კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „გაუნადგურა” მეცნიერებათა აკადემიის ახალმა პრეზიდენტმა ილია ვეკუას წყნეთში და რატომ დააკავეს ის ატლანტის ოკეანეში

 უკვე ორი თვეა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ახალი პრეზიდენტი  ჰყავს – გიორგი კვესიტაძე ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეა, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან 50-წლიანი ისტორია აკავშირებს. ბატონი გიორგის  შრომითი კარიერა ერთი პატარა ქალაქის საწარმოში დაიწყო, რასაც მეცნიერებაში გატარებული ბევრი  მნიშვნელოვანი ეტაპი  მოჰყვა, ამის  და  საკუთარი ცხოვრების ისტორიის შესახებ ბატონი გიორგი, საინტერესო და კომუნიკაბელური რესპონდენტის ამპლუაში,  თავად გიამბობთ.  

 გიორგი კვესიტაძე: რთული ასახსნელია ის ისტორია, რომელიც წინ უძღოდა ჩემს არჩევანს. როდესაც გადაწყვეტ, რომ უნდა გახდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ეს უკვე ბევრს გავალდებულებს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს  საზოგადოებას, სამწუხაროდ,  არ აქვს ისეთი დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ, როგორსაც ქართული მეცნიერების ისტორია იმსახურებს.  საქართველოში ყოველთვის ფასობდა განათლება; ქართველი ფილოსოფოსები, მათემატიკოსები, ძველი დროიდან მოყოლებული მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და დიდ გავლენას ახდენდნენ იმ რეგიონის განვითარებაზე. რასაკვირველია, დღეს ასე არ არის; სამწუხაროდ, ახლოც კი არ არის იმასთან, რაც ადრე იყო.  მე 1965 წლიდან ვმუშაობდი აკადემიკოს სერგი დურმიშიძესთან, რომელიც ჯერ  იყო მეცნიერებათა აკადემიის მთავარი სწავლული მდივანი, მერე – აკადემიკოსი მდივანი. 1983 წელს მე თვითონ ამირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტად,  50 წელია, რაც  შეხება მაქვს მეცნიერებათა აკადემიასთან, ბოლო ცხრა წელი გახლდით  ბიოლოგიური მეცნიერების განყოფილების აკადემიკოსი მდივანი. მე  ვიგრძენი, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში აკადემიაში  ძალიან დაქვეითდა ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი და, ალბათ, ამ ფაქტორმაც განაპირობა  ჩემი გადაწყვეტილება, ვყოფილიყავი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ძალიან კარგია, როცა ქვეყანაში მაღალ დონეზეა ქართველოლოგია, მათემატიკა, რაც, მიმაჩნია, რომ არის ყველა მეცნიერების გასაღები, მაგრამ, თუ სრულფასოვანი არ არის სხვა მეცნიერებების – ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის განვითარება, მეცნიერებათა აკადემიის მუშაობა  ვერ იქნება იმ დონის, როგორიც უნდა იყოს. 

– თქვენი შრომის წიგნაკი გაიხსნა  ახმეტის საფუარის ქარხანაში. როგორ გაიარეთ გზა რიგითი ბიოლოგობიდან დიდ მეცნიერობამდე? 

–  განათლებით ტექნოლოგი ვარ,  ბიოლოგი მერე გავხდი.  ჩემი პროფესიული არჩევანი ცოტა უცნაურად მოხდა: მამაჩემი  ვეტერინარიის პროფესორი იყო და ძალიან უნდოდა, რომ მეც მის გზას გავყოლოდი. სულ შთამაგონებდა და მმოძღვრავდა: ვეტექიმი კიდევ უფრო პატიოსანია, ვიდრე ექიმი; ადამიანი გეუბნება მაინც, რა სტკივა, ცხოველი კი ვერ იტყვის; ამიტომ, ამ სფეროში უფრო დიდი ხელოვანი უნდა იყოო. მე ჩემი გზა ავირჩიე.  საქმე ის გახლდათ, რომ ადრეული წლებიდანვე  მქონდა კავშირი სერგი დურმიშიძესთან და  მირჩია, სამუშაოდ   წავსულიყავი ისეთ დარგში, როგორიცაა მიკრობიოლოგია, რომელიც ჩვენთან  ნაკლებად  იყო განვითარებული,  თუმცა, ამ დარგში ჩვენ გვყავდა ცნობილი მეცნიერები, მათ შორის – სერგი დურმიშიძე.  განსაკუთრებით დაბალ დონეზე იყო  ნიადაგის მიკრობიოლოგია. ინსტიტუტი დავამთავრე თუ არა, სამუშაოდ წავედი  ახმეტის  მიკრობიოლოგიურ ქარხანაში, სადაც ორი წელი ვიმუშავე და გავხდი მთავარი საამქროს უფროსი.  1966 წელს ჩავაბარე გამოცდები  ასპირანტურაში და  გავხდი საქართველოს მეცნიერებათა  აკადემიის ასპირანტი. სამი წლის შემდეგ დავიცავი სამეცნიერო ხარისხი მიკრობიოლოგიურ სინთეზში, რაც, ჩემი აზრით, არის მეოცე საუკუნის საოცრება. იმ პერიოდში ეს მიმართულება საქართველოში ნულის დონეზე იყო.  გვქონდა მხოლოდ  ერთი ქარხანა, რომლის დახურვისთანავე საერთოდ  დამთავრდა ეს დარგი, რომელიც ძალიან მომგებიანია ქვეყნისთვის. დღეს ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი მეცნიერების ამ მიმართულების განვითარებაც გახლავთ.       

– თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ამერიკაში. როგორ მოხვდით იმ დახურული რეჟიმის პერიოდში ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში?

– საბჭოთა რეჟიმში მეცნიერის ცხოვრება ჩარჩოებში იყო მოქცეული – უნდა გეკეთებინა ის, რასაც მიგითითებდნენ. საბჭოთა მეცნიერება და აკადემია კი  როგორც წესი, ქვეყნის  თავდაცვით  ფუნქციას ემსახურებოდა. ჩვენი ოსტატობა  მდგომარეობდა იმაში, რომ თავდაცვის ფუნქციაამოფარებულსაც კი, გვეკეთებინა ის საქმე, რაც მეცნიერისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.  მაგალითად, დავიწყეთ მიკროორგანიზმების უნიკალური  კოლექციის შეგროვება და, აქედან გამომდინარე, სხვა საბჭოთა მეცნიერებთან ერთად, მეც მიმიწვიეს ამერიკაში; უფრო სწორად, ამერიკაში  გაიგზავნა მეცნიერთა  სია, ვინც უნდა წავსულიყავით იქ. ბევრი ცვლილების შემდეგ, მათ დაამტკიცეს 16-კაციანი ჯგუფი, რომელთა შორის მეც ვიყავი. მე მოვხვდი ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში. ეს არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკაში, რომელმაც უნივერსიტეტის სტატუსი  მიიღო. მე აღმოვჩნდი სულ სხვა სამყაროში – ჩვენ, საბჭოთა მეცნიერებმა, პირველად იქ გავიგეთ, რომ არსებობს ხელოვნური ბიოსაწვავი, რომელიც მართლაც რომ უნიკალურია და რისი დიდი პოტენციალი დღეს  საქართველოსაც აქვს. მაშინ მე  მომიწია მუშაობა ძალიან საინტერესო, მდიდარ და ცნობილ  კაცთან, რომელიც იყო გვარად ჰემფრი. ის  გახლდათ ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, გუბერტ ჰემფრის ბიძაშვილი. თორმეტი თვე იყო გასული ჩემი მუშაობიდან პენსილვანიის უნივერსიტეტში, როცა იქ  ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივანი გიორგი სკრიაბინი, რომელიც დედით ქართველი იყო და, ამის გამო, ქართველი მეცნიერების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მან შემომთავაზა,   კიდევ დავრჩენილიყავი ამერიკაში, რაზეც უარი განვუცხადე.  მე იქ დარჩენის ცდუნება არ მქონია, რადგან, ოჯახი მყავდა – ცოლ-შვილი, დედა. იმის მიუხედავად, რომ იქ ბევრი რამ მომწონდა, ამერიკაში  ვერ დავრჩებოდი. ამერიკაში ახალი ჩასული ვიყავი, როცა  მხიარული ისტორია შემემთხვა: მახსოვს, 20 აგვისტო იყო, მიგვიყვანეს ატლანტიკ სითიში. შევცურე ოკეანეში და დაახლოებით ორი კილომტერი გავცურე, მაგრამ, სამხედრო დაცვამ გამაჩერა და ნავით ამომიყვანეს.  მკითხეს ვინაობა. როგორც კი გაიგეს, რომ საბჭოთა კავშირიდან ვიყავი, დაცქვიტეს ყურები და სადღაც გამაქანეს. მომცეს ფანქარი და ფურცელი და მითხრეს, დაწერე, ოკეანეში რას აკეთებდიო. რა უნდა დამეწერა? გადავწყვიტე, მეხუმრა და დავწერე: ქართველი კაცი ვარ, ორი თვეა, აქ ვარ, ძალიან მომენატრა სახლი. მივწერე საელჩოს, უარი მითხრეს  და, გადავწყვიტე, ცურვით წავსულიყავი ჩემს სამშობლოში-მეთქი. რასაკვირველია, მათ  სწორად  გაიგეს ჩემი იუმორი, რომ ფოთამდე ცურვით ვაპირებდი 10 ათასი  და უფრო მეტი მილის გადაცურვას. გაზეთშიც კი გამოაქვეყნეს ჩემი ამბავი.  

– 50 წელი გაატარეთ  მეცნიერებათა აკადემიაში. ალბათ, ბევრ ცნობილ მეცნიერთან გქონიათ კავშირი, ვინც საქართველოში მეცნიერების ისტორიას ქმნიდა.

– მე გავიზარდე იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა ბატონი ნიკო მუსხელიშვილი; მამაჩემის ახლო მეგობარი იყო  ილია ვეკუა. ისინი დიდი მეცნიერები იყვნენ. არ ვიცი, ამ დონის მეცნიერები ოდესმე ეყოლება თუ არა ქართულ მეცნიერებას. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ეზოში ვთამაშობდით, პატარები ვიყავით. მახსოვს,  მამამ მითხრა: წყნეთში მივდივარ, ვეკუა უნდა ვნახო და, თუ გინდა, თქვენც წაგიყვანთო. აგვიყვანა მამამ წყნეთში. ილია ვეკუამ დიდი  ვაზით „ტრიუფელები“ გამოიტანა. მაშინ არც ერთმა არ ვიცოდით, რა იყო „ტრიუფელები.“ მიირთვითო – გვითხრა ბატონმა ილიამ, არ გვინდაო, – უთხრა მამამ. მერე ხუთი წუთით გავიდნენ მეორე ოთახში. როცა დაბრუნდნენ ილიამ უთხრა მამას: ვანო, ერთი მაინც აიღეო. დახედეს ვაზას და ერთი „ტრიუფელიც“ აღარ იყო.  გაიცინეს, მაგრამ, მამამ სულ მუჯლუგუნებით გამომიყვანა იქიდან. მერე, დრო რომ გავიდა, მოვუყევი ბატონ ილიას ეს ამბავი, თუ  როგორ „გავილახე” იმ „ტრიუფელების“ გამო (იცინის). 

ძალიან საინტერესო ისტორია მახსენდება ნიკო მუსხელიშვილთან დაკავშირებით: მოსკოვში მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებას ვესწრებოდი. საქართველოს დელეგაციამ ვერ მოახერხა მოსკოვში ჩამოსვლა. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიას მაშინ აკადემიკოსი  ვლადისლავ კელდიში ხელმძღვანელობდა, მან  გახსნა კრება და  მოხსენება დაიწყო ფრაზით: მინდა გითხრათ, რომ ჩემს მასწავლებლად ნიკო მუსხელიშვილს მივიჩნევო. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ჯეროვნად ვერ გავაცნობიერე დიდი აკადემიკოსის ნათქვამი. როცა თბილისში ჩამოვედი, სერგი დურმიშიძემ შემიყვანა ნიკო მუსხელიშვილთან და ეს ამბავი მოუყვა. ბატონმა ნიკომ ამოიღო სიგარეტი, გააბოლა და სერგის უთხრა: ისე, სერგი, ეს რომ თქვა კელდიშმა, თავის თავსაც ხომ დიდი პატივი სცაო? იუმორით თქვა ეს სიტყვები, მაგრამ, მასში დიდი აზრი იყო ჩადებული. ბატონი ნიკოც და ბატონი ილიაც  გამორჩეული ადამიანები  იყვნენ,  მათ სიტყვას საოცარი ფასი ჰქონდა. მეტსაც გეტვით – კრემლშიც კი უწევდნენ ანგარიშს.

– დღეს  მეცნიერების ცხოვრება სულ სხვაა,  რამე ძველი ხიბლი თუ  შემორჩა?  

– კაცს მეცნიერი რომ ჰქვია, უკვე დასჯილია. ძნელი საქმეა მეცნიერება. სულ შექმნაზე უნდა იყო მომართული, მაშინაც კი, როცა არც ჯამაგირი გაქვს მაღალი, არც ხელსაწყო, არც რეაქტივი. აქ ხომ ისე არაა, რომ, ბევრს იმუშავებ და კომპენსაციას მიაღწევ. დღევანდელი ახალგაზრდა მეცნიერები, ძალიან პრაგმატულები არიან და ვერც გაამტყუნებ – ისეთი სამსახური ურჩევნიათ, სადაც მაღალი ანაზღაურებაა.  უკვე ორთვე-ნახევარია აქ ვარ.  მადლობა ღმერთს, რომ მეცნიერებათა აკადემიაში კიდევ არის დარჩენილი ძალა, ის  მაღალი დონე,  რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენი  მეცნიერების განვითარებას. ეს არის კარგი პირობა, მასზე, როგორც ბაზისზე, შეიძლება, აშენდეს ქვეყნის მომავალი. ჩემი მიზანია, რომ ძველი ღირსება დაუბრუნდეს მეცნიერებათა აკადემიას, მეტს არაფერს ვჩივი. ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ ეს არის ძლიერი სამეცნიერო ცენტრი მთელ რეგიონში.   

– თქვენს ქალიშვილზე, თამარ კვესიტაძეზე მინდა გკითხოთ, ის წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული მხატვარი-არქიტექტორი,  ბათუმის ცნობილი „ალი და ნინოს” ავტორია. მოგწონთ მისი „ალი და ნინო”? ეს ქანდაკება თავის დროზე  საზოგადოების დიდი  მითქმა-მოთქმის თემად  იქცა...

–  თამარს არ ჰქონია განსაკუთრებული სიახლოვე  ხელისუფლებასთან. მოსწონდათ, ეძახდნენ და აკეთებინებდნენ რაღაცეებს – ხელოვანს ამაზე როგორ უნდა ეთქვა უარი?! „ალი და ნინო” თვითონ არ დაურქმევია იმ ქანდაკებისთვის, ასე სხვამ დაარქვა, რის გამოც  თავად  ძალიან უკმაყოფილო იყო.  მახსოვს, როცა პირველად მითხრა, ეს უნდა გავაკეთოო, მე ვუპასუხე: რას ამბობ, გადაირიე? ქალი და კაცი ერთმანეთში გადიოდეს, ეს როგორ იქნება-მეთქი?  მერე, როცა მაჩვენა, რაც გააკეთა, მივხვდი, რომ არ ვიყავი სწორი. ერთხელ, ექვსი ნახატი გააკეთა და მკითხა, მაინტერესებს, ყველაზე მეტად რომელი არ მოგწონსო. ეს  რატომ გაინტერესებს-მეთქი? იმიტომ, რომ ის ყველაზე კარგი იქნებაო, – მიპასუხა (იცინის). მე მის პროფესიულ არჩევანში არასდროს ჩავრეულვარ; არც ჩემი მეორე შვილის – ედიშერის, რომელიც ასევე მეცნიერების გზას გაჰყვა. დემოკრატი მამა ვარ. რომც არ ვიყო, ვინ ჩაგრევს, ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში. სანამ მეცნიერი  გავხდებოდი,  ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი ეკავა სპორტს, კერძოდ, ათჭიდს.   ვიყავი სპორტის ოსტატი, საქართველოს ათჭიდის ნაკრების წევრი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრობის კანდიდატი.  დედაჩემი  ვერ იტანდა  სპორტს, რადგან, ჩვენს ეზოში სამი სპორტსმენი ცხოვრობდა: ერთი მოკრივე იყო და ლოთი; მეორე მოჭიდავე იყო და  ხულიგანი; მესამე ფეხბურთელი იყო და ცოტა ქურდობდა და, ამიტომ, დედას ეგონა, რომ  ყველა სპორტსმენი ერთნაირად ცხოვრობდა. როცა საქართველოს ნაკრებში ამიყვანეს, მივარდა  კომიტეტში  და ყველა დალანძღა. ქალბატონო, ეს გადახტა და ჩვენ და თქვენ რა შუაში ვართო? – უთხრეს. დედის მიმართ პროტესტის ნიშნად, მე კატეგორიულად არ მოვინდომე ექიმობა, რასაც, ასევე, „შეეწირა” ჩემი ინტერესი ფიზიკისადმი, რაც  ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან მოდური იყო.   შემთხვევით არ მოვხვდი ფიზიკაში, თუმცა, ეს არასდროს არ მინანია, ის ცხოვრებაც საინტერესო იყო, რაც ჩემი პროფესიის წყალობით გავიარე.    

скачать dle 11.3