კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

16 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბებიის საყვარელი 12 წლით დააპატიმრეს

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 52 წლის სულიკო ც-ს სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კაცი რვა წლით უფროს ქალთან ქმრის სტატუსით ცხოვრობდა, მის შვილებს „მამასავით” ექცეოდა, მისი შვილიშვილები კი „ბაბუს“ ეძახდნენ. თუმცა,  „ბაბუა” „შვილიშვილის” გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს...      

საქმის მასალებით, როდესაც სულიკო ც. მეგობარ ქალთან, ანუ, ოლია ქ-სთან საცხოვრებლად გადავიდა, ცოლთან ოფიციალურად გაყრილი არ იყო. ის ოლიას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა და, მიუხედავად რვაწლიანი ასაკობრივი სხვაობისა, ვინაიდან ერთმანეთი შეუყვარდათ და თავს ერთად კარგად გრძნობდნენ, არარეგისტრირებული ცოლ-ქმარი გახდნენ. სწორედ ოლიას სიყვარულის მოტივით, ბრალდებული კატეგორიულად უარყოფდა, რომ 16 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, თუმცა, გამოძიებით დადგენილია, რომ მსგავსი კონტაქტი დაზარალებულთან მას ერთადერთხელ არ ჰქონია. 

ჩვენებაში ბრალდებული თავადვე წერს, რომ ოლიას შვილებთან და შვილიშვილებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მათ ის ოჯახის წევრად მიაჩნდათ და, ბავშვებს არა მხოლოდ უტოვებდნენ, სასეირნოდაც ატანდნენ. ის კი არა, მოგვიანებით, როდესაც ის და ოლია საცხოვრებლად ცალკე გავიდნენ, სულიკო „შვილიშველებს” ძველ სახლში მაინც აკითხავდა, რადგან, მასაც და ბავშვებსაც, თურმე, ერთმანეთი ენატრებოდათ. 

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ოლია ქ-ს შვილიშვილთან სქესობრივი კავშირის დამყარება განიზრახა. 21 აგვისტოს, დღის 12 საათზე, ის ბავშვის სახლთან მივიდა, სადაც შენიშნა, რომ 16 წლის მზია, 9 წლის დასთან ერთად, მეზობლის ბავშვებთან თამაშობდა.  განზრახვისთვის ხელი რომ არ შეშლოდა და 16 წლის გოგონასთან განმარტოება მოეხერხებინა, სულიკომ 9 წლის სალომეს 15 ლარი მისცა და მეგობრებთან ერთად ნაყინის საჭმელად გაუშვა. ამის შემდეგ, ის მზიასთან ერთად სახლში ავიდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მან გოგონას სთხოვა, ბებიამისის, ოლიას სახლში წაჰყოლოდა, რადგან იქ თავისი შვილიშვილები უნდა მოსვლოდნენ და, სურდა, ბავშვებს ერთმანეთი გაეცნოთ. როდესაც მზიამ უთხრა, სალომეც წავიყვანოთო, სულიკო ც-მ დაარწმუნა, რომ მისი შვილიშვილები უფროსები იყვნენ და 9 წლის სალომესთვის მათთან ურთიერთობა საინტერესო არ იქნებოდა.   

16 წლის მზია, რომელსაც კაცი ბაბუად მიაჩნდა, საბოლოოდ დათანხმდა წასვლაზე. მასთან ერთად ავიდა სახლში, ტანსაცმელი გამოიცვალა და „ბაბუას” ბებიის სახლში გაჰყვა, თუმცა, შინ მისულებს არავინ დახვდათ, რაზეც „ბაბუამ” უთხრა, რომ მალე მოვიდოდნენ. როგორც გამოძიება ამტკიცებს, კაცმა გოგონას სხვადასხვა თემაზე გაუბა საუბარი და მოულოდნელად მოფერება დაუწყო. გოგონამ გარეთ გასვლა დააპირა და გასასვლელი კარისკენ წავიდა, მაგრამ, ბინიდან გასვლა ვეღარ შეძლო – „ბაბუამ” ხელი მოჰკიდა და ძალის გამოყენებით უკან შეაბრუნა. გოგონამ დაყვირება სცადა, მაგრამ მამაკაცმა მას პირზე ხელი ააფარა და საწოლზე დააგდო... მზია მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა, ვერ მოახერხა. მოძალადემ მას კაბა და საცვალი ძალით გახადა და სქესობრივი კავშირი დაამყარა, ამის შემდეგ კი გოგონას დაემუქრა, რომ მომხდარი არავისთვის ეთქვა და სახლში თავადვე წაიყვანა... 

გამოძიების მასალებით, მომხდარის შემდეგ მსგავსი ფაქტი კიდევ მოხდა, მაგრამ, ამჯერად სულიკო ც-მ მოზარდზე ძალადობა უკვე გოგონას ბინაში განახორციელა. სულიკო ც-მ იცოდა, რომ ბავშვები სახლში მარტოები იყვნენ, თუმცა, როგორც პირველ შემთხვევაში, მან 9 წლის სალომე ფულით „მოქრთამა” და გარეთ გაუშვა სათამაშოდ... 

სულიკო ც. სასამართლოს წინაშე უმძიმესი ბრალდებით წარდგა. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე – გაუპატიურების  მუხლით აღიძრა.

სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ როგორც გოგონას დედა, ასევე, ბებია. დედა ამბობდა, რომ მომხდარის შესახებ შემთხვევით, მას შემდეგ გაიგო, როდესაც 9 წლის სალომემ სამსახურში დაურეკა და უთხრა, რომ სულიკო „ბაბუამ” მზია სადღაც წაიყვანა, მას კი კარი გარედან ჩაუკეტა და ეშინოდა. 

დაზარალებულის დედის ჩვენებიდან: „სამსახურში ვიყავი, როდესაც ბავშვმა ტირილით დამირეკა. მითხრა, რომ მზია სულიკომ სადღაც წაიყვანა, თვითონ კი ჩაკეტა. ამის შემდეგ მზიას დავურეკე, რომელმაც დათრგუნული ხმით მითხრა, რომ სახლში მალე დაბრუნდებოდა. მისმა ხმამ შამაშინა. თანამშრომლის მანქანით მაშინვე სახლში დავბრუნდი. შინ მისულს მზიაც დამხვდა, რომელიც შეშინებული ჩანდა. მითხრა, რომ „ბაბუამ” ბაზრობაზე გაიყოლა და ამიტომ წავიდა სახლიდან. მას იმ დღეს სიმართლე არ უთქვამს. მეორე დღეს კი, დახეული კაბა მაჩვენა და გამომიტყდა, რომ გააუპატიურეს. როდესაც მოძალადის ვინაობა გავიგე, მისი მოკვლა მინდოდა. მაშინვე დედაჩემს დავურეკე, რომელიც შემდეგ ჩემთან ერთად სულიკოსთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. ამის შემდეგ პოლიციას მივმართე, რომელმაც დამნაშავე ერთ საათში დააკავა.“ 

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა დამნაშავე თავადაც ამხილა: „სულიკო ბებიას ბინაში ცხოვრობდა. ჩემ მიმართ თავიდანვე ყურადღებას იჩენდა და სახლში მას შემდეგაც გვაკითხავდა, რაც ის და ბებია სხვაგან გადავიდნენ. იმ დღეს ვცადე მისგან გაქცევა, მაგრამ, უშედეგოდ – კარს რომ მივვარდი, დაკეტილი დამხვდა. საძინებელში ძალით შემიყვანა. ვყვიროდი,  მაგრამ, პირზე ხელი ამაფარა. მოშორებას ვცდილობდი, მაგრამ ვერ მოვერიე, საწოლზე დამაგდო, ძალით გამხადა საცვალი და გამაუპატიურა... შემდეგ მითხრა, თუ იტყვი, მოგკლავო. სახლში მისულმა ტანსაცმელი გავიხადე და დავმალე... ძალიან აფორიაქებული ვიყავი. ის მომდევნო დღეებშიც ვნახე,  ცუდად ვექცეოდი, რაც ჩემმა დამ შენიშნა და მეჩხუბებოდა, ბაბუას ცუდად რატომ ელაპარაკებიო. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდედ ისევ მოვიდა. იმ დროს ჩვენთან მეზობელი იმყოფებოდა. მუსიკას ავუწიე, რომ კარზე კაკუნის ხმა არავის გაეგო. შემდეგ ეზოში დავინახე, ჩემს დას ელაპარაკებოდა. შიშის გამო დედას თავიდან სიმართლე ვერ ვუთხარი. მომხდარი გავუმხილე, მაგრამ, შემდეგ დავარწმუნე, რომ მოვატყუე, თუმცა, მერე სიმართლე მაინც ვუთხარი...” 

ჩვენება გოგონას პატარა დამაც მისცა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბოლო დროს „ბაბუამისი” ფულს ხშირად აძლევდა. ანალოგიური შინაარსის იყო მისი  მეგობრების ჩვენებაც. ბავშვები არაერთხელ გახდნენ იმის მომსწრენი, რომ სალომე ბაბუას ფულს არ ართმევდა, მაგრამ ის ძალით უდებდა ჯიბეში.

რაც შეეხება გოგონას ბებიას, რომელიც მოწმის სტატუსით დაიკითხა, განმარტა, იგი  ბრალდებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ერთად თითქმის წელიწადი ცხოვრობდნენ. მისი თქმით, სულიკოს მის შვილთან და შვილიშვილებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, განსაკუთრებით უყვარდა მზია, რაც ცუდად არ აღუქვამს, რადგან, მისი ასაკის შვილიშვილი სულიკოსაც ჰყავდა. მაგრამ, ვინაიდან სულიკო ოჯახიდან წამოვიდა, შვილები და შვილიშვილები აღარ ეკონტაქტებოდნენ და მზიასადმი ასეთ ყურადღებას სწორედ ამ ფაქტორს უკავშირებდა.

 „იმ საღამოს სახლში რომ მოვედი, სულიკო აფორიაქებული მომეჩვენა. მითხრა, რომ სამსახურის გამო იყო აღლვებული. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენი ნათესავის დაბადების დღეზე წავედით. იქ ჩემი შვილი და შვილიშვილებიც იყვნენ. ყურადღება არ გამიმახვილებია, მაგრამ შევნიშნე, რომ მზია ჩემს ქმარს აგდებულად ექცეოდა, რაც ძალიან მეწყინა, რადგან, სულიკოს ის განსაკუთრებულად უყვარდა. მიმაჩნდა, რომ ბავშვისგან ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდა. ამ ამბიდან დაახლოებით ათ დღეში სულიკომ გამოაცხადა, რომ მისი უფროსი შვილი კაფელს აგებდა, უნდა დახმარებოდა და ცოტა ხნით მასთან უნდა გადასულიყო. გამიხარდა, რადგან, ვიფიქრე, მამა-შვილი შერიგდა-მეთქი. ეჭვი არაფერში შემიტანია, ტანსაცმელი გავუმზადე და წავიდა. იმავე დღეს ჩემი ქალიშვილისგან შევიტყვე, რომ მან ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა,” – განაცხადა ბრალდებულის ეგრეთ წოდებულმა მეუღლემ.

დაზარალებული მხარე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა, თუმცა, თავად ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო. 

ბრალდებულის ჩვენებიდან: „ოლია თავად მთხოვდა, რომ ბავშვებისთვის ყურადღება მიმექცია. სწორედ ამიტომ ვაკითხავდი ხოლმე მის შვილსა და შვილიშვილებს სახლში. იმ დღეს, როდესაც მზია სახლში წამოვიყვანე, ცოტა ხნით ლიმონათის საყიდლად მაღაზიაში გავედი. რომ დავბრუნდი, მისაღებ ოთახში გამომწვევად იწვა. ხელი მომკიდა და დივანზე ძალით დამსვა. მისთვის არაფერი დამიშავებია...” – აცხადებდა განსასჯელი, რომელიც გამართლებას ითხოვდა, მაგრამ, სასამართლომ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. საქმე ისაა, რომ მას განსხვავებული, ანუ, რეალური ჩვენება ჰქონდა მიცემული გამოძიების პირველივე ეტაპზე. ის პირველ ჩვენებაში ამბობდა, რომ ბავშვმა დივანზე თვითონ წამოაწვინა ძალით და, აღიარა, რომ „თავი ვეღარ შეიკავა“ და მასთან ინტიმური კავშირი დაამყარა...

რაც შეეხება ჩვენებაში აღწერილ კაბის გახდასა და სხვა ინტიმურ დეტალებს, განსასჯელი ამბობდა, რომ ეს გამოძიების მიერ შეთითხნილი სრული აბსურდი იყო, ისევე, როგორც დაზარალებული ბავშვის ჩვენება. სულიკო ც. ირწმუნებოდა, რომ გოგონა მას არ გაუუპატიურებია, რადგან ის ქალწული არ იყო. მისი თქმით, მზიამ გაუმხილა, რომ პირველი ინტიმური კავშირი მას შეყვარებულთან ჰქონდა, რომელმაც შემდეგ მიატოვა...

რაც შეეხება ექსპერტებს, რეალურად, გოგონას ექსპერტიზა გვიან ჩაუტარდა, რის გამოც სხეულზე დაზიანების კვალი – სისხლჩაქცევები და ასე შემდეგ. ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ, მოზარდს საქალწულე აპკი დარღვეული ჰქონდა...

შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა არც ბრალდებულის და არც მისი დაცვის პოზიცია. ჩათვალა, რომ ბრალდებულის ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდიოდა როგორც გამოძიების ეტაპზე მიცემულ მის ჩვენებასთან, ასევე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ დანარჩენ მტკიცებულებებთან და ბრალდებულ სულიკო ც-ს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა... 

скачать dle 11.3