კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შესთავაზა სამსახური მაგნიტსკის დამქირავებელმა მილიონერმა ქეთი ქარდავას და რა სთხოვა ჯეიმს აპატურაიმ ქართველ ქალებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპული ბიუროსთვის ბრიუსელში მუშაობას ქეთი ქარდავა ჟურნალისტიკის სამოთხეში მოხვედრას უწოდებს. ქალაქში, სადაც ყველგან პოლიტიკის, შოკოლადისა და ყავის სურნელი ტრიალებს, ჟურნალისტიკა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი ინტერვიუს მოპოვება, ერთი სიუჟეტის მომზადება და სტენდაფები. ბრიუსელში ჟურნალისტიკა ცხოვრების წესი, ურთიერთობები და კავშირებია, რომელიც ახლოს არის მეგობრობასთან. თუმცა, არასდროს იზრდება ფამილარობაში. აქვე გეტყვით, რომ ქეთი ქარდავა, ერთადერთი ჟურნალისტია „ნატოს“ საშვით, უფრო სწორად, ერთადერთი ქართველი და იმედია, ეს საშვი საქართველოსაც მალე ექნება.

 ქეთი ქარდავა: ყველაფერს თითქოს თავიდან ვიწყებ. ხუთი წელი ბრიუსელიდან ვმუშაობდი, ძალიან დაძაბულ რეჟიმში, თუმცა არა ყოველდღიურად და მაინც მიმაჩნია, რომ ის ეტაპი ჯერ არ დასრულებულა. ძალიან მინდა, ის ცოდნა და გამოცდილება, იმ კონტაქტებთან და კავშირებთან ერთად, აუცილებლად კიდევ გამოვიყენო. ვამაყობ, რომ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ამ ბოლო ხუთმა წელიწადმა ყველაფერი შეცვალა ჩემში, როგორც გემოვნების, ისე ინტერესების და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. აქ ჩამოსვლის შემდეგ, ყველას ეგონა, რომ გამიჭირდებოდა ამ რეჟიმში დაბრუნდება, ყოველდღიურ გადაღებებზე სიარული, მაგრამ პირიქით. იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ პირიქით, ყოველდღე ძალიან დატვირთული მინდა, ვიყო.

– და ცდილობ, მუშაობის ახალ სტანდარტს ჩაუყარო საფუძველი.

– ვაქტიურობ „ფეისბუქზე“. იქ გავიარე სპეციალური კურსი, თუ როგორ უნდა გამოიყენო სოციალური მედია, უპირველესად, საკუთარი თავისა და შემდეგ იმ საქმის პიარისთვის, რომელსაც აკეთებ. ძალიან მაინტერესებს შემდეგ ინტერაქცია, რადგან არ მინდა, რვა საათზე, იმ რამდენიმე წუთში დამთავრდეს ჩემი სიუჟეტის ისტორია. პირადში, ისედაც უამრავი წერილი მომდის, მიდის მსჯელობა და ეს ძალიან ცოცხალი პროცესია.

– მომიყევი, როგორი იყო პირველი ჩასვლა ბრიუსელში...

– მივიღე შემოთავაზება, რომ ევროპის ბიუროში მემუშავა, თან ძალიან მალე გვიწევდა წასვლა. აბსოლუტურად ყველაფერი მე და ჩემმა ოპერატორმა თავად გავაკეთეთ, არც სახლი გვქონდა, არც აკრედიტაცია, არაფერი... თან ეს იყო სეზონის დასაწყისში, სექტემბერში. უამრავი გადაღება გვქონდა და თან, ყველა ყოფითი საკითხი მოსაგვარებელი. ურთულესი იყო, მაგრამ აეწყო და ყველაფერი კარგისკენ წავიდა. პირველი, რაც იქ უნდა გააკეთო, გაცნობაა. თუ არ გაგიცნეს, ჩათვალე, არც არსებობ. პირველივე ბრიფინგზე, უზარმაზარ დარბაზში, ავწიე ხელი, რომ კითხვა დამესვა. მახსოვს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიფინგი იყო, რომელიც იმ პერიოდში ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა გახლდათ და ძალიან მინდოდა, საქართველოზე კითხვა დამესვა. მოკლედ, კითხვა კი არა, საერთოდ არავინ არაფრად ჩამაგდო, ზედ არავინ შემომხედა. თან, არც ერთი ქართველი ჟურნალისტი, მხოლოდ „ბიბისი“, „ევრონიუსი“... ბრიფინგის დასრულების შემდეგ, მივედი პრესმდივანთან და ვეკითხები: რას აპირებთ, რას ნიშნავს, რომ კითხვის დასმის საშუალებას არ მაძლევთ, საქართველოდან ვართ, ბიურო გავხსენით და კითხვა არ დამასმევინეთ-მეთქი. უცებ მეუბნება: აქ ასე არ არის, ჯერ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ, ერთხელ მაინც უნდა დავლიოთ ფინჯანი ყავა და ამის შემდეგ, ვისაუბრებთ კითხვებზეო. მეც მაშინვე ვუთხარი: როდის დავლიოთ ყავა-მეთქი (იცინის). 

– ყველაფერი ყავაზე ხდება იქ?

– აბსოლუტურად. ყავა რომ არ იყოს, ალბათ, ბრიუსელში არაფერი იქნებოდა. ყველაფერი აინტერესებდა ამ ადამიანს ჩემი და ჩემი ქვეყნის შესახებ. დეტალურად გამომკითხა ამბები და ასე დავამყარეთ ძალიან მეგობრული ურთიერთობა. სწორედ ამ მეგობრული ურთიერთობის გამო, აბსოლუტურად ყველა ბრიფინგზე, ხელის აწევაც კი აღარ მჭირდებოდა, პრესმდივანი პირდაპირ აცხადებდა: „მადამ ქაღდავა ფრომ ჯორჯია“ და ვსვამდი კითხვას. როდესაც თვითონ გიძახებენ ეს უკვე სხვა, ბევრად მაღალი დონეა (იცინის). არის უამრავი წესი. მაგალითად, გენერალური მდივნის ჩაწერა. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჯერ იქ ყოფნის პერიოდში, მინიმუმ წელიწადში ორჯერ ხომ ვწერდი, აქ რამდენჯერაც ჩამოვიდა ჩავწერე და სანამ წამოვიდოდა, მაშინაც ბოლოს ვამბობდით, რასმუსენი იტყვის, კონკრეტულად შენ მიგიღებ, ოღონდ თავი დამანებეო. როგორც ევროკავშირში, ისე „ნატოში“ ჯერ ამყარებ კონტაქტს პრესსამსახურთან და მერე გადიხარ საკმაოდ გრძელვადიან პროცედურას, რომ მიიღო საშვი. ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი ვარ, ვისაც „ნატოს“ საშვი აქვს.

– Tet-a-tet ინტერვიუების მოპოვება როგორ ხდება?

– ამაზე მოთხოვნას ვაკეთებდი ყოველი წლის დასაწყისში. წარმოიდგინე, შენ გარდა, იქ აკრედიტირებულია ექვსი ათასი ჟურნალისტი. თან, მათ უფრო ეხებათ მათთან ინტერვიუ, ვინაიდან წევრი ქვეყნების ჟურნალისტები არიან, ვიდრე მე. მაგრამ, როდესაც ინტერესები ემთხვევა, ვთქვათ, საქართველოში ჩამოდის ან საქართველოზე განცხადების გაკეთება უნდა, ამ შანსს, უპირველესად, აძლევს მას, ვინც იქ იმყოფება და „ნატოს“ აკრედიტაცია აქვს გავლილი. ეს არის საშვი მომავალში (იცინის). უამრავ ტრენინგსა და შეხვედრას ატარებენ, რომ შენც ძალიან კარგად ერკვეოდე იმაში, რასაც აკეთებ. მოკლედ, ინტერვიუს დროს აუცილებლად უგზავნი შეკითხვებს, უფრო სწორად თემებს, რომელთა გარშემოც, შემდეგ კითხვების ლავირების საშუალება გაქვს. არავითარ შემთხვევაში, გენერალურ მდივანს სიურპრიზად არ ხვდება თემები. მაგრამ, ამის გარდა, ხშირად შემეძლო მასთან გასაუბრება. თვითონაც, სხვათა შორის, ჩვენი არჩევნების შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველ შეხვედრაზე მოვიდა და მკითხა: რას ფიქრობ, რა მოხდა, უკეთესობისკენ შეიცვალა სიტუაცია თუ უარესობისკენ, როგორ ხედავ ახალ პირობებში ჟურნალისტის როლსო. ყველაფერი აინტერესებდა. თან, რომ იცი, შენ პასუხზე თუ არა, მის შეხედულებაზე უამრავი რამ არის დამოკიდებული, ნერვიულობ. როდესაც მასთან ბოლო ინტერვიუ ჩავწერე საქართველოში, მითხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს ისევ ბრიუსელში შევხვდებითო. ეგონა, რომ მხოლოდ იმ ინტერვიუსთვის ვიყავი ჩამოსული. ვუთხარი, ტელევიზიამ ბიუროს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო-მეთქი. ამაზე ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. ეგრევე დაუძახა აპატურაის და ეკითხება: რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ საზოგადოებრივმა არხმა ბიურო და კონკრეტულად, ეს ადამიანი დატოვოსო. გამომიგზავნეს რეკომენდაცია მათი ხელმოწერით, რაც მართლა უდიდესი პატივია ჩემთვის. წერილში წერია, რომ ჩვენ ყველა დონეზე, პიროვნულად, პროფესიონალურად ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ამ ადამიანთან. ამასთან ერთად, ამჟღავნებდა „ნატოს“ დიდ ცოდნას და მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ეს ადამიანი აქ, ბრიუსელში დარჩესო. ეს წერილი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის.

– აპატურაისთან ფოტოს გამო ქალების რისხვა არ დაიმსახურე?

– რაც შეეხება აპატურაის და ქალების ურთიერთობას. ერთ-ერთი ინტერვიუს წინ, გრიმს იკეთებდა და ამ დროს ოპერატორს ვუთხარი, ჩვენთვის ფოტოები გადაეღო – „ფეისბუქზე“ ინტერვიუ დავაანონსოთ-მეთქი. ერთ-ერთ ფოტოში გრიმს პერანგი რომ არ დაესვარა, სპეციალური საყელო უკეთია და ამ ფოტოზე ატყდა ყველაზე დიდი ამბავი. ბოლოს მითხრა, ეს ფოტოები „ფეისბუქზე“ უნდა დადოო? მე კი ვუთხარი: აუცილებლად და თან, არა მხოლოდ უნდა დავდო, უკვე დავდე-მეთქი. ახლა ხომ ძალიან დიდი ამბავი ატყდებაო. კი ძალიან ბევრ „გულებს“ დაწერენ-მეთქი და უცებ მეუბნება: აი, ვერაფრით ამიხსნია, რატომ ვარ საქართველოში პოპულარულიო. 

– ანუ, იცის, რომ ქალები მასზე გიჟდებიან?

– იცის. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე სააკაშვილმა მითხრა, ჩემს ქვეყანაში ჩემზე მეტად პოპულარული ხარო და ამაზე მერე ბევრი ვიხუმრეთო. ჩემს ქვეყანაში, კანადაში ნამდვილად არ ვარ ასეთი პოპულარულიო. შენთან გადაღებული ფოტო განწირულია უამრავი ლაიქისთვის-მეთქი. რატომ, რატომ? – მეკითხებოდა, ნუთუ ასეთი ეგზოტიკური ვარ ქართველებისთვისო. 

– ცოლი ჰყავს?

– მეც ვკითხე, ყველას აინტერესებს თქვენი ოჯახური მდგომარეობა-მეთქი და სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ცოლი ერთი კი არა, ბევრი მყავსო. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი გულშემატკივარი მყავსო, ამდენივე „ნატოს“ რომ ჰყავდეს, კარგი იქნებოდაო. მითხრა, სთხოვე შენს მეგობრებს, რომ კომენტარი ჩემთვის გასაგებ ენაზე დაწერონ, მხოლოდ გულებს ვხედავო. ერთ შაბათს, ქუჩაში, ბავშვებთან ერთად შემხვდა და გეხვეწები, ფოტო არ გადამიღო, ამ ამპლუაში იმათ არ მოეწონებათო (იცინის). ამ ურთიერთობას აშენება უნდა. ერთ დღეში არ ხდება ეს ყველაფერი და რაღაც გამოცდებს სულ გიტარებენ. მაგალითად, რასმუსენთან ინტერვიუ ჩაიწერა თბილისში ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე, მაგრამ შეთანხმება ასეთი იყო, რომ სანამ არ მეტყოდნენ, ეთერში არ უნდა გასულიყო. ის კი არა, მთხოვეს, არ გადააგორო მასალა, მხოლოდ შენ გქონდესო. კბილები მიკაწკაწებდა, ალბათ, როგორც ყველა ჟურნალისტს, რომ დროზე გამეშვა, მაგრამ ვუთხარი: შეთანხმება შეთანხმებაა, სანამ არ იტყვით, ეს ინტერვიუ ეთერში არ მოხვდება-მეთქი. სულსწრაფობის გამო ასეთი ტიპის ურთიერთობები არ უნდა დაანგრიო. გარდა ამისა, იქ ყოფნისას უამრავი საინტერესო ადამიანის გაცნობის და ექსკლუზივის მოპოვების საშუალება გაქვს. მაგალითად, როგორც ეს ლუკ ჰარდინგის შემთხვევაში მოხდა. – „გარდიანის“ ჟურნალისტია. ის იყო პირველი უცხოელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთიდან იმისთვის გამოაძევეს, რუსეთ-საქართველოს ომზე რომ დაწერა. დავუკავშირდი, სახლში დამპატიჟა, ჩავედით ლონდონში. მაჩუქა წიგნი, რომელსაც მიაწერა, რომ აუცილებლად შევხვდებით მოსკოვში, აქ და შენს ქვეყანაშიო. კიდევ გავიცანი ლიტვინენკოს ცოლი, რომელიც ასევე ინტერნეტით მოვძებნე. მომიყვა ვრცელი ისტორია და ძალიან კარგი ექსკლუზივი იყო. ასევე, ჩავწერე ბილ ბროუდერი, „ჰერიტიჟ კაპიტალის“ ხელმძღვანელი, რომელსაც ლონდონში სამსახურში აყვანილი ჰყავდა მაგნიტსკი. დამიბარა ვენაში, ძალიან ვრცლად და დეტალურად მიამბო მთელი ისტორია. ადამიანი, რომელიც მილიონერია, გადადო თავისი საქმე და ადამიანის უფლებების აქტიური დამცველი გახდა. ახლა მისი მთავარი მიზანია, დაიჭირონ ისინი, რომლებმაც მაგნიტსკის სიცოცხლე შეიწირეს. დიდი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ ეს ისტორია სწორედ ქართულ ტელეარხზე გავიდოდა. ამის შემდეგ მასთან სისტემატურად მაქვს კავშირი. სხვათა შორის, რომ გაიგო, ბიურო დაიხურა, სამსახურიც კი შემომთავაზა, ოღონდ მითხრა: ეს სამსახური ჟურნალისტის არ არისო. მოკლედ, უამრავი ასეთი ისტორიაა, რომელიც თბილისიდან მუშაობით არ გამოდის. 

– არის შანსი, რომ ბიურო აღდგეს? ან, აქ თუ გქონდა სხვა შემოთავაზებები?

– როგორც მითხრეს, ბიუროს დახურვის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსებია და საჭირო ფინანსების მოძიებისთანავე, ისევ აღდგება. იმედი მაქვს, მიზეზი მართლა მხოლოდ ფინანსური პრობლემებია და ის აღმოიფხვრება.  რაც შეეხება შემოთავაზებებს, მივიღე შემოთავაზება სხვა არხებიდანაც. ასევე, ჩემს არხზე გადაცემის გაკეთების და ერთ-ერთ კომპანიაში პიარსამსახურში წასვლის შემოთავაზებაც. მაგრამ, არ მინდა. სიგიჟემდე მიყვარს ჩემი საქმე, რასაც რეპორტიორობა ჰქვია. არ მომწონს ტენდენცია, რომ, როგორც კი გამოცდილებას დააგროვენებ, ჟურნალისტები ამბობენ, დავიღალეთ სირბილითო და პიარსამსახურებში გადადიან. არადა, ევროპაში ოცი-ოცდახუთწლიანი პრაქტიკის მქონე რეპორტიორები არიან. პირიქით, რაც უფრო მეტი გამოცდილება გაქვს, მით უფრო დახვეწილი და საინტერესოა შენი მუშაობა. ამიტომ, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ.

скачать dle 11.3