კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინეს ლაგოდეხის სამარხებში ეტლები, უძვიფასესი ქარვის მძივები, ნაქსოვი ტილოები, მუმიფიცირებული ბელადები და მათთვის შეწირული მონები და ცოლები

გასულ წელს კახეთში, კერძოდ ლაგოდეხის რაიონში, ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულის ორი დიდი ყორღანი  გაითხარა, საიდანაც არქეოლოგებმა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია აიღეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ზურაბ მახარაძის თქმით, მსგავსი მასშტაბის ყორღანი ბოლო 40 წლის განმავლობაში არ შესწავლილა. რა არის მიწის ზემოთ, ყველამ ვიცით, მაგრამ, რა არის მიწის ქვემოთ, ეს არა მხოლოდ არქეოლოგებს, ალბათ, ყველა  ცნობისმოყვარე ადამიანს აინტერესებს. ამიტომ, გადავწყვიტეთ არქეოლოგებთან ერთად ჩავიხედოთ მიწაში, საიდანაც ძალიან საინტერესო ამბებს გავიგებთ.      

– ბატონო ზურაბ, როგორც ვიცი, გასულ წელს კახეთში საექსპედიციო ჯგუფთან ერთად გაემგზავრეთ და გათხარეთ ყორღანები – სამარხები, საიდანაც ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები და ინფორმაცია მოიპოვეთ. მოგვიყევით ამის შესახებ. ალბათ, ჯერ თვითონ ის ფაქტია საინტერესო, როგორ გაჩნდა ასეთი ტიპის სამარხები კახეთში.     

– საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის ექსპედიცია 2012 წელს ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანთან, სადაც გაითხარა ძველი წელთაღიცხვით მესამე ათასწლეულის ორი დიდი ყორღანი. ყორღანი, მოგეხსენებათ, არის ბელადების სამარხი. საუბარია ბრინჯაოს ხანის ტომებზე, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. რასაკვირველია, ყველა ტომს ჰყავდა თავისი ბელადი და, აი, ამ ბელადებისთვის აკეთებდნენ დიდ სამარხებს. ასეთი სამარხები მხოლოდ კახეთში არ არის, საქართველოს სხვადასხვა მხარეშია.         

– ამხელა გორებს როგორ აშენებდნენ?        

– წარმოიდგინეთ, ეგვიპტის პირამიდები დაახლოებით ასეთი კონსტრუქციისაა, ოღონდ, აქ პატარ-პატარა გორებია მიწით, ქვითა და  თიხით ნაშენები. ეს რომ ააშენო, ამისთვის უზარმაზარი შრომაა საჭირო. ოჯახი ამას ვერ აუგებდა თავის მიცვალებულს, ამაში მთელი ტომი იღებდა მონაწილეობას და მერე ეს სამარხი ხდებოდა იმ ტომის სალოცავი. ეს არის მდიდრული ინვენტარის სამარხები და ძალიან საინტერესო არქიტექტურული ნაგებობაა. მდიდრული ყორღანები ადრე და შუა ბრინჯაოს ხანაში იგებოდა  საქართველოში. ადრეც გაითხარა ალაზნის ველზე, წნორთან. თუ  გახსოვთ,  ცნობილი „ოქროს ლომი”– ესეც ამ დროის არის. ეს სამარხი, რომელიც ჩვენ გავთხარეთ, სწორედ ამ პერიოდისაა და გამოირჩევა თავისი ზომებით – 100 მეტრი დიამეტრითა და 12 მეტრი სიმაღლით, რომელსაც ზემოდან ქვის ჯავშანი ჰქონდა გადაფარებული. რომ ამოვთხარეთ, შიგნით აღმოჩნდა ხის ნაგებობა – ჩვენ მას „დასაკრძალავ კამერას” ვუწოდებთ. ამ ეგრეთ წოდებული დარბაზის შიდა ფართობი ცხრა-ნახევარი მეტრი ექვს მეტრზეა, რომელსაც აქვს მუხის სამი საყრდენი სვეტი და, ამ მორებში, ნაგებობებს შორის, ჩაყოლებულია ტილო. ამას გარდა, შიგნით იყო ორი ოთხთვალა – დასაკრძალავი ეტლი. როგორც წესი, ასეთ სამარხებში არის ერთი ეტლი, მაგრამ, სხვა შემთხვევებში, მაგალითად, როცა მონებს აყოლებდნენ ან ცოლს დაუკლავდნენ და მიუწვევდნენ, იყო ორი ეტლი, თუმცა, მთავარი მიცვალებული არის ბელადი, ვისთვისაც იგებოდა ეს ყორღანები. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ყველაფერი შესანიშნავად არის შენახული. 

– მართლა საინტერესოა. როგორ ინახებოდა ათასწლეულების განმავლობაში ნიადაგში ხე, ქსოვილი?     

– ეს ადგილი ალაზნის ველზეა. ნესტიანი ადგილია, მაგრამ, ისეთი მიკროკლიმატია შექმნილი, რომ, არა მარტო ხე, სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი მასალებიც კარგად არის შენახული, მათ შორის – ხილი.      

– როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები, როცა გათხრები დაასრულეთ? 

– ამ შემთხვევაში სამარხი იყო გაძარცული ძველ დროსვე, ამიტომ, ეს ჩონჩხები არეული და ნაკლული დაგვხვდა. აი, ამ გაძარცვის ფონზე, ჩვენ 23 ოქროს ნივთი გვაქვს ნაპოვნი როგორც ჩანს, მძარცველები რომ მიათრევდნენ, დაუცვივდათ. ჩვენი დასკვნებით, სამარხი გაიძარცვა არა ჩანგრევამდე, არამედ, ჩანგრევის მერე – რასაც მისწვდნენ, ის აიღეს და, ამიტომ, ჩვენდა საბედნიეროდ, ბევრი რაღაც დაგვხვდა. იმდენად კარგად არის გაძარცული, შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ის ადამიანიც ესწრებოდა დაკრძალვას, ვინც კარგად იცოდა სად, რა იყო 

– ეტლისა და ოქროს გარდა, რას ატანდნენ მიცვალებულს? თქვენ თქვით, რომ მონასაც აყოლებდნენ და ცოლსაც უკლავდნენ და გვერდით უწვენდნენო. ეს მართლაც შოკის მომგვრელი ფაქტია. 

– დიახ, ბელადებს ატანდნენ ყველაფერს – საჭმელს, სასმელს, იარაღს, სამკაულს, მონას, ცოლს... რადგან, იმ დროის წარმოდგენის მიხედვით, ადამიანი ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას საიქიოში და, რაც ამქვეყნად სჭირდება კაცს, იქაც ის დაჭირდება – ასეთი აზროვნება ჰქონდათ.    

– ისე, ამდენი საუკუნის შემდეგაც, დღესაც არსებობს ცოტა უცნაური ტრადიციები... 

– დიახ, მაგალითად, დღესაც, საფლავზე რომ მივდივართ, ერთ ჭიქა ღვინოს წავუქცევთ და შესანდობარს ვამობთ – მიუვიდესო. რა უნდა მიუვიდეს, სული ზეცაშია, მიწაში მხოლოდ სხეულია. ეს, უბრალოდ გადმონაშთია იმ დროიდან.

– კიდევ რა ნახეთ ყორღანებში?    

– როგორც უკვე გითხარით, გვაქვს ოქროს, ლითონის ნივთები, ხისა და თიხის ჭურჭელი ორნამენტებით, ხის სავარძელი, უნიკალური ქარვის მძივი... სხვათა შორის, ამ პერიოდის ქარვა არა მხოლოდ ჩვენთან, ახლო აღმოსავლეთშიც არსად არის, ეს ყველაზე ადრეული ქარვის მძივი აღმოჩნდა; ასევე, უმაღლესი ხარისხის ქსოვილი, ტყავი, რომელიც, როგორც წესი, საუკუნეების განმავლობაში არ ინახება; ხილით სავსე კალათები – თხილი, წაბლი (სამი ტომარა ავკრიფეთ) რკო, ტყის კენკრა – ონტყოფა, კვრინჩხი... ცხადია, გამოფიტულია, მაგრამ, ფორმა და ფერი შენარჩუნებული აქვს ამ მიკროკლიმატის წყალობით. სხვა სამარხებშიც ატანდნენ ამ ყველაფერს, თუმცა, არსად არ არის შემორჩენილი. ნიადაგსა და პირობებს გააჩნია, თორემ, 43 საუკუნე მიწაში... როგორც ჩანს, ამ ნიადაგმა და კონსტრუქციამ შეინარჩუნა და ამით არის განსაკუთრებული ეს სამარხები.  

– შემდეგი ეტაპი, ალბათ, უკვე ლაბორატორიული კვლევებია?  

– ახლა მიდის ამ ყველაფრის შესწავლა. ჩვენი რესტავრატორები დამტვრეული ჭურჭლის აღდგენაზე  მუშაობენ; ლითონის ნივთები გერმანიაში გვაქვს გაგზავნილი ლაბორატორიაში; პალეობოტანიკოსი განსაზღვრავს და დაასკვნის, თუ რა ჯიშის ხილია და ასე შემდეგ. პალეოლოგი სწავლობს მტვერს, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია იმდროინდელი ჰავა აღვადგინოთ, ანუ, დავადგინოთ, რა გარემო იყო ირგვლივ, როგორი ტყე – ფოთლოვანი, წიწვოვანი თუ საერთოდ არ იყო; არის კიდევ ანტროპოლოგი, რომელიც იმ ძვლებითა და თავის ქალებით, რაც მოვიპოვეთ, განსაზღვრავს, რა სქესის, ასაკის იყო ის ადამიანი, რა დაავადება ჰქონდა... 

– ბევრმა, შეიძლება, არ იცის, რას ნიშნავს მუმიფიცრებული ბელადი. ამიტომ, ესეც აგვიხსენით.

– მტვრის აღების დროს პალეოლოგმა, თავის ქალებზე აღმოაჩინა თაფლის კვალი, ანუ, როგორც ჩანს, თაფლში იყო მიცვალებული. ამ ყორღანების აგებას ხომ დიდი დრო უნდოდა, ეს არ არის ორი-სამი დღის საქმე, ამიტომ, უხდებოდათ მიცვალებულის თაფლში შენახვა, რათა არ გახრწნილიყო. როგორც ჩანს, ეს იყო მუმიფიცირების ერთ-ერთი მეთოდი.   

– კიდევ რას თხრით? 

– ეს არის სამარხი – გაითხარა და მორჩა! მაგრამ, ჩვენ გვაქვს კიდევ ნასახლარები. მაგალითად, კასპის რაიონში, კავთისხევში ვიყავით. იქ არის ასეთი ნაგებობა „ციხეაგორა”. 30 წელი ითხრებოდა და, შეიძლება, კიდევ ერთი ოცდაათი წელი დასჭირდეს მის გათხრას. მრავალფენიანი ნასახლარია. ექვსი მეტრი კულტურული ფენებია, დაწყებული ადრეული ბრინჯაოს ხანით, დამთავრებული ელინისტური ხანის ტაძრებით –  სატაძრო კომპლექსია ქრისტეშობამდე; აგრეთვე, მარანია 48 მოხატრული ქვევრით და გალავნით შემორტყმული, იმის ქვეშ კი არის ნასახლარი... ასე ნელ-ნელა თხრი და ჩადიხარ ქვემოთ.  ერთი შეხედვით არ ჩანს ის, რაც უნდა გაითხაროს, ეს მხოლოდ მშენებლობების დროს ჩნდება. მაგალითად, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი რომ გაჰყავდათ, იქ ჩვენც ვმუშაობდით და ბევრი  ძეგლ-ნაგებობა აღმოჩნდა. არის აღმოჩენის სხვა მეთოდებიც, მაგალითად, კოსმოსიდან გადაღებული, რომელიც თავისი მოხაზულობით გიჩვენებს, რომ იქ რაღაც არის. ამასაც ვიყენებთ – ვარკვევთ და მერე დაზვერვებს ვატარებთ სპეციალური ხელსაწყოთი და, თუ დადგინდა, ვთხრით. 

– წარმომიდგენია, რამხელა სიამოვნებაა რაღაცას რომ აღმოაჩენ და მერე რომ იკვლევ  – რომელი საუკუნისაა, რა მასალისგან დამზადებული, როგორ იქმნებოდა, რა ისტორია დგას თითოეული ნივთის უკან...   

–  მუშაობა გრძელდება. ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, ალბათ, კიდევ ორი წელი მაინც დასჭირდება. ეს არის მეცნიერება, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. დასკვნები რომ გამოქვეყნდება და ცნობილი გახდები საერთაშორისო დონეზე – ეს არის ყევლაზე კარგი კაპიტალი ჩვენთვის. თვითონ არქეოლოგია ძვირად ღირებული სიამოვნებაა.       

скачать dle 11.3