კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაგეგმეს ერთ საათში ჯვრისწერა და ხელისმოწერა თამრი ხურცილავამ და მისმა მეუღლემ და რატომ გადაიქცა მათი ქორწილი „სუხიშვილების“ კონცერტად

სუხიშვილების მოცეკვავე, მსახიობი თამრი ხურცილავა ცოტა ხნის წინ გათხოვდა. მისი მეუღლეა დიპლომატი დავით ზანთარაია. თამრი მაყურებელმა სერიალებიდან და რეკლამებიდან გაიცნო. ის ახლაც ცდილობს ამ სფეროში კიდევ უფრო მეტის გაკეთებას: სულ მალე გამოვა მისი მონაწილეობით რუსულენოვანი ფილმი და, გარდა ამისა, ქასთინგშიც იღებს მონაწილეობას და შემოთავაზებებსაც ელოდება. თამრი ასევე ნინო ცქიტიშვილის სააგენტოს მოდელია და საინტერესო წინადადებაზე არასდროს ამბობს უარს. 

თამრი ხურცილავა: ჩემი მეუღლე სოხუმიდან არის, 9 წლის იყო, როდესაც იქიდან წამოვიდა. ბავშვობის ტრავმა დღემდე ახსოვს, თან, საკმაოდ რთულ პირობებში გაიზარდა. სწავლით, შრომით, მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით მიაღწია წარმატებას. ამ ყველაფერში განსაკუთრებულად დედა და დეიდა დაეხმარნენ, რომლებმაც გაზარდეს დათკა – ასე ვეძახი მე. ამჟამად ის უკვე დიპლომატია და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს.

– შენც დიპლომატიურად მოგიდგა? 

– დიახ. ჩვენი გაცნობა უცნაურად მოხდა. ისეთი პერიოდი მქონდა, თითქოს რაღაცის ძიებაში ვიყავი, მინდოდა, ისეთ ადამიანს შევხვედროდი, რომელთანაც ერთად გადავწყვეტდი მთელი ცხოვრების გატარებას. როგორც მერე მითხრა, ისიც ასე იყო განწყობილი. თუმცა, არც ერთმა არ ვიცოდით, ვინ შეიძლება ყოფილიყო ჩვენ გვერდით. ერთ საღამოს დაქალებთან ერთად ბარში ვიყავი, ჩვენი დაქალის მეუღლე კი თავის ძმაკაცებთან ერთად იყო. იქ გავიცანით ერთმანეთი. თუმცა, მანამდე ერთხელ მყავდა ნანახი – პრეზიდენტის სასახლეში კლიპის გადაღებისას, ჩემს დაქალს ესაუბრებოდა. მაშინვე მომეწონა ვიზუალურად, ასევე, ქცევით და ჩამრჩა გონებაში. მას არ დავუნახივარ. ბარში რომ დავინახე, გამიკვირდა, თან, ძალიან გამიხარდა. თუმცა, ინიციატივა არ გამომიჩენია, ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, ჩემთვის ვიყავი და მეგობრებთან ერთად ვერთობოდი. მაგრამ, თვითონ, როგორც ჩანს, მოიხიბლა ჩემით და იმ საღამოსვე სკუტერით მიმაცილა სახლში. მანამდე ქუჩაში ერთად დავქროდით, მეც მასწავლიდა ტარებას. ბოლოს მთხოვა, მეორე დღეს შევხვედროდით ერთმანეთს – შენთან ურთიერთობის დიდი სურვილი მაქვსო. პირდაპირი ადამიანია, როცა რაღაცას გადაწყვეტს, მაშინვე აკეთებს.  მოკლედ, დავიბენი, მაგრამ, გავრისკე და ვუთხარი: კარგი-მეთქი. ამის შემდეგ, ერთ კვირაში ბოლომდე გამაცნო საკუთარი თავი და მივხვდი – ის ადამიანი იყო, რომელთან ერთადაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი მთელ ჩემს ცხოვრებას. იცის ქალის პატივისცემა და ისიც იცის, როგორ გახადოს ქალი ბედნიერი. ასე რომ, მის გვერდით თავს სრულფასოვან ქალად ვგრძნობ. 

– როდის გადაწყვიტეთ დაქორწინება?

– ვეცადეთ, ცოტა გაგვეწელა, უფრო სწორედ, მე ვწელავდი, თორემ, იმ დღეებშიც რომ გავყოლოდი ცოლად, დათკა არ იყო წინააღმდეგი. დაახლოებით რვა თვე გაგრძელდა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი. მერე პირველად ვიჩხუბეთ – რაღაც ვერ გავარკვიეთ. თან, მივლინებაში წავიდა ორი კვირით და ასე ვიყავით გაბუტულები. ეს ორი კვირა ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო და  მისთვისაც. რომ ჩამოვიდა, ყველანი ერთად შევიკრიბეთ და იქ შევრიგდით. მეორე დღეს მითხრა, ცოლად უნდა მოგიყვანოო. ჩემი მშობლები სამტრედიაში ცხოვრობენ. დედა სულ მაფრთხილდებდა: თუ რამეს გადაწყვეტ, წინასწარ გამაგებინეო. შოკირებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. დავიბენი, თუმცა, უარს როგორ ვეტყოდი, დავთანხმდი და წავედით სამტრედიაში. ამ დროს დედაჩემი თბილისში ჩამოვიდა, დათკას მეგობრები დახვდნენ და უკან ჩამოიყვანეს. იქიდან ორი დღით ბათუმში წავედით, მერე თბილისში დავბრუნდით და ასე დაიწყო ჩვენი ოჯახური იდილია. 

– ახლახან ძალიან ლამაზი ქორწილი გქონდათ.

– დიდი ქორწილის გადახდას არ ვაპირებდით, უბრალოდ, მინდოდა, ჯვარი დაგვეწერა და ხელი მოგვეწერა. რიცხვი შევარჩიეთ, თუმცა, ყველაფერი სამი დღით ადრე დაიგეგმა. იმავე საღამოს გავიგეთ, რომ ჩემი მეჯვარეები (სულ სამი მჯევარე მყავდა, სამივე სუხიშვილების მოცეკვავეა), ასევე, ახლო მეგობრები, ვერ მოვიდოდნენ იმ დღეს, რადგან, ბათუმში ჰქონდათ ქორწილი. მე ნინო სუხიშვილმა საჩუქარი გამიკეთა: დამასვენა, თაფლობის თვე მაჩუქა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ვიფიქრეთ, მომდევნო დღეს გადაგვეტანა ჩვენი ამბები, მაგრამ, ახლა დათკას მეგობრებს არ ეცალათ. მოკლედ, ლამის ჩაგვეშალა ქორწილი. ბოლოს დათკამ თქვა: მოდი, ხვალ დავიწეროთ ჯვარიო. კაბა მქონდა – მანამდე შევიკერე დათუნა სულიკაშვილთან. ყველაფერი სპონტანურად მოხდა, გავრისკეთ და ყველაფერი ერთ საათში მოვაგვარეთ. საბოლოოდ, ძალიან კარგი გამოვიდა ყველაფერი. ჯვარი მეტეხის ტაძარში დავიწერეთ, ხელი მთაწმინდის პარკში მოვაწერეთ. ორივე ძალიან ვნერვიულობდით, დაბნეულები ვიყავით, თან, ერთმანეთს დავცინოდით. ძალიან ვიწრო წრეში გავაკეთეთ ქორწილი – ჩემი მეგობრები იყვნენ და დათკას თანამშრომლები და ახლობლები. დათკა ხუმრობდა: „სუხიშვილების“ კონცერტზე გეპატიჟებითო. 

– თვითონ ცეკვავს?

– ძალიან მოქნილია, მაგრამ, ქართულ ცეკვებს არ ცეკვავს. ისე ცეკვავს  სხვა ცეკვებს, რომ ამითაც მომხიბლა. „ქართული“ სამ ბიჭთან ერთად ვიცეკვე, კიდევ, „ლაზური,“ მოკლედ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე. 

– სად გაატერეთ თაფლობის თვე?

– სიცილიაზე. დათკა იტალიურ სკოლაში სწავლობდა და ყოველ წელს, ზაფხულობით, ბავშვებს იტალიაში უშვებდნენ დასასვენებლად. პალერმოში ერთ-ერთ ოჯახში ჩადიოდა, რომლებთანაც დღემდე აქვს ურთიერთობა – საკუთარი შვილივით მიიღეს. ჩემ შესახებაც იცოდნენ და იქ გადავწყვიტეთ წასვლა. ჩავედით პალერმოში, გავიცანი ეს ოჯახი, შოკში ჩავვარდი, ისეთი თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. პლაჟებზე ხომ, გავგიჟდი! მანქანა ვიქირავეთ და ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდით, რომშიც ვიყავით. ძალიან კარგი იყო. თან, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ, იქ კიდევ უფრო სხვა კუთხით გავიცანი.

– შენ ხშირად გიწევს გასტროლებზე წასვლა, მას – მივლინებაში, ამაზე როგორ შეთანხმდით?

– არ ვიცი, თუმცა, არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ცოლს სახლში დასვამს. პირიქით, უნდა, რომ გვერდით ჰყავდეს ქალი, რომელიც იქნება ძლიერი, წარმატებული, რეალიზებული, ამიტომ, არაფერში არ მზღუდავს, ხელს მიწყობს. მენდობა და მეც ვენდობი, ანუ, ჩვენი ურთიერთობა დიდ ნდობაზეა დამოკიდებული. ისე, როცა მე მივდივარ ან ის მიდის, ერთი მხრივ, კარგიც არის – მერე რომ ვხვდებით ერთმანეთს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავიდან ვიწყებთ ურთიერთობას. 

скачать dle 11.3