კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რას ეძახიან მამაკაცები ქალის მხრიდან ძალადობას

მამაკაცები საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის ერთმნიშვნელოვნად ძვირფასია ქალის სიყვარული. თუმცა, სწორედ ისინი ღალატობენ ცოლებს „სიყვარულის სახელით.“ გარდა ამისა, როცა შეყვარებულს ოჯახში ცოლის სტატუსით დაიგულებენ, ცივდებიან მათ მიმართ, აღარ არიან ყურადღებიანები და მზრუნველები. იმდენ ვალდებულებას, იმხელა პასუხისმგებლობას აჰკიდებენ ხოლმე ცოლებს, თითქოს ოჯახი ორი თანასწორუფლებიანი ადამიანის კავშირი არ იყოს. სამწუხაროდ, მამაკაცებში ჯერაც მძლავრობს ეგოიზმი და სიყვარული საკუთარი პერსონის მიმართ, რასაც ხშირად ქალის ინტერესები ეწირება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ კონფლიქტში, ურთიერთობის გაფუჭებაში, მამაკაცები სწორედ ერთ დროს საყვარელ ქალებს ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ მათი დიდი გრძნობა პირად თავისუფლებას უზღუდავთ.

ლენიკო (37 წლის): როცა ვთხოვდებოდი, მეგონა, რომ მივყვებოდი და ცხოვრებას ვიწყებდი იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი. ჩემი მომავალი ქმარი გამუდმებით მიმტკიცებდა ამას, მეც ძალიან შემიყვარდა და ჩემი გრძნობა არც ერთხელ არ დამიმალავს. არც მიფიქრია, რომ გრძნობებში მოზომილი უნდა ვყოფილიყავი. რისთვის გვინდა სიყვარული და საყვარელი ადამიანი, თუკი იმასთანაც ვერ გაიხსნები?! მე ორი ადამიანის ურთიერთობა სხვანაირად არ მესმის. ის ბრალდებები, რაც ახლახან ჩემმა ქმარმა წამომიყენა, წარმოუდგენელია და შოკის მომგვრელი. ისეთი შეურაცხყოფილი და გულნატკენი ვარ, სულ მეტირება. ეს მივიღე ჩემი დიდი სიყვარულის სანაცვლოდ?! მეცოდება საკუთარი თავი. როცა შეყვარებულები ვიყავით, მოხიბლული ვიყავი ჩემი რჩეულის მდიდარი შინაგანი სამყაროთი და იმით, რომ საოცრად ყურადღებიანი იყო ჩემ მიმართ. ამის გამო შემიყვარდა და პირველივე დღიდან ვაღიარე მისი უპირატესობა.

– ეს რას ნიშნავს?

– ბოლომდე ვენდობოდი, თანაც, ყველაფერში. მას მივეცი გადაწყვეტილებების მიღების ნებაც და უფლებაც. ფაქტობრივად, ვუთხარი, რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი – წადი და მოგყვები. შენ გარეშე ყოფნა ერთი წუთითაც არ მინდა-მეთქი. სხვათა შორის, სანამ ახალი ცოლ-ქმარი ვიყავით, ამაზე პრეტენზია არ ჰქონია. პირიქით, ეამაყებოდა, რომ ქალს ასე უყვარდა.

– რა იცით, რომ ეამაყებოდა?

– არავისთან მალავდა ამას, ანუ, ტრაბახობდა კიდეც: ცოლს ისე ვუყვარვარ, მისთვის ნამდვილი ჟანგბადი ვარო. თურმე, მაშინ კარგი ყოფილა ასეთი უკიდეგანო სიყვარული. კაცებს ყველაფერში ორმაგი სტანდარტები აქვთ: ერთ დღეს რასაც აღმერთებენ, მეორე დღეს ის თავს აბეზრებთ, დამნაშავენი კი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ. არ შეგინიშნავთ, რომ, კაცმა რაც უნდა გააფუჭოს, დამნაშავე ყველაფერში და ყოველთვის ქალია?! მგონი, თვითონ აქვთ არასრულფასოვნების და კიდევ ბევრი სხვა კომპლექსი... აბა, როგორ შეიძლება, სიყვარული ტვირთად იქცეს?!

– ქმარმა გითხრათ, რომ თქვენი სიყვარული მისთვის ტვირთია?

– ჰო, ასე გამოიყვანა. თურმე, ახრჩობს ჩემი დიდი სიყვარული; რომ ჩემი გრძნობა უკვე პროვოკაციად იქცა. ამას რომ მეუბნებოდა, ისეთი სახე ჰქონდა... ვუყურებდი და ვფიქრობდი: ნუთუ ეს ის მამაკაცია, რომელიც ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მშვიდი, თავმდაბალი, ყურადღებიანი, მოკრძალებული და იუმორის გრძნობით სავსე იყო, რომელიც სულ ჩემს გამხიარულებას ცდილობდა-მეთქი?! უნდა გენახათ, როგორ მაქებდა, როცა საჭმელს ვუმზადებდი. კვერცხიც რომ შემეწვა, აღფრთოვანებული დამტრიალებდა თავს და ამბობდა, შენნაირი ცოლი არავის ჰყავსო. დღესაც ხომ ისევ ის ვარ – არ შევცვლილვარ, მაშ, რატომ არის, უკმაყოფილო? როგორი ძვირფასი, უცხო და გემრიელი კერძიც არ უნდა მოვუმზადო, ისე ჭამს, თითქოს მე მისი დაქირავებული მზარეული ვარ და ამაში ფულს მიხდის, შესაბამისად, მადლობაც არ უნდა მითხრას. ეს კიდევ წვრილმანებია იმასთან შედარებით, რაც მერე დაიწყო. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ თავისუფალი სივრცე სჭირდება. ხელს კი მე ვუშლი ჩემი უსაზღვრო სიყვარულით ანუ, თავზე იმდენს დავფოფინებ, სულის მოთქმის საშუალებას არ ვაძლევ.

 – რას გულისხმობდა?

– თავიდან ვერც მე მივხვდი. მეგონა, ხუმრობდა. თვითონ ყოველდღე სულ გულგრილი ხდებოდა ჩემ მიმართ. აღარც ყვავილებს მჩუქნიდა და, როცა უკმაყოფილებას გამოვთქვამდი, ან ღიზიანდებოდა, ან დამცინოდა. ჩემი დაბადების დღე საერთოდ აღარც ახსოვდა, საჩუქრის მოტანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაგარი ლოგიკა ჰქონდა – ფული მაინც სახლში მომაქვს, შენთან, რაღა საჩუქარი გინდა?! თუ რამე მოგწონს, აიღე და იყიდეო. მწყინდა, მაგრამ, ვითმენდი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა. ახლაც მიყვარს, თუმცა, ვხვდები, რომ არაფერში სჭირდება ჩემი სიყვარული, უარესიც – აწუხებს ჩემი სიყვარული. რომ მიყვარს, ვეჭვიანობ: მაინტერესებს, სად მუშაობს, რას აკეთებს. მის სამსახურში რა ხდება, ის კი ამ ყველაფერს „უსირცხვილო თვალთვალს“ ეძახის და „მზვერავი“ დამარქვა, ვითომ ხუმრობით. ჰო, ხუმრობაზე ცალკე უნდა ვთქვა: ის იუმორი, რომელიც ჩემს გასამხიარულებლად ჰქონდა მარაგში, ახლა რადიკალურად შეიცვალა. სიტყვას არ იტყვის ისე, ბოღმა, ირონია და ცინიზმი რომ არ მოაყოლოს. მიზანმიმართულად მინგრევს ნერვულ სისტემას. ხმას ამოვიღებ და – ისტერიჩკა ხარ, ხუმრობა არ გესმის, ეგრევე „ვარდები“ და შენთან ლაპარაკი შეუძლებელიაო.

– მიზეზი რა იყო, რატომ შეიცვალა ასე?

– არ ვიცი. მანამდე ასეთი არ ყოფილა, თორემ, შევამჩნევდი, სიყვარულით დაბრმავებული ნამდვილად არ ვყოფილვარ. კარგი რომ იყო და ჩემთვის მისაღები, იმიტომ შემიყვარდა. მისი მხრიდან სიყვარული რომ არ დამენახა, მეც არ გამიჩნდებოდა გრძნობა. მინდა, კარგად გამიგოთ: ზოგი ქალი რომ არის რეალობას მოწყვეტილი, ასეთი რაღაც ჩემთვის უცხო იყო. პირიქით, ვაკვირდებოდი და, ერთი წლის განმავლობაში, დღითიდღე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცნობოდი მის ხასიათსა და ბუნებას.

– და აღმოჩნდა, რომ მაინც ვერ გაიცანით?

– არ ვიცი. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი იყო. მგონი, ჩემი სიყვარული აუვარდა თავში – სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ და ვწვალობ. იცით, როგორი კარგი ცოლი ვარ?! ჩემს ქმარს საკმაოდ ბევრი ახირება და „წიკი“ აქვს. მაგალითად, გაზეთები ყოველთვის ერთ ადგილას უნდა იდოს; ყველა პერანგი კარადაში დაუთოებული უნდა ეკიდოს, გამონაკლისის გარეშე; წინა დღის სადილს არასოდეს ჭამს და ვახშამიც განსაკუთრებული უნდა; თუ მაგიდაზე გარეცხილი ხილი არ დგას და გვერდით თეფში და დანა არ უდევს, ისეთ დღეში ჩაგაგდებს, თავი უსარგებლო ნივთი გეგონება. ერთხელ ჩემმა დაქალმა მითხრა, ქმარი კი არა, სახლში სულთანი გყავს და დროზე მოდი გონსო. მაშინ ისე მეწყინა, ლამის ავტირდი. ვიფიქრე, ამას ჩემი ბედნიერების შურს-მეთქი. ხომ ვარ სულელი?

– შვილები გყავთ?

– დიახ, ორი შვილი გვყავს და, ძალიან არ მინდა, ბავშვები მშობლების ჩხუბის ყურებაში გაიზარდონ. ჩემს ქმარს რომ ჰკითხო, მე პრობლემებს ხელოვნურად ვიქმნი. ჭკუა რომ მქონდეს, რაღაც-რაღაცეებზე თვალსაც დავხუჭავდი. მოძალადე ხარო, დამძახის. რატომ ვარ მოძალადე?! რადგან მიყვარს და მისი ერთგული ვარ?

– ერთგულებას მასაც სთხოვთ?

– დიახ, ამაში რა არის უჩვეულო და არაბუნებრივი? სხვასთან გაზიარებული ქმარი რომელ ნორმალურ ქალს უნდა? ან, რანაირად უნდა ვიცხოვრო ქმრის გვერდით ისე, არ დავინტერესდე, სად მიდის და საიდან მოდის? ძალადობაა ის, რომ მისი ყოველი ნაბიჯი მაინტერესებს?

– თქვენ ფიქრობთ, უნდა, რომ ვიღაცა გაიჩინოს?

– სიტყვით ამბობს, რომ უნდა. თუმცა, მეეჭვება, ამ ეტაპზე ვინმე ჰყავდეს. შეიძლება, ამიტომაც არის ასეთი გაღიზიანებული. მეუბნება, რომ ქალის სიყვარული კაცისთვის ტვირთია, რადგან, შეყვარებული ქალი მესაკუთრე და ეგოისტია. შეყვარებული კაცი როგორია, ნეტავი?! მზად არის, საყვარელი ქალი ვინმესთან გაიზიაროს?! უკვე დავიღალე წამოძახილებით: შენ ჩემზე ძალადობ, შენ ჩემზე ძალადობ... ისე დავიღალე და ისე გამოვიფიტე, ძალა აღარ მაქვს, რომ წინააღმდეგობა გავუწიო. თუ საყვარლის გაჩენა უნდა და ამისთვის ჩემი ნებართვა სჭირდება, ვერ ეღირსება. არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავ ამაზე თვალს, ვიყო მოძალადე! ჩემი ცხოვრება არ არის მასზე დამოკიდებული  და არ მოვკვდები. სიყვარულიც ნელ-ნელა გაივლის... იცით, რას მივხვდი? კაცებს არ უნდათ „დიდი, ნათელი გრძნობა“. თუ ქალმა შეიყვარა და თავი გადადო მისთვის, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უჩნდებათ და ეს ძალიან აწუხებთ, ნერვიულობენ... ჩემი ქმარი ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ სიყვარული თავმოყვარეობას დამაკარგვინებს – არ არის ასე. გავუშვებ, მაგრამ, ისე ნუ იზამს, რომ ჩვენი ურთიერთობის დანგრევაში დამნაშავედ მე გამომიყვანოს... მოძალადე თვითონ არის, თანაც, სერიოზული. თუ არ ვუყვარვარ და არ ვჭირდები, ეყოს ვაჟკაცობა და პირდაპირ მითხრას.

скачать dle 11.3