კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-34(660) 

 

***

თვალი რომ გაახილა, ნიკამ თეთრად შეფეთქილი ჭერი დაინახა, რომლიდანაც რაღაც უშველებელი რკინის სხეული იყო ჩამოშვებული და უზარამაზარი ანთებული თვალი ურჩხულივით დაჰყურებდა. მერე ანთებული თვალი უცებ ჩაქრა და მის ყურთასმენას ადამიანების ჩურჩული მისწვდა. ნიკა ვერაფრით ვერ მიხვდა, სად იყო. ყველაფერი სტკიოდა, განძრევა არ შეეძლო, არც ხმის ამოღება, რომ ვინმესთვის რამე ეკითხა. მხოლოდ თვალი მოავლო ოთახს – იქნებ, მივხვდე, სად ვიმყოფებიო, მაგრამ, თეთრი კედლებისა და თეთრებში ჩაცმული ადამიანების მეტი ვერაფერი დაინახა. ეს ადამიანებიც ისე დანარნარებდნენ მის გარშემო, თითქოს ნელა დაფრინავენო; მათი სახეებიც ვერ გაარჩია – ყველას რძისფერი, ოდნავ გამჭვირვალე ნისლი ფარავდა, ამიტომ, იფიქრა, ეტყობა, საიქიოში ვარ და თავს ანგელოზები დამტრიალებენო. ასეთ მდგომარეობაშიც კი ახსოვდა, ანგელოზები სამოთხეში არიანო და, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა – სამოთხეში როგორ აღმოვჩნდი მე ცოდვილიო, მაგრამ, თან გაუხარდა – ალბათ, რაღაც დამსახურების გამო, ღმერთმა ყველა ცოდვა მომიტევაო. ამ „მსჯელობაში“ იყო, რომ უცებ თითქოს წონა დაკარგა, ბუმბულივით მსუბუქი გახდა და სადღაც უსასრულობაში ჩაინთქა.

თვალი რომ გაახილა, თავს ისევ თეთრხალათიანი დასდგომოდა და წნევას უზომავდა, ოღონდ, ამჯერად მისი მოძრაობა არ იყო შენელებული, მერე ლაპარაკიც გაიგონა და სიტყვებიც გაარჩია:

– გონს მოვიდა, – თქვა ქალის ხმამ, – წნევაც თითქმის ნორმალური აქვს.

– ძალიან კარგი. ახლა ჭრილობა გადაუხვიეთ, – გამოეპასუხა მამაკაცის ბარიტონი, რომლის პატრონიც ნიკას მიუახლოვდა, თვალებში ახლოდან ჩახედა და ხმამაღლა ჰკითხა:

– გესმით ჩემი?

– დიახ... – ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ნიკამ.

– როგორ გრძნობთ თავს, გტკივათ რამე? – ჰკითხა ისევ ბარიტონმა.

– ცოტა... სხეული თითქოს დაბუჟებული მაქვს და თავიც მიბრუის, – ნიკამ ისე თავისუფლად წარმოთქვა ამხელა წინადადება, რომ თვითონვე გაუკვირდა და ეს გაკვირვება სახეზეც გამოეხატა.

– ნუ გიკვირთ, – მიუხვდა ბარიტონი, – ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა საქმე უკეთ მიდის პაციენტისთვისაც და ექიმებისთვისაც.

– ესე იგი, პაციენტი მე ვარ, რადგან, მე ლოგინში ვარ გაშოტილი და ვერ ვინძრევი; ექიმი კი, ალბათ, თქვენ ბრძანდებით, – სვენებ-სვენებით, მაგრამ გამართულად ჩამოაყალიბა აზრი ნიკამ.

– დიახ, ბატონო ნიკა. მე თქვენი მკურნალი ექიმი ვარ. რამდენიმე დღის წინ ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანეს ჩვენთან, სიმართლე გითხრათ, არ გვეგონა, თქვენს ამქვეყნად მობრუნებას თუ შევძლებდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯანმრთელი ორგანიზმი გქონიათ და, თან, ეტყობა, ძალიან გდომებიათ სიცოცხლე, – ექიმმა ავადმყოფს საბანი გადახადა და ახალი გადანახვევი შეამოწმა.

– ბატონო ექიმო, ვინ მომიყვანა აქ და რა მჭირდა ამისთანა უსაშველო?

– მოგიყვანა ახალგაზრდა, ძალზე ლამაზმა ქალმა, რომელიც, სხვათა შორის, თვითონაც საჭიროებდა ჩვენს დახმარებას – სახე ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ არც ისე სერიოზულად, რომ თქვენი მოყვანა და ჩვენთვის ბრძანებების გაცემა გასჭირვებოდა. თქვა, დოდო მქვიაო, გვარი კი არ მახსოვს. მაგრამ, ნუ ნერვიულობთ, – ექიმმა მაჯის საათზე დაიხედა, – ახლა უკვე მალე მოვა. მთელი ეს დღეები, რაც თქვენ აქ იმყოფებით, დერეფანში იჯდა და თქვენს გონზე მოსვლას ელოდა. წუხელ, როგორც იტყვიან, ძალით გავაგდეთ სახლში, რომ ცოტა მაინც წაეძინა. შევპირდით, როგორც კი თვალს გაახელდით, მაშინვე დავურეკავდით.

– მერე? – სწრაფად იკითხა ნიკამ.

– ცხადია, დავურეკეთ. სიხარულისგან ტელეფონში აკივლდა, ძლივს დავაწყნარეთ. მალე აქ იქნება და თვითონ დაელაპარაკებით.

– რამდენი ხანია, აქ ვარ?

– დღეს მეხუთე დღეა. თქვენი ჭრილობების სირთულიდან გამომდინარე, საკმაოდ სწრაფად დაგვიბრუნდით, – ღიმილით უპასუხა ექიმმა.

– დოდოს მეტი არავინ მოსულა და არავის ვუკითხივარ? – ერთგვარი წყენითა და გაოცებით ჰკითხა ნიკამ.

– არავისო?! – გაეცინა ექიმს, – არავის კი არა, ტელეფონი არ გაჩერებულა. ვიღაც ნანა რეკავდა ლამის საათში ერთხელ. თქვენი მეგობრები ხომ სულ აქ ტრიალებდნენ და ზოგი საკუთარ სისხლს გვთავაზობდა, ზოგიც – ძვირად ღირებულ წამლებს... ჰო, კიდევ, სამართალდამცველები მოდიოდნენ, პროკურატურიდანაც იყვნენ რამდენჯერმე და თქვენთან საუბარი სურდათ, მაგრამ, რადგან გონებაზე არ იყავით, ეს შეუძლებელი იყო და, ამიტომ, თქვენი შეხვედრა, ალბათ, ამ საღამოს შედგება.

– ნანამ თვითონ დარეკა თუ სხვას დაარეკვინა? – იკითხა ნიკამ.

– როგორც ვიცი, სულ თვითონ რეკავდა. ძალიან იყო აღელვებული და ტირილით იმეორებდა, ნიკა ჩემ გამო წევს საავადმყოფოში და, რამე რომ დაემართოს, ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებო... – ექიმის ინტონაციაში ცნობისმოყვარეობა გამოკრთა. ჩანს, როგორც ნებისმიერ მოკვდავს, მასაც აინტერესებდა, რა რაინდული საქციელის გამო დაჭრეს ახალგაზრდა, სიმპათიური, უცოლო მამაკაცი. ჭორიკანა მედპერსონალის წყალობით, რაღაც-რაღაც ინფორმაცია უკვე ჰქონდა: იცოდა, რომ ნიკა იმ ვიღაც ნანას რაღაც საქმეს იძიებდა; რომ სამშენებლო კომპანიას შავად ჰქონდა საქმე, რადგან მისი მაქინაციებით პროკურატურა იყო დაინტერესებული და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის უკან რამდენიმე მკვლელობა იყო, მაგრამ, ექიმმა მხოლოდ ზედაპირულად იცოდა ეს ამბები და, რა გასაკვირია, რომ აინტერესებდა, ვინ იყო მკვლელი და ვინ და რატომ დახოცეს. მაგრამ, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ვერ ბედავდა პაციენტისთვის კითხვების დასმას, რადგან, ეშინოდა, ამით სამართალდამცველების რისხვა არ გამოეწვია.

– ნანა არაფერ შუაშია, – დაფიქრებით თქვა ნიკამ, – მე, უბრალოდ, მისი კერძო დეტექტივი ვარ. ნანა ძალიან კარგი ქალია და ის უნდა გადარჩეს... – უცებ ნიკას თვალები თავისთავად დაეხუჭა. სიზმრების სამყაროში გადაეშვა: დაესიზმრა, როგორ მოვიდა მასთან ნანა, როგორ დაალევინა წყალი, მერე კი მის გვერდით, სკამზე ჩამოჯდა და ახარა – შენი წყალობით ყველაფერი დავიბრუნე, მაგრამ, შენ რომ რამე მოგსვლოდა, ამას ვერასდროს ვაპატიებდი თავს და ამ ფასად არც ის ჩემი ფული და აგარაკი მინდოდაო. ამ სიტყვების წარმოთქმისას ნანას ცრემლით აევსო თვალები და ტუჩებიც აუკანკალდა. ისე შეჰყურებდა ნიკას, არაფრის თქმა აღარ იყო საჭირო – ქალი აშკარად არ იყო გულგრილი თავისი ახალგაზრდა დეტექტივის მიმართ, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა, ეს არასდროს გაემხილა, თუნდაც იმიტომ, რომ, ახალდაქვრივებულს, თანაც, ასეთი სასტიკი ფორმით, არ შეშვენოდა გრძნობების აყოლა. აშკარად არც არასდროს გამოუხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ნიკას ხშირად ხვდებოდა საქმის გამო და რაღაც პერიოდი ერთ ბინაშიც კი ცხოვრობდნენ. ნიკა ყოველთვის გრძნობდა მისგან თბილ ფლუიდებს, თვითონაც უცნაური და გაურკვეველი ემოციები ჰქონდა თავისი კლიენტის მიმართ, მაგრამ, ნანას – ქალური სიამაყე, ნიკას კი – პროფესიული ეტიკეტი უფლებას არ აძლევდა, ამ ემოციებს აჰყოლოდნენ და, საქმიანი, საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა იაფფასიანი სერიალის ან რომანის სიუჟეტად ექციათ. ნიკამ მხოლოდ სიზმარში იგრძნო ასე მკაფიოდ და აშკარად, რომ ნანას ის შეუყვარდა – ამაში დეტექტივი ისე იყო დარწმუნებული, თავს დადებდა, მაგრამ, ის არ იყო უზნეო მამაკაცი და არასდროს გამოუყენებია ქალის გრძნობები სათავისოდ. თანაც, ნიკა აშკარად არ იყო გულგრილი დოდოს მიმართ, თუმცა კი, გრძნობდა, რომ პიროვნული თვისებებითა და ღირსებით ნანა ბევრად აღემატებოდა „ინტელგრუპჯორჯიას“ თანამშრომელს – თამამს, ქალურად ვერაგს, საკმაოდ საეჭვო ცხოვრებაგამოვლილსა და ყველაფერზე წამსვლელ დოდოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნიკას დოდოსკენ უფრო ჰქონდა ლტოლვა და, ამიტომ, არ უნდოდა, თუნდაც მცირეოდენი იმედი მიეცა ახალდაქვრივებული, წესიერი, მშვიდი და წყნარი ქალისთვის, რომელსაც, პრინციპში, ძალიან არ გაუმართლა ცხოვრებაში...

...ნიკამ თვალი რომ გაახილა, ნანა ვეღარ დაინახა და მიხვდა, რომ ეს სიზმარი იყო და, ყველაფერი, რასაც ის ნანაზე ფიქრობდა ასევე სიზმარში ხდებოდა. რატომღაც, შვებით ამოისუნთქა, რომ ეს ყველაფერი დაესიზმრა. თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა ზურგიდან და კმაყოფილმა გაიღიმა, მაგრამ, ამ დროს ნანას ცრემლიანი თვალები დოდოს შეშინებულმა სახემ შეცვალა. ნიკას ეგონა, სიზმარი გრძელდებაო და თვალები რამდენჯერმე მაგრად დახუჭა და გაახილა, მაგრამ დოდო ისევ თავთით ეჯდა და უღიმოდა.

– მესიზმრები თუ მართლა მოხვედი? – ჰკითხა ჩუმად, თითქოს ეშინოდა, ეს ჩვენება არ დაეფრთხო.

– მართლა მოვედი... – დოდომ ნაზად გაუსვა ხელი დოლბანდით შეხვეულ თავზე, – ექიმმა მითხრა, მაგარი ყოფილა, არ მეგონა, თუ გადარჩებოდაო.

– მარტო სიმაგრეშიც არ არის საქმე, უფლება არ მქონდა, მოვმკვდარიყავი, ღიმილით უპასუხა ნიკამ და ქალის მოფერებაზე ლამის კატასავით აკრუტუნდა.

– ვის გამო  არ გქონდა უფლება? – ვითომ ხუმრობით, მაგრამ, კარგად დაფარული ეჭვიანობით ჰკითხა დოდომ.

– შენი და ნანას გამო, – გულუბრყვილოდ უპასუხა ნიკამ და მხოლოდ ქალის თვალებში გამკრთალმა მრისხანების ნაპერწკალმა მიახვედრა, რომ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, მაგრამ, მაშინვე შეეცადა შეცდომის გამოსწორებას: – არ მქონდა უფლება, შენ უჩემოდ დამეტოვებინე და, ასევე, არ მქონდა უფლება, აღებული საქმე არ მიმეყვანა ბოლომდე. როგორც კი ფეხზე დავდგები, მაშინვე დავასრულებ ნანას საქმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტში, ნანა ღია ცის ქვეშ დარჩება, ყოველგვარი ქონების გარეშე... – ნიკა გაჩუმდა და თვალები დახუჭა.

– უარეს შემთხვევაში? – ირონიულად ჰკითხა დოდომ.

– უარეს შემთხვევაში ნანას მოკლავენ და, შესაძლოა, ეს არ იყოს ბოლო მკვლელობა... – ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა ნიკამ, – ამიტომ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გამოვკეთდე და ნანას საქმე დავასრულო, რაშიც შენ უნდა დამეხმარო.

– ნანას მოკლავენ?!. – შეშფოთდა დოდო და უცებ მიხვდა, რომ ნანა მისი კონკურენტი არ იყო – ქალი ყოველთვის ტანით გრძნობს მეტოქეს.

– ჰო, აუცილებლად მოკლავენ, თუ სასწრაფო და რადიკალურ ზომებს არ მივმართავთ.

– რატომ ხარ ასე დარწმუნებული?

– იმიტომ, რომ ეს ერთხელ უკვე სცადეს. მართალია, ნანა ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ, მაინც გადარჩა. როგორც კი ამას გაიგებენ, კიდევ და კიდევ ეცდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. მე რომ ეს ამბავი დამემართა, ნანა საავადმყოფოში იწვა და რამდენიმე კაცი იცავდა, მაგრამ, თუკი ვინმე ძალიან მოინდომებს, იქაც შეიძლება შეღწევა – ბოლოს და ბოლოს, მედპერსონალიდან ვინმეს მოისყიდიან დიდი თანხით, ან...

– ეს არ მოხდება! – ლამის იყვირა დოდომ, – მე თვითონ დავადგები თავს ნანას მისი მომვლელის რანგში და აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს გავაკონტროლებ: თითოეულ წამალს, ნემსს, საჭმელს... შენ ჯერ კიდევ კარგად არ მიცნობ, არ იცი, რა შემიძლია. მე ვერავინ გამაცურებს, ვერავინ ვერაფერს შემომატყუვებს...

– ეს კარგი აზრია, მაგრამ, ასე მასთან ვერავინ შეგიშვებს, თუ სპეციალური საშვი არ დაუშვეს შენზე.

– მერე, ვინ უნდა დაუშვას ეგ საშვი?

– ალბათ, პროკურატურამ. ყოველ შემთხვევაში, ზურაბს შეეძლება ამ საკითხის მოგვარება. მობილური ხომ გაქვს თან?

– რა თქმა უნდა, – დოდომ თავისი ტელეფონი ამოიღო და ნიკას შეაჩერდა, – მიკარნახე ზურაბის ნომერი.

ნიკამ ტელეფონი გამოართვა და ზურაბს მესიჯი მისწერა – ამ ნომერზე დამირეკეო.

– რატომ არ მიკარნახე ნომერი, არ მენდობი? – ეწყინა დოდოს.

– არა, უბრალოდ, შეიძლება, ზურაბმა უცხო ნომერს არ უპასუხოს, აუხსნა ნიკამ და ამ დროს ზარიც გაისმა – ზურაბი რეკავდა.

– ნიკა! როგორ გამახარე, ბიჭო! არა მჯერა, რომ შენ გელაპარაკები! – ლამის ყვიროდა ტელეფონში ზურაბი, რომელიც თავისი სიდინჯითა და თავდაჭერილობით იყო ცნობილი თავის წრეში.

ნიკამ მადლობა გადაუხადა მოკითხვისთვის, მოკლედ უთხრა თავისი ჯანმრთელობის შესახებ და, ბოლოს, სთხოვა, დოდოსთვის რეკომენდაცია გაეწია, რათა ნანასთან თავმდგომად შეეშვათ. ზურაბი მაშინვე დათანხმდა შუამდგომლობაზე და შეჰპირდა, ცოტა ხანში შეგატყობინებ პასუხსო.

მართლაც, თხუთმეტიოდე წუთში დაურეკა ზურაბმა და უთხრა, დოდო საავადმყოფოში მოვიდეს, პალატასთან დაცვა რომ დგას, საჭირო საბუთი იმას ექნება და ის შეიყვანს ნანასთან პალატაშიო.

გახარებული დოდო სასწრაფოდ გამოემშვიდობა ნიკას, სთხოვა, ექიმს უთხარი, შენი მობილური შემოგიტანოს, დაკავშირება რომ შევძლოო და შურდულივით გავარდა.

ნიკა ძალიან დაღალა დოდოს ვიზიტმა. ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტად იყო და ამდენ ფიზიკურ თუ მორალურ დატვირთვას მისი ორგანიზმი ვერ უძლებდა. თან, რაღაც ნემსები კიდევ გაუკეთეს და ისევ ძილი მოერია. ის იყო, თვალები თავისთავად დაეხუჭა და ისევ უწონო გაუხდა სხეული, რომ სადღაც შორიდან ექიმის ხმა ჩაესმა:

– ბატონო ნიკა, პროკურატურის გამომძიებლები მოვიდნან, თქვენთან საუბარი სურთ!

ნიკამ ეს ყველაფერი გაიგონა და პასუხის გაცემაც დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო – უცებ ჩაეძინა ღრმად და უშფოთველად.

ექიმი იძულებული გახდა, პროკურატურის თანამშრომლებისთვის ეთხოვა, ორი-სამი საათი დაცდა მოგიწევთ, სანამ ავადმყოფი თვითონ გაიღვიძებსო.

გამომძიებლებმა საკმაოდ უხეშად გამოთქვეს უკმაყოფილება:

– ჩვენ აქ სათამაშოდ არ მოვსულვართ. საქმე მკვლელობებსა და სხვა სერიოზულ დანაშაულობებს ეხება და დრო არ ითმენს, სასწრაფოდ უნდა დავკითხოთ ნიკა გურული, რადგან, მის ჩვენებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, გაუკეთეთ ისეთი ნემსი, რომელიც გამოაფხიზლებს და რის შემდეგაც ჩვენთან საუბარს შეძლებს! პატივცემულო ექიმო, ეს თხოვნა არ არის, ეს ბრძანებაა!

ექიმს ხმამაღლა გაეცინა ასეთ გულუბრყვილო ბრძანებაზე.

– რა ვთქვით სასაცილო? – გაბრაზდა გამომძიებელი.

– არ გეწყინოთ, პატივცემულო, – ექიმი შეეცადა, სახიდან ღიმილი მოეშორებინა, – თქვენი ბრძანება რომ შევასრულო, ანუ, გამოსაფხიზლებელი ინიექცია რომ გავუკეთო, ჩემი  პაციენტი თხუთმეტ წუთში წაიღებს წერილს იმქვეყნად და მერე საერთოდ ვეღარ შეძლებთ ჩვენების ჩამორთმევას – ვერც ორი-სამი საათის შემდეგ და ვერც შორეულ მომავალში. ის, პრაქტიკულად, დღეს დილით მოვიდა გონს და შემოვიდა კონტაქტში. ჯერ კიდევ გუშინ ამ დროს არც კი გვეგონა, თუ გადარჩებოდა. ჩვენ ისედაც ზედმეტად დავტვირთეთ და დავღალეთ ის. მინდა გითხრათ, რომ მისი მდგომარეობის გაუარესება ჯერ ისევ არ არის გამორიცხული. ამიტომ, თქვენი გამოძიება სულაც რომ შეჩერდეს, ვერავინ მაიძულებს, რომ ჩემს პაციენტს ჩემი ხელით გამოვუტანო სასიკვდილო განაჩენი, მით უფრო, რომ, მისი ინიექციით გაღვიძების შემთხვევაშიც კი, ის მაინც ვერ დაგელაპარაკებათ – ამისი უნარი არ ექნება; ან, საუკეთესო შემთხვევაში, რაღაც გაურკვეველ, არარეალურ, ეიფორიულ პასუხებს გაგცემთ, რაც, არათუ გამოძიების სწორად წარმართვაში ვერ დაგეხმარებათ, პირიქით, შეიძლება, ყველა ინფორმაცია, რაც აქამდე გქონდათ, თავდაყირა დააყენოს და ამის გამო თქვენვე იზარალოთ, – ექიმის ტონი თანდათან უფრო მკაცრი და კატეგორიული გახდა და პროკურატორის წარმომადგენლებმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გაბედეს.

– სხვა რა გზაა... – უკან დაიხია შედარებით ახალგაზრდა გამომძიებელმა, რომელიც ისე იქცეოდა, რომ ჩინით აშკარად სხვებზე უფროსი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ერთი პოლიციელის გარდა, ყველას სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, – მაგრამ გაიღვიძებს თუ არა, მაშინვე უნდა შეგვიშვათ, წუთის დაკარგვაც არ შეიძლება!

– გასაგებია, პირობას გაძლევთ, მაშინვე შეგიშვებთ.

– ანუ, დაახლოებით რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი?

– როგორც გითხარით, დაალოებით ორი-სამი საათი. თუმცა, არ არის გამორიცხული, უფრო ადრეც გაეღვიძოს.

– კარგი. მაშინ, ერთი ჩვენგანი აქ დარჩება, დანარჩენები კი სხვა საქმეების მოსაგვარებლად გავალთ. როგორც კი ჩვენი პოლიციელი შეგვატყობინებს, მაშინვე აქ გავჩნდებით.

– როგორც გენებოთ, თუმცა, ძალიან შორს მაინც ნუ წახვალთ, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ შესაძლოა, პაციენტმა უფრო ადრეც გაიღვიძოს. მაგრამ, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მასთან დიდხანს საუბრის უფლებას მაინც ვერ მოგცემთ – ის ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაშია და მისმა გადაღლამ ან განერვიულებამ, შეიძლება, გათიშვა ან შოკი გამოიწვიოს.

– გასაგებია. შევეცდებით, თქვენი მითითებები მაქსიმალურად შევასრულოთ, – კვლავ უკან დაიხია გამომძიებელმა და თავისიანებთან დაბრუნდა. შემდეგ ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც პოლიციელის ფორმა ეცვა, პალატასთან დარჩენა უბრძანა და მითითებები მისცა, როგორ უნდა მოქცეულიყო, თვითონ კი დანარჩენ ორ კოლეგასთან ერთად იქაურობა დატოვა.

***

ზურაბმა რამდენჯერმე დაურეკა ნიკას მობილურზე, მისი მდგომარეობა რომ გაეგო, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. ძალიან უნდოდა, პირადად ენახა ის, რომელიც უკვე მეგობრად მიაჩნდა, თუმცა, ვერ ახერხებდა. დაკავებულების ვინაობა ქალაქში გახმაურდა, რასაც უამრავი ჭორი მოჰყვა. მართალია, დაკითხვებმა, გარკვეულწილად, გამოძიებისთვის სასიკეთო შედეგები მოიტანა, რადგან, საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით, ერთ დროს მეგობრებმა თუ „პაძელნიკებმა“, ერთმანეთი ისე „ჩაუშვეს“, ძარღვიც არ შესტოკებიათ, მაგრამ, თითოეულ ამ ჩვენება-ბრალდებასაც გადამოწმება სჭირდებოდა და ამიტომ ზურაბმა სულ რამდენიმე თავისუფალი წუთიც კი ვერ გამონახა, რომ ნიკა მოენახულებინა და, რაც მთავარია, მისგან მიეღო ის უტყუარი ინფორმაცია, რაც ასე სჭირდებოდა. თუმცა, საღამოს დაახლოებით 5 საათისთვის მაინც მოახერხა რამდენიმე წუთის გამოთავისუფლება და მაშინვე ნიკასკენ გაეშურა. პალატასთან ნიკას ექიმი დახვდა, რომელსაც თავისი საბუთი აჩვენა, აუხსნა, ვინ იყო და რა უნდოდა და ავადმყოფთან შესვლა სთხოვა.

– დღეს ლამის მთელი ქალაქი ბატონი ნიკას სანახავადაა ფეხადგმული. ის ჯერ ისევ სუსტადაა და ამდენს ვერ გაუძლებს, მით უფრო, რომ მან სულ რამდენიმე წუთის წინ გაიღვიძა და ახლა მასთან პროკურატურის წარმომადგენლები შევლენ – უნდა დაკითხონ, როგორც მოწმე.

– ჯერ მე უნდა შემიშვათ, ზუსტად ხუთ წუთში გამოვალ.

– ისინი წუთი-წუთზე აქ იქნებიან. დილიდან ელოდებიან ბატონი ნიკას გაღვიძებას და, რომ მოვლენ, ვეღარ ვეტყვი, კიდევ დაიცადეთ-მეთქი, – ექიმი აშკარად გააღიზიანა ზურაბის საქციელმა.

– ნურაფერსაც ნუ ეტყვით. მე შევალ და, როგორც კი ისინი მოვლენ, მაშინვე დავტოვებ პალატას, – ამ სიტყვების თქმისთანავე ზურაბმა პალატის კარი შეაღო და ნიკას საწოლს მიაშურა. გაბრაზებულმა ექიმმა რაღაც ჩაიბურდღუნა და თავისი კაბინეტისკენ გაემართა, რომელიც ნიკას პალატის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. ის იყო, კარი უნდა შეეღო, რომ პროკურატურის თანამშრომლები დაინახა, რომლებიც სწრაფად მოაბიჯებდნენ. იმან, ჩინით სხვებზე უფროსი რომელიც იყო, შორიდანვე ჰკითხა ექიმს, რამდენი ხანია, რაც თქვენმა პაციენტმა გაიღვიძაო.

– სულ ათი წუთია, მაგრამ, სხვამ შეგასწროთ. ხომ გითხარით, შორს ნუ წახვალთ-მეთქი?!

– ვინ სხვამ? – გაბრაზდა გამომძიებელი, – რატომ შეუშვით?

– არ ვუშვებდი, მაგრამ, ძალით შევიდა. მიბრძანდით და თავად გაარკვიეთ ურთიერთობა! – განრისხებული ექიმი თავის კაბინეტში შევიდა და კარი ხმაურით მიიხურა.

პროკურატურის თანამშრომლები ისე შეიჭრნენ ნიკას პალატაში, თითქოს იქ უნდა შეეპყროთ სერიული მკვლელი, მაგრამ, ავადმყოფის მნახველი რომ დაინახეს, სახტად დარჩნენ.

– ბატონო ზურაბ, თქვენ?! თქვენ აქ რა გინდათ?.. – ცოტა არ იყოს დაბნეულმა ჰკითხა იმან, რომელიც ჩინით უფროსს ჰგავდა.

– მე რა მინდა აქ?! – კითხვითვე უპასუხა ზურაბმა. ჯერ დააპირა, რამე მწარე ეთქვა, მერე კი გადაიფიქრა და სხვათა შორის უთხრა: ნიკა ჩემი მეგობარია და სანახავად მოვედი...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

скачать dle 11.3