კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-34(660) 

 

ანზორას არ გასჭირვებია ჩემი ვიზიტის მიზეზის დადგენა და მკითხა:

– რამდეგი გჭირდება, კობრაჯან?

– ოცდაათი ათასი დოლარი, – მივუგე ვერცხლისქუჩელ ანზორას, – ოცი – ციხის უფროსს, ათი კი მე მჭირდება.

ანზორას ჩემი სიტყვები არ ეპიტნავა, მაგრამ, ხელით მანიშნა, მალე მოვალო და სხვა ოთახში გავიდა. ხუთ წუთში დაბრუნდა, ცელოფანში გახვეული პაკეტი მომცა და მითხრა:

– აი, ძმაო, აქ ოცდაათი ათასი დოლარია, ალალი იყოს.

– მადლობელი ვარ. გადამეხადოს, – ვუთხარი ანზორას და გადავეხვიე. შემდეგ გამოვემშვიდობე და წამოვედი.

სამიოდე საათის მერე თვითმფრინავში ვიჯექი და მოსკოვში მივფრინავდი, იქიდან კი ურალისკენ ავიღე გეზი. სოლიკამსკის საქალაქო სასაფლაოზე რომ მივედი, ვასია ბრილიანტის კუბოს უკვე მიწაში ჩასასვენებლად ამზადებდნენ. ძია ვასიას დასაფლავებას ოციოდე ქურდი ესწრებოდა. ისინი ჩემსავით სასწრაფოდ ჩავიდნენ სოლიკამსკში, რომ ლეგენდარული ბრილიანტი უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ. იქვე იმყოფებოდა რიტაც, რომელიც ყბედალოსთან ერთად ჩამოფრინდა როსტოვიდან სოლიკამსკში... დაკრძალვის შემდეგ ყველანი პატარა რესტორანში შევიკრიბეთ და ბრილიანტის სულის მოსახსენიებლად თითო ჭიქა წავუქციეთ, შემდეგ კი დავიშალეთ და სხვადასხვა ქალაქში გავემგზავრეთ.

დღესდღეობით, სოლიკამსკის საქალაქო სასაფლაოზე, სადაც ძია ვასიას საფლავია, შავი ქვაა აღმართული, რომელზეც ამ ლეგენდარული ქურდის სურათია ამოტვიფრული და დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები წერია, ქვას კი ზემოდან რვატონიანი გრანიტისგან გამოთლილი ეკლესია ადგას...

ვასია ბრილიანტი შეგნებულად წავიდა „ბელი ლებედში“ და ქურდული საქმისთვის გაწირა თავი, რომ, ერთი მხრივ, მაგალითი ყოფილიყო თანამოძმეებისთვის, მეორე მხრივ კი, მან იმ ბესპრეძელისა და არეულობის თავიდან აცილება სცადა, რომელიც მოსალოდნელი იყო. თუმცა, სწორედ ბრილიანტის სიკვდილის მერე აირია შავი სამყარო და ქურდებმა ერთმანეთის ხოცვას მიჰყვეს ხელი...

სოლიკამსკიდან ყბედალოსა და რიტასთან ერთად როსტოვში გავემგზავრე და იქ სამიოდე დღე დავყავი, შემდეგ თბილისში ჩამოვედი და დათქმულ დროს დავბრუნდი ორთაჭალის ციხეში.

– სიმართლე გითხრა, ძალიან მეშინოდა, რამე არ შეემთხვას-მეთქი, – მითხრა ციხის უფროსმა, როდესაც მისივე მანქანით შევედით ციხეში.

ორთაჭალის ციხის ქურდებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ძია ვასიას დასაფლავებაზე ვიყავი. როცა კვლავ მათთან დავბრუნდი, საკანში გაშლილი სუფრა დამახვედრეს და იქაც ბრილიანტის შესანდობარი შევსვით.

ბრილიანტის სიკვდილის შემდეგ უკვე ყოფილი საბჭოთა ქურდული სამყარო საგრძნობლად შეიცვალა. მართალია, ფუნდამენტური პრინციპები შევინარჩუნეთ, მაგრამ, ქურდული კანონები მნიშვნელოვნად შერბილდა.

ჯერ კიდევ ძია ვასიას სიცოცხლეშივე დაიკანონეს ქურდებმა დაოჯახების უფლება, რასაც შემდგომში კერძო საკუთრების ფლობის უფლება და სხვა, ქურდისთვის მანამდე დაუშვებელი უფლებები მოჰყვა, ყველაფერი ეს კი იმით დასრულდა, რომ ქურდებმა პოლიტიკაში ჩაყვეს ცხვირი, სხვადასხვა ეთნიკურ-კლანური დაჯგუფებები შექმნეს, საკუთარი „ობშჩიაკები“ ჩამოაყალიბეს და მაფიოზურ სტრუქტურებად გარდაიქმნენ...

მე რომ ორთაჭალის ციხიდან გავთავისუფლდი, საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ირგვლივ „მხედრიონი,“ გვარდია და სხვა შეიარაღებული ბანდები თარეშობდნენ და ისეთი ბესპრეძელი სუფევდა, რომ არავის ინდობდნენ, ქურდებს კი პანტაპუნტით ხოცავდნენ და დროებით ისევ რუსეთში გადახვეწა ვამჯობინე.

იანვრის შუა რიცხვები იდგა. ძველით ახალი წელი გავლილი იყო. ციხის კარიდან რომ გამოვედი, ქუჩაში ისე ყინავდა, სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ორთაჭალის მოედანზე თითო-ოროლა მანქანა თუ მოძრაობდა. მე თბილი ბუშლატის საყელო ავიწიე, ნაქსოვი ქუდი შუბლზე ჩამოვიფხატე, „მაგნა“ გავაბოლე და ფეხით გავუყევი გზას, თან, აქეთ-იქით ვიყურებოდი, რომ, იქნებ, რომელიმე მანქანა გამეჩერებინა და მთაწმინდაზე ავსულიყავი.

ჩემი მცდელობა ამაო აღმოჩნდა – სიონამდე ისე მივედი, სულ ორად ორმა მანქანამ ჩამიარა და იქაც ავტომატებით შეიარაღებული, შეზარხოშებული ადამიანები ისხდნენ, რომლებიც უმისამართოდ ისროდნენ. ამასობაში ხშირი, მსხვილი თოვლი წამოვიდა, ჩამობნელდა და სიცივე გაძლიერდა. მე ნაბიჯს ავუჩქარე, რომ არ გავყინულიყავი, სიონთან მარცხნივ ავუხვიე და სოლოლაკის გავლით მთაწმინდისკენ ავიღე გეზი. კიროვის ქუჩა რომ ავიარე და ძერჟინსკიზე შევუხვიე, ქუჩის მარცხენა მხარეს გადავედი და აღმართს დავადექი. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ჩაბნელებული სახლებიდან კი შეშის ღუმელების კვამლი ამოდიოდა, რადგან, აღარც დენი იყო, აღარც გაზი და მოსახლეობის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი გასათბობად კუსტარულად დამზადებულ ღუმელებს იყენებდა, საწვავად კი – ძველ ფიცრებს, ძველმან ფეხსაცმელსა და ტანსაცმელსაც კი. ერთი სიტყვით, გადარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა და ამ ქაოსში პირველად ვინატრე კომუნისტები და წესრიგი, ანუ, ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაპროტესტებდი, ვარღვევდი, რის გამოც მრავალი ტანჯვა-წამება გავიარე და ცხოვრების საუკეთესო წლები პატიმრობაში გავატარე...

ისე ინტენსიურად თოვდა, რომ, სანამ სიონის ეკლესიიდან ძერჟინსკის ქუჩის დასაწყისამდე მივედი, თოვლის საფარი თითქმის მუხლამდე მწვდებოდა. მივუყვებოდი უკაცრიელ ქუჩას და ჩემი ბავშვობა მახსენდებოდა... დიდთოვლობის დროს, როგორი გვიანიც არ უნდა ყოფილიყო, მთაწმინდის განათებული ქუჩები მოჟრიამულე ბავშვებითა და მოზარდებით იყო სავსე, რომლებიც ძირითადად კუსტარულად დამზადებული ციგებითა და სასრიალოდ ვარგისი სხვადასხვა ნივთით იყვნენ აღჭურვილები და მათი მხიარული ჟივილ-ხივილი აყრუებდა საქართველოს დედაქალაქის ამ უძველეს და ულამაზეს უბანს.

მოგონებებმა წამიღო და ჩემს მეხსიერებაში ამოიტივტივდა ბავშვობის ერთი ეპიზოდი, რომლის გახსენებაზეც ტანში ყოველთვის სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის და მბურძგლავს. იმ ზამთარს, ახალ წლამდე ორიოდე დღით ადრე თბილისში იმხელა თოვლი დადო, რომ მანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ, მთავრობას კი მარილი არ ჰყოფნიდა გზების გასაწმენდად. მთაწმინდა კი ნამდვილ თოვლის ქალაქად გადაიქცა – მთელი თბილისი იქ მოდიოდა სასრიალოდ. ერთ საღამოს, მე, ხუჭუჭა, ყბედალო და ქურთი ჯემალა ორი უზარმაზარი ციგით ვსრიალებდით. ჩვენ პანთეონიდან ვეშვებოდით და, მთაწმინდისა და ბესიკის ქუჩის გავლით, რუსთაველის თეატრამდე ჩავდიოდით. ძველ მთაწმინდელებს კარგად ემახსოვრებათ ეს საციგაო მარშრუტი და, ვისაც ერთხელ მაინც გაუვლია ეს გზა, დამეთანხმება, რა დაუვიწყარი და დიდი სიამოვნების მომგვრელი იყო ეს საკმაოდ სახიფათო მონაკვეთი, რომლის თავიდან ბოლომდე გავლა ციგის მართვის დიდ გამოცდილებას მოითხოვდა.

მე და ხუჭუჭას ორი ერთნაირი, უზარმაზარი ციგა გვქონდა, რომლებიც საგანგებოდ დავამზადებინეთ ზეინკალს. ეს იყო ორ მოღუნულ მილზე დამაგრებული ფიცრები, რომელიც საიმედოდ იყო შეკრული არმატურებით, მილების საგანგებოდ გახეხილი ძირები კი ისე სწრაფად სრიალებდა თოვლში, რომ უზარმაზარ სისწრაფეს ავითარებდა და, ციგის მართვა თუ არ იცოდი, შეიძლება, სერიოზული ავარიაც კი მოგსვლოდა. მე და ხუჭუჭა ერთმანეთს გასწრებაში ვეჯიბრებოდით და ხან ის ჩადიოდა რუსთაველის თეატრამდე პირველი, ხან – მე. მართალია, რუსთაველის გამზირიდან პანთეონზე ასვლა, თანაც, უზარმაზარი ციგის თოვლში თრევა, საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი პროცესი იყო, მაგრამ, ჩამოსრიალება იმდენ სიამოვნებას გვგვრიდა, რომ გვიღირდა. ხუჭუჭას ყბედალო ეჯდა ციგაზე, მე კი – ჯემალა და, უნდა გენახათ, რა ცხოველური აზარტით მიმდინარეობდა ჩვენი შეჯიბრი, რამდენი წინაღობის დაძლევა გვიხდებოდა გზაზე. ერთ-ერთი ჩამოსრიალებისას, როდესაც ბესიკისა და არსენას ქუჩების გადაკვეთაზე დიდი სისწრაფით ჩავიქროლეთ, ჯემო ციგიდან გაფრინდა და ნავთის წერტის კარს მთელი ძალით შეასკდა... კიდევ კარგი, რომ უკვე გვიანი იყო და ნავთის წერტი დაკეტილი აღმოჩნდა, თორემ, ჯემო შიგნით შეფრინდებოდა და, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე დაზიანებაც კი მიეღო... მეხუთე ჩამოსრიალებისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით, რადგან, ანგარიში ორით ორი იყო და ერთმანეთს სამამდე ვეჯიბრებოდით. პანთეონზე რომ ავედით და სასტარტო პოზიციები დავიკავეთ, ამ დროს თემო და თათია გამოჩნდნენ.

– თემოჯან, ციგა რა უყავით? – ჰკითხა თემოს ქურთმა ჯემომ.

– ტროტუარს შევასკდით და მარჯვენა მხარე მოსძვრა, – გვითხრა თათიამ, – ბედი არ გინდა? რა თოვლია და ვერ ვსრიალებთ.

– რატომ ვერა, რა, ეს ციგები არ არის? – ვუთხარი თათიას და ხუჭუჭას მივუბრუნდი: გვეყოფა შეჯიბრი, ნიჩიაზე შევთანხმდეთ. მე თათიას ჩავასრიალებ.

– ბაზარი არ არის, ძმაო, – ჩუმადვე მომიგო ხუჭუჭამ და თემოს უთხრა: მოდი, თემო, უკან მომიჯექი და შევუბეროთ.

– მე? – თქვა თათიამ.

– შენ მე მომიჯექი, – ვუთხარი თათიას და ხელით ჩემს ციგაზე მივანიშნე.

ჯემოსა და ყბედალოს ხმა არ ამოუღიათ და სიგარეტის მოსაწევად მოფარებული ადგილისკენ გაემართნენ. თემო ხუჭუჭას მიუჯდა, თათია – მე და ხუჭუჭამ მითხრა:

– სამ თვლაზე დავეშვათ.

– მოსულა, – დავეთანხმე ხუჭუჭას და თვლა დავიწყე, – ერთი, ორი სამი...

ხუჭუჭას ციგა შურდულივით მოსწყდა სტარტს და ქვევით გაქანდა. მეც დავიძარი, მაგრამ, ხუჭუჭასთან შეჯიბრს სულაც არ ვაპირებდი. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ თათიასთან ერთად ვიყავი და ეს ფაქტი ძალიან მსიამოვნებდა.

–– ჩქარა, ჩქარა, თორემ, გაგვასწრეს! – აზარტულად იმეორებდა თათია, რომელიც ზურგზე მომეკრა და მუცელზე მაგრად შემომხვია ხელები.

მე სისწრაფეს ვუმატე და მეტოქეებს თითქმის დავეწიეთ, მაგრამ, მეორე მოსახვევში ვიღაც ბავშვი გამომიხტა და, რომ არ დავჯახებოდი, მკვეთრად მარჯვნივ ავიღე გეზი, ჩვენი ციგა ტროტუარს შეასკდა და გაჩერდა, მე და თათია კი ინერციით წინ გავფრინდით, რამდენიმე მეტრი ჰაერში ვიფრინეთ და თოვლით დაფარულ ხშირ ბუჩქებში ჩავცვივდით... მე ცხვირ-პირით დავეცი და ტუჩი გამისკდა, თათია კი ზურგზე დამეცა.

– თათი, რამე ხომ არ იტკინე? – შეშფოთებულმა ვკითხე თათიას, რომელიც იღიმებოდა და მითხრა:

– არა, არაფერი, შენ კი ტუჩი გაგსკდომია.

თათიამ ხელთათმანი გაიხადა და სისხლი ცხვირსახოცით მომწმინდა. თათიას შეხებამ გული ამიჩქარა და სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. მე მას წელზე მოვხვიე ხელები, ბუჩქებში ჩავაწვინე და ტუჩებში ვაკოცე. თათიას წინააღმდეგობა არ გაუწევია და თვითონაც მკოცნიდა. ამ დროს თოვლის ხრაშუნის ხმა გაისმა და იძულებულები გავხდით, კოცნაობა შეგვეწყვიტა, რადგან, ვიღაც მოდიოდა. ჩვენ ბუჩქებიდან გამოვძვერით.

– ცოცხლები ხართ, ტო? – გვკითხა ჯემომ, რომელსაც უკან ყბედალო მოსდევდა.

– კი, გადავრჩით, – უკმაყოფილოდ მივუგე ჯემალას.

– თათი, რამე ხომ არ იტკინე? – ჰკითხა თათიას ყბედალომ.

– მე არა, აი, კობრას კი ტუჩი გაუსკდა, – გაეღიმა თათიას.

– არა უშავს, ქორწილამდე გაუვლის, – თქვა ყბედალომ და თათიას ადგომაში დაეხმარა.

ისეთ ხასიათზე დავდექი, მზად ვიყავი ყბედალო და ჯემო შუაზე გამეგლიჯა, რადგან მათ ნეტარი წუთები წამართვეს, მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებდი თავს და, რომ არ გავშიფრულიყავი, ჯიბიდან სიგარეტი და ასანთი ამოვიღე, ნუშის ხის ძირში ჩამოვჯექი და გავაბოლე. თათიას არ გასჭირვებია ჩემი გუნება-განწყობის გამოცნობა, რადგან, თავადაც ასეთ დღეში იყო. ის გვერდით მომიჯდა და ხელკავი გამომდო, ბიჭებს კი ხუმრობანარევი ტონით უთხრა:

– რა ქორებივით დაგვტრიალებთ თავზე! მე და კობრას სალაპარაკო გვაქვს. წადით, იციგავეთ!

ყბედალო და ჯემო მორჩილად გაბრუნდნენ უკან, ჩემს ციგაზე მოკალათდნენ და ქვევით დაეშვნენ, თათიამ კი გამიღიმა და მითხრა:

– მომაწევინე, რა!

– რა თქვი?! – ვკითხე თათიას, რადგან, მეგონა, რომ მომესმა.

– სიგარეტი არასდროს არ მომიწევია და მინდა გავსინჯო.

– მოწევა გინდა?! – ვერ ვმალავდი გაოცებას.

– ჰო. უბრალოდ, გავსინჯავ. მაგრამ, მოფარებულში გავიდეთ, – მითხრა თათიამ. წამოდგა, ხელი ჩამკიდა, ბუჩქებისკენ წამიყვანა და ნუშის ხესთან შეჩერდა, – მომეცი, მომაწევინე.

თათიას სიგარეტი მივეცი და მოვუკიდე. მან ფრთხილად მოქაჩა, ნაფაზი დაარტყა და დაახველა, მაგრამ, ჰაერი ჩაისუნთქა, მეორე ნაფაზი დაარტყა და აღარ დაუხველებია. ნახევრამდე რომ მოწია, მე მომაწოდა.

– ცუდად ხომ არ ხარ, თათი?

– არა.

– როგორი იყო, ხომ მაგარი საზიზღრობაა?

– სულაც არა, – ღიმილით მომიგო თათიამ და კისერზე ხელები მომხვია. შემდეგ ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებში მაკოცა...

ტყიდან ფეხით დავეშვით და თათია სახლამდე მივაცილე, შემდეგ სახლში დავბრუნდი, ლოგინში ჩავწექი და თვალდახუჭული ვიხსენებდი თათიასთან განცდილ უზომო ნეტარებას...

– ეეჰ, გოგია, გოგია, შენი გული ისეთივე ცარიელია, როგორც ეს უკაცრიელი ქუჩა, – სევდიანად ჩავილაპარაკე, „მაგნა“ გავაბოლე და დავამატე: ნეტავ სადაა ახლა თათია?..

თათიაზე ფიქრი არასდროს მასვენებდა და, ბავშვობის მოგონებებთან ერთად, ჩემი მეხსიერებიდან არ იშლებოდა ის ბედნიერი დღეები, თათიას რომ ვხვდებოდი. ვინ იცის, რა მოხდებოდა, მოსკოვში რომ არ წავსულიყავი ანტიკვარის საქმეზე.

თბილისში რომ დავბრუნდი, თათიასთან ურთიერთობის აღდგენა ვცადე, მაგრამ არ გამიკარა. ხოლო, სოჭიდან რომ ჩამოვედი, თათია თბილისში აღარ იყო და აღარც რეზბალნიცაში მუშაობდა.

– სულ რაღაც ორი კვირის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდან აქედან, – მითხრა რეზბალნიცის მთავარმა ექიმმა, როდესაც მას თათიას ამბის გასაგებად მივაკითხე.

თათიაზე მხოლოდ ის შევიტყვე, რომ, სავარაუდოდ, უცხოეთში გაემგზავრა სამუშაოდ და ბავშვიც თან წაიყვანა, მაგრამ, სად და რამდენი ხნით, ვერ დავადგინე. თბილისში არც თათიას დედ-მამა იმყოფებოდა – ისინი თემოსთან ცხოვრობდნენ მოსკოვში. ერთი სიტყვით, თათიას კვალი დავკარგე და, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არაერთი ქალი მყოლია, თათია ერთადერთი და განუმეორებელი იყო, რადგან ის ჭეშმარიტად მიყვარდა...

„მაგნას“ ვაბოლებდი და ვიმეორებდი:

– ეეჰ, გოგია, გოგია, როდემდე უნდა იყოს შენი გული ასე ცარიელი? ნუთუ თათია სამუდამოდ გაქრა შენი ცხოვრებიდან და სიყვარული აღარ დაგიბრუნდება?..

ცხაკაიას ქუჩის შესახვევს რომ გავცდი, ბნელი ეზოდან მოულოდნელად ორი ახალგაზრდა ბიჭი გამოხტა. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ძირს დაშვებული აბრეზი ეჭირა ხელში, მითხრა:

– საით, ბიძაჩემო?!

– ზევით, – მივუგე აბრეზიანს.

– ზევით რა დაგრჩენია? – მკითხა მეორემ.

– რა, არ შეიძლება? – ვკითხე ახალგაზრდებს.

– ამ საშინელებაში გარეთ რამ გამოგიყვანა? – მკითხა აბრეზიანმა.

– თქვენ? – კითხვა შევუბრუნე ახალგაზრდებს, რომლებსაც ცინიკურად ჩაეცინათ, ერთმანეთს შეხედეს და აბრეზიანმა მითხრა:

– ჩვენ პრისტუპნიკები ვართ და საქმეზე გამოვედით.

– გვარდიელები ხართ თუ მხედრიონელები?

– ეე, ბიძა! სიტყვებს დაუკვირდი, რა გვარდია და მხედრიონი, მაგათი დედაც... – შეიგინა აბრეზიანმა და დაამატა, – ვერ გაიგე? პრისტუპნიკები ვართ-მეთქი!

– როგორ ვერ გავიგე, მაგრამ, მანდაც სულ პრისტუპნიკები არიან და, ვიფიქრე, ალბათ, იქაურები არიან-მეთქი.

ჩემს სიტყვებზე ახალგაზრდებს ისევ ცინიკურად გაეცინათ და აბრეზიანმა დიდაქტიკურად მითხრა:

– რა პრისტუპნიკები ეგენი არიან. რეიდებზე დგანან. ხალხს შმონავენ და იჭერენ. საწყალ ადამიანებს წეწავენ და შავი თეთრისგან ვერ გაურჩევიათ. შენ რა, მარსიდან ჩამოფრინდი?

– არა, ციხიდან გამოვედი! – მოკლედ მოვუჭერი აბრეზიანს, რადგან მისი ლაყბობა ყელში ამომივიდა, თან, შემცივდა და სახლში წასვლა მინდოდა.

 – ციხიდან?! – ერთდროულად მკითხეს ახალგაზრდებმა, თავიდან ფეხებამდე შემათვალიერეს და აბრეზიანმა დაამატა:

– პოლიტიკურზე იჯექი? ზვიადისტი ხარ?

– ქურდი ვარ! გოგი გველესიანი, იგივე კობრა! – ვუთხარი ახალგაზრდებს, – არ გაგიგონიათ?

– ბიძაჯან, ხომ არ გვატყუებ? – ეჭვით მკითხა აბრეზიანმა, მეორემ კი მას მაჯაზე მოჰკიდა ხელი და უთხრა:

– გაჩუმდი, ლევან, – შემდეგ მე მომმართა: თქვენ ნიაღვარზე ცხოვრობთ?

– კი, ნიაღვარზე.

– ერთ რაღაცას გკითხავთ და არ გეწყინოთ.

– მკითხე.

– თქვენმა ძმაკაცმა რომ კონსერვის ბანკა გაარტყა ერთხელ ერთ ბიჭს, იმ ბიჭის და თქვენი ძმაკაცის სახელი მითხარით.

– შორებელი არ ჩანხარ, – ვუთხარი ბიჭს და დავამატე: ვინც გაარტყა, ხუჭუჭა ჰქვია, ხოლო, ვისაც გაარტყა – ვაჟა. შენ საიდან იცი ეს ამბავი, ვინ გითხრა?

– მე, გოგი ბიძია, ვაჟას შვილი ვარ, ლაშა, – მითხრა ბიჭმა.

– ვაჟა, ვაჟა... კარგი კაცია მამაშენი. წესიერი და პატიოსანი. სად არის, როგორაა?

ბიჭს თვალები აუცრემლდა და მომიგო:

– მოკლეს.

ლაშას სიტყვებმა ელდა დამცა და ვკითხე:

– ვინ, როდის, რატომ?!

– ვინ – არ ვიცით, გოგი ბიძია. სამი თვის წინ სოფლიდან მოდიოდა და ოჯახისთვის ცოტა სიმინდის ფქვილი და პროდუქტები მოჰქონდა. გზაში შეიარაღებულმა ტიპებმა გააჩერეს. მანქანა და სურსათ-სანოვაგე წაართვეს და იქვე ჩაცხრილეს.

– ვიზიარებ, შვილო, შენს მწუხარებას, – გადავეხვიე ლაშას და ვკითხე, – რამდენი წლის ხარ?

– ცხრამეტის, გოგი ბიძია.

– სად ცხოვრობ და ვისთან ერთად?

– დედაჩემთან და ჩემს ცამეტი წლის დასთან, თათიასთან ერთად, ობოლაძეზე.

– ტაბიძეების ეზოში?

– დიახ.

– ისევ ბინას ქირაობთ?

– არა, გოგი ბიძია. ნადია ბებიამ ოთხი ოთახი გვიანდერძა. ხუთი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი და დედაჩემი უვლიდა, მამაჩემის ამბავი რომ შეიტყო, ორ დღეში უკან მიჰყვა და ორივე ერთ დღეს დავასაფლავეთ.

– სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო... ღმერთმა აცხონოს ორივე. ნადიაც ძალიან კარგი ქალი იყო, – ვუთხარი ბიჭებს, შემდეგ მათ ხელკავი გამოვდე და დავამატე: წამოდით ჩემთან, სტუმრად გეპატიჟებით.

ლაშა და ლევანი თანაკლასელები აღმოჩნდნენ და, როგორც მითხრეს, ქურდულ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ.

– რა ცუდი დროა – არც დენია, არც გაზი. ჯერ თერთმეტი საათიც არ არის და, არც კაციშვილის ჭაჭანებაა და არც ვინმეს ხმა ისმის. თავი მორგში მგონია, – ვთქვი მე და განვაგრძე: არაყი კი მაქვს სარდაფში, მაგრამ, რა დავაყოლოთ? ზაკუსკა გვინდა. ვერსად ვიყიდით?

– კლარა სერგეევნას თუ ექნება რამე, სხვაგან შანსი არაა, – თქვა ლევანმა, – ავალ და რამეს წამოვიღებ.

– ერთად ავიდეთ და ვიყიდოთ, – ვუთხარი ბიჭებს, – შორს ცხოვრობს?

– ნიაღვარზე რომ მარცხნივ შეუხვევ, პირველივე ეზოში, – მითხრა ლევანმა.

– ძია სერგოს ეზოში? – ვთქვი მე და ვკითხე: კლარა სერგეევნა ვინაა, რომელ ბინაში ცხოვრობს?

– პირველ სართულზე, წინ ბაღი აქვს, – ამიხსნა ლევანმა.

– მოიცა, მოიცა, კლარა სერგეევნაო, ასე თქვი, ხომ?

– დიახ, – დამიდასტურა ლევანმა.

– ღმერთო ჩემო, ეს ხომ ძია სერგოს ქალიშვილია! ჩემი ტოლია. ძალიან პატარა იყო, დედამისმა რუსეთში რომ წაიყვანა. ნეტავი ძია სერგო ცოცხალია? სამი წლის წინ ცოცხალი იყო... – ვთქვი და ნაღვლიანად გამეცინა, რადგან სერგეი პავლოვიჩის სახე წარმომიდგა თვალწინ და გამახსენდა, როგორ სვამდა ის თავის ბაღში, კოცონთან, არაყს და როგორ აქრობდა ხოლმე იმ კოცონს ძევიატკა.

– კლარას მამა ზუსტად სამი წლის წინ გარდაიცვალა. კლარა სერგეევნა მაშინ ჩამოვიდა თბილისში და აქ დარჩა, – მითხრა ლევანმა.

– მაგარი ვინმე იყო, – ვთქვი მე და ბიჭებს სერგეი პავლოვიჩის არყის სმისა და ძევიატკას ამბავი მოვუყევი.

– სწორედ იმ ბაღში, კოცონთან გარდაიცვალა. ბოლო ჭიქა არაყი დაუსხამს, ჭიქა აუწევია და, სანამ დალევდა, უთქვამს: მშვიდობით, მეზობლებოო, – და იქვე, კოცონთან გარდაცვლილა, – მითხრა ლევანმა.

ჯიბეში ორასი დოლარი მედო. კლარა სერგეევნასთან ათ დოლარად ბლომად საუზმე, შავი პური და „პეპსი-კოლა“ ვიყიდეთ. შემდეგ ნიაღვრის ქუჩას ჩავუყევით, სკოლის პირდაპირ, ხელმარცხნივ ავუხვიეთ და ჩემს ეზოში შევედით. მეზობლების ჩამიჩუმი არ ისმოდა და არც მე შემიწუხებია ვინმე. ჩემი ბინის გასაღები, ძველებურად, ლურსმანზე ეკიდა. ჩამოვხსენი, კარი გავაღე, სახლში შევედი და ბიჭებიც შევიყვანე.

– აქა მშვიდობა! – თქვა ლევანმა.

– ბედნიერი იყოს ჩვენი ფეხი ამ ოჯახში! – დაამატა ლაშამ და სანთელი აანთო, რომელიც კლარა სერგეევნასთან ვიყიდეთ.

სარდაფში გამომშრალი შეშა მქონდა და სანამ არაყი და შეშა ამოვიტანეთ, კარ-ფანჯრები ღია დავტოვეთ, ოთახები რომ გაგვენიავებინა. ნახევარი საათის შემდეგ კი სასტუმრო ოთახის ძველებურ ბუხარში ცეცხლი აგიზგიზდა და მალე დათბა. მე, ლაშა და ლევანი ბუხართან მიდგმულ გაშლილ სუფრასთან ვისხედით და არაყს ვსვამდით.

– ბოდიში, გოგი ძია, ასე უზრდელურად რომ მოგექეცით, – მომიბოდიშა ლევანმა, ლაშამ კი დაამატა:

– დიდი ბოდიში, გოგი ბიძია, ძალიან ცუდად გამოგვივიდა.

– ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება, – ღიმილით ვუთხარი ბიჭებს და ვკითხე: ჰოპ-სტოპზე იყავით გამოსულები?

– უფრო, იარაღის დასათრევად. იმედი გვქონდა, რომ ვინმე მარტოხელა მხედრიონელს ან გვარდიელს დავითრევდით და იარაღს ავახევდით. ამ აბრეზის მეტი არაფერი გვაქვს და იარაღი გვჭირდება, – მითხრა ლევანმა და აბრეზზე მიმანიშნა, რომელიც იატაკზე იდო.

– ძალიან საშარო საქმეა და, კიდევ კარგი, რომ მე შეგხვდით, – ვუთხარი ბიჭებს და ვკითხე, – იარაღი რაში გჭირდებათ, რამე საქმეს ამზადებთ?

– ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია, მაგრამ, ქურდულ ცხოვრებას ვაპირებთ და იარაღი დაგვჭირდება, – მიპასუხა ლევანმა.

– ქურდის იარაღი მისი თავი, გული და ხელებია, – ვუთხარი ბიჭებს და ღიმილით დავამატე: ზოგჯერ ფეხებიც, რომ „ძაღლებს“ გაექცე. იარაღი კი ქურდს არ სჭირდება. საერთოდ კი, სანამ ქურდულ გზაზე დადგომას გადაწყვეტთ, გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ და ყველაფერი ასჯერ აწონ-დაწონოთ. ჩვენთან უკანდახევა არ მოსულა და, ვინც ზადნავს, ყოველგვარი ღირსების გარეშე რჩება. უღირსიც და დაშვებულიც ერთ ქვაბში იხარშება და მას კაცად არავინ თვლის.

ბიჭები უხმოდ, პირდაღებულები მისმენდნენ და, მათ შემხედვარეს, ბერძენას ქურდული ლექციები გამახსენდა, რომლებსაც ის მე, ყბედალოს და ხუჭუჭას გვიტარებდა.

ლაშა და ლევანი ღამის 3 საათზე, საკმაოდ შეზარხოშებულები წავიდნენ ჩემგან. იმ დღიდან მოყოლებული, თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ და ქურდულ ანაბანას ეცნობოდნენ. იარაღის შოვნაზე ფიქრს თავი დაანებეს და აბრეზიც მე დამიტოვეს, რომელიც ჩემი ბავშვობის „ნაგანთან“ ერთად დავმალე საიდუმლო გვირაბში და, „სოდელებს“ რომ გავექეცი, თან წავიღე და დღემდე ვინახავ.

მიუხედავად იმისა, რომ არეული დრო იყო და ჭრელა-ჭრულა შეიარაღებული ბესპრედელშჩიკები ავტორიტეტებს არ სცნობდნენ, მაინც საკმაოდ ბევრი პატიოსანი ადამიანი დადიოდა თბილისში, ვისაც ეს უმსგავსობა არ მოსწონდა და იმ დღეზე ოცნებობდა, როცა ამ საშინელებას ბოლო მოეღებოდა. ამ მდგომარეობის გამო, თითქმის ყველა ქურდი რუსეთში ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში იყო გახიზნული. ხოლო, ვინც აქ ვიმყოფებოდით, თითქმის ყველანაირი ძალა და გავლენა გვქონდა დაკარგული და ქვეყნიდან გამგზავრებას ვაპირებდით. ან, რა გავლენა უნდა გვქონოდა იმ განუკითხაობაში, სადაც ძალადობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი, მართალი სიტყვა არ ჭრიდა, ყველანაირი დავა ავტომატის ტყვიებით წყდებოდა და მართალი იყო ის, ვინც თავის ოპონენტს ჩაცხრილავდა. არ ინდობდნენ არავის, მათ შორის – ქურდებსაც და ქვეყანა დიდ ზონას დაემსგავსა, სადაც „ქათმებს“ იარაღი დაურიგეს ქურდების გასაწყვეტად. ასეთ სიტუაციას კი თავი უნდა გაარიდო, რომ ძალები მოიკრიბო, რათა დაბრუნდე და ძალაუფლებაც დაიბრუნო.

სხვათა შორის, ვინც მაშინ ქურდები ხოცა, დღესდღეობით ყველა მოკლულია – როგორც შემკვეთი, ისე შემსრულებელი და სტატუს-კვოც საკმაოდ მალევე აღვადგინეთ. მართალია, შემდგომ რევოლუციურ-პოლიტიკურ მოვლენებს ახალი რეპრესიები მოჰყვა, ანტიქურდულ კამპანიას საკანონმდებლო ბაზა შეუქმნეს და ეს წყეული 223-ე პრიმა მუხლი მიიღეს, რომელიც დღემდე მოქმედებს, მაგრამ, ქურდული ტრადიციების ამოძირკვა არ ხერხდება – მას ღრმად აქვს ფესვები გამდგარი.

ქურდული ცხოვრებისადმი ინტერესი განსაკუთრებით იმ პერიოდში იმატებს ხოლმე, როდესაც ქვეყანაში უსამართლობა იზრდება; როცა რიგითი მოქალაქე სიმართლეს ვერ პოულობს სახელმწიფო სტრუქტურებში, ის ქურდთან მიდის და მას სთხოვს დახმარებას, ამავდროულად კი, მისი მოკავშირე ხდება და მის რიგებს ავსებს.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3