კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამოტოვებას არ აპატიებს საკუთარ თავს ლიკა ევგენიძე და რით იღებს ის სიამოვნებას

მალე ერთი წელი გახდება, რაც ლიკა ევგენიძე ნიუ-იორკში ცხოვრობს და „რუსთავი 2-ის“ „ახალი შუადღის“ განვითარებას შორეული შტატებიდან ადევნებს თვალყურს. ამერიკის მოქალაქეობის მიღება არც ისე ადვილია და ლიკაც ზედმიწევნით იცავს ბიუროკრატიულ წესებს. ქვეყნის დატოვების გარეშე ერთწლიან ყოფას ისიც დაემთხვა, რომ ლიკა ევგენიძესა და ნიკა ალასანიას მეორე შვილი შეეძინათ. პატარა ალექსანდრე, უფროსი დის მსგავსად, ცხოვრების პირველ თვეებს შორეულ ამერიკაში ატარებს და სამშობლოს მონახულებას საახალწლოდ აპირებს.

 ლიკა ევგენიძე: გასული წლის ნოემბერში ჩამოვედი ამერიკაში და ნოემბერში გადის აქ ყოფნის ერთი წელი. ნოემბრის ბოლომდე აქ ვიქნები, რადგან, არ მინდა, რამე აირიოს – აქ ყოფნის ზუსტად 365 დღეა საჭირო და მერე შევიტან საბუთებს. საახალწლოდ უკვე ჩამოვალ. მომენატრა თბილისი, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები. დედაჩემი იყო ჩემთან ჩამოსული, მაგრამ, ყველას ნახვა მინდა. ამის შემდეგ ისევ უნდა დავბრუნდე, რადგან, გასაუბრება მაქვს გასავლელი. 

– როგორც ვხვდები, ბიუროკრატიული თვალსაზრისით, მოქალაქეობის მინიჭების საკმაოდ რთული პროცედურა აქვთ.

– რთული არა, უბრალოდ, დრო სჭირდება და მაქსიმალურად ითხოვენ წესების ზედმიწევნით შესრულებას. უნდა დაიცვა დღეების რაოდენობა. თან, აქ ისეთი სისტემაა, რაც უფრო დიდხანს არ ჩამოდიხარ, მით უფრო მეტი დროის გატარება გიწევს ქვეყნის დაუტოვებლად. ამიტომ, მერჩივნა, ამ ერთი წლით ახლა ჩამოვსულიყავი, ვიდრე სამი ან ხუთი წლით – მომავალში. 

– ანა-სოფიას დაბადების დროსაც ამერიკაში იყავი, მაგრამ, უცხო ქვეყანაში ცხოვრება ორი ბავშვით, სადაც დედა, მეზობელი, მეგობარი ისე ვერ მოგეხმარებიან როგორც თბილისში, არ არის ძალიან რთული?

– ჩემთვის მაინც თბილისური სიტუაციაა, რადგან, ნიკას მშობლები აქ არიან და ძალიან მეხმარებიან. აბსოლუტურად არ მქონია ეგ პრობლემა და, ხანდახან, რომ წარმოვიდგენ რას ან როგორ გავაკეთებდი ისინი რომ არა, გული მისკდება. დეიდაჩემია ზუსტად ასეთ მდგომარეობაში – სან-ფრანცისკოში ცხოვრობს ორი ბავშვით. ქმარი იქ სწავლობდა და ესეც ჩავიდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ორსულადაა და სრულიად მარტო ზრდის ორ ბავშვს. ძალიან რთულია. გამიმართლა, რომ ნიკას დედა ყველაფერში მეხმარება.

– ნიკა?

– ვაიმე, ნიკა ისე მეხმარება, არ ვიცი, ასე რომ არ იყოს, რა მეშველებოდა. ანა-სოფიაზეც ძალიან მეხმარებოდა და ალექსანდრეზეც ზუსტად თანაბრად გვაქვს ფუნქციები გადანაწილებული – ღამით ერთმანეთს ვცვლით, რიგრიგობით გვძინავს. საერთოდ, მამა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული შვილის აღზრდაში. ძალიან მალე გადის დრო, უსწრაფესად იზრდებიან ბავშვები, გუშინდელივით მახსოვს თვეების ანა-სოფია და ახლა უკვე მართლა დიდი გოგოა. ამიტომ, თუ ყველაფერში არ მიიღე მონაწილეობა, დამთავრდა ის დრო უკვე წასულია, ვერ დააბრუნებ და ბევრი რამ გამოგრჩება. გული გწყდება ყველა იმ პატარა დეტალსა და მომენტზე, რომელიც გამოტოვე, ვერ დაინახე, თუნდაც მშობიარობაზე დასწრება. მიმაჩნია, რომ ქმარი ამ მომენტს აუცილებლად უნდა დაესწროს და გაიზიაროს ეს სასწაული, მართლა რაღაც ჯადოქრობა. სულ სხვა განცდაა, როცა მამაც ესწრება შვილის პირველ ამოსუნთქვას. 

– ორივეს დაბადებას დაესწრო ნიკა?

– დიახ. ალექსანდრეს დაბადებას დედაჩემიც დაესწრო. აქ ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ორი ადამიანის დასწრების უფლებას აძლევენ, საკეისროს შემთხვევაში – ერთის. სხვათა შორის, დედაჩემი საერთოდ არ არის პანიკიორი და მშიშარა, მაგრამ, მერე მითხრა, ძალიან რთული ყოფილა შვილის მშობიარობაზე დასწრებაო. 

– არ მოგენატრა თბილისი, ყოველდღიური პირდაპირი ეთერი, თუ, ჯერ დედობით ტკბები? 

– ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. ძალიან მენატრება მუშაობა, მაგრამ, იმხელა სიამოვნებას მანიჭებს შვილებთან ურთიერთობა, იმხელა ბედნიერებაა მათთან დაკავშირებული ყოველდღიური სიახლე, რომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. 

– ხომ არ იყო აქედან რაიმე შემოთავაზება?

– იყო რაღაც ლაპარაკი, მაგრამ, როდესაც ჩამოვალ, მერე გავერკვევი რაღაცეებში. ალბათ, ისევ ჩემს არხზე, იმავე გადაცემაში დავბრუნდებოდი. თუ გახსოვს, ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ამაზე ვილაპარაკეთ კიდეც – აქ მინდოდა, მესწავლა, გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა; მაგრამ, ძალიან რთულია – ორსულობა, ბავშვი, ხან რა ხდება, ხან რა და ამისთვის დროს ვეღარ პოულობ. თან, აქ სწავლა არ ხდება ისე, რომ დღეში ორი საათით მიხვედი და სახლში დაბრუნდი. თუ რეალურად სწავლა გინდა, ის ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ჯერჯერობით, ასეთი სწავლის დრო ნამდვილად არ მაქვს, ბავშვებს ვჭირდები, მაგრამ, ვნახოთ, იქნებ მომავალში შევძლო.

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ქართველი ხართ ერთად, დიდი წრე გაქვთ...

– დიახ, ჩვენი უამრავი მეგობარია აქ, ამერიკელი მეგობრებიც გვყავს – ნიკას თანაკლასელები, ინსტიტუტის მეგობრები, მაგრამ, ქართველებთან ურთიერთობაც სულ გვენატრება. ორივე წრე გვყავს და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქაც თბილისივით არის – ძალიან უყვართ ერთმანეთთან სტუმრობა, პარასკევსა და შაბათს ყოველთვის რაღაცას გეგმავენ. თუ მაინცდამაინც მეგობრებთან ყოველდღიური ურთიერთობა გინდა, არც ამის პრობლემაა – ლანჩზე ყველა გამოდის სამსახურიდან და ერთმანეთს ხვდებიან. თან, ნიუ-იორკი ისეთი ქალაქია, მარტოც ძალიან კარგად გაერთობი. უამრავი პარკია და ბავშვთან ერთად დასვენების საუკეთესო საშუალება გაქვს. საბავშვო ეტლით მთელი ქალაქის შემოვლა შეგიძლია, იმიტომ, რომ ყველგანაა პანდუსები, ეტლით სასიარულო ზოლი. თბილისში კიბეს რომ შეეჩეხები და ერთ ხელში ბავშვი უნდა დაიჭირო, მეორეში – ეტლი, ასე არ არის. აქ ქუჩაში ყველანი ბავშვით ან ცხოველით დადიან. ყველა უბანს აქვს დიდი პარკი. ყველანაირი პირობაა შექმნილი უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, რომ სრულფასოვნად იცხოვრონ და დისკომფორტი არ შეექმნათ გადაადგილებაში. 

– გასართობად სად დადიხართ, გაქვთ რამე ამოჩემებული ადგილი?

– აქ იმდენი ადგილია, რომ ასე ადვილად ვერ შეარჩევ. თბილისში ყველა კაფე და კლუბი რომ იცი, იქ ასე არ ხდება. ყოველ პარასკევს რომ სხვადასხვა ადგილას იარო, ვერაფრით ამოწურავ, სულ სხვადასხვა ადგილებში დავდივართ. რომელიმე ერთი ადგილი რომ მქონდეს ამოჩემებული, ასე არ არის. თვე-ნახევრისაა ალექსანდრე და გასართობად სიარულის სურვილი დიდად არც მიჩნდება, ვცდილობ, სულ შვილებთან ერთად ვიარო, ჰაერზე მყავდეს. კაფეში წასვლის პრობლემაც არ არის, რადგან, იქ სიგარეტს არავინ ეწევა და, შეგიძლია, ბავშვებთან ერთად დაისვენო. 

– მეორე შვილზე განსხვავებული განცდები გაქვს?

– აბსოლუტურად განსხვავებულია მეორე შვილის აღქმა. პირველზე დაბნეული ხარ, შეშინებული, არაფერი არ იცი, ხარ მოლოდინში, რომლისთვისაც მერე ფეხის აწყობაც გიჭირს.  პირველ შვილთან ერთად შენ თვითონაც იზრდები, მეორეზე კი უკვე მშობელი ხარ; იცი, რას ელოდები, რამხელა სიყვარული მოდის შენს ცხოვრებაში. გაცილებით მობილიზებული და მოწესრიგებული ხარ, სირთულეებს მომზადებული ხვდები. თვითონ ფეხმძიმობის პერიოდიც სხვაა და მერეც. დაბნეული აღარ ხარ. გამიმართლა, რომ მტირალა არც ერთი არ ყოფილა და, თუ რამე არ აწუხებთ, მშვიდად არიან. ალექსანდრე რეჟიმშია, ღამითაც ჭამისთვის იღვიძებს და ღამე მონაცვლეობაც მეხმარება, რომ გამოვიძინო, დავისვენო. გამიმართლა, რომ პოსტ-მშობიარობის დეპრესია, ნერვული ფონი საერთოდ არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ გიგანტური ზომის დაიბადა – 4 კილოგრამი და 700 გრამი და 55 სანტიმეტრი გაჩნდა, ორი თვის ბავშვისხელა (იცინის). 

– მესამეზე ფიქრობ?

– ზოგადად, პერსპექტივაში – კი, მაგრამ, ჯერჯერობით, ნამდვილად არა, ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ სკოლაში არ წავლენ და დამოუკიდებლად რაღაცეების კეთებას არ მიეჩვევიან. მერე, ალბათ, მესამესაც გავაჩენ.

скачать dle 11.3