კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ქართველი დიზაინერი დუბაიში არაბი დამკვეთების მიწვევით და როგორ შექმნა მან „შპიონური“ მაჯის საათები

დიზაინერი დავით ქოიავა არაბეთის ემირატებში, კერძოდ, დუბაიში ცხოვრობს და იქაური ბობოლა შეიხების დაკვეთით ინტერიერისა თუ სხვა სახის დიზაინს აკეთებს. ის ჯერ ავტოტრანსპორტის დიზაინზე მუშაობდა კიევში, შემდეგ კი დუბაიში წავიდა და კარიერა იქ განაგრძო. დავითმა რამდენიმე პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა და მალე საკუთარი მასშტაბური გამოფენის მოწყობასაც გეგმავს

დავით ქოიავა: სრული სამხატვრო განათლება არ მაქვს მიღებული – აკადემიიდან სტუდენტობის პერიოდში წავედი, პირველი კურსიც არ მქონდა დამთავრებული. პირადი ცხოვრება ისე შემეცვალა, იძულებული გავხდი, უცხოეთში წავსულიყავი. ინდუსტრიული დიზაინის, ინტერიერის და მსგავსი რაღაცეების ინტერესი სულ მქონდა. 90-იან წლებში მუსიკალურ ჯგუფში ვუკრავდი და საკუთარი ხელით ავაწყვე ელექტროგიტარა. ეს გიტარა ძალიან ცნობილი იყო მთელ თბილისში, ახლა კი სახლში მიდევს, ცოცხალი თავით არავის არ მივყიდე (იცინის). 18 თუ 19 წლის ვიყავი, რომ გავაკეთე. ჩემს გვარში ძალიან ბევრი არქიტექტორი, მხატვარი და დიზაინერია. გვაროვნული ტრადიცია გვაქვს ამ საქმის (იცინის). ჩემი სახელისა და გვარის სამი ადამიანი მუშაობს არქიტექტურასა და დიზაინში, მარინე ფერაძის სიტუაცია იყო. ამიტომ, ხშირად იქმნებოდა კურიოზული სიტუაციები. 

– შემდეგ უცხოეთში წახვედით.

– უცხოეთს რაც შეეხება, პირველად უკრაინაში მომიწია წასვლა, კიევში. არის ძალიან ცნობილი კომპანია, „დეტალ”, რომელიც ამზადებს სპეცმანქანებს – სასწრაფოსთვის, აეროპორტისთვის, სახანძროსთვის და რა ვიცი კიდევ… შემთხვევით დავიწყე ამ კომპანიაში მუშაობა – მეგობართან მივდიოდი უკრაინაში და იქ შემომთავაზეს სამსახური. ავიღე ჩემი პორტფოლიოები, ძალიან მოეწონათ და მაშინვე ჩამსვეს შტატში. ვმუშაობდი ავტომობილების დიზაინზე ამ კომპანიისთვის. თბილისში ავეჯისა და ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობდი, ასევე, ვკითხულობდი ლექციებს. ცნობილი ქართველების შეკვეთითაც გამიკეთებია ინტერიერის დიზაინი, კომპანიების დაკვეთითაც, თუმცა, ახლა არ დავასახელებ მათ ვინაობას. მარჯანიშვილის მოედანი, ქუჩა და აღმაშენებლის გამზირი ჩვენი გაკეთებულია. ამჟამად უფრო უცხოეთში მიწევს მუშაობა, გაერთიანებულ ემირატებში. რაც რამე ცოდნა გამაჩნია „ინდუსტრიალ დიზაინში,“ ყველაფერი კიევმა მომცა – იქ ძალიან მაღალი ტექნოლოგიებია და ბევრი რამის საშუალებას გაძლევს, ასევე, დუბაიშიც. ამიტომ, ეს სფერო ვერ ვითარდება თბილისში. ისეთი ძვირია ტექნოლოგიები, თბილისში არ ხერხდება ჩამოტანა. კიევში ვმუშაობდი როგორც ავტომანქანების სალონების, ისე გარე დიზაინზე. გამიკეთებია ინტერიერიც იქაურების – კერძო პირებისა და დაწესებულებების დაკვეთით. ვუკეთებდი ლოგოს, სარეკლამო მასალებს, ვუქმნიდი კორპორაციულ ფერებს. 

– ემირატებთან როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება?

– დიდი ხანია, მქონდა სურვილი რამენაირად მოვხვედრილიყავი ამ ქვეყანაში – ეს ყველა ინდუსტრიული დიზაინერის ოცნებაა, რადგან, ემირატების ქალაქები, განსაკუთრებით – დუბაი და აბუ დაბი, გაჯერებულია უახლესი ტექნოლოგიებით. თბილისში, წინააღმდეგობები მხვდებოდა – მეუბნებოდნენ, არ გამოვა, ან დაინგრევაო. არ ჰქონდათ სათანდო საშუალებები, ძვირია. დუბაიში სახსრები მეოთხე-მეხუთეხარისხოვანი თემაა. ნავთობის მაგნატები არიან და, ოღონდ კი რამე ინოვაცია შესთავაზე, ყველაფერზე მოგყვებიან. მე ვკითხულობდი ლექციებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში, 3D გრაფიკასა და დიზაინის კურსს და შემარჩიეს ემირატებში გასაგზავნად, როგორც ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერი. თავიდან ძალიან გამიჭირდა დუბაიში, ფინანსურადაც რთული იყო, მაგრამ, პირველი რეაქცია, რაც მქონდა, აეროპორტიდან რომ გავედი, ისეთი ცხელი ჰაერი მომხვდა სახეში, კინაღამ მოვკვდი (იცინის) – ვინც იქით ნამყოფია, დამეთანხმება. ვეღარ ვსუნთქავდი, თავიდან სულ განცდებში ვიყავი, მეშინოდა, რაიმე გადაცდომები არ მომსვლოდა სამსახურის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურაა, საშინელი ნესტია და კონდინციონერი სულ ჩართულია. დუბაიში მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების ობიექტებია და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მეც მათთან ერთად ვმუშაობ. კურიოზი რა არის,  იცი? ხომ ასეთი მაღალი ტექნოლოგიების ქალაქია, პერიფერიებში მაინც ბარაკებია, ზოგან კი საერთოდ არაა საგზაო ნიშნები და შენ თვითონ უნდა მოისაზრო, როგორ გადახვიდე გზაზე. 

– ყოფით სივრცეში არ გაქვთ დისკომფორტის მომენტები?

– პოსტსაბჭოთა სივრცეში გაზრდილი ადამიანისთვის ცოტა ძნელია შეჩვევა. აქ ძალიან განსხვავებული ხალხია, ჩემთვის ბევრი რამ ყოფილა მიუღებელი და თავი ვერ შემიკავებია. ემირატებში არ მოქმედებს შარიათი, კანონები ნაკლებად მკაცრია, ვიდრე სხვა არაბულ ქვეყნებში, თუნდაც, სასმელთან დაკავშირებული შეზღუდვები... უბრალოდ, აქაურებს უფრო თავიანთი ნაციონალური ტანსაცმელი უყვართ – სიცხისგან კარგად იცავს. არაბები ჩაკეტილი ხალხია, ძალიან იშვიათად, რომ სახლში დაგპატიჟონ ან რამე ეგეთი. დუბაიში ქალები კაფეებშიც დადიან, ბარებშიც და თეატრებშიც. 

– თქვენს სამუშაოს დავუბრუნდეთ. რას აკეთებთ დუბაიში?

– დუბაიში ვმუშაობ ერთ-ერთ უმსხვილეს არაბულ კორპორაციაში დიზაინერად, ეს არის ჰოლდინგი, რომელსაც ჰყავს შვილობილი კომპანიები და მუშაობენ დუბაის „ჯიპიეს“ სისტემებზე. კერძო შეკვეთები მქონია შეიხებისგან, თუმცა. შეიხი მუჰამედი დუბაის მეპატრონეა და ჯერჯერობით მისთვის არ მიმუშავია, მაგრამ, სხვა მდიდარი შეიხებისთვის დამიპროექტებია ვილები, ინტერიერის დიზაინი, საიუველირო მაღაზიები, სალონები...  მყავს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი ბიზნესმენები, რომელთა კერძო დაკვეთებსაც ვასრულებ.

– ავეჯის და ინტერიერის დიზაინი ვნახე თქვენს პორტფოლიოში. 

– ესენი დამზადებულია როგორც სერიული წარმოებისთვის, ასევე, ინდივიდუალური შეკვეთით. უკრაინაში მივიღე „ბრითიშ ტობაკო კომპანის” კონკურსში მონაწილეობა. „კენტის” საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნდა მოგვეფიქრებინა რამე კონცეპტუალური, ავდექი და გავაკეთე სანთებელა, რომელსაც უკან „იუ ეს ბი“ „ფლეშკა„ ჰქონდა, ძალიან ორიგინალური გამოვიდა და გავიმარჯვე ამ კონკურსში – პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. ვარ, ასევე, „რედ დოთ ევორდის“ გამარჯვებული, რომელიც ძალიან პრესტიჟული კონკურსია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მასში ვმონაწილეობ როგორც ინდუსტრიული და არა ინტერიერის დიზაინერი. ბევრი საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი ვარ. 

– როგორც ვიცი, ინდუსტრიულ დიზაინზეც მუშაობთ. 

– დიახ, ასეა და ამჟამად ვგეგმავ დიდი გამოფენის გაკეთებას დუბაიში. ახლახან დავამთავრე სავაჭრო ცენტრზე მუშაობა, რომელიც აშენდება უდაბნოში. ვმუშაობ ლამპებზე, მონიტორებზე, გაკეთებული მაქვს მაჯის საათები, თინეიჯერული ხაზი, ახალგაზრდებისთვის: ფოტოკამერით, ასევე, ეხსნება სამაჯური და აქვს ფლეშ-შესაერთებელი. ეს საათები წარმოებაშია ჩაშვებული და შეზღუდული რაოდენობით გამოვა. შეგიძლია, კომპიუტერში გადაიტანო ინფორმაცია, მოკლედ, ტექნიკურად კარგად არის აღჭურვილი. სახელი „სპაიონ ვოტჩ” ჰქვია, ჩაფიქრებული იყო, როგორც „შპიონის საათი“. 

–  ესე იგი, გამოფენას გეგმავთ? 

–  დიახ, მალე ვგეგმავ დუბაიში გამოფენას, სადაც საკმაოდ მსხვილი დამკვეთები და კომპანიების წარმომადგენლები იქნებიან მოწვეულები, მინდა გამოფენაზე გავიტანო როგორც კონცეპტუალური, ასევე, რეალიზებული ნამუშევრები. იქნებიან კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ქმნიან ხელოვნურ კუნძულებს. შეიძლება, მივიღო შეკვეთა ხელოვნური კუნძულის შექმნაზე დუბაის სანაპიროზე. 

– არაბებმა რამე თუ იციან საქართველოზე?

– დიახ, იციან და ძალიანაც მოსწონთ ქართველები, იციან, რომ სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი ხალხია – მუშაობენ აქ ქართველები და იცნობენ. უკვე ორი წელია, აქ ვცხოვრობ და ბევრთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა. ის სტერეოტიპი რომ ქართველები ყველგან ქურდები და ყაჩაღები არიან, რომ ამბობენ, ქართულად არის გერმანიაში ვიტრინებში გამოკრული: „ქართველებო, არ მოიპაროთ” ან „არ ჩაამტვრიოთო”, ასეთი რამ აქ არ არის. თვითონ არაბები, როგორც გითხარით, საკმაოდ ჩაკეტილი ხალხია. არ ხდება აქ ისე, რომ სახლში დაგპატიჟონ, ცოლი გაგაცნონ ან რამე ასეთი (იცინის). შეიძლება, უბრალოდ, გარეთ შეგხვდეს და საქმიანი ურთიერთობა გააბას შენთან, მაგრამ, გარკვეული რელიგიური ბარიერები მაინც არსებობს. 

скачать dle 11.3