კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მამიდაჩემის შვილობილმა კარგ ცხოვრებას მეძავობა არჩია

მამიდაჩემი ახალგაზრდა დაქვრივდა. შვილი არ ჰყოლია. მეორედ რომ გათხოვდა, უკვე 40 წელს იყო მიღწეული. მეორე ქმარიც ქვრივი იყო, მაგრამ პირველი ქორწინებიდან ჰყავდა 15 წლის გოგონა, რომელიც სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა და ქმარმა ინგლისში წაიყვანა, რადგან იქ მუშაობდა. დარჩა ცოლ-ქმარი მარტო და დაახლოებით ორი წლის შემდეგ მამიდაჩემმა აიტეხა, ბავშვი უნდა ვიშვილოო. ბიძაჩემი წინააღმდეგი იყო – უკვე ასაკში ვართ, შვილიც გვყავს და შვილიშვილიც, პატარა ბავშვის გაზრდის თავი სადღა გვაქვსო, მაგრამ, მამიდამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – რომ აიტეხა, ვერავინ ვეღარ გადაათქმევინა. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ლამის გაიყარნენ ამ ნიადაგზე. ბოლოს, სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, ბიძაჩემი დაეთანხმა, ოღონდ, წინასწარ გააფრთხილა, ჩემგან ბევრს ნურაფერს მოითხოვო. მოკლედ, დაატრიალა მამიდამ ნაცნობ-მეგობრები და რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ აიყვანეს 6 წლის გოგონა, რომელსაც დედაც ცოცხალი ჰყავდა და მამაც, მაგრამ ბავშვთა სახლში ჰყავდათ მიტოვებული და ხელწერილი თუ განცხადებაც დაწერილი ჰქონდათ, რომ სამუდამოდ უარს ამბობდნენ შვილზე. მამიდაჩემს თავისმა დაქალმა წინასწარ ურჩია, სანამ ბავშვს იშვილებ, გაიკითხე, ვინ იყვნენ მისი მშობლები და, საერთოდაც, მისი გენეტიკა გაარკვიეო. მამიდამაც დაუჯერა და დაადგინა, რომ ბავშვის მამა რომელიღაც  რაიონიდან ოდესღაც ჩამოსული და გაბომჟებული იყო, დედა კი – ეროვნებით რუსი ქალი, რომელიც სადგურზე მეძავობით ირჩენდა თავს და თურმე ამ გოგონას გარდა კიდევ ორი თუ სამი შვილი ჰყავდა (სხვადასხვა დროს) საქართველოს სხვადასხვა ბავშვთა სახლში მიტოვებული და ყველაზე ოფიციალურად ჰქონდა უარი ნათქვამი. მოკლედ, ჩემი მამიდაშვილი წინაპრებითა და გენეტიკით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ, ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, თან, ნიჭიერიც გამოდგა – კარგადაც სწავლობდა და არაჩვეულებრივად მღეროდა. ერთი სიტყვით, სალომე შვილად მიიღეს და თან ჰყვებოდნენ.

სანამ სალომე სკოლას დაამთავრებდა, უფრო სწორად, მეთერთმეტე კლასამდე, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ, 17 წელი რომ შეუსრულდა, ბავშვი თითქოს მთლიანად შეცვალეს – თვინიერი, დამჯერი, მეცადინე ბავშვი თითქოს ალქაჯად იქცა. სალომე უკვე დიდი იყო, რომ იშვილეს და ამიტომ, იცოდა, რომ აყვანილი შვილი იყო, მაგრამ მამიდაჩემმა და ბიძაჩემმა დაუმალეს, სინამდვილეში ვინ იყვნენ მისი მშობლები და უთხრეს, რომ ისინი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. მეათე კლასამდე სალომეს ეს ტყუილი სჯეროდა, მაგრამ, მერე ვიღაცამ უთხრა სიმართლე და ბავშვი გადაირია. პირველმა შოკმა რომ გაუარა, დიდი წვალებით მოძებნა დედამისი და დედობილ-მამობილის ჩუმად დაიწყო მასთან შეხვედრები. მერე ძვირფასი მამიკოც გამოჩნდა და მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმა ბავშვის გამოყენება გადაწყვიტეს. არ ვიცი, თავი შეაცოდეს თუ დააშინეს, მაგრამ, სალომემ ჩუმ-ჩუმად დაიწყო სახლიდან ძვირფასი ნივთების გატანა, რომლებიც, ცხადია, თავის ბიოლოგიურ მშობლებთან მიჰქონდა. მათთან ურთიერთობას ისიც მოჰყვა, რომ ჯერ სკოლის გაცდენა დაიწყო, რაც მამიდაჩემმა საკმაოდ გვიან გაიგო, მერე გვიან ბრუნდებოდა შინ, არ ამბობდა, სად და ვისთან იყო, ბოლოს კი ღამესაც აღარ ათევდა ხოლმე სახლში. მამიდაჩემი და ბიძაჩემი პანიკაში იყვნენ, რადგან ბავშვს აშკარად ვეღარ იმორჩილებდნენ და ეშინოდათ, რამე უბედურებას არ გადაჰყროდა. ბოლოს მამიდაჩემმა გადაწყვიტა, სალომესთვის ეთვალთვალა და გაეგო, სად დადიოდა და ვისთან დაიწყო მეგობრობა, რადგან, გარდა იმისა, რომ გოგონა გათავხედდა და გაუზრდელდა, ვიზუალურადაც შეიცვალა, ძალიან გამომწვევად დაიწყო ჩაცმა, მაკიაჟსაც უცნაურს იკეთებდა და მის ლექსიკონში ისეთი სიტყვები მომრავლდა, რომ მოგესმინათ, თმა ყალყზე წაგივიდოდათ.

უკან დადევნების პირველივე დღეს დაადგინა მამიდაჩემმა, ვისთან დადიოდა სალომე (მერე გვითხრა, გული მიგრძნობდა, რომ დედამისს ხვდებოდაო), მაგრამ, იმან, რაც საწყალმა ქალმა საკუთარი თვალებით დაინახა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: საკმაოდ ვულგარულად გამოპრანჭულ გოგონასთან ჯერ ვიღაც ქალი მივიდა (მერე გაირკვა, რომ დედამისი იყო) და რაღაც შეკვრა გამოართვა (ალბათ, სახლიდან წაღებული მორიგი ნივთი), შემდეგ კი მოცდა უბრძანა და დაახლოებით ხუთ წუთში ვიღაც ღიპიანი და ლოყებღაჟღაჟა შუახნის კაცი მიიყვანა მასთან. კაცმა მუშტრის თვალით ახედ-დახედა გოგონას, კმაყოფილმა დაუქნია ქალს თავი და, როგორც ჩანს, ფასზე დაუწყო მოლაპარაკება. ბოლოს შეთანხმდნენ, კაცმა იმ ქალს რაღაც თანხა მისცა, გოგონას ხელი წაავლო და სადღაც დაუპირა წაყვანა, მაგრამ, ამ დროს მამიდაჩემი გამოენთო, კივილით დააცხრა თავს და იმ კაცსაც და იმ ქალსაც ქოლგით დაუწყო თავ-პირში ცემა, თან საშინელი ხმით გაჰყვიროდა მათ სალანძღავ სიტყვებს. ისინი არ მოელოდნენ ასეთ თავდასხმას და ჯერ დაიბნენ, თუმცა, მერე შეტევაზე  გადავიდნენ და მამიდაჩემზე საცემრად გაიწიეს, მაგრამ, სალომემ უყვირა, ხელი არ ახლოთ, დედაჩემიაო. ამ კივილ-წივილზე ხალხი მოგროვდა, მერე, როგორც ჩანს, ვიღაცამ პატრული გამოიძახა და, მამიდაჩემის ჩვენებების საფუველზე, ოთხივე წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოგვიანებით ბიძაჩემიც დაიბარეს. როგორც გაირკვა, სალომეს ბიოლოგიური დედა მას ვიღაც კაცებს ახვედრებდა და ფულს თვითონ იღებდა. ისიც დადგინდა, რომ სალომეს უარის თქმით თავი არ მოუკლავს, როდესაც დედამისმა ასეთი „სამსახური“ შესთავაზა.

რამდენიმე დღეში სასამართლო ჩატარდა, სალომეს ბიოლოგიური დედა და ის ღიპიანი კაცი დაიჭირეს და სხვადასხვა სასჯელი გამოუტანეს, სალომეზე კი ბიძაჩემმა საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და გოგონა შინ წაიყვანეს. საწყალმა ბიძაჩემმა ეს ვერ გადაიტანა, ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. მამიდაჩემისა და სალომეს ურთიერთობა კი ვეღარ აეწყო, რადგან, როგორც ჩანს, გოგონას სისხლში მისმა „ძვირფასმა“ გენეტიკამ იმძლავრა – მართალია, დედამისი ციხეში იჯდა, მაგრამ, სულ ვაგზლისკენ გაურბოდა თვალი და გული და ახერხებდა კიდეც იქ გაპარვას. ერთ დღეს კი, როცა მამიდაჩემი სახლში არ იყო, ჩაალაგა ჩანთაში ყველაფერი, რასაც ფასი ჰქონდა და სახლიდან სამუდამოდ წავიდა. მამიდაჩემს კი წერილი დაუტოვა: „ყველაფრისთვის მადლობელი ვარ და ბოდიშს გიხდი, რომ ასე ვიქცევი, მაგრამ მე შენთან ყოფნა აღარ შემიძლია. მე იქ, იმ ხალხში, იმ წრეში ვგრძნობ თავს კარგად, რომელსაც სინამდვილეში ვეკუთვნი. უკვე სრულწლოვანი ვარ და, როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებ, აღარ მეძებო, მე შენთან აღარ დავბრუნდები“.

ასე დაისაჯა მამიდაჩემი იმის გამო, რომ ლოთისა და მეძავის შვილი აიყვანა და მის გამო ყველა და ყველაფერი დაივიწყა. ჩანს, სისხლსა და გენებს ვერაფერი შველის.

მარინა, 26 წლის.

скачать dle 11.3