კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოკალი მოღალატე

როცა მარკი ვინმეს გაიცნობდა და შეხვდებოდა, ქალი იგულისხმება, რა თქმა უნდა, რიგამონტი მაშინვე „დააწერდა“ მას. ამურულ საკითხებშიც და ქალების შებმაშიც, მარკზე გაცილებით ძლიერი იყო. ყოველთვის ასე ხდებოდა, თუ რიგამონტი გაიგებდა, რომ მარკს „ნაშა“ გამოუჩნდა. თანაც, ამ ყველაფერს განსაკუთრებული „სინაგლით“ აკეთებდა. აქაოდა, საკმარისია, მოვინდომო და ყველა ქალი ჩემს ფეხებთან დაეცემაო. ნელ-ნელა მარკს მოთმინების ფიალა აევსო. რიგამონტი ისე შესძულდა, რომ მის მიმართ პათოლოგიურ ზიზღსა და საშინელ აგრესიას გრძნობდა. მარკი არ იყო მოჩხუბარი და მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ყველაფერი „უდუღდა“, საზიზღარ რიგამონტს საკადრისი პასუხი ერთხელაც ვერ გასცა. რიგამონტი ვითომ მეგობრობას ეფიცებოდა, მაგრამ არ ანებებდა თავს „მეგობრის“ შეყვარებულებს. მეოთხე თუ მეხუთე შემთხვევის შემდეგ, მარკი ყოველწუთს იმაზე ფიქრობდა, როგორ გადაეხადა სამაგიერო არამზადისთვის. რიგამონტს ისე ვეღარ იტანდა, რომ ბარის დახლს მიღმაც კი ისე დგებოდა, მის გვერდით მომუშავე რიგამონტის სახე არ დაენახა. რიგამონტის გარეგნობაც აღიზიანებდა, მისი სხეული, ცალკეული ნაკვთი, მუშაობის მანერა და სიცილიც. დაიწყო ოცნება შურისძიებაზე. უფრო იმაზე, თუ როგორ მოკლავდა ხელის აუკანკალებლად... მაგალითად, ტკბებოდა იმაზე ფიქრით, როგორ გაუჩეჩქვავდა თავს ყინულის ჩაქუჩით. სწორედ იმით, თითქმის მუდმივად რომ ეჭირა ხელში და ყინულს ამსხვრევდა.  ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ ესიზმრებოდა, როგორ კლავდა რიგამონტს. სიამოვნებასაც კი გრძნობდა, როგორც ქალზე ოცნებობს ხოლმე კაცი ისე ოცნებობდა მარკი მეტოქის მოკვლაზე, რომელიც რატომღაც თავს მეგობრად ასაღებდა. დეტექტიური ფილმების ყურება დაიწყო. ბარში სპეციალურად ისე დგებოდა, საძულველი ადამიანი არ დაენახა. მისი კეფის დანახვასაც წყობიდან გამოჰყავდა. ბოლოს, როცა ზიზღმა და სიძულვილმა ზღვარს მიაღწია, გეგმაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა.. მარკს არც უცდია, მისი განხორციელების მწველ სურვილს გამკლავებოდა. დაიწყო იმით, რომ რიგამონტს უთხრა: ერთი გოგო გავიცანი. შესანიშნავი ვინმეა, მაგრამ შენზეა შეყვარებული და სხვა არავინ აინტერესებსო. რიგამონტს გაეცინა. რა თქმა უნდა, არ დაიჯერა, მაგრამ მარკს დანებება არც უფიქრია. ყოველ საღამოს უმეორებდა, ერთსა და იმავეს. ხან ამ გოგოს აღწერდა, ხან „მისი სიტყვების“ ინტერპრეტირებას ახდენდა. ბოლოს და ბოლოს, მიზანსაც მიაღწია. რიგამონტმა ერთხელაც უყვირა, – რა გამიწყალე გული. თუ ვუყვარვარ, გამეცნოს კიდეცო.

– გაგეცნობაო, – არ დააყოვნა მარკმაც. ესეც გეგმის ნაწილი იყო. საკმაოდ მარტივად ჰქონდა მოფიქრებული ყველაფერი. რიგამონტს პაემანს დაუნიშნავდა ღამის ათი საათისთვის, როცა ბარი იკეტებოდა. ნახევარი საათით იქ კიდევ რჩებოდა ბარის მეპატრონე, რომელსაც მარკი ალიბისთვის გამოიყენებდა. რიგამონტს რკინიგზასთან მიიყვანდა ვიტერბოს მონაკვეთზე. მატარებელი თერთმეტის ათ წუთზე გაივლიდა. მარკი ამოიღებდა „ბერეტას“, რომელიც საგანგებოდ შეიძინა და ესროდა. მატარებლის ხმაურში გასროლას ვერავინ გაიგებდა. მერე იარაღს იქვე დააგდებდა, ოღონდ, ჯერ კარგად გაწმენდდა, თავად კი ბარში დაბრუნდებოდა, ვითომ რაღაც დარჩა. ბარის მეპატრონე ამას დაადასტურებდა. მოკლედ, მკვლელობაში ვერავინ დაადანაშაულებდა. გეგმა მთლიანად ერთ-ერთი ფილმიდან იყო გადმოკოპირებული. მის ეფექტურობაში მარკს ეჭვი არ შეჰპარვია... გადადებას აზრი არ ჰქონდა. მარკმა რიგამონტს უთხრა, რომ შეყვარებული ქალი მას ხვალ საღამოს ელოდა. რიგამონტს ეჭვი არ აუღია. მარკს მხარზე დაარტყა ხელი და უთხრა, ბარმენად ვერაფერი შვილი ხარ, მაგრამ ვნახოთ, მაჭანკლად თუ ივარგებო... მარკმა მოითმინა, წყენა არ გამოუხატავს. ბევრი აღარ იყო დარჩენილი. რამდენიმე საათში მისი საძულველი მტერი მიწაზე უსულოდ ეგდებოდა და ყველა ბოროტებისთვის მიეზღვებოდა...

– ის წუთი-წუთზე გამოჩნდება, – თქვა მარკმა და რიგამონტს მოშორებით, ქუჩის განათების ბოძზე ანიშნა – „აი, იქიდან მოვა“... თან მალულად საათზე დაიხედა. მატარებელი რატომღაც აგვიანებდა. ეს გათვალისწინებული არ იყო...

– რატომ აგვიანებს შენი პრინცესა? – ვეღარ მოითმინა რიგამონტმა.

– მოვა. საღამოს ცვლაშია. ექთანია და ელოდება, უფროსობა როდის წავა, – იქვე „გამოაცხო“ ტყუილი მარკმა... მომაბეზრებელი წუთები ზლაზვნით გადიოდა. მარკს უკვე შეეშინდა, რომ რიგამონტი გაიქცეოდა, – ოჰ, ეს მატარებლები...

– ის, ალბათ, მალე მოვა... ძალიან მალე, – თქვა უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად.

– ის უკვე აქ არის, – გაიცინა რიგამონტმა და მარკი ხელით გვერდზე გასწია. მარკმა იქით გაიხედა, საითაც რიგამონტმა მიუთითა და გაოგნდა. ლამის ენა ჩაუვარდა მოულოდნელობისგან, როცა ლამპიონის ჩრდილში ქალის ფიგურა შენიშნა. როგორც მოგვიანებით გაიგო, იმ ადგილას, თურმე, მეძავები იკრიბებოდნენ. აბა, მარკს ეს როგორ უნდა სცოდნოდა?! ქალს ყველაფრის ჩაშლა შეეძლო. უცებ იგრძნო, რომ აღარც რიგამონტის მოკვლა უნდოდა. ორი ნახტომით დაწინაურდა და რიგამონტს ქალთან მისვლა დაასწრო... სამოცდახუთი წლის მაინც იქნებოდა, უშნო და ვულგარული, გამომწვევი მაკიაჟით, გულისამრევი გარეგნობით.

– რაო, ლამაზო, გავერთოთ? – გაიცინა და ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა. რიგამონტს ეს არ უნდა ენახა... მარკმა სწრაფად ამოიღო ჯიბიდან „ბერეტა“ და იარაღი ქალს ხელში ჩაუდო. ისინი რიგამონტისკენ ზურგით იდგნენ და მათ ის ვერ ხედავდა.

– ქალბატონო, წადით აქედან... გეხვეწებით. გაყიდეთ ეს იარაღი და ფული ერთი თვე მაინც გეყოფათ ნორმალური არსებობისთვის. წადით-მეთქი, გემუდარებით... ოღონდ ჩქარა...

ქალის გაოცებული მზერა, რომლითაც ის მარკს და თავის ხელისგულზე დადებულ რევოლვერს უყურებდა, რიგამონტის შეძახილმა გადაფარა.

– ფუი, ეს ჯოჯოა ჩემზე შეყვარებული? მარკ, შე არამზადავ, ჩემზე შურისძიება გადაწყვიტე და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? გული ამერევა. ცოტა ხანს კიდევ რომ ვუყურო, შეიძლება, ქალთან აღარასდროს დავწვე. მახინჯიც კი ამაზე ლამაზია... მოიცა, ეს რა არის? შენ რა, სროლას აპირებ? ბებერო ძუკნავ, არ გაბედო!..

მარკს გასროლის ხმა თითქმის არ გაუგია... დაინახა მხოლოდ, როგორ ჩაიკეცა მიწაზე გასისხლიანებული რიგამონტი და მეძავის სიძულვილით ანთებული თვალები...

– მან ჩემზე თქვა, ჯოჯოო... წყეულიმც იყავ! ღმერთმა დაგწყევლოთ თქვენ, ყველანი... ერთზე მაინც ხომ ვიძიე შური... – დაიყვირა ქალმა და ტუშით გათხიპნილ სახეზე ჩამოგორებულ ცრემლს, ხელისგული მიაშველა...

скачать dle 11.3