კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სოსო ცაბაძე: „ეს თუ გაუვიდათ, ჩათვალეთ, რომ არც ქართული ოქრო იარსებებს და არც სამთამადნო სფეროში ინვესტიციების მოზიდვის შანსი”

ვის სურს საყდრისის  საბადოს თემით ხელის მოთბობა და  ნაგავსაყრელად ქცეული ადგილის კულტურის ძეგლად და ტურისტულ მექად  გამოცხადება? 

 სამეცნიერო თაღლითობა თუ... მითი?! ხელოვნურად „გამოყვანილი” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუ უბრალოდ ნაგავსაყრელი საყდრისში, რომელიც სურთ, ვარძიის, დავით გარეჯის, უფლისციხის  რანგში აიყვანონ?! – თემა, რომელიც ახალი სპეკულაციების საგანი ხდება. კულტურის სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსნის მხრიდან  წარმოქმნილმა საკითხის სიმწვავემ და არაობიექტურმა მიდგომამ სამთამადნო საწარმოს მრავალათასიანი კოლექტივის შეშფოთება გამოიწვია. დღეისთვის საყდრისის საბადოს ათვისება წარმოადგენს უკიდურესად მნიშვნელოვან საეტაპო პროექტს, რომლის განუხორციელების შემთხვევაში, საქართველოში სამთამადნო წარმოება და კომპანია ,,RMG,” ფაქტობრივად, ფუნქციონირებას შეწყვეტს. ეს კი მარტივად, ციფრებით რომ ვთქვათ, პირველი 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტისთვის  100 მილიონი დოლარის დაკარგვასა და 3 000-მდე თანამშრომლის სახლში გაშვებას ნიშნავს.  საწარმოს კოლექტივი და კომპანიის  მენეჯმენტი აცხადებს, რომ საყდრისის ეგრეთ წოდებული „ძეგლის” პრობლემა  ხელოვნურად არის შექმნილი ადამიანთა ვიწრო წრის კერძო ინტერესების დასაცავად, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ  რაიონისა თუ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ტიპის პრობლემები და საკმარისი არგუმენტების არქონის გამო, ხმაურითა და თემის პოლიტიზირებით  ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ვინ ცდილობს საყდრისის თემით ხელის მოთბობას?! რა სკანდალი  ელის კულტურის სამინისტროს და  ვინ  უშლის ხელს ბიუჯეტში მილიონების შეტანას?! რა ბედი ელის ოქროს წარმოებას საქართველოში, თუ საყდრისის  ლამის ნაგავსაყრელად ქცეულ  ადგილს კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსს საბოლოოდ მიაკერებენ?! 

წინაისტორია: 2004 წელს გეოლოგები წიაღით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისას, დაბა საყდრისში, წააწყდნენ ძველ სამარხს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის დაცვით, მოწვეულ იქნა არქეოლოგთა ჯგუფი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი დეტალური არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, არც რაიმე ხელშესახები ახალი ფაქტი გამოვლენილა, ობიექტს  რატომღაც იმთავითვე უწოდეს ოქროს უძველესი და უნიკალური მაღარო და კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ყოველგვარი წინასწარი მსჯელობისა და განხილვის გარეშე, ძეგლის სტატუსიც მიანიჭეს. იგივეს ადასტურებს  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის ¹03/82 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნაც.   

 მეცნიერები და კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ: აქ ოქრო ხილული არ არის და ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეს ადამიანები ამ ყველაფერს როგორ მოიპოვებდნენ? საუბარია იმაზეც, რომ  რამდენიმე დღის წინ, არქეოლოგთა ჯგუფმა ექსპერიმენტები ატარა ცეცხლის გამოყენებით ოქროს მოპოვების სადემონსტრაციოდ, ოღონდ რატომღაც არა მიწისქვეშ, 28 მეტრის სიღრმის ეგრეთწოდებულ „მაღაროში”, არამედ ზედაპირზე, ღია სივრცეში.  საინტერესო კი იმის ჩვენება იქნებოდა, როგორ მოიპოვებდა ჩვენი უძველესი წინაპარი ოქროს მადანს მიწის ქვეშ 28 მეტრის სიღრმეზე, სადაც ჟანგბადის შემცველობა დაბალია. როგორ ახერხებდა პრეისტორიული  ხალხი იქ ჩასვლას და ცეცხლის დანთებას, სადაც ჟანგბადი თითქმის არაა, რომ 800 გრადუსამდე გაეხურებინათ კლდეები? როგორ ადგენდა პრეისტორიული ადამიანი უხილავი ოქროს არსებობას ამა თუ იმ ქანში? როგორ საზღვრავდა მის შემცველობას? როგორ არჩევდა იმ ქანებს, საიდანაც ოქროს ამოღება მექანიკური გზით იყო შესაძლებელი? როგორ გაიყვანა სუბვერტიკალური 20-30 მეტრი სიღრმის გვირაბები უფრო მაგარ ქანებში, ვიდრე შრომის იარაღებია? საერთოდ, როგორ სუნთქავდნენ ადამიანები 20-30 მეტრ სიღრმეზე ყოველგვარი ვენტილაციის გარეშე? როგორ ანთებდნენ და ინახავდნენ კოცონს? როგორ ხდებოდა განათების უზრუნველყოფა, როდესაც იმ პერიოდის  ერთი ჭრაქიც კი არაა ნაპოვნი, ხოლო ჩირაღდანი ადამიანის დახუთვის იგივე შედეგს გამოიწვევდა, რასაც ცეცხლის დანთება. არც ერთ ამ კითხვაზე არავითარი დამაჯერებელი და მეცნიერულ კვლევას დაფუძნებული პასუხი არ არსებობს. მაშ, რას დაეყრდნო გადაწყვეტილება საყდრისის ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის, უფრო მეტიც, ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ?! ექსპერტთა ნაწილისა და  კულტურის სამინისტროს კომისიის მიერ დადებული  დასკვნიდან  კი ირკვევა, რომ   იმ დროისთვის, დაახლოებით 5 400 წლის წინათ, ამ ტერიტორიაზე არსებულ პირობებში  ოქროს მოპოვება დაუსაბუთებელია და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.  ანუ, თუ იქ მაღარო მაინც არსებობს, მას სხვა დანიშნულება  უნდა ჰქონოდა და მაშინ ეს მხოლოდ მორიგი არქეოლოგიური ობიექტია და არა ეროვნული კატეგორიისა და მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი, როგორც ამას ამტკიცებენ.  საქმეში კიდევ უფრო უხერხულად ამოტივტივდა კულტურის  მინისტრის მოადგილე, ქალბატონი  მარინა მიზანდარი, რომლის ინტერესებზე საუბრობენ  ექსპერტები და მეცნიერები.  ჩვენ ვცადეთ ქალბატონ მარინა მიზანდართან დაკავშირებას, თუმცა ის  უცხოეთში იმყოფება.

სოსო ცაბაძე (კომპანია ,,RMG-ის“ მრჩეველი): 2012 წლის ივლისიდან წინამორბედისგან კომპანია არცთუ ისე სახარბიელო პირობებში ჩავიბარეთ. ვიცოდით, რომ ერთ-ერთ სალიცენზიო ფართობზე იყო ძეგლი, თანაც ეროვნული კატეგორიის. იმისთვის, რომ ძეგლი არ დაგვეზიანებინა, სამუშაოები დაწყებული იყო  მისგან მოშორებულ ტერიტორიაზე. როდესაც საბადოს განვითარების პერსპექტივები შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ აქ ძეგლის არსებობა იმდენად ზღუდავდა კომპანიის სამუშაო ზონას, რომ შეიძლება, საბადოს ათვისება სულაც უაზრო ყოფილიყო. ჩვენ ვცდილობდით, საბადოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია აგვეთვისებინა. პარალელურად, დავიწყეთ ძეგლის აქტიურად შესწავლა იმ მიზნით, რომ თუ ჩვენი სამუშაოების ზონა მას მიუახლოვდებოდა, შემთხვევით არ დაგვეზიანებინა. ამ მიზნით მოვიწვიეთ სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტები. სწორედ მათ გამოთქვეს პირველად საფუძვლიანი ეჭვი ამ ეგრეთ წოდებული ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით.  გადავწყვიტეთ, ჩვენი აზრები გაგვეზიარებინა მეცნიერებისათვის. მოვიწვიეთ არქეოლოგები, გეოლოგები და შევთავაზეთ იქ არსებული არტეფაქტების სხვა ადგილზე გადატანა, მუზეუმის გაკეთება და დამთვალიერებლებისთვის კარგი პირობების შექმნა, რასაც მთლიანად დააფინანსებდა კომპანია. მით უმეტეს, რომ ამ ადგილას ნაგავსაყრელია და ტურისტებისთვის არც მაინცდამაინც მიმზიდველი. ამით ისტორიულ ინფორმაციასაც შევინარჩუნებდით და საბადოსაც. სწორედ ამ იდეით წერილით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს  და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია. 

კომისიამ გამოითხოვა ყველა მასალა, რაც ამ ძეგლთან იყო დაკავშირებული და დაიწყო მუშაობა სამი მიმართულებით; ეს იყო სამართლებრივი საკითხები, არქეოლოგია, გეოლოგია და სამთო საქმე. საბადოს და ამ ადგილის გეოლოგიურად შესწავლის ხარისხი საკმაოდ მაღალია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, თავის დროზე, კომპანიამ შეისწავლა, როცა წიაღისეულის მარაგებს ითვლიდა. როცა კომისია ამ საკითხების შესწავლას ჩაუღრმავდა, აღმოჩნდა, რომ ძეგლს თავის დროზე სტატუსი კანონდარღვევით მიენიჭა. კერძოდ, არსებობდა 1977 წლის კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ. ეს კანონი გააუქმა 1999 წლის კანონმა, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მაგრამ მხედველობიდან გამორჩათ ის, რომ ამ კანონის გაუქმებასთან ერთად, ძალა დაკარგა ყველა აქტმა, რომელიც ამ კანონის საფუძველზე იქნა მიღებული. ოთხიათასზე მეტი არსებული ძეგლი და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი დარჩა სტატუსის გარეშე. ამიტომაც, კულტურის სამინისტრომ 2006 წელს გადაწყვიტა, ეს საკითხი დაერეგულირებინა საკანონმდებლო აქტით და მინისტრის ბრძანებით, სტატუსი აღუდგინეს ადრე ძეგლებად გამოცხადებულ ობიექტებს. ამ ჩამონათვალში რატომღაც მოხვდა ობიექტი, რომლის შესახებაც არქეოლოგებმა ინფორმაცია პირველად 2004 წელს მიიღეს ჩვენი კომპანიიდან, რასაც თავის შრომებშიც აღნიშნავენ. ეს ადგილი 70-იან წლებშიც  ნაწილობრივ იყო შესწავლილი და მაშინ არ მიიჩნიეს იმდენად მნიშვნელოვან ობიექტად, რომ მისთვის ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ. ამის მერე კი, მას რამდენიმე თვეში მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსიც, გამოცხადდა არქეოლოგიური დაცვის ზონად და მიენიჭა ეროვნული კატეგორია. თანაც, უცნაური თანმიმდევრობით. თანმიმდევრობა კი ასეთია: კანონის მიხედვით ჯერ გამოცხადდა არქეოლოგიურ ზონად; შემდეგ ხდება შესწავლა, რომლის დასკვნაც განიხილება კომისიაზე, მეცნიერებათა აკადემიის კომისია იძლევა რეკომენდაციას და ამის შემდეგ ენიჭება ობიექტს ძეგლის სტატუსი.  ამის საფუძველზე კი შეუძლია, კულტურის სამინისტროს  პრეზიდენტს გაეგზავნოს ეროვნული კატეგორიის მინიჭებაზე შუამდგომლობა. აღმოჩნდა, რომ აქ მთელი ქრონოლოგია დარღვეულია. არ არსებობს არც ერთი კომისიის გადაწყვეტილება. თუ კომისია მაინც ჩატარდა, ისიც გაურკვეველია, რა განიხილა მან, რადგანაც ამ ადგილის შესწავლის 2004-2005 წლების ანგარიშები მეცნიერებათა აკადემიის არქივში არ მოიპოვება. ამიტომაც, კომისიამ კვლევის შედეგად დაადგინა, რომ აქ ყველაფერი კანონის დარღვევით იყო გაკეთებული და ამ ობიექტს მოეხსნა ძეგლის სტატუსი. 

„ძეგლის” იდეის მიმდევრების მიერ კომისიის სამართლებრივი ნაწილი არასოდეს გაუპროტესტებიათ, მაგრამ ამბობენ: რა მოხდა... ეს მხოლოდ პროცედურული დარღვევები იყოო. უკაცრავად, მაგრამ სწორედ ეს პროცედურები განსაზღვრავს სტატუსის მინიჭებამდე საკითხის ყოველმხრივად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამიტომ, ასე მარტივად ხედვა, ან არაკომპეტენტურობის ნიშანია, ან ცალმხრივად დაინტერესებულობის. გარდა საკანონმდებლო დარღვევებისა, გეოლოგიურად და ტექნოლოგიურად, აქ ოქროს მოპოვება ვერ დადასტურდა. გარდა ამისა, არქეოლოგიური კვლევების მასალებიდან, რომელიც კომისიას ოფიციალურად მიეწოდა, გაირკვა, რომ არქეოლოგიური კვლევის მეთოდიკაც დარღვეულია. ექსპერტების აზრით, გვხვდება  მოპოვებული არქეოლოგიური მასალის ფაბრიკაცია და არასწორად არის ინტერპრეტირებული  ფაქტები. არაერთხელ მომისმენია, თუ როგორ გვდებს ბრალს ქალბატონი ირინე ღამბაშიძე მეცნიერების აზრის იგნორირებაში, ხოლო ალტერნატიული აზრის მქონე მეცნიერებს „დაქირავებულად” მოიხსენიებს. ძალზე ძნელია, დაიქირავო ისეთი დონის მეცნიერები, როგორებიც არიან ბატონები: ალექსანდრე თვალჭრელიძე, ვახტანგ ლიჩელი, დავით ლომიტაშვილი და ომარ ქუცნაშვილი. ისინი შეიძლება, მხოლოდ მოიწვიო. რაც შეეხება დაქირავებას, ქალბატონ ღამბაშიძეს, ალბათ, ავიწყდება, რომ თვითონ იყო  „დაქირავებული” კომპანიის მიერ და კომპანიისვე დავალებით 2013 წელს არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა საყდრისის საბადოს სხვადასხვა უბანზე. ეს ეჭვგარეშეა და თანხების გადარიცხვის საბუთები კომპანიის ბუღალტერიაში ინახება. ჩვენ გვდებენ ბრალს ქართული სამეცნიერო აზრის იგნორირებაში, ხოლო თვითონ საკითხის გადასაწყვეტად, საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვენ. სამწუხაროა, როცა ამას ქართველი მეცნიერები ამბობენ და ამით საკუთარი ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის მნიშვნელობას ამცირებენ. რაც შეეხება არქეოლოგიური გათხრების ზონაში ჩატარებულ დემონსტრაციას, ამას უფრო შოუს სახე ჰქონდა და მომწყობთა სასახელოდ უნდა აღვნიშნო, რომ კარგად იყო ორგანიზებული. ვინმეზე შეიძლება ამან შთაბეჭდილებაც მოახდინა. მე კი მაინც მგონია, რომ ამგვარი დემონსტრაციების მოწყობას უფრო ღრმად შესწავლა და ყოველმხრივ გამართული სამეცნიერო დასაბუთების შექმნა სჯობდა. ის, რომ ამ ადგილზე ოქრო მოიპოვება, ახალი ამბავი არაა და ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ამიტომაც აიღო კომპანიამ ლიცენზია. მაგრამ, მეორე საკითხია, შეიძლება თუ არა, ის იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც უკვე აქციეს  სხვა ტიპის სპეკულაციის თემად.“

„სამეცნიერო თაღლითობად”  მიიჩნევს  მომხდარს დავით ლომიტაშვილი, კულტურის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისიის წევრი: „ეს ჰგავს  სამეცნიერო თაღლითობას  და ის იმ პროცესების შესატყვისია, რომელიც საყდრისი-ყარაჩიანში ვითარდება. ამ საკითხზე ჩვენ თუ არა, მომავალი თაობა მაინც მოითხოვს პასუხს. ამ კომისიაში აღმოვჩნდი მინისტრ ოდიშარიას ბრძანებით და არ არის დასამალი, რომ ამ ობიექტის კვლევაზე ჯერ კიდევ 2007 წლიდან მქონდა ლეგიტიმური კითხვები. ამ კითხვებზე კი პასუხები მესმოდა, რომ მტკიცებულებები იქნება მომავალში. აღმოჩნდა, რომ სრული ქაოსი და გაუგებრობა იყო ძეგლის სტატუსის ირგვლივ და არავინ იცის, რა ნიშნით მიენიჭა მას ჯერ ძეგლის და მერე ეროვნული, ყველაზე მაღალი კატეგორია.  ჩემი დანიშნულება,  როგორც კომისიის წევრისა, გახლდათ ის, რომ დაგვედგინა, იყო თუ არა ამ ძეგლის ქუდი უძველესი ოქროს მაღარო, სადაც თურმე ოქროს მოიპოვებდნენ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულის ბოლოსა და მესამის დასაწყისში. წარდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულების მაგალითზე, შემიძლია, დაზუსტებით გითხრათ, რომ იქ არავითარი ოქროს უძველესი მაღარო არ არის და ეს მიმაჩნია, სამეცნიერო თაღლითობად. აქ საუბარია ნივთებზე, რომლებიც მათ აქვთ აღმოჩენილი: ათასობით რიყის ქვა, ერთი ცალი სპილენძის სადგისი, რამდენიმე ათეული კერამიკის ნატეხი, ჭურჭელი და ტიგელის ფრაგმენტი.  არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ტიგელის (კერამიკული სადნობი) ფრაგმენტები, სადაც ოქრო დნებოდა. მე ვეუბნები მათ, მომიტანეთ ამ ფრაგმენტების ლაბორატორიული ანალიზი, რომ მათზე  ოქროს ნიშნები არის. ასეთი ანალიზი და პასუხი არ არსებობს. მათი აზრით, თურმე, ეს პრეისტორიული ადამიანები ჩადიოდნენ ვიწრო ნაპრალებში და ცეცხლს ანთებდნენ...  იქ ისეთი უჰაერო სივრცეა, სიგარეტის მოკიდებაც კი წარმოუდგენელია. თუკი იმ პერიოდში იქ ამდენ ოქროს მოიპოვებდნენ, რატომ არ ვლინდება ის საქართველოში არტეფაქტების სახით.  მაჩვენეთ ამ პერიოდის თუნდაც ერთგრამიანი ნაკეთობა? მსგავსი რამ არ არსებობს.  მით უფრო, რომ ამ კლდეებში ოქრო არ არის ხილული. აფრიალებენ უცხოეთიდან გამოგზავნილ ქაღალდებს და მეუბნებიან, რომ, მინდა თუ არა, ამას უნდა დავემორჩილო. ვეკითხები ქალბატონ მარინა მიზანდარს, ვის უნდა დავემორჩილო?  თურმე არ არსებობს მათი ექსპედიციების ანგარიშების მხოლოდ  ქართული თარგმანი. ეს რას ნიშნავს? გერმანელები წერენ და ქართველები მხოლოდ აქართულებენ? მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან დიდი ფინანსური საკითხი დგას.  სამინისტრო სენსიტიურად განიცდის ამ საკითხს. არ მომერიდება და პირდაპირ გეტყვით, რომ მინისტრის პირველი მოადგილე, მარინა მიზანდარი, ფაქტობრივად, ამ სიტუაციაში მხარეა, რომელიც ღიად ლობირებს ერთი მცირე ჯგუფის ინტერესებს.  კომისიამ დადო დასკვნა და მისი გაბათილების ან შეცვლის ერთადერთი გზა უნდა ყოფილიყო სასამართლო და არა მიზანდარის გადაწყვეტილება. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ესენი სანდრო თვალჭრელიძის, ომარ ქუცნაშვილის, ვახტანგ ლიჩელის, გურამ ყიფიანის, გურამ გრიგოლიას   აზრს იგნორირებას უკეთებენ. ეს, ან განუვითარებლობაზე, ან ძალიან სერიოზულ ფინანსურ ინტერესებზე მეტყველებს. ეს ცალკე ძიების საკითხია, მაგრამ მე, შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, რომ მეცნიერობანას თამაშს, ამ ხალხმა თავი დაანებოს. ფულის გაკეთება თუ უნდათ, ფული აკეთონ და მეცნიერობა თუ უნდათ, მეცნიერები იყვნენ.“ 

კულტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი თემურ ჩიხრაძე  ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ დაბა საყდრისის სამთამადნო მრეწველობის ძეგლად გამოცხადება მოხდა  სამართლებრივი ასპექტების უხეში დარღვევით.  

– ბატონო თემურ, ახლა ხელში მიჭირავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ბატონი გურამ ოდიშარიას 2013 წლის 28 მაისის ¹03/82 ბრძანების საფუძველზე  შექმნილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის სამთამადნო  მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნა, რომელსაც, სხვათა შორის, თქვენც აწერთ ხელს. დასკვნაში წერია, რომ, ძეგლის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას, დარღვეულ იქნა კანონის მე-5 და მე-9 მუხლები, კანონის მე-11 და კანონის 21-ე მუხლების მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები. თქვენ, ბუნებრივია, ეთანხმებით ამ დასკვნას.

– კი ბატონო, დასკვნაში დეტალურად წერია, რა დარღვევებია დაფიქსირებული ძეგლის სტატუსის მინიჭებისას. ვეთანხმები კი არა, ჩემი დაწერილია.

– ანუ, თქვენ ადასტურებთ, რომ ძეგლის სტატუსის მინიჭებისას უხეშად დაირღვა სამარლებრივი ასპექტები 

– დიახ, ასეა.

– ბატონო თემურ, გასაგებია, რომ ეს თქვენი კომპეტენცია არაა, მაგრამ, სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე ათასწლეულების წინ ოქროს მოპოვების დასადასტურებლად, გარკვეული ექსპერიმენტი ჩატარდა, რის საფუძველზეც აპირებენ ამ ადგილისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას. თქვენ, როგორც იურიდიული დეპარტამენტის უფროსსა და კომისიის წევრს, რომელიც დასკვნაზე მუშაობდა, ხომ უნდა მიგეღოთ გარკვეული ფაქტობრივი მტკიცებულებები? 

– რომელი ექსპერიმენტის? დასკვნაში სადმე წერია, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა? ამის შესახებ არაფერი ფაქტობრივი მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი. 

– დასკვნაში, შესაძლოა, არ წერია, მაგრამ, არის ამის შესახებ საუბარი. თუნდაც ქალბატონი მიზანდარის ინტერვიუდან ჩანს ეს, სადაც ის ამბობს: „მე ვნახე  პრაქტიკული ციკლი ოქროს მოპოვებისა“.  ექსპერიმენტის ჩატარების დამადასტურებელი რაიმე სახის მასალა ან ფაქტობრივი მტკიცებულებები თუ გინახავთ?

– არა, მე ნამდვილად არ მინახავს და არც მსმენია, რომ  ვინმეს რამე ექსპერიმენტი ჩაეტარებინოს და 28 მეტრის სიღრმეზე ვინმეს ცეცხლი დაენთოს. 

– ბატონო თემურ, არსებობს კულტურის მინისტრის, ოდიშარიას ბრძანებით შექმნილი საკმაოდ კომპეტენტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისიის დასკვნა.  რატომ დადგა დღის წესრიგში  მინისტრის მიერ შექმნილი  კომისიის მიერ დადებული დასკვნის სანდოობის განხილვა და იმავე მოადგილეების მხრიდან მისი გაკრიტიკება? მინისტრის მოადგილე მიზანდარზეა საუბარი, რომელიც  დაინტერესებულია ამ საკითხით.

– კულტურის მინისტრის მოადგილე მიზანდარი დაინტერესებული იქნება ამ საკითხით, რადგან ის კურირებს კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს სამინისტროში. მე  დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ადგილი არის არქეოლოგიური ობიექტი, რაც აღნიშნა კომისიის ყველა წევრმა. 

– ქალბატონი მიზანდარი ერთ-ერთ ინტერვიუში ეჭქვეშ აყენებს   სამინისტროს კომისიის დასკვნის სანდოობას, როცა აცხადებს, სამინისტროში შექმნილი კომისიის დასკვნის ნაწილი ჩემთვის ნამდვილად მიუღებელი იყოო.

– ვერაფერს  გეტყვით, არ მსმენია ამის შესახებ.  მე არ ვიცი, რა სტატუსი მიენიჭება ამ ძეგლს, ან, გადავა თუ არა ის „იუნესკოს“ ძეგლთა სიაში, შესაძლოა, იმავე მინისტრის ბრძანებით მოხდეს არტეფაქტებისთვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება. ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია. როდესაც „მრგვალი მაგიდა“ მოეწყო, იქ გეოლოგებმა თქვეს, რომ, თითქოსდა მოძრავი ძეგლის სტატუსი მაღაროს ვერ მიენიჭებაო. არადა, მოძრავი ნივთი რაც არის, ეს განმარტებულია სამოქალაქო კოდექსით. იქ არის ნივთები, ღირებული რაცაა ამ მთაში და იმის გადატანა უნდა მოხდეს, იმ ნივთებს უნდა მიენიჭოს მოძრავი ძეგლის სტატუსი, თვითონ მთა კი არ უნდა გამოცხადდეს ძეგლად. ფრაგმენტები კი, შეიძლება, სამუზეუმო სივრცეში გადავიდეს. 

P.S. ფაქტია, რომ, ყოველივე იმის მიუხედავად, რასაც რესპონდენტები აცხადებენ,  პრინციპით – „მიზანი ამართლებს საშუალებას” – კვლავ და კვლავ შეუსვენებლად ხდება ზეწოლა საზოგადოებრივ აზრზე, აშკარა ფალსიფიკაციისა თუ ფაბრიკაციების აბსოლუტურ ჭეშმარიტებად გასაღების მიზნით. 

скачать dle 11.3