მხოლოდ ორი წლის მერე დააპატიმრეს, იმ დროისთვის კი მათ უკვე ოცამდე ასეთი „საქმე“ ჰქონდათ ჩატარებული და რამდენიმე მილიონი მანეთი გატაცებული, რომლის 80 პროცენტი ქურდულ სალაროში შეიტანეს. სწორედ ამ საქმეების გამჟღავნების მერე შეარქვეს რატიანს „სანდრო ოქროსხელება“. ის მთელმა ქურდულმა სამყარომ გაიცნო და ქურდის ტიტულის მაძიებელი გახდა. თუმცა, ძიებაში მყოფი სანდრო ოქროსხელება მოსკოვის ბუტირკის ციხიდან გაიქცა და ორი წელიწადი ვერ მოიხელთეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმეები ამხელდნენ მას – იგი ხან საბჭოეთის ერთ ქალაქში ძარცვავდა სეიფს, ხან მეორეში, ბოლოს კი ის კიევში იმ დროს შეიპყრეს, როდესაც სანდრო ქალს გამოესარჩლა ქუჩაში და ნასვამ მამაკაცს ისეთი მოსდო ყბაში, რომ მოსტეხა და ტვინი შეურყია. გაქცევა კი იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მამაკაცის თანმხლებმა პირებმა ოქროსხელებას ტაბელური იარაღები მიუშვირეს და ხელბორკილები დაადეს. ტვინშერყეული მამაკაცი კიევის მილიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი აღმოჩნდა, მისი თანმხლები პირები კი – მისი ხელქვეითები, მილიციის ოპერები...

სანდრო რატიანის კეთილშობილებამ მას ცუდი სამსახური გაუწია. როდესაც გაარკვიეს, თუ ვინ დააკავეს, მილიციელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ოქროსხელება მოსკოვში დააბრუნეს, გაასამართლეს, 15 წელი მიუსაჯეს და ციმბირში, პერმის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების ერთ-ერთ კოლონიაში გაამწესეს. რატიანმა იქ მხოლოდ ორი წელი დაყო და იანვრის ერთ სუსხიან ღამეს „რივოკი“ აიღო...

„რივოკი,“ ქურდულ ჟარგნონზე, მოუმზადებელ, ალალბედზე გაქცევას ნიშნავს და სანდროს გაუმართლა: მან სამოცკილომეტრიანი თოვლიანი ტყის მასივის გავლა მაინც შეძლო, მაგრამ, ერთი წლის შემდეგ ისევ შეიპყრეს და უკან დააბრუნეს. ზონის უფროსი, პოლკოვნიკი კურიაკინი, რომელიც თავისი სისასტიკით იყო ცნობილი და მეტსახელად „სადისტს“ ეძახდნენ, კლანჭებს ილესავდა და ოქროსხელებას სამაგალითოდ და დამამცირებლად დასჯას აპირებდა. 

კურიაკინის სანქციით, ზონაში დაბრუნებული ოქროსხელება წითელი აქტივისტების ბრიგადის ოციოდე წევრმა შეიპყრო. სანდროს წინააღმდეგობის მიუხედავად, მარცხენა ხელზე მას წითელი სახვევი, ანუ, „პავიაზკა“ გაუკეთეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ სანდროს ქურდად აღარ აკურთხებდნენ... ეს სცენა ათას ხუთასი კაცის თვალწინ გათამაშდა, რომელთა შორის ქურდებიც იყვნენ და მათი მიმდევრებიც, მაგრამ, ყველანი თავიანთ ბარაკებში გამოკეტეს და, ამიტომ, ოქროსხელებას ვერავინ დაეხმარა...

პავიაზკაშებმული ოქროსხელება ზეზე რომ წამოდგა, წითელი აქტივისტები უკვე გაქცეულები იყვნენ და თავიანთი ბარაკიდან ადევნებდნენ თვალყურს მოვლენების შემდგომ განვითარებას. სანდრომ მიმოიხედა. შემდეგ თავის მარცხენა, პავიაზკაშებმულ ხელს ზიზღით დახედა და ეგრეთ წოდებული სამუშაო ზონისკენ შურდულივით გავარდა, სადაც დაზგები იდგა. ხუთიოდე წუთის მერე კი, როცა იქ ნადზორები შეცვივდნენ, რკინის საჭრელ დაზგასთან გულწასული ოქროსხელება იპოვეს. იქვე  ეგდო მისი პავიაზკაშებმული მარცხენა ხელიც, რომელიც სანდრომ დაზგის მეშვეობით მოიკვეთა...

ოქროსხელება უკვე პერმის საავადმყოფოში იწვა, როდესაც ზონაში საშინელი ბუნტი ატყდა. სანამ საპყრობილეში დამატებითი ძალები შევიდნენ, ქურდული მასტის პატიმრები წითელ აქტივისტებს დაერივნენ და ყველა დახოცეს, ვინც კი ოქროსხელებას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. ვერ მოიხელთეს მხოლოდ ზონის უფროსი კურიაკინი, თუმცა, მას „მეტკა“ ჰქონდა დადებული ქურდებისგან და, ორი თვის შემდეგ, პერმის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, მას ყელი გამოჭრეს. სადისტი თავის საყვარელთან მიდიოდა და მკვლელმა იქ მოიხელთა. სანდრო რატიანი კი ქურდებმა დაუსწრებლად აკურთხეს ქურდად და მას „ცალხელა“ შეარქვეს.

ქურდის არაოფიციალური სტატუსის მიუხედავად, ოფიციალურად, სანდრო რატიანი პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო და, მაშინდელი კანონების მიხედვით, მსჯავრის მოხდა მას მსუბუქ პირობებში ეკუთვნოდა. ამიტომ, ცალხელას რეჟიმი შეუცვალეს, საქართველოში ჩამოიყანეს და წულუკიძის რაიონში, საერთო რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს. ორ წელიწადში კი, როგორც ამნისტირებული ინვალიდი, გაათავისუფლეს. თუმცა, ცალხელა არასდროს შეჰგუებია ინვალიდობას. მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა ხელი არ ჰქონდა, წარმატებით განაგრძობდა ქურდულ მოღვაწეობას და ძველებურად მოუხელთებელი იყო, თანაც, მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

 იმ წლებში, როგორც შემდეგ გაირკვა, კომუნისტური საქართველოს მმართველი შორსმიმავალი გეგმებით ხელმძღვანელობდა, შავი სამყაროს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევას ცდილობდა და ამისთვის ქურდების გამოყენებას აპირებდა. მისი ნდობით აღჭურვილი პირადი წარმომადგენელი ერთი ერთზე ხვდებოდა საჭირო პირს და ნიადაგს სინჯავდა, იყო თუ არა ის წამომსვლელი შეთანხმებაზე. შეთანხმების პირობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მავანი ქურდი ან კრიმინალური ავტორიტეტი ხელშეუხებლობის სტატუსს იღებდა ხელისუფლებისგან, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე მძიმე დანაშაულს არ ჩაიდენდა, სანაცვლოდ კი თანამშრომლობის პირობა უნდა დაედო. თანამშრომლობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ მას თავის ირგვლივ კრიმინალური ელემენტები უნდა შემოეკრიბა და ეკონტროლებინა. ეს ყველაფერი კი იმით იყო შეფუთული, ვითომ იმაზე ზრუნავდნენ, რომ ქვეყანაში მძიმე დანაშაული არ მომხდარიყო, რაც ქურდებსაც აწყობდათ. შეთანხმებაში სიტყვაც არ იყო დაძრული ვინმეს ჩაშვებაზე ან სხვა მსგავს ქმედებებზე და სწორედ ეს იყო მთავარი სატყუარა გადმობირების მთელ ამ პროცესში. სინამდვილეში კი, მთელი ამ გეგმის ავტორები ფართომასშტაბიან მაფიოზურ სტრუქტურას ქმნიდნენ და მასში ქურდების ჩათრევას აპირებდნენ. ცალხელა სწორედ იმ დროს გათავისუფლდა წულუკიძიდან და საქართველოს მმართველის ნდობით აღჭურვილი პირი მას პირდაპირ სახლში მიადგა. პირისპირ საუბარმა კარგა ხანს გასტანა. ცალხელამ ყურადღებით მოუსმინა სტუმარს და უთხრა:

– მე ქურდი ვარ და ამით ყველაფერია ნათქვამი. მე ჩვენი კანონებით ვცხოვრობ და, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რა ფორმაც და რა კეთილშობილური მიზნებიც არ უნდა ჰქონდეს მას, არაქურდული საქციელია. არაქურდულს კი მე არ გავაკეთებ. ამ საქმისთვის თავი მაქვს გადადებული და ამ თავდადების კვალი კი სხეულზე მატყვია.

– და მაინც, დაფიქრებას გირჩევ, რატიანო! აზრზე მოდი, ვინ და რას გთავაზობს, – კბილებში გამოცრა პოლკოვნიკმა და თვალები ბოროტად აენთო.

– ვინც არ უნდა მთავაზობდეს, არა და მორჩა!

– მორჩა კი არა, ახლა იწყება, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა პოლკოვნიკმა და გაბრაზებული წავიდა.

პრინციპულობის მიუხედავად, ცალხელა სულაც არ იყო „რქიანი“ და, მშვენივრად იცოდა, რომ მილიცია მას პროვოკაციას მოუწყობდა. ამიტომ, ხმა გაავრცელა, რომ საქართველო დატოვა, სინამდვილეში კი თბილისში დარჩა, „ფსკერზე დაწვა“ და ახალი, მსხვილი საქმის მომზადებას შეუდგა. სამი კვირის შემდეგ თბილისის ერთ-ერთი მსხვილი დაწესებულების სეიფი დაუდგენელმა ბოროტმოქმედებმა პირწმინდად გაასუფთავეს, რამდენიმე ასეული ათასი მანეთი წაიღეს და, ისე გაუჩინარდნენ, რომ არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ. აბა, რას წარმოიდგენდა მილიცია, რომ ინვალიდი ცალხელა კვლავ საქმეში იყო და მისი მარჯვენა ხელი ძველებურად მარჯვედ აღებდა სეიფებს. სანდრო რატიანზე მას მერე გამოაცხადეს ძებნა, როდესაც მისმა ერთ-ერთმა პაძელნიკმა თავის საყვარელთან დაიტრაბახა ძარცვის ამბავი, ქალი კი მილიციის აგენტი იყო და ყველაფერი მათ უამბო. ოთხივე მძარცველი ექვსი თვის შემდეგ სოხუმში ერთად აიყვანეს სწორედ მაშინ, როდესაც მორიგი საქმის გასაკეთებლად იყვნენ შეკრებილები და, მახვილგონივრულად მოფიქრებული გეგმის მიხედვით, შემნახველი სალაროს სეიფი უნდა გაესუფთავებინათ... დაპატიმრებულები თბილისში ჩამოიყვანეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეგრეთ წოდებულ „შინაგან ციხეში“ გამოამწყვდიეს, ცალხელა კი პოლკოვნიკს მიუყვანეს. მან სანდროს ირონიულად შეხედა და დამცინავად უთხრა:

– გახსოვს, რა გიპასუხე, როცა მითხარი – არა და მორჩაო?! – პოლკოვნიკმა პაუზა გააკეთა და, პასუხი რომ ვერ მიიღო, დაამატა: რა, გიპასუხე და, ახლა იწყება-მეთქი. ხედავ, როგორი მართალი ვყოფილვარ? რას დადუმებულხარ, რატიანო, ხმა ამოიღე!

– მე რა უნდა ვთქვა, გისმენთ. ისეთი აღტაცებით ლაპარაკობთ, არ მინდა, სიამოვნება ჩაგიშხამოთ, – ირონიას ირონიითვე უპასუხა ცალხელამ, პოლკოვნიკი კი გაცეცხლდა და კბილებში გამოსცრა:

– სიამოვნებას გიჩვენებ, ჯოჯოხეთს რომ მოგიწყობ კამერაში.

ცალხელა ეგრეთ წოდებულ „პრეს-ხატაში“, ანუ, საწამებელ საკანში უნდა წაეყვანათ, სადაც მილიციის ჯალათები უმოწყალოდ აწამებდნენ პატიმრებს. სანდრო რატიანმა მშვენივრად იცოდა, რას ნიშნავდა პრეს-ხატა. ამიტომ, ცალხელამ პოლკოვნიკის მაგიდიდან საკანცელარიო დანა აიტაცა და მარცხენა საძილე არტერიაზე გადაისვა.... ამ სასიკვდილო ნაბიჯმა ცალხელა საშინელი დამცირებისგან თუ არა, საშინელი წამებისგან ნამდვილად იხსნა. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს და ქირურგებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

– მაგარი ვინმეა, მაგრამ, ჩვენ არ გამოგვადგება, მოეშვით. გაასამართლეთ და რუსეთში გაუშვით, იქ ჩაკვდეს! – უთქვამს საქართველოს იმჟამინდელ მმართველს ცალხელაზე. მართლაც, ცხრა თვის მერე, გამოჯანმრთელებულ რატიანს თორმეტი წელი მიუსაჯეს და გააციმბირეს...

რუსეთში დაბრუნებულ ცალხელას პატიმრები დიდ პატივს სცემდნენ, საპყრობილეების ხელმძღვანელებს კი მისი ეშინოდათ და ყოველმხრივ ცდილობდნენ, საკუთარ უწყებებში არ შეეშვათ. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ მათი კოლეგა კურიაკინი ცალხელას გამო მოკლეს და, არ უნდოდათ, ასეთი რამ მათაც მოსვლოდათ. ამიტომ, სანდრომ მრავალი საპყრობილე მოიარა, ბოლოს კი ვლადიმირის ცენტრალში მოხვდა. ოცი წელი კი იქ იმიტომ შემორჩა, რომ სხვადასხვა დარღვევის გამო პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ.

– ოცი წელია, სვაბოდაზე არ ვყოფილვარ და ცასაც მხოლოდ ერთი საათი ვხედავ ©ხოლმე – პრაგულკის დროს, – მითხრა ცალხელამ, როდესაც მას საქარველოს ამბებს ვუყვებოდი.

– ბევრი არაფარია სანახავი. ყველგან საშინელი ბესპრეძელი ტრიალებს და ყველაფერი ისეა არეული, თეთრსა და შავს ვერ გაარჩევ, – ვუთხარი ცალხელას და „რეშოტკას“ შევავლე თვალი, რომლის გისოსებიც ისე იყო დადუღებული, რომ გარეთ ვერ გაიხედავდი და საკანში მხოლოდ სინათლის ვიწრო სხივები შემოდიოდა.

– საშინელებაა, ხომ? – ღიმილით მკითხა ცალხელამ და გისოსებისკენ მიმანიშნა.

– თბილისის კრიტშიც იყო ასეთი და ციხის უფროსს მოვახსნევინეთ, – ვუთხარი ცალხელას, მან კი თავი გააქნია და ირონიანარევი ტონით მითხრა:

– აქაურობასთან შედარებით თბილისის გუბერნსკი სამოთხეა. თუ არ ვცდები, იქიდან ერთი კვირითაც კი გამოაშვებინე თავი ციხის უფროსს.

– მართალია. ძია ვასიას დასაფლავებაზე უნდა წავსულიყავი და ოცი ათასი დოლარი გავუმაზე ბუთხუზას, – ვუთხარი ცალხელას და ბუთხუზას ხსენებაზე თათია გამახსენდა, რომელსაც თითქმის ოცი წლის წინ დავშორდი მეორედ და მის შესახებ არაფერი ვიცოდი.

ოფშკვითელმა ბუთხუზამ კი, რომელსაც ვერცხლისქუჩელმა ანზორამ სიგარეტი „მარლბორო“ და სანთებელა აჩუქა იმის სანაცვლოდ, რომ მე და თათია პირისპირ დავეტოვებინეთ, რეზბალნიცის საკან-პალატაში, რიგითი ნადზორობიდან ციხის უფროსობას მიაღწია და იმდენი ფული იშოვა, რომ რამდენიმე ფეშენებელური ბინა შეიძინა თბილისის ცენტრში და პრესტიჟულ ავტომობილებს „ნასკებივით“ იცვლიდა...

ძია ვასიას ხსენებაზე ცალხელამ სინანულით გააქნია თავი და მითხრა:

– სანამ „ბელი ლებედში“ გაუშვებდნენ, ჩვენთან იჯდა და, შენ რომ წევხარ, ის კოიკა ეკავა.

– „ბელი ლებედამდე“ ჩვენ როსტოვის საეტაპო ციხეში შევხვდით ერთმანეთს და იქ ვუთხარი, შუმოკი ავტეხოთ და სოლიკამსკს ასცდები-მეთქი, მაგრამ, უარი მითხრა.

– დიდი ქურდული ბუნტი დიდ რეპრესიებსა და დანაკარგს გამოიწვევდა ჩვენს რიგებში და იმიტომ, – მითხრა ცალხელამ, – თუმცა, ვფიქრობ, რომ მაინც შუმოკის ატეხვა ჯობდა – შეიძლება, ბრილიანტი დღესაც ცოცხალი ყოფილიყო.

ვასია ბრილიანტის გახსენებაზე ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ სპირტით სავსე „გრელკა“ გამოიღო ზაგაჟნიკიდან და ოცივე ქურდმა 50-50 გრამი სპირტით მოვიხსენიეთ ჩვენი სახელოვანი ძმა...

ალკოჰოლური სასმელების მიღება ვლადიმირის ცენტრალში უფრო გამონაკლისი იყო, ვიდრე წესი, მაგრამ, ჩვენ მაინც ვახერხებდით ამის გაკეთებას, რაშიც ქურდული სტატუსი გვიწყობდა ხელს და, ზოგიერთი ზედამხედველის წყალობით, არც გრელკაში ჩასხმული სპირტი ან არაყი შემოგვლევია. ასევე, ვიღებდით ანაშასაც და დროგამოშვებით ვბოლდებოდით, რომ მოვდუნებულიყავით. წამალს კი სათოფეზეც არ ვეკარებოდით და მკაცრად ვიცავდით ქურდულ ცნებას „ქურდისა და წამლის შეუთავსებლობის“ შესახებ.

ჩემი ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წამლის მომხმარებელი ქურდი ქურდი კი არ არის, ნარკომანია. ნარკომანობა და ქურდობა კი ისევე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ოქრო ნაკელისგან...

ცნობილი ფაქტია, რომ, როდესაც საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიქურდული კამპანიის საიდუმლო გეგმა შეიმუშავა, აქ თეთრზე შავად ჩაწერეს, რომ ქურდული სამყაროს შესუსტების მიზნით, ქურდების განარკომანება იყო საჭირო. ამიტომ, ჩვენს რიგებში შემოგზავნილმა ჯაშუშებმა შემოიტანეს წამალი და ამით ქურდების მასობრივად განარკომანების პროცესს დაედო სათავე. თავდაპირველად ჩვენს მრავალ კოლეგას ჩამოვართვით ტიტული, მაგრამ, ეს ეპიდემია ისე გავრცელდა და ჩვენი ნარკომანი კოლეგები კი ისე შეინიღბნენ, რომ მათი მხილება გართულდა. თუმცა, ჩვენ, ნეპმანელი ქურდები, სიახლოვესაც არ ვიკარებდით ნარკომანებს და ეს მომენტიც გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ქურდებს შორის დაპირისპირებისა და განხეთქილებისა.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა და კომუნისტები მყარად იდგნენ ფეხზე, როცა მორიგ სროკზე გამიშვეს და თბილისის ციხეში გამამწესეს. ქურდულ საკანში სულ ორი ჩემი კოლეგა დამხვდა, დანარჩენები კი ან მომავლები იყვნენ, ან, სულაც, მათი „შნირები“. იმ პერიოდში მე საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნება ვიყავი, რუსეთის არაერთი ცნობილი საპყრობილე მქონდა მოვლილი და საქართველოშიც კარგად მიცნობდნენ. ამიტომ, კამერაში რომ შევედი და ჩემი თავი დავასახელე, აქამდე უცნობმა კოლეგებმა დიდი მოწიწებით შემომხედეს და, ცდილობდნენ, ყოველმხრივ ესიამოვნებინათ ჩემთვის. მე არ მინდა იმ ჩემი ორი კოლეგის სახელის ხსენება, მით უმეტეს, რომ ორივე გარდაცვლილია, პირობითად მათ იქსი და იგრეკი ვუწოდოთ.

ერთი საათის ჩასახლებულიც არ ვიყავი საკანში, რომ იქსი ჩემთან მოვიდა და მითხრა:

– კობრა, ძმაო, რისი გაჩხერა გაგისწორდება? მორფიც გვაქვს და შავიც.

– მართლა ორივე გაქვთ? – ჩამეცინა მე. იგრეკმა, რომელიც იმ მომენტში შემოგვიერთდა, მითხრა:

– მა რა, ძმაო, გვაქვს. თქვი, რომელი გინდა და ახლავე გაგისწორებთ, თან, ჩვენც შევიშხაპუნებთ.

სახეზე ღიმილი გამიქრა, კამერაში მიმოვიხედე და ქურდებს ვკითხე:

– ეს მართლა ქურდული ხატაა თუ შეცდომით ნარკოპრიტონში მოვხვდი?

ქურდულ საკანში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და მისი მობინადრეები გაისუსნენ. ჩემი ორი კოლეგა მშვენივრად მიხვდა, რომ ჩემი სიტყვების შედეგად, შესაძლოა, მათ ქურდულ კარიერას ბოლო მოღებოდა და მკვდრის ფერი დაედოთ. მე მრისხანე მზერა შევავლე გასუსულ თანასაკნელებს და ვთქვი:

– ნარკომანები ადგილებზე დარჩნენ, დანარჩენები კი – ორი ნაბიჯით ჩემკენ!

ჩემ გარდა, ქურდულ საკანში კიდევ ცხრა პატიმარი იმყოფებოდა და ცხრავემ სასწრაფოდ გადმოდგა ჩემკენ ორი ნაბიჯი, შემდეგ ადგილებზე გაქვავდნენ და მონუსხულებივით მომაჩერდნენ. აშკარა იყო, რომ კამერაში პალაჟენიის სრული ბატონ-პატრონი ვიყავი და დანარჩენები „ავიყვანე“. მე კოიკაზე ჩამოვჯექი და ფეხზე მდგომ თანასაკნელებს ვუთხარი:

– აქ ქურდული კამერაა და არა მორფინისტების ნარკოპრიტონი. სასმელზე ბაზარი არაა, მაგრამ, თუ ვინმე ტრაკის გასაღებს კარგავს, ან არ დალიოს, ან დოზას არ გადააჭარბოს. ზოგჯერ ანაშის გაბოლებაც შეიძლება, მაგრამ, ვისაც ჩხერვა-შეშხაპუნება უნდა, აქ მისი ადგილი არაა და, ჯობია, ახლავე თქვას, აქედან აახვიოს და ქურდობაზე არც კი იოცნებოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად მე წამოვარტყამ მას ყურებში და აქედან გავაპანღურებ.

სიტყვა რომ დავასრულე, კოიკაზე წამოვწექი და თვალები დავხუჭე, თუმცა, არ დამიძინია და სამი საათი გაუნძრევლად ვიწექი.

საკანი ისეთი ადგილია, სადაც მუდმივად ეწევიან და საუბრობენ. ეს პროცესი მხოლოდ ღამით წყდება, თანაც, მცირე ხნით. იმ სამი საათის განმავლობაში კი, რაც მე თვალდახუჭული ვიწექი, თანასაკნელებს ეგონათ, რომ მეძინა. მათ ხმა არ ამოუღიათ და არც გაუბოლებიათ, რათა ჩემთვის ძილი არ დაეფრთხოთ.

„კარგია, რომ მოკრძალებულად  იქცევიან, მაგრამ, გადამლაშებაც არ ვარგა. უხმოდ და უთამბაქოდ კარცერშიც არ ამყოფებენ პატიმრებს“, – ვთქვი გუნებაში და თვალები გავახილე. შემდეგ კოიკაზე წამოვჯექი, გავაბოლე და თანასაკნელებს ვუთხარი:

– რა სიჩუმე და სუფთა ჰაერია, თავი მთაში მგონია.

– გეძინა და ძილი არ დაგიფრთხეთ, – მითხრა ქურდმა იქსმა, იგრეკმა კი დაამატა:

– ხომ კარგად გამოიძინე, კობრაჯან?

– არ მეძინა, – ვთქვი მე და ყველას გასაგონად დავამატე: მოწიეთ, იბაზრეთ, მე რას მიფრთხით, მაგრამ, წამალი არ დამანახოთ, თორემ, ერთმანეთში ვერ მოვრიგდებით და სერიოზული ბაზარი გვექნება.

თანასაკნელები უხმოდ, ღიმილიანი სახეებით შემომცქეროდნენ, თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მათი უმრავლესობა გულში მაგინებდა და ერთი სული ჰქონდათ, იქიდან მოვეშორებინე. მაგრამ, მართალი ვიყავი და რას მეტყოდნენ, ამიტომ, გაჩუმება არჩიეს. ეს ყველაფერი კი ღიმილით შეფუთეს და ამიტომაც ჰქონდათ გაბადრული სახეები.

იმავე საღამოს მთელი ციხე ლაპარაკობდა: კობრა ნარკომანებს არ სწყალობსო. ერთ-ერთმა ნაცნობმა პატიმარმა კი საღამოს პრაგულკაზე მითხრა:

– მორფინისტები შეშინებულები არიან, კობრა გვერჩისო.

– მორფინისტებთან რა საქმე მაქვს, მე ჩვენები გავაფრთხილე, წამალს არ გაეკაროთ-მეთქი.

ჩემი ნაცნობი პატიმარი ძალიან გამოცდილი პრისტუპნიკი იყო. ის ციხესა და შავ სამყაროს მშვენივრად იცნობდა და, მიუხედავად იმისა, რომ ქურდი არ იყო, ქურდულად ცხოვრობდა. ქურდის ტიტული კი თავადვე არ ისურვა, რადგან, მიაჩნდა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და ამ პასუხისმგებლობის აღება არ უნდოდა. მას გაეღიმა და მითხრა:

– ჩემგან რა ჭკუა გესწავლება, მაგრამ, ზოგადად რომ ვთქვათ, პატიმართა ოთხმოცდაათი პროცენტი ნარკომანია, მათში კი ქურდებიც შედიან, არაქურდებიც და დაშვებულებიც.

– ვიცი და იმიტომაც დავუგდე სიტყვა.

– გაგიჩალიჩებენ. აქ დიდხანს არ გაგაჩერებენ.

– ეგეც ვიცი, მაგრამ, ქურდი ვარ და ვალდებული ვარ, ქურდულად მოვიქცე, – მივუგე ნაცნობ პატიმარს და ჩვენი საუბარი ამ თემაზე ამით დასრულდა.

გუბერნსკში სულ რაღაც ორიოდე თვე გამაჩერეს. ერთ მშვენიერ დღეს კი „ქვევით ჩამწიეს“, საბუთები გამიფორმეს და ეტაპით რუსეთში გამიშვეს, ერთი სიტყვით, თვიდან მომიშორეს, რადგან იმ ორი თვის განმავლობაში, რაც მე გუბერნსკში დავყავი, თბილისის ციხეში ძალიან ცოტა ნარკოტიკი შევიდა. ამ ფაქტმა კი ნარკობარიგებისა და მათი მფარველი „ძაღლების“, ციხის ადმინისტრაციისა და ნარკოტიკების მომხმარებელი პატიმრების გაღიზიანება გამოიწვია. ამიტომ, ჩემი მოშორება გადაწყვიტეს და გამაციმბირეს... სამწუხარო კი ის იყო, რომ მთელ ამ საქმეში ჩემი კოლეგების – იქსისა და იგრეკის ხელი ერია, მარტივად რომ ვთქვათ, ისინი „ძაღლებს“ შეეკვრნენ. იქსი ორი თვის მერე წამლის „კაიფში გაიპარა“ ქურდების საკანში. იგრეკი კი ექვსი თვის მერე გათავისუფლდა ციხიდან და ერთ-ერთ სხოდკაზე ის არაქურდად დატოვეს. ამის გამო, ტიტულაყრილი იგრეკი ჯერ გალოთდა, შემდეგ გაბომჟდა, ბოლოს კი ქუჩაში, ბასიაკების თავშესაფარში დალია სული...

ადამიანურად, იქსი და იგრეკი, რა თქმა უნდა, ცოდოები არიან და მათი ტრაგიკული ბედი სიბრალულსა და თანაგრძნობას იმსახურებს. თუმცა, ქურდულად ეს მიუღებელია და რადგან ქურდული გვირგვინი დაიდგეს თავზე, ღირსეულადაც უნდა ეტარებინათ. ბრილიანტობასა და ცალხელობას ყველას ვერ მოსთხოვ და იმიტომ არიან ისინი გამორჩეული პიროვნებები, რომ გამორჩეული თვისებებით იყვნენ დაჯილდოებულები. მაგრამ, თუ ქურდი ხარ, ქურდული კანონებით უნდა იცხოვრო და ქურდული ღირსება არ უნდა დაკარგო. სულმნათი ცალხელა ჩემ თვალწინ გარდაიცვალა და, ისე დალია სული, რომ, არამც თუ არ ჩაუდენია არაქურდული საქციელი, არამედ, თავშიაც არ გაუვლია ასეთი რამ...

ცალხელას გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ სროკიც დამიმთავრდა, ვლადიმირის ცენტრალიდან გავთავისუფლდი და ოლგასთან, მოსკოვში დავბრუნდი. ოთხი წელი ქალი არ მყავდა ნანახი, ერთი სული მქონდა, ოლგა საწოლში ჩამეწვინა და ნეტარებას მივცემოდი. „ეგრევე საქმეს შევუდგები“, – გავიფიქრე გუნებაში და ოლგას ბინის ზარს თითი მივაჭირე. კარი რომ გაიღო, ზღურბლზე ორმოციოდე წლის მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც ხელში დაახლოებით ორიოდე წლის გოგონა ეჭირა 

– ვინ გნებავთ? – მკითხა ბავშვიანმა  მამაკაცმა.

– ოლგა, – მივუგე მამაკაცს.

– თეატრშია და საღამოს მოვა. შემობრძანდით და დაელოდეთ, სტუმარი ღვთისაა.

– თქვენ ვინ ბრძანდებით? – ვკითხე მამაკაცს.

– მეუღლე ვარ.

– ეს მზეთუნახავი გოგონა კი, ალბათ, თქვენი და ოლგას ქალიშვილია, ხომ? – ვკითხე ოლგას მეუღლეს.

– დიახ, შემობრძანდით.

 ოლგას მეუღლეს ხელი გავუწოდე და ვუთხარი:

– მე ვალერა ვარ, ოლგას თბილისელი ნათესავი. მოსკოვში გავლით ვარ და ცოტა დრო მაქვს. სხვა დროს გეწვევით. მშვიდობით!

– ნახვამდის, ნახვამდის! – მომიგო ოლგას მეუღლემ და, სანამ კიბეებზე არ დავეშვი, კარი არ მოუხურავს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3