კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუნათლებელი ქურდი

პროფესორ გერლანდს ძალიან უნდოდა მოახლე, მაგრამ, აუცილებლად პროვინციელი უნდა ყოფილიყო. რატომ?! – პროფესორს ამის შესახებ საკუთარი, მყარი არგუმენტი ჰქონდა: მისი აზრით, სრულიად გაუნათლებელი, წერა-კითხვის უცოდინარი და ქალაქში ერთხელაც არნამყოფი გოგონა, აუცილებლად პატიოსანი და წესიერი იქნებოდა, – სწორედ ასე უთხრა გერლანდმა სახლის ადმინისტრატორს, რომელიც წარმოშობით ჩოჩარიიდან იყო. ადმინისტრატორს გაუკვირდა: 

– რომში გაცილებით უკეთეს მოახლეს იპოვით: კარგი რეკომენდაციით, ცოტაოდენი ინტელექტით... რად გინდათ გოგონა ჩოჩარიიდან, ისინი ხომ აბსოლუტურად გაუნათლებლები არიან?! 

პროფესორი გაიბადრა: 

– გაუნათლებელი? ეს სწორედ ის არის, რაც  მჭირდება: არ უყურებს სერიალებს, არ წაიკითხავს კომიქსებს, საათობით არ ჩამოეკიდება ტელეფონს, არ დაუწყებს უკან დევნას სიმპათიურ კურიერს... ერთი სიტყვით, მომიძებნე გოგონა ჩოჩარიიდან და მადლობას გეტყვი. 

ადმინისტრატორიც აღარ შეჰკამათებია – მერე რა, რომ პატიოსნებასა და წესიერებაზე საკუთარი შეხედულება ჰქონდა... 

ერთი კვირის შემდეგ კი ჩოჩარიიდან ნამდვილი ველური გოგო ჩამოვიდა. ლოყებწითელი და ღაჟღაჟა, ირგვლივ ენერგიასა და სოფლის სურნელს რომ აფრქვევდა. პროფესორი კმაყოფილი იყო. გოგოს ისე ეცვა, როგორც ნამდვილი ჩოჩარიელი ქალები იცვამენ: ჭრელი ქვედაბოლო და წვივებზე თასმებშემოხვეული ფეხსაცმელი. ადმინისტრატორი არ იზიარებდა პროფესორის აღფრთოვანებას და დაძაბული ელოდა მოვლენების განვითარებას. ორი დღის შემდეგ პროფესორი ოდნავ შეცბუნებული ყვებოდა გოგონას ველური ბუნების შესახებ: მან საერთოდ არაფერი იცოდა. ტელევიზორი და გაზქურა ნანახიც კი არ ჰქონდა. ლამის შუაცეცხლი დაანთო, კერძის მოსამზადებლად. კიდევ ბევრი წვრილმანის აზრზეც არ იყო, მაგალითად, როცა სახლთან ტრამვაიმ ჩაიარა, შიშისგან კივილი მორთო, საყიდლებზეც ვერ გაგზავნიდი. პროფესორმა ამ ყველაფერზე ცოტა ხანს კი იმხიარულა, მაგრამ, ეტყობოდა, რომ მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ევსებოდა. აღმოჩნდა, რომ გოგონას დიასახლისობისაც არაფერი გაეგებოდა – ის ხომ მინდორში მუშაობას იყო დაჩვეული. კიდევ ერთი უცნაურობა სჭირდა – ფამილარობა. მისთვის პროფესორი ერთი უსაქმური არსება იყო, რომელიც, რატომღაც, ერთი თავი კერძით არ კმაყოფილდებოდა: პირველი თავი კერძი, მეორე და, კიდევ, დესერტი – რად უნდოდა ამდენი ერთ ადამიანს?! ან, რისთვის იყო საჭირო სახლში უამრავი წიგნი, რომლებიც სპეციალური ჯაგრისით ყოველდღე უნდა გეწმინდა?! ტუდა, – ასე ერქვა ჩოჩარიელს, – ყურში არ უშვებდა არანაირ შენიშვნას. ხოლო, როცა პროფესორის მაგიდიდან ერთ-ერთი სტუდენტის ნაშრომი აიღო და ფურცელი ამოხია, რათა მასზე ნაგავი მოეგროვებინა, პროფესორმა აღიარა, რომ მოსამსახურეს ცოტა განათლება არ აწყენდა. მერე კიდევ უარესი მოხდა: როგორც კი პირველი ხელფასი აიღო, ტუდა გაიქცა და თავისთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, მოკლე კაბა, ტუჩების საცხი, კოსმეტიკა და ნიანგის ხელოვნური ტყავისგან დამზადებული ხელჩანთა იყიდა. კაბა ტანზე მჭიდროდ ჰქონდა შემოტმასნილი და საკმაოდ ვნებიანად გამოიყურებოდა, ისე, რომ მძღოლ მარიოს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. მალე ადმინისტრატორის ცოლმა  მძღოლი და მოახლე ხელიხელგადახვეულები ნახა, პარკში რომ მოსეირნობდნენ. ცოლ-ქმარმა დაიმარტოხელა ტუდა და ადმინისტრატორმა უთხრა: მარიო შენი შესაფერისი არ არის. ის სოფლელ, გაუნათლებელ გოგოს სერიოზულად არასდროს შეხედავს, განათლებას კი წიგნები სჭირდება, შენი წონა წიგნები მაინცო. ან ადმინისტრატორმა ვერ თქვა ის, რაც უნდოდა, რომ ეთქვა, ან, ვიღაცას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი... რამდენიმე თვის შემდეგ ადმინისტრატორმა შეამჩნია, რომ პროფესორი ჩაფიქრებული და მოღუშული დადიოდა, მისთვის სალმის თქმაც კი ავიწყდებოდა. ვეღარ მოითმინა და მიზეზი ჰკითხა. პროფესორი ყოყმანობდა:

– იცი, რაშია საქმე? არც ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ... ჩემი სახლიდან რამდენიმე იშვიათი წიგნი გაქრა. ხომ გესმის, ხელს ვერავის დავადებ, თუმცა, წიგნების თავისით გაუჩინარებისაც არ მჯერა. 

ადმინისტრატორს ფერი ეცვალა. წესიერი კაცი იყო და საკუთარ პასუხისმგებლობასაც აცნობიერებდა. 

– პოლიციისთვის ხომ არ მიგიმართავთ? –  ჰკითხა პროფესორს. მან თავი გააქნია:

– ვერ მივმართავ. მეშინია, რომ ისინი ტუდას ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებენ. თან, ერთი მომენტიცაა: ტუდას წარმოდგენა არ აქვს იმ გამოცემების ჭეშმარიტ ღირებულებაზე და, რაში დასჭირდებოდა?

– მისთვის მაინც არ გიკითხავთ?

– არა, არ მინდა, უხერხულობა იგრძნოს. მერე რა, რომ გაუნათლებელია, საყვარელი გოგოა და თავმოყვარეობაც აქვს. 

რამდენიმე დღის შემდეგ პროფესორმა კიდევ დაკარგა ორი იშვიათი და ძვირფასი გამოცემა. ადმინისტრატორმა გადაწყვიტა, რომ, დრო იყო, საქმეში ჩართულიყო. მაგრამ, პროფესორისგან განსხვავებით, უკეთესად იცნობდა პროვინციელებს, მით უმეტეს – ჩოჩარიელებს. ის დაელოდა, მომენტს, როცა პროფესორი სახლიდან წავიდა და მის ბინაში ჩუმად შევიდა. გაუმართლა, ტუდას ისეთ მდგომარეობაში მიუსწრო – გოგო ბიბლიოთეკაში კიბეზე იყო ასული და თაროდან ტყავის გარეკანში ჩასმული წიგნის გადმოთრევას ცდილობდა. ადმინისტრატორის დანახვაზე არანაირი ემოცია არ გამოუხატავს, გაუღიმა კიდეც:

– კარგია, რომ მოხვედი, მომეხმარები. კიბე დამიჭირე, ეს ოხერი წიგნი ძალიან მძიმეა.

– რას აკეთებ, ტუდა? ეს ხომ ქურდობაა! შენ პარავ პროფესორს წიგნებს?

– ვპარავ! – გაიოცა ჩოჩარიელმა გაუნათლებელმა, – რატომ ვპარავ? უბრალოდ, ვიღებ. შეხედე, რამდენი აქვს, რად უნდა ამდენი? მე კი ძალიან მჭირდება. ეს ერთი ტომიც და – გეგმა შესრულებულია.

– რა გეგმა? – ვერ მიხვდა ადმინისტრატორი.

– ჩემი წონა წიგნებია საჭირო, რომ მარიომ ჩემზე სერიოზულად იფიქროს, – ასე არ მითხარი?

ადმინისტრატორმა თავში შემოიკრა ხელი, გუნებაში კი პროფესორს შეუკურთხა, თავისი ახირების გამო სულელური პრობლემები რომ შეიქმნა. არც იცოდა, რა უნდა მოეხერხებინა ამ სულელი გოგოსთვის. გადაწყვიტა, პირდაპირ მარიო მოეძებნა, პოლიციით დამუქრებოდა და იძულებული გაეხადა, წიგნები პატრონისთვის დაებრუნებინა. მაგრამ, დააგვიანა – მარიოს კვალიც კი გაქრა. მან მოპარული წიგნები ბუკინისტ-ანტიკვართან საკმაოდ სოლიდურ თანხად გაყიდა კერძო კოლექციონერზე, ფული ჩაიჯიბა და აორთქლდა. ადმინისტრატორს ისღა დარჩენოდა, ჯავრი ტუდაზე ამოეყარა, თუმცა, არც ეს აღმოჩნდა იოლი. გოგოს არაფრით ესმოდა, რატომ იყო წიგნების აღება ტრაგედია და დანაშაული. ის უფრო მარიოს გაუჩინარებას დარდობდა. 

– ბოლოს და ბოლოს, მე დავაბრუნებ ამ წიგნებს! – თქვა სლუკუნით. 

– რანაირად? – გაუკვირდა ადმინისტრატორს.

– საღამოს ნახავთ, – ჯიუტად ჩაილაპარაკა ტუდამ და თავისი შავად მოელვარე თვალებით უტიფრად მიაჩერდა. 

იმავე საღამოს, გაოცებული პროფესორისა და ადმინისტრატორის თვალწინ უცნაური სურათი გადაიშალა: მათთან წიგნებით დატვირთული ტუდა მივიდა და ამაყად განუცხადა: 

– აი, თქვენი წიგნები. სხვისი არაფერი მჭირდება! იმას როგორ ვიფიქრებდი, ასეთ ამბავს თუ ატეხდით. საჭმელი ხომ არაა.

პროფესორმა წიგნებს დახედა.

– კი, მაგრამ, ეს ჩემი წიგნები არაა, ეს მათემატიკისა და ქიმიის სახელმძღვანელოებია... ტუდა, მე ესენი არ მჭირდება!..

გოგო გაბრაზდა:

– ძალიან ჭირვეული ვინმე ხარ, თუნდაც პროფესორი იყავი! წონით წავიღე და წონით ჩაგაბარე – მე შენთან ანგარიში გასწორებული მაქვს. კარგად იყავი, მარიოს მოსაძებნად მივდივარ!.. 

скачать dle 11.3