კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ათენებს ღამეებს ცნობილ ფრანგულ კაბარეში ელგა ფორჩხიძე და რაზე უთხრა მას უარი რონალდინიოს დაცვამ

ქართველი მომღერალი ელგა ფორჩხიძე უკვე ათი წელია, უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მაინც ახერხებს წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლას და ახლობლების მოსიყვარულებას. ელგამ თბილისში დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, მანამდე კი სამუსიკო ათწლედში სწავლობდა. ასევე, დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლა. ქართულ ესტრადაზე 90-იან წლებში გამოჩნდა, ანუ, სწორედ იმ პერიოდში, როცა არავის ემღერებოდა. მან არაერთ კონკურსსა და ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელიც გახდა. დღეს ის საფრანგეთში მღერის და ამბობს, რომ თავისი ამბიციითა და მიზანდასახულობით ჯერ კიდევ ბევრის მიღწევა აქვს დაგეგმილი.

ელგა ფორჩხიძე: სცენაზე მაშინ დავდექი, თბილისში საშინელი 90-იანი წლები რომ იყო. ის დრო ახლა უფრო მტკივნეულად მახსენდება და მწარედ განვიცდი. ანუ, საუკეთესო წლები ჩემს ქვეყანაში, უმძიმეს ვითარებაში გავატარე. შოუ-ბიზნესი ენთუზიაზმზე იყო აწყობილი, რომელ დაფინანსებაზე იყო საუბარი! რამდენიმე სიმღერა მქონდა ჩაწერილი და სამი სიმღერა ახლაც ტრიალებს ქართული რადიოს ტალღებზე. ჩემი პროდიუსერი გახლდათ მამუკა სააკაშვილი და, არ დამავიწყდება, 2001 წელს, სწორედ მისი დახმარებით აღმოვჩნდი ბელორუსიაში, სადაც საერთაშორისო ფესტივალი ტარდებოდა და ერქვა „ზოლოტოი შლაგერ”; 2002 წელს კი მოსკოვიდან მივიღე მოწვევა და სამი თვით წავედი. იქ ქართულ რესტორან „ტიფლისში” ვმღეროდი, რომლის მფლობელიც გახლდათ ელგუჯა ქებურია. სამი თვით კი წავედი, მაგრამ, ხუთი წელი დავრჩი (იცინის). სამწუხაროდ, ცუდი პერიოდი დამემთხვა – 2006 წელი. საბუთები კი მქონდა წესრიგში, მაგრამ, აქ უფრო პოლიტიკური ამბები მოქმედებდა და არავინ იხედებოდა შენს საბუთებში. დიდი წარმატება მელოდა მოსკოვში. კონკურსზე „ზოლოტოი გოლოს როსიი” სამი პრიზი ავიღე და საკმაოდ კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ დიდ სცენაზე. არ დაგავიწყდეთ, ეს სამი პრიზი: „მაყურებლის სიმპათია”, კონტრაქტი  დისკის ჩასაწერად და ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერისგან 10 000 ევროს მომსახურების ბარათი სწორედ იმ რთულ და დაძაბულ დროს მომცეს, როცა მოსკოვიდან ქართველებს დევნიდნენ.

– ანუ, ეს ის დროა, როცა მოსკოვში ქართული ღვინო და „ბორჯომი” აკრძალეს?

– დიახ, სწორედ ის დრო იყო, როცა რუსეთში აკრძალეს ქართული პროდუქციის, ღვინისა და „ბორჯომის” გაყიდვა და, ამ დროს, ქართველი რუსეთის კონკურსზე იღებ სამ პრიზს, თანაც, აბსოლუტურად დამოუკიდებლად და ყოველგვარი დახმარების გარეშე. ეს ადვილი არ გახლდათ. მივხვდი, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო მხოლოდ ჩემი ნიჭითა და შრომით. 

– იღბალიც ხომ საჭიროა ნიჭთან და შრომასთან ერთად?

– დიახ, იღბალიც დიდ როლს თამაშობს და ამას ვუმადლი, დღეს რომ პარიზში ვარ. მოკლედ, კონკურსის შემდეგ ცოტა ხნით თბილისში დავბრუნდი, მოსკოვში კი პროდიუსერი რუსლან მაკაროვი მელოდებოდა, რომ დისკი ჩაგვეწერა. მაგრამ, იქ ჩასულს ვიზა გამიუქმეს, ამიტომ, ათ დღეში დავტოვე მოსკოვი და წავედი უკრაინაში, სადაც ერთი წელი ვიმუშავე. მაშინ 28 წლის ვიყავი და ვხვდებოდი, საქართველოში რომ დავბრუნებულიყავი, წინ ვერ წავიწევდი, უცხოეთში კი უფრო მეტის გაკეთება შემეძლო ჩემი ქვეყნისთვის. წარმოიდგინეთ, უცხოეთში რომ ქართულად მღერი და მათ ჩვენს კულტურას აზიარებ, ამით რამხელა საქმეს აკეთებ. 

– ახლა საფრანგეთში მღერი. როგორ მიგიღო ფრანგმა მსმენელმა პატრიოტი ქართველი მომღერალი?

– ეს ბატონ ელგუჯა ქებურიას დამსახურებაა. ერთხელ მითხრა, საქართველო ყოველთვის მიგიღებს, სამშობლოში ყოველთვის დაბრუნდები, მაგრამ ახლა შენ საფრანგეთში უნდა იყოო. მან საფრანგეთში დიდი სახლი აჩუქა ქართველებს, სადაც ულამაზესი რესტორანი – „ქართული სახლი” იყო გახსნილი და იქ იკრიბებოდნენ ჩვენი თანამემამულეები. იქ მოდიოდნენ პიერ რიშარი, მირეი მატიე, ჟან პოლ ბელმონდო, ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსები, მსახიობები, ფეხბურთელები, მაგალითად – რონალდინიო.

– მათ პირადად თუ იცნობ?

– სხვათა შორის, ძალიან უშუალო და თბილი ხალხია. არ უჭირთ კონტაქტი, გამოლაპარაკება, სურათის გადაღება, თბილი მისალმება. რონალდინიოსთან მინდოდა ფოტოს გადაღება, მივედი და ვთხოვე. ღიმილით დამთანხმდა, მაგრამ, აპარატი რომ ამოვიღე, დაცვა გადამიდგა და არ დამრთო ნება. რონალდინიომ გამიღიმა – რა ვქნა, დაცვა არ გვიშვებს და „აფხეო,” ანუ, მერეო. მე კიდევ ვიხუმრე: არა უშავს, მოვა დრო, მოხვალ ჩემთან, მთხოვ სურათის გადაღებას და მერე მე გეტყვი „აფხეს”-მეთქი (იცინის). მეგობრები დამცინოდნენ – სურათის გადაღება რომ არ მოინდომა, ხომ მოიხიბლა შენი ქართული ტემპერამენტითო (იცინის). იმ რესტორანში ვმღეროდი მთელი სამი წელი. ახლა ეს რესტორანი დროებით დაკეტილია. თავიდან ძალიან გამიჭირდა ადაპტაცია. არც ენა ვიცოდი და ესეც გარკვეულ პრობლემებს მიქმნიდა. თუმცა, ფრანგულ სიმღერებს ვმღეროდი და ყველას ეგონა, ამ ენაზე გამართულად ვლაპარაკობდი. ახლა ენაც ვისწავლე და მოვერგე კიდეც ამ ქვეყანას. ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ასაკი არ არსებობს.

– და, ქვეყანა, სადაც აუცილებლად შეყვარებული უნდა იყო.

– (იცინის) თქვენ მე პირადულზე მესაუბრებით, მე კი ვამბობ, რომ ამ ქვეყანას ასაკი არ გააჩნია და აქ ჩამოსული სულ ახალგაზრდა ხარ, სულ შეყვარებული და სულ ამაღლებული განწყობის. პირადულში მართლაც არაფერი ხდება. თაყვანისმცემლებს, მადლობა ღმერთს, არ ვუჩივი, მანებივრებენ და ისინი ბევრნი არიან, ხანდახან ვიმალები ხოლმე (იცინის), მაგრამ, კონკრეტული ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ გამოჩენილა.

– ესე იგი, მამაკაცებთან მიმართებაში ცოტა კრიტიკული ხარ?

– ძალიან უნდა მოვიხიბლო მამაკაცით და ძალიან უნდა მომეწონოს, რომ ის ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვა, ასეთი კი ჯერ არ ჩანს. მიმაჩნია, რომ, თუ ადამიანს რამის გაკეთება უნდა და დიდი სურვილი აქვს, აუცილებლად გამოუვა. დამიჯერეთ, უცხოეთში ჩამოსულს დიდი წინაღობები გხვდება წინ, თუნდაც მორალური და თუნდაც ემოციური. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, მიზანი დავისახე და ძალების მობილიზება შევძელი. მე ჩემს სათქმელს ამ ქვეყანაში სიმღერით ვამბობ და ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შემაშინებს. 

– საფრანგეთი ის ქვეყანაა, სადაც ყველა ქალის ოცნება ახდება?

– ქალის ოცნება ყველა ქვეყანაში შეიძლება ახდეს. ხომ ამბობენ, პარიზი სიყვარულის ქალაქიაო, მე კიდევ, ვამბობ, რომ პარიზი დეპრესიული ქალაქია. ძალიან ცოტა მზეა და ყველაზე მეტ ბედნიერ ფრანგს მაშინ ნახავთ, როცა მზე ანათებს. მთელი ზაფხული ქურთუკი არ გამიხდია, ძალიან ციოდა და ეს განწყობაზე დეპრესიულად მოქმედებს. ასე რომ, სადაც მზე და სითბო არაა, იქ დეპრესია ჩნდება.

– ანუ, გამოდის, რომ ცხრა თვე დეპრესიაში ხარ?

– (იცინის) დაახლოებით. სხვათა შორის, ახლა მივხვდი ჩემი ქრონიკული დეპრესიის მიზეზს. აქ თუ არ იცხოვრე, ისე ამას ვერ გაიგებ. მინდა, კარგად მოვერგო ამ ქვეყანას, კარგად ვისწავლო ფრანგული და მერე მქონდეს დიდი სცენის ამბიცია. ახლა კი ძალიან ცნობილ ფრანგულ კაბარეში ვმღერი, რომელიც უკვე სამოცდაათი წელია, არსებობს. აქ მღეროდა დღეს ცნობილი ძალიან ბევრი მომღერალი. კვირაში ხუთი ღამე არ მძინავს, მაგრამ, არ ვიღლები, პირიქით, ფოიერვერკივით ვარ (იცინის).ზუსტად ვიცი, ეს კაბარე გზას გამიკვალავს დიდი სცენისკენ. როგორც გითხარით, პარიზს ასაკი არ აქვს; აქ მუსიკას ყველა უსმენს; აქ არასდროს დააგვიანებ, მთავარია, მიზანი და ამბიცია  გქონდეს და ამისთვის იბრძოდე. მე ამ ქვეყანაში კარიერას ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყობ. სულ ვამბობ, ნებისმიერი მუსიკოსისა და მომღერლისთვის „გრემია” ყველაზე დიდი ჯილდო. ეს ოცნება მეც მაქვს, მაგრამ, არ ვიცი როდის შევძლებ წითელ ხალიჩაზე „გრემით” ხელში გავლას და შემდეგ ამ ჯილდოთი ჩემს ქვეყანაში ამაყად ჩამოსვლას.

скачать dle 11.3