კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მდებარეობდა „სვიმონის სასახლე”, ვინ იყო ხოჯა ბეჰბუდა და რომელი მშენებლობების დროს გამოიყენეს დანგრეული ხოჯავანქის სასაფლაოს საფლავის ქვები

თანამედროვე თბილისს მეცხრამეტე საუკუნის დასახელებებიდან ძალიან ცოტა შემორჩა. მათი უმეტესობა ისტორიის ნაწილი გახდა და მხოლოდ ძველ წიგნებში ან ისტორიულ წყაროებში გვხვდება. საინტერესო იქნება გავიხსენოთ ის დასახელებები, რომელთაც ხშირად მოიხმარდნენ მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცე საუკუნის დასაწყისში ერქვა ჩვენი დედაქალაქის ამა თუ იმ უბნებსა თუ ქუჩებს.

 

დაბაღხანა

შუა საუკუნეების თბილისში დაბაღების (მეტყავეების) საწარმოები განლაგებული იყო წავკისისწყლის ქვედა დინებაზე, მის შესართავთან – მტკვართან. დღეს წავკისისწყლის ქვედა წელი მილებშია მოქცეული (გორგასლის მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, აბანოების უბანში). დაბაღები აქ ტყავს ალბობდნენ და გამოსაქნელად ამზადებდნენ. ტყავის წარმოების ტრადიცია თბილისში უძველესი დროიდან მოდის. დაბაღების რიგების ადგილმდებარეობის გამო, წავკისისწყლის ქვემო წელსა და მიმდებარე მცირე ტერიტორიას „დაბა(ღ)ხანა” უწოდეს.

ელიას უბანი

ელია ან ილია ქართულ ღვთაებათა პანთეონში განაგებდა წვიმას, სეტყვას, ჭექა-ქუხილს. პლატონ იოსელიანის ცნობით, ადრე მახათას მთაზე ილია წინასწარმეტყველის სახელზე აშენებული სალოცავი იდგა. იგი თავად შესწრებია ამ ეკლესიის ნაშთებს. მისივე ცნობით, ამ ადგილას 20 ივლისს  წმინდა დღესასწაული იმართებოდა ხოლმე. ამ ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს უბნის დასახელება, რომელიც განლაგებულია თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რკინიგზის გადაღმა, კიბალჩიჩის ხევის (დღევანდელი ელენე ახვლედიანის აღმართის) აყოლებით.

ზემელი

მეცხრამეტე საუკუნეში  და მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისში მოღვაწეობდა გერმანელ პროვიზორთა დიდი ჯგუფი (შინბერგი, შმიდტი, გეინი, ოტტენი და სხვები). მათ შორის იყო ვინმე ზემელი, რომლესაც აფთიაქი ჰქონდა გახსნილი დღევანდელი რუსთაველის მოედნის ერთ-ერთ კუთხეში. ადგილის სახელწოდებაც აქედან მოდის. 

კალოუბანი

ასე ეწოდებოდა თბილისის იმ ტერიტორიას, რომელიც ყოფილი პიონერთა სასახლისა და ისტორიის მუზეუმის ირგვლივაა. პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს ლეგენდას, რომლის მიხედვითაც, კალოზე, თემურ-ლენგის შემოსევისას, ბავშვები გაუთელავთ ცხენებით; ზოგიერთის აზრით კი ეს სახელი, ეს სიტყვა „კალაუბნიდან,” ანუ, „კალას უბნიდან” არის ნაწარმოები. პლატონ იოსელიანი ამ დასახლებას სხვაგვარად განმარტავს: კალოუბნის ეკლესია უწინ მცხეთაშიც ყოფილა. იქ მოთავსებულ ხატზე გაკეთებული წარწერა მიუთითებს, რომ ეკლესია იმ ადგილზე იდგა, რომელიც მეფის კალოს ეკავა. კალოუბნის სახელწოდება სხვაგანაც ყოფილა. ასე რომ, თბილისის უბნისა და ეკლესიის დასახელება ძველად იმ მიდამოებში განლაგებული კალოებისგან უნდა მოდიოდეს.

კალოუბნის სამება

ვახუშტი ბაგრატიონი ამ ეკლესიაზე ასე მიუთითებს: „ქართული ეკლესია კალოუბანი”. პირველად ეკლესია ამ ადგილას 1790 წელს პეტრე აღნიაშვილმა, მეტსახელად „ყარაულმა“ ააგო (იგი ერეკლე მეორის მიერ ღართისკარის დარაჯად იყო დანიშნული და თბილისს დაღესტენელბის შემოსევისგან იცავდა). მოგვიანებით 1832 წელს მისმა შვილიშვილმა, მღვდელმა სვიმონ (შიო) აღნიაშვილმა, ნაგებობას დასავლეთით კარიბჭე მიაშენა; 1850 წელს კი, მისივე ნებით, მასზე სამრეკლო დაადგეს. ეკლესია დღეს შემორჩენილია, თუმცა, საგრძნობლად გადაკეთებული სახით. ის გახსნილია ფურცელაძის ქუჩიდან.

საჰაკაშენი

ქვედა უბანში, თათრის მოედნის სიახლოვეს, იდგა ნათლისმცემლის სახელობის სომხური ეკლესია, რომელიც აუშენებია აბედინაანთ საჰაკას და აქედან მოდის ეკლესიის სახელწოდებაც. ის აშენდა მეთვრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში.

„სვიმონის სასახლე”

გადმოცემით, სვიმონს, დაახლოებით ერეკლეს მოედნის ტერიტორიაზე, როცა მან ჯერ კიდევ მეფე როსტომის ზეობის ხანაში დაწყებული სასახლისეული წმიდა გიორგის ეკლესიის მშენებლობა დაამთავრა, აუგია მცირე სასახლე. ეკლესიამ ჩვენამდე საკმაოდ გადაკეთებული სახით მოაღწია. როგორც ჩანს,  სასახლე შემდგომში  დაუნგრევიათ. თბილისის 1800 წლის გეგმაზე, რომელიც საკმაოდ ზუსტია, ამ სახლის ადგილას მოედანია. ამ ვითარებას ეთანხმება  პლატონ იოსელიანის მიერ მოთხრობილი ამბავი იმის შესახებ, რომ 1764 წელს სასახლისეულ ეკლესიას ამ მცირე მოედნის მხრიდან შენობა არ ჰქონია აფარებული და რომ ციხიდან ნასროლი ყუმბარა ეკლესიის სამხრეთ კედელს მოხვედრია. აქ გიორგი მეთორმეტეს ძველ ნასახლარზე თავისი ერთ-ერთი დროებითი ადგილსამყოფელი აუგია, სადაც მეფის გარდაცვალების შემდეგ ერთხანს უცხოვრია მის მეუღლეს დედოფალ მარიამს, სანამ რუსეთში გაემგზავრებოდა. სახლს შემდგომში რუსი ოფიცერი დაჰპატრონებია, ხოლო 1840 წელს ხაზინას ეს ადგილი კერძო პირისთვის, ვინმე სალამბეგოვისთვის მიუყიდია.  

ხოჯავანქი

ამ სახელწოდებით მოაღწია ავლაბარში ბოლო დრომდე არსებულმა მეჩვიდმეტე საუკუნის სომხურმა ეკლესიამ. სახელწოდება თბილისელებმა ეკლესიის მიმდებარე ძველ სომხურ სასაფლაოზეც გაავრცელეს. ეს სასაფლაო იხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის წყალობის წიგნში. მეფე როსტომმა 1654 წელს ზარაბთუხუცესს, ხოჯა ბეჰბუდას, უწყალობა მიწა სასაფლაოს გვერდით (ხოჯა ბეჰბუდა, ბებუთაშვილების საგვარეულოს დამაარსებელი, თავისი დროის გამოჩენილი და მდიდარი ვაჭარი ყოფილა. ისტორიული წყაროები მას მიაწერენ მდინარე ვერეზე ხიდის მშენებლობასაც). ამასთან, ირკვევა, რომ ეს სასაფლაო ხოჯა ბეჰბუდას წინაპრების ყოფილა. ახლად მიღებულ მიწაზე, მახათას მთის ძირას, მეფის დასტურით, ხოჯა ბეჰბუდა ღვთისმშობლის სახელზე ეკლესიას აშენებს, რომელსაც თბილისელებმა „ხოჯავანქი“ შეარქვეს, შემდგომში კი ამ სახელწოდებამ სასაფლაოც მოიცვა. ეს ეკლესია თბილისის გეგმაზე ვახუშტი ბატონიშვილს აღნიშნული აქვს „მელიქის საყდრის” სახელით. ხოჯა ბეჰბუდამ აქვე ბაღიც გააშენა, რომლის სარწყავად წყალი მთის ძირიდან გამოუყვანია. ამ ბაღს ვახუშტი „ბებუთას ბაღს” უწოდებს. ხოჯავანქის ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესია 1936 წელს თბილისის ამ უბნის რეკონსტრუქციისას აიღეს; ასევე, მთლიანად აიღეს სასაფლაო, ხოლო საფლავის ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენოს ცირკთან არსებული ბორდიურების, მესხიშვილის ქუჩაზე რამდენიმე შენობის, ასევე, მშრალ ხიდთან არსებული სკვერისა და ბარათაშვილის აღმართის მოპირკეთების დროს.  

 

მასალაში გამოყენებულია ნაწყვეტები წიგნიდან: თ. კვირკველია, „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985).

скачать dle 11.3