კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის რომელი კარია მოხსენიებული, როგორც საბაჟო, საიდან წარმოიშვა დასახელება „ჩუღურეთი” და რით იყო განთქმული მეარღნე „ქამრიანი სონა“ ძველ თბილისში

თბილისის ისტორია არაერთ დავიწყებულ სახელწოდებას ინახავს. არსებობს უამრავი ძველთბილისური ქუჩის, ადგილის, მოედნის, ტერიტორიის დასახელება, რომლებიც, სავარაუდოდ, უკვე ხანდაზმულ თბილისელებსაც კი აღარ ემახსოვრებათ. იმავეს თქმა შეიძლება ძველი თბილისის მცხოვრებლების – ყარაჩოხელებისა და უბრალო მოქალაქეების შეახებ, რომელთა შორის გამორჩეულებს წარსულში მთელი თბილისი იცნობდა. ძველი სახელწოდებებისა და თბილისის მცხოვრებლების შესახებ ძველი ფოტოების დახმარებით „თბილისელების” ამ ნომრიდან შეიტყობთ.

აბანოს კარი

აღმოსავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი განჯის გზა დღევანდელი გრიშაშვილის ქუჩის ხაზს აჰყვებოდა და შემდეგ ორად იყოფოდა: ერთი ტოტი ლეღვთახევის პირას გაშენებულ ბაღებს უქცევდა მხარს და სამხრეთიდან მიადგებოდა განჯის კარს; გზის მეორე განშტოება კი დაღმა ჩაჰყვებოდა გრიშაშვილის ქუჩის ხაზს და აბანოების უბანში, წავკისის წყალზე გადებული ხიდის მეშვეობით, ქალაქის გალავნის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილ აბანოს კართან მთავრდებოდა. მისი სახელწოდებაც სწორედ იმით აიხსნება, რომ ის აბანოების უბნისკენ იყო მიმართული. აბანოს კარი დაახლოებით ახლანდელი გრიშაშვილის ქუჩის ღერძზე მდებარეობდა. აბანოს კარიდან მგზავრი დღევანდელი სამღებროს ქუჩის სწვრივად მიმავალი გზით, ციხის, იგივე თათრის მოედანზე ხვდებოდა. ჩვეულებრივ, ქალაქის კარი საბაჟო პუნქტის დანიშნულებასაც ასრულებდა. ასე, მაგალითად, მეფე როსტომის ბრძანებაში (მეჩვიდმეტე საუკუნის 40-იანი წლები) კონკრეტულად იყო მითითებული ბაჟის რაოდენობა, რომელიც მეციხოვნეებს უნდა აეღოთ ქალაქში შემსვლელ ვაჭართაგან, შემოსატანი საქონლის მიხედვით. ამიტომაა, რომ ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ 1785 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე აბანოს კარი, ¹53-ით, მოხსენიებულია, როგორც საბაჟო.

ნაღარხანა

ეს სახელი მეფის დასისთვის განკუთვნილ შენობას ერქვა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოედნის სამხრეთ მხარეს იდგა. პუპლია ორბელიანის ცნობით, ნაღარხანაზე „დაუკრამდნენ დილას, საღამოსა დაფდაფებსა და ქოსნაღარასა”.

ნოვოტროიცკის დასახლება

მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების თბილისის ტერიტორია ოთხ საპოლიციო უბნად იყოფოდა. ახლად შექმნილი „ნოვოტროიცკის დასახლება” მესამე უბანს ეკუთვნოდა და ავლაბრის ზემოთ მდებარეობდა, შავ სოფელსა (იგივე მირზააბადს) და ნავთლუღს შორის. 1896 წლის გეგმაზე დასახლება ავლაბარს არის მიკუთვნებული.

სოღდებილი

დღევანდელი მეტეხის პლატოზე პირველი ციხესიმაგრის აგების თარიღის ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. არც იმის საბუთი არსებობს, თუ როდის გამოჩნდნენ აქ პირველი მოსახლენი. პლატონ იოსელიანს მიაჩნდა, რომ ციხესიმაგრე და პირველი ეკლესია ამ ადგილზე ვახტანგ გორგასლის ზეობის ხანაში ააგეს, მაგრამ, მას არ მოჰყავს რაიმე საბუთი. სახელწოდების წარმოშობას ხსნიან გადმოცემით, რომ მეექვსე საუკუნეში სპარსეთის მეფეს, ხოსრო პირველს, სამხედრო-სტრატეგიული მოსაზრებით, აქ ჩამოუსახლებია სპარსული მოდგმის ტომი – სოღდები და აქედან მოდის სახელწოდება – „სოღდებილი“. ზოგიერთის აზრით კი, „სოღდებილი” სასაფლაოს აღმნიშვნელი სიტყვიდან – „საგოდებლიდან” უნდა იყოს ნაწარმოები. ამ ადგილებში სასაფლაოს (საგოდებლის) არსებობაზე მოწმობს იოანე საბანისძე თავის თხზულებაში „მარტვილობაი ჰაბო ტფილელის”: აბოს ცხედარი გაასვენეს „...გარეშე ქალაქსა და აღირეს ადგილსა, რომელსა საგოდებელი ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაი”. არაბ ისტორიკოსებს ბუღათურქის შემოსევის (853 წელი) აღწერისას ნახსენები აქვთ ციხესიმაგრე „სოღდებლის მედინა”. ატ-ტაბარი თბილისის  ხუთ კართა შორის იხსენიებს „სოღდებლის კარს”. ბუღათურქის დამსჯელმა ექსპედიციამ მიწასთან გაასწორა თბილისის ციხესიმაგრეები და მათ შორის სოღდებლის ციხე – „მედინა”. „მოვიდა და მოადგა ტფილისს ქალაქსა, რამეთუ არა მორჩილობდა სააკ ამირა: მოკლა სააკ, შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოხრნა ყოველნი არენი მისნი,” – წერია „ქართლის ცხოვრებაში”. როგორც ჩანს, ამის შემდგომ ხელახლა აგებულ ციხესიმაგრეს ეწოდა ახალი სახელი – ისანი.

ჩუღურეთი

დასახელება თურქული სიტყვიდან – „ჩუქორ”, „ჩუღური” უნდა იყოს ნაწარმოები, რაც ხევს, ფერდობს ნიშნავს. ეს უბანი ნაჩვენები აქვს ვახუშტი ბაგრატიონს თბილისის გეგმაზე. აქ დასახლება მტკვრის მარცხენა ტოტამდე აღწევს და მას შუაზე კვეთს ეგრეთ წოდებული ავჭალის გზა. სოფელს ხევი სამი მხრიდან ერტყა, ხოლო მეოთხე მხრიდან მტკვარი ჩაუდიოდა. მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში სოფელი თბილისს შეუერთდა. ჩუღურეთში იყო განლაგებული თბილისის მექოთნეთა საწარმოების დიდი ნაწილი.

„ქამრიანი სონა“
ძველ თბილისში არა მხოლოდ კაცები იყვნენ ყარაჩოხელები, „ქამრიანი სონაც“ ყარაჩოხელი იყო. მისი გვარი არ არის ცნობილი. მასზე მცირე რამ ვიცით. იოსებ გრიშაშვილის მონაცემებით, „ქამრიან სონას“ თბილისში დიდი სახელი და ყველაზე კარგი არღანი ჰქონია. ვიღაც შურიანს მისთვის არღანი მოუპარავს და მტკვარში გადაუგდია. სასოწარკვეთილ სონას თბილისი დაუტოვებია და ფოთში გაუხსნია დუქანი. სამწუხაროდ, უცნობია, რა გვარი იყო ან რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა „ქამრიანი სონა.“ სონას შესახებ არაერთი ქალაქური ლეგენდა არსებობს: სონა მოხდენილი ყოფილა, მაგრამ, მის მიხრა-მოხრას ცოტაოდენი კაცური თავდაჯერებულობა და ყარაჩოხლული ამპარტავნობა დაჰკრავდა. ბოხი ხმა ჰქონია, თუმცა, როგორც კი არღანზე დაკვრას დაიწყებდა, ხმა უნაზდებოდა. სონას ყარაჩოხელის ქამარი შიშის ზარს სცემდა კაცებს. ყარაჩოხელთა კოდექსის პარალელურად, სონას საკუთარი კოდექსი ჰქონია, რომელსაც ყველა ყარაჩოხელი პატივს სცემდა. ამბობენ, რომ სონას ახალგაზრდობაში ერთი ვაჟკაცი ყარაჩოხელი ჰყვარებია, რომელიც მძიმე სენის გამო უდროოდ გარდაცვლილა. სონას გარდაცვლილი სატრფოს ქამარი შემოურტყამს წელზე და გამოუცხადებია, ამიერიდან ჩემი ქალობა მოკვდა, ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავო. საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ შეერთებია ყარაჩოხელთა ამქარს სონა. 
მასალაში გამოყენებულია ნაწყვეტები წიგნიდან: თ. კვირკველია, „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985).
скачать dle 11.3