კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჩამოიტანა თბილისში ჰიტლერისთვის დამზადებული ოქროს უნაგირი და რის შემდეგ დარწმუნდა ნუგზარ კვაშალის ბაბუა, რომ მის შვილიშვილს შავი პურის ფული ჰქონდა

ტრადიციების დამცველ ოჯახში გაზრდილი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო თემაა თავის წინაპრებზე, ბებია-ბაბუებზე საუბარი. „ახლა მივხვდი, როგორი განცდა ექნებოდა ბაბუაჩემს, როდესაც მე მოვევლინე ქვეყანას” – ამბობს ჩვენი რესპონდენტი ნუგზარ კვაშალი, რომელიც პირველი შვილიშვილი გახლდათ ოჯახში. 

– რამდენიმე ათეული წლის წინ კვაშალების ოჯახში დაიბადა პირველი და უსაყვარლესი შვილიშვილი, რომელსაც ნუგზარი დაარქვეს...

– ჰო... აღარ მახსოვს ეს რამდენი წლის წინ იყო (იცინის)... პირველი მე ვიყავი, ბოლომდე საყვარელი შვილიშვილი, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვგრძნობდი. რაც მე დავიბადე, იმის შემდეგ, ბებიაჩემის ადგილი დავიკავე ბაბუას გვერდით საწოლში, ბებია კი ტახტზე გადავიდა. 

– ბებია სადაური ქალბატონი იყო?

– ბებია კახელი მყავდა, ბაბუა – გურული. ბებია იცინოდა ხოლმე: ცალ ფეხზე „კალოში” ეცვა, ცალზე – ფეხსაცმელიო.

– აფორმებდა, ხომ?

– პრინციპში, ძალიან ღატაკები და გაჭირვებულები რომ იყვნენ, ნამდვილად ვიცი. შემდეგ სხვანაირი ცხოვრება მოვიდა. ბაბუაჩემი ჭკვიანი კაცი იყო. სხვაგვარად, უჭკუო კაცს მისნაირი კარიერა არ ექნებოდა. თავდაპირველად, თურმე, ჩვეულებრივ, სამხედრო ფოსტას დაატარებენ ცხენზე შემჯდარი, შემდეგ – მთებში, როდესაც სამამულო ომი დაიწყო, გერმანელებს იქ დასდევდნენ თვითონ და თავისი 30 მთასვლელი. ბაბუაჩემის ჩამოტანილია თბილისში ის ოქროს უნაგირი, რომელიც ჰიტლერისთვის უნდა მიერთმიათ – თეთრი ცხენი თავის ოქროს უნაგირით. ეს რომ გავიგე, ვეხუმრებოდი: ბაბუ, ვერ მოატეხე პატარა კიდე-მეთქი და ძალიან სწყინდა ხოლმე. ის ჭეშმარიტი პატრიოტი იყო და ასე ესმოდა. რას ჰქვია! როგორ იფიქრებდა!

მომავალში, როგორც ყვებოდა, ქუთაისის შინსახკომის უფროსი იყო. 

– კარიერის დასაწყისში ბერიასაც ეკავა იგივე თანამდებობა, ოღონდ, სხვა ქალაქში...

– ეს ისტორიაც ბერიას პერიოდში ვითარდებოდა, ომის წლებში. დღეს ყველა გენერალი და ყველა პროფესორია, მაშინ კი ასე არ იყო. ერთ დღეს, თბილისში მიმავალ ჯერ კიდევ უცნობ გენერალს, ვასილ მჟავანაძეს გამოუვლია. მას შინსახკომიდან დარეკვა მოუნდომებია და იქ შესულა. ბაბუას ყურადღება მიუქცევია, კაბინეტში შეუპატიჟებია, შემდეგ რესტორანში უქეიფიათ, დამშვიდობებია და დაშორებულან.  ზუსტად არ ვიცი, ამ ამბიდან რამდენ ხანში მოხდა მჟავანაძის დანიშვნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად. ერთ დღეს კი ვასილ მჯავანაძეს ბაბუა გამოუძახებია თბილისში. თურმე, გზაში ფიქრობს: „ნეტავ, სად მივდივარ, მიჭერენ?“ მოგეხსენებათ, რა პერიოდი ჰქონდათ გავლილი: ძმა ძმას „უშვებდა”, შვილი – მშობელს და ასე შემდეგ. მიგიყვანდნენ, არც გეტყოდნენ, რაში იყო საქმე, პირდაპირ მიგაყენებდნენ კედელთან და გხვრეტდნენ. 

ბაბუას სულ 4 კლასის განათლება ჰქონია. უნდა ეშრომა და ოჯახი ერჩინა, სად იყო მაშინ სწავლის დრო. ამისთანა ბაბუები ჩემ გარდა ჩემი თაობიდან ბევრს ჰყავდა. მოკლედ, მჟავანაძესთან ამ შეხვედრის შემდეგ ბაბუა დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. შემდეგ, ერთი მომენტი, მის მინისტრად გადაყვანაზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ, ამ დროს მკაფიოდ გამოიკვეთა,  რომ მას მხოლოდ 4 კლასის განათლება ჰქონდა და აქედან გამომდინარე, უფლებას არ მისცემდნენ, ამ თანამდებობაზე ემუშავა.

– მომავალში რა ხდება?

– იმხანად ხშირად ხდებოდა, რომ ძველ ჩეკისტსა და ძველ შინსახკომელს ისეთ დარგში ნიშნავდნენ თანამდებობებზე, სადაც ფული უნდა ეშოვათ,  ანუ, ვაჭრობაში, რის გაგებაშიც საერთოდ არ იყო ბაბუა. ის დანიშნეს საქართველოს კოოპვაჭრობის უფროსად. სულ 2 თვის მისული იყო და სანამ გაერკვეოდა საქმეში, მაშინდელ ცენტრალურ გაზეთ „პრავდაში”აქაურმა სპეცკორესპონდენტმა დაწერა, რომ კოოპვაჭრობაში ცუდი ამბები ხდება და ყველაფერში დამნაშავე ალექსანდრე კვაშალი არისო. ბაბუამ ძალიან ინერვიულა, დაწერა პასუხიც. სწორედ ამ პერიოდში, სახლში ვართ მე და ბაბუა (მე ვარ დაახლოებით 7-8 წლის) და კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე და, ვხედავ ორი უშველებელი მამაკაცი დგას – ნაბდებში გახვეული და ტომრებმოკიდებული. ალიოშა სახლშიაო? – მკითხეს. მე შინ მივიწვიე. შემოვიდნენ და ეს ტომრები დაალაგეს. ნაბდები რომ მოიხსნეს, ისეთი აღჭურვილები იყვნენ იარაღით, მხოლოდ კინოში მინახავს მსგავსი რამ – „ვინტოვკა”, „აბრეზები”, „მაუზერები” – მოკლედ დაძეძგილები... შევიდნენ ბაბუასთან. ჯერ სიცილი ისმოდა, შემდეგ სიცილი გადავიდა ყვირილში და, ბოლოს, ბაბუამ – გამასწარით აქედანო.

– კი მაგრამ, ვინ იყვნენ?

– ბაბუა ხომ ჩეკისტი იყო, ბანდებს როდესაც დასდევდნენ ტყეში, ბაბუა შევიდოდა მარტო, დაელაპარაკებოდა ბანდის უფროსს და ეტყოდა: აგერ ვდგავართ 300 კაცი, ყველას დაგხოცავთ, ჩვენებიც დაიხოცებიან. მე გაძლევთ პირობას, თუ დაგვნებდებით, შენ ამდენ წელს მიიღებ, შენ – ამდენს, ანუ, არავინ არ დაისჯებით სიკვდილითო. ხშირ შემთხვევაში, ყველა  იარაღდაყრილი გამოდიოდა ამგვარი მოლაპარაკების შემდეგ. ამაზე იწერებოდა სტატიები, ფილმიც კი გადაიღეს. მოკლედ, ზემოთ აღნიშნული სტუმრები სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაჯგუფების წევრები ყოფილან. მათ „პრავდაში” წაუკითხავთ სტატია, უფიქრიათ, ეს ჩვენი ძმაკაცი ინერვიულებსო (მას შემდეგ ბევრ მათგანთან მეგობრობდა), ამიტომაც მოვიდნენ, ბაბუა მოიკითხეს – ხომ არ ნერვიულობო და უთხრეს: გვითხარი, სად არის „პრავდის” რედაქციაო! ამიტომაც გაყარა ისინი სახლიდან. 

მოგვიანებით, ბაბუა გადაიყვანეს ხილბოსტანვაჭრობაში სამმართველოს უფროსად. ოჯახს დაემჩნა: მე გიტარა მიყიდეს, ოჯახმა ავტომანქანა შეიძინა... ეს 1964-1965 წლებია. 

ბაბუას ბოლო თანამდებობა იყო თბილისის საკოლმეურნეო ბაზრების უფროსი. 18 ოჯახს ინახავდა: მამაჩემის, ბიძაჩემის და ბევრი ნათესავის, ასევე, რამდენიმე მეზობლის. ყოველ შაბათ-კვირას იმართებოდა ოჯახური წვეულებები, მოდიოდნენ მეგობრები, ჩამოდიოდნენ ნათესავები. რომ ვთქვი, ბაბუასთან ვიწექი-მეთქი, ღამით რომ ავდგებოდი, ვიღაცას გადავაბიჯებდი, ვიღაცას – დავაბიჯებდი... შემდეგ ეს თვისება მამაჩემს გადაედო. მოგვიანებით, როდესაც შემოსავალი შემოაკლდა, იმაზე ნერვიულობდა, რომ ვეღარ ეხმარებოდა დაღუპული მეგობრების ოჯახებს. 

– მამა სად მუშაობდა?

– იგი ბაბუას გზას გაჰყვა: იურიდიულზე ჩააბარა ექსტერნად. თავიდან მუშაობდა მილიციაში, ბოლოს კი პროკურატურაში იყო ათეული წლების განმავლობაში.

– სად ცხოვრობდით?

– ვცხოვრობდით ქიაჩელის ქუჩაზე, „ბერიას კორპუსს“ რომ ეძახიან. კარგი მეზობლები გვყავდა – ყველა ჩეკისტები, გენერლები... კარგი ადგილი იყო.

– თქვენს კონცერტს თუ მოესწრო ბაბუა?

– გეტყვით. მას ჰყავდა მეგობარი, სომეხი კაცი იყო – რუბენა. ბაბუა რომ მიდიოდა, სახლში რუბენას მიტოვებდა. რუბენა საჭმელს მიკეთებდა ხოლმე და მეუბნებოდა: აი, ნუგზარ-ჯან, აემ ქათმისგან 60 ნაჭერი უნდა გამოვიდეს. მაგარი მზარეული იყო, ძველი ჩეკისტი. ის, აქეთ ბებიაჩემის ძმა – გენერალი შაიშმელაშვილი, მოკლედ, გარშემო ყველა ახლობელი სამხრეებიანი მყავს, მე გამოვედი მხოლოდ მომღერალი. 

– თქვენ არ გიცდიათ, მათ გზას გაჰყოლოდით?

– ვაბარებდი იურიდიულზე, მაგრამ, წერითი  გამოცდა იყო ისტორიაში და... კიდევ კარგი, ვერ ჩავაბარე. რომ მითხრან, რას გააკათებ, ცხოვრება რომ დაიწყო თავიდანო, იმავეს გავაკეთებ.  რაც შეეხება ჩემს პირველ კონცერტს, ეს იყო 1969 წლის ზაფხული და კონცერტი იყო მანავში. ჩამოვიდნენ 30-მდე მანქანით: „პობედებით“, „ვოლგებით“... ბაბუა მესამე სიმღერიდან  გამოსულა მოსაწევად დარბაზიდან და ძმაკაცისთვის გადაულაპარაკია: მე უკვე წყნარად შემიძლია, წავიდე, ნუგზარს შავი პურის ფული აქვსო. 

მოგვიანებით ისე მოხდა, რომ მოულოდნელად ბრმა ნაწლავი ამტკივდა და ოპერაცია გამიკეთეს. ბაბუა რომ მოვიდა საავადმყოფოში, არ შემოუშვეს და ამაზე უნერვიულია – ხომ არაფერი სჭირს ბავშვს და მე მიმალავენო. იქვე დავარდნილა შემოსასვლელში. ასე გარდაიცვალა იგი 59 წლის ასაკში.

– თქვენ როგორი ბაბუა ხართ?

– გიჟი ბაბუა ვარ. მე ბაბუა 57 წლის ასაკში გავხდი და ამის შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, არსებობა. სულ სხვანაირი გავხდი. ახლა მივხვდი, როგორი განცდა ექნებოდა ბაბუაჩემს, როდესაც მე მოვევლინე ქვეყანას.

скачать dle 11.3