კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პროცედურები უნდა დაიცვას პატრულმა არადამნაშავე მოქალაქის შემოწმებისას და როგორ შეუძლია პოლიციას გონივრულად მოქმედების შემთხვევაში ყველა ქმედების „გაპრავება“

პოლიციის მიერ ბოლო პერიოდში მასობრივი რეიდების მოწყობამ საზოგადოების ნაწილში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ბ-ნ გივი თარგამაძეს ამ მოვლენებმა შევარდნაძე-თარგამაძის შავბნელი წარსული გაახსენა; რაღაც ნაწილი ფაქტს სრულიად გულგრილად შეხვდა –  შესაძლოა, იმ მარტივი მიზეზით, რომ არ შეხებია; დანარჩენები კი აცხადებენ, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რას სჩადიოდა პოლიცია პირველ ოქტომბრამდე, ახლანდელი ქცევა ლანდების ლაციცია, თუმცა მასობრივ რეიდებში მოყოლილები ამტკიცებენ, რომ პოლიციელები საკმაოდ უპატივცემულოდ ექცევიან (და ამ ფონზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, პოლიციის არცთუ უმწიკვლო წარსულის გახსენება დიდი ვერაფერი შეღავათია). ასეა თუ სხვაგვარად, რაკი მოქალაქეებსა და პოლიციას გვიწევდა, გვიწევს და მოგვიწევს ერთმანეთთან შეხება, საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძეს დავეკითხეთ, კანონით, რა უფლებები აქვს და არ აქვს მინიჭებული  პოლიციელს მოქალაქესთან ურთიერთობისას.

– რომელი კანონები არეგულირებს მოქალაქეებისა და პოლიციელების ურთიერთობას?

– მოქალაქეთა და პოლიციელების ურთიერთობას ძალიან ბევრი კანონი და კანონქვემდებარე აქტი არეგულირებს, მაგრამ ძირითადი მაინც არის „პოლიციის შესახებ კანონი“ და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“. „პოლიციის შესახებ კანონში“ განმარტებული და ჩამოთვლილია ის უფლებამოსილებები, რაც პოლიციას აქვს. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ კი დადგენილია ის წესები, რის მიხედვითაც ხდება გამოძიება, სისხლის სამართლის საქმის წარმოება და ასე შემდეგ. ყველა ის საპოლიციო, საგამოძიებო უფლებამოსილება, რაც აქვს პოლიციას, დეტალურადაა გაწერილი კანონმდებლობაში, ანუ ჩარჩოში ზის. გარდა კანონისა, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და, ზოგადად, სტანდარტია, რომ, თუ კანონმდებლობაში არ არის გაწერილი პოლიციის კონკრეტული უფლებამოსილება, იგულისხმება, რომ ეს უფლება პოლიციას არ აქვს. ანუ იმ ქმედებებს, რაც არ არის აღწერილი კანონმდებლობაში, პოლიცია ვერ განახორციელებს.

– განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, როდესაც, რაც არ არის აკრძალული, დასაშვებია?

–  ეს პუნქტი მოქმედებს სამოქალაქო სამართალში, კერძო პირების ურთიერთობაში, მაგრამ პოლიციასთან მიმართებაში მოქმედებს საწინააღმდეგო პრინციპი, რაც კანონით არ არის პირდაპირ გაწერილი, აკრძალულია.

– სანამ ამაზე გადავალთ, ვთქვათ, ქუჩაში მოძრავ პატრულსა თუ უბნის ინსპექტორებს რა შემთხვევაში აქვთ იმ მოქალაქის შემოწმების უფლება, რომელსაც არაფერი დაურღვევია?

– ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა არანიარი ქმედების განხორციელების საშუალებას არ აძლევს სამართალდამცველს. არსებული  კანონმდებლობის ნორმალური განმარტება ნიშნავს იმას, რომ, თუ კონკრეტული მოქალაქის მიმართ არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, არ არსებობს კონკრეტული გარემოებები და გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ მან ჩაიდინა ან აპირებს დანაშაულის ჩადენას, მაშინ იმ მოქალაქესთან მიმართებაში არ შეიძლება რამე სახით ასეთი ღონისძიების გატარება. ეს არის ჩვენი კანონმდებლობის სწორი განმარტება. სხვათა შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაც ასეთია. საიამ ლევან იზორიასთან ერთად სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ კი 2013 წელს მიიღო გადაწყვეტილება და განმარტა, რომ გონივრული ეჭვი არის ის გარემოება ან გარემოებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს უქმნის იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ პირმა ჩაიდინა, ან აპირებს დანაშაულის თუ სამართალდარღვევის ჩადენას. ანუ უნდა არსებობდეს გონივრული ეჭვის საფუძველი; მეორე, კანონი რეიდის ჩატარებას შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დამნაშავეთა დაკავების მიზნით; სხვა სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით. ეს ქმედებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის მიერ დადგენილი წესით. თუ ჩრეკა და ამოღებაა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით უნდა მოხდეს, რასაც სჭირდება სასამართლოს ნებართვა ან, თუ მაინც მოხდა სასამართლო ნებართვის გარეშე, შემდეგ მაინც არის საჭირო ეს ნებართვა.

– ის, რაც ბოლო დროს ხდება ჩხრეკა-ამოღებაა, მარტო ჩხრეკა თუ?

– ჩხრეკა და შემოწმება სხვადასხვა ტერმინია.

– კი ბატონო, ის, რაც ტარდება, შემოწმებაა თუ ჩხრეკა?

– ეს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გიარკვეს: ზოგი შეიძლება, გაჩხრიკეს, ზოგი –  შეამოწმეს.

– თქვენ ახლა თქვით, როგორი უნდა იყოს ჩვენი კანონმდებლობის სწორი განმარტება, ოდესმე პოლიციას დაუქვემდებარებია თავისი ქცევები კანონისთვის იმ განმარტებით, როგორც თქვენ ახლა განმარტეთ?

– შეიძლება, შეუსრულებია კიდეც. მაგალითად, თუ ავტომანქანა მოძრაობისას საეჭვო მანევრებს აკეთებს, ეს შეიძლება, იყოს გარემოება, რომელიც პატრულ-ინსპექტორს გაუჩენს ეჭვს, რომ მძღოლი შესაძლოა, ნასვამია და ამიტომ მოძრაობს ასე უცნაურად. ამ შემთხვევაში მას შეუძლია, გადაამოწმოს თავისი ეჭვი და გააჩეროს. ანუ ეს შეიძლება, გახდეს გონივრული ეჭვის საფუძველი, მაგრამ, როდესაც მოქალაქე არაფერს აშავებს, თავისთვის დგას ქუჩაში და ეუბნები, წადი სახლშიო, როგორც ახლახან მოხდა რამდენიმე შემთხვევაში, ეს უკვე სცილდება პოლიციის უფლებამოსილებას.

– ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ტრადიცია გააგრძელეს, რადგან არსებობდა სამწუხარო წესი მთელი ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც პატრული ღამით ქუჩაში, ხშირად საკუთარ სახლებთან მდგარ ვაჟებს შლიდა: ახლავე შედით სახლებშიო. ჩემი დაკვირვებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს შეჩერდა, რაც იმითაც იგრძნობა, რომ საღამოობით და ღამით ქუჩები ახმაურდა. თქვენთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, აქამდე უცნობი იყო, რომ პატრულის ქცევის ნორმა გახლდათ ეს საპარლამენტო არჩევნებამდე?

– ჩემთვის არავის მოუმართავს ინფორმაციით, რომ მასობრივად ქუჩაში არ აყენებდნენ. არ გამიგია, რომ ამას ჰქონდა ადგილი.

– ხდებოდა და დარწმუნებული ვარ, მკითხველი დამეთანხმება. ანუ თქვენ ამბობთ, ახლა ხდება და ადრე არ ხდებოდა?

– ახლაც ვერ ვიტყვი, რომ ხალხს მასობრივად არ აყენებენ ქუჩაში, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება, მოითხოვს ადეკვატურ შეფასებას. თუმცა, ცხადია, თუ ქუჩაში ხმაურით ირღვევა მოქალაქის სიმშვიდე… 

– მე ვიგულისხმე სიცოცხლის მანიშნებელი ხმაური, რადგან, თუ ხმაური მაწუხებს, მე თვითონ დავურეკავ პატრულს და მოვიხმობ დასახმარებლად.

– მოკლედ, სტანდარტი არის ის, რომ, როდესაც ერთი ადამიანის უფლება სხვა ადამიანის უფლებებს უშლის ხელს, შეიძლება, მოხდეს მისი შეზღუდვა. თუ ხმაურით აწუხებ სხვა მოქალაქეს, ეს ზოგ შემთხვევაში შეიძლება, დაკვალიფიცირდეს წვრილმან ხულიგნობად. თუ ასეთ ინფორმაციაზე მოახდენს რეაგირებას პოლიცია, მას ვერავინ გააკრიტიკებს, პირიქით, პოლიციის მოვალეობაა ამის აღკვეთა. მაგრამ მოქალაქეების მასობრივად შემოწმებას ამ ფორმით, ჩვენი კანონმდებლობა არ ცნობს, რაც ნიშნავს, რომ ეს აკრძალულია. „პოლიციის შესახებ კანონში“ პირდაპირ წერია, რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციას რეიდის განხორციელება. თუ პოლიციას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა და იმ კონკრეტული ფაქტის გამო არ მოქმედებს, ასეთი რეიდების ჩატარებას ვერ ექნება სამართლებრივი საფუძველი.

– თქვენ დაგაკმაყოფილათ შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებამ, რომ მასობრივ რეიდებს დანაშაულის პრევენციის მიზანი აქვს?

– ცხადია, არა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ რეიდების დროს გამოვლინდა დანაშაულის ათეულობით ფაქტი და ეს არის პრევენციული ღონისძიებები. გასაგებია, რომ პოლიციას აქვს პრევენციული ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება, მაგრამ არა ამ ფორმით. ეს შემოწმებები, რადგან ბევრი ადამიანი მოწმდება მასობრივად, არის რეიდი, რაც არ შეესაბამება კანონით რეიდის ჩატარებისთვის გათვალისწინებულ მიზეზს. არ ვიცი, კანონის რომელ მუხლში ჯდება, როდესაც ადამიანს ეუბნები, ნუ დგახარ სახლის წინო.

– ჩემი აზრით, ეს ძველი ტრადიციის გაგრძელებაა, რაც სამწუხაროა, რადგან ნიშნავს, რომ სისტემამ გავლენის ქვეშ მოიქცია ახალი კადრები მმართველობის თავში. დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის, ვისაც ქუაში დგომა უყვარს ღამით, ეს სიახლე არ ყოფილა, თუმცა თქვენ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ.

– მე არ ვფიქრობ, რომ ასე იყო, ან რომ ახლა არის ასე.

– მე სხვა რამეს ვამბობ: მე მიკვირს, რომ თქვენ, როგორც უფლებადამცველმა, ეს არ იცოდით.

– ჩემი აზრით, არც ადრე ხდებოდა მასობრივად მსგავსი რამ და არც ახლა ხდება, რომ ადამიანები ღამით ვერ იდგნენ თავიანთი სახლების წინ. ადრე ადგილი ჰქონია პოლიციელების მხრიდან უფლებების გადამეტებას, მაგრამ ეს არ ყოფილა დიდი პრობლემა.

– ეტყობა, მე და თქვენ განსხვავებულ გარემოში ვცხოვრობდით. ნათლად რომ ჩამოვაყალიბოთ მოქალაქეების უკეთ ინფორმირების მიზნით, რის უფლება არ აქვს პოლიციელს, თუ მოქალაქე არაფერს ვარღევევ?

– თუ მოქალაქე არაფერს არღვევს და მის მიმართ არც გონივრული ეჭვი აქვს პოლიციას, რომ მას რამე სამართალდარღვევასთან აქვს კავშირი, მის მიმართ არანაირი ღონისძიება არ უნდა განხორციელდეს. ასეთია ჩვენი კანონმდებლობის მოთხოვნა. თუ პატრული გააჩერებს ნებისმიერ ფეხით მოსიარულე მოქალაქეს ან ავტომანქანას, გარდა იმისა, რომ უნდა წარუდგეს და ფორმა უნდა ეცვას, რაც ცალსახაა, ვალდებულია, განუმარტოს, რატომ შეაჩერა. ისე არ არის, რომ მოუნდა და გააჩერა.

– საკონსტიტუციო სასამართლოს, მართალია, განუმარტავს გონივრული ეჭვი, მაგრამ, რეალურად, გონივრული ეჭვის რა განმარტებას იყენებენ სამართალდამცველები მოქალაქეების მიმართ?

– ეს ჩვენს კანონმდებლობაში არსად წერია. ყოველ შემთხვევაში, გონივრული ეჭვი შეიძლება, განმარტებული იყოს ისე, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. რაზეც მოგახსენეთ. რატომ გამოიყენა საკონსტიტუციო სასამართლომ ობიექტური პირის ცნება? „ობიექტური პირი“ ნიშნავს იმას, რომ სტანდარტი არის არა სუბიექტური დამოკიდებულება: მე გამიჩნდა ეჭვი და უბრალოდ მინდა, შეგამოწმო, არამედ, ობიექტური საფუძველი უნდა ჰქონდეს ასეთი ეჭვის გაჩენას.

– ნებისმიერ შემთხვევაში გამოდის, რომ, თუ პოლიცია გონივრულად იმოქმედებს და არ გადაამლაშებს, მას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, შექმნას ასეთი გონივრული ეჭვის საფუძველი, ანუ, თუ კარგად მოემზადება, ნებისმიერ შემთხვევაში „გააპრავებს“ თავის ქმედებას?

– თუ რომელიმე დასახლებულ პუნქტში გაიზარდა დანაშაულის რაოდენობა ან მოხდა დანაშაული და პოლიცია მოქმედებს ცხელ კვალზე, ან მასობრივად ირღვევა ადამიანების უსაფრთხოება და მყუდროება, თუ ასეთი გარემოებები არსებობს, ცხადია, პოლიციის ვალდებულებაა რეაგირება, მაგრამ სასურველი იქნება, თვითონ პოლიციელებმა განუმარტონ მოქალაქეებს, საზოგადოებას, რა კონკრეტული გარემოებები უბიძგებს მათ ამგვარი ქმედებებისკენ. მით უმეტეს, როდესაც ამ ღონისძიებებს ასეთი მასშტაბური სახე ეძლევა.

– ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, მუდმივად აცხადებს, რომ გაიზარდა დანაშაულის სტატისტიკა და კრიმინალი მძვინვარებს, შეიძლება, პოლიციამ ამ მასობრივი ღონისძიებების საფუძვლად ეს განცხადებები გამოაცხადოს?

– მე ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, გაიზარდა თუ არა კრიმინალი, რადგან ჩვენ ასეთი სტატისტიკური ინფორმაცია არ გვაქვს.

– მე ამას არ გეკითხებით: „ნაციონალური მოძრაობის“ ეს შეშფოთება შეიძლება, გამხდარიყო პოლიციის გააქტიურების საფუძველი?

– შეიძლება –  გახდეს, შეიძლება –  არა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია, ამიტომ ეს არგუმენტი სამინისტროს ვერ ექნება. თუ ადრინდელზე ნაკლები დანაშაული ხდება ახლა და ადრე არ ტარდებოდა ასეთი ღონისძიებები, ახლა რატომ ტარდება?!

– შეიძლება, იმიტომ ატარებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი?!

скачать dle 11.3