კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ იწვევენ მსოფლიოს ცნობილი თეატრების სპექტაკლებში გიორგი გაგნიძეს და რით აოცებს ის მუდმივად დიდ მაესტროებსა და მაყურებელს

„მსოფლიო ბარიტონი“, „მსოფლიოს პირველი „რიგოლეტო“, „ტრიუმფალური გამოსვლა“, „არაჩვეულებრივი მომღერალი-მსახიობი“ – ეს მცირედი ჩამონათვალია იმ შეფასებებისა, რომლებსაც ოპერის მომღერალი გიორგი გაგნიძე ყოველი გამოსვლის შემედეგ იმსახურებს. მსოფლიოს წამყვან თეატრებში მისი მოსმენის მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. მუდმივად ანშლაგით მიმდინარეობს მისი სპექტაკლები და ამიტომაც, გეგმები 2017 წლამდე აქვს გაწერილი. თბილისში მხოლოდ ჰაერის ჩასასუნთქად მოახერხა ჩამოსვლა ორ ულამაზეს შვილთან და მეუღლესთან, მაია გოგოლაძესთან ერთად, რომელიც მას მუდმივად გვერდში უდგას. მეუღლის ხშირ გასტროლებს და სახლში, შვილებთან მარტო ყოფნას ქალბატონი მაია დიდი ხანია‚ შეეგუა... და, ყველაზე მნიშვნელოვანი: მსოფლიო ბარიტონი, რომლის სპექტაკლებიც „მეტროპოლიტენიდან“ ბევრ ქვეყანაში უმაღლესი ხარისხით პირდაპირ გადაიცემა, საოცრად უშუალო, თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, რაც მის პიროვნულ თვისებებს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. 

გიორგი გაგნიძე: თბილისში დაუგეგმავად ჩამოვედი. ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა: ვიმყოფებოდი საფრანგეთში, ცნობილ ფესტივალზე – Aix-en-Provence, მარსელთან ახლოს. ვერდის „რიგოლეტოს“, რომელიც ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა, არანორმალურად დიდი წარმატება მოჰყვა – ჩემს გამოსვლას „ტრიუმფალური“ უწოდეს. შვიდი სპექტაკლის ნაცვლად 10 სპექტაკლი ჩავატარე, რადგან, დიდი მოთხოვნა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები ძვირი ღირდა, ერთს ვერ იშოვიდი, სულ გაიყიდა. 12 ივლისს ინტერნაციონალურმა სატელევიზიო არხმა „არტე“ სპექტაკლის პირდაპირი ტრანსლაცია მოაწყო. ამის მერე შემომითვალეს, რომ სეულში, სამხრეთ კორეაში ჩამეტარებინა კონცერტი. ეს იმ დროს ხდება, როდესაც „მეტროპოლიტენში“ მაქვს გასტროლები, ვმღერით ორი სხვადასხვა შემადგენლობა, მაგრამ, მხოლოდ მე არ ვიცვლები. ისე გამოვიდა, რომ ექვსი სპექტაკლის ნაცვლად თორმეტს ვმღერი. ორი კვირა მომცეს დასვენებისთვის, მაგრამ ვინ გასვენებს?! მაშინვე მომაჩეჩეს ხელში კორეის კონტრაქტი და იქ მივდივარ. ამის მერე გადავდივარ ვენის შტაც-ოპერაში, შემდეგ – მიუნჰენის შტაც-ოპერასა და ბრიუსელში. საუბარია იმაზე, რომ „რიგოლეტოს“ ახალი დადგმა, რომლიც ეკუთვნის თანამედროვე, ძალიან წარმატებულ რეჟისორს‚ რობერტ კარსელს, რომელიც კანადაშია დაბადებული და კანის ფესტივალის რეჟისორია, ბრიუსელის გარდა‚ სხვა ქვეყნებშიც გაიტანონ, მაგალითად‚ მოსკოვის დიდ თეატრში. ახლა „ლა სკალას“ მივყვები ტოკიოში გასტროლზე „რიგოლეტოთი“, მთავარ როლში. ასევე, ჰამბურგში მაქვს პრემიერა – „ოტელოში“ იაგოს როლის დებიუტი. მთელი ზაფხული მელოდება ჩემი კონცერტმეისტერი. სულ საათებზე, რიცხვებზე ვარ დამოკიდებული. ძალიან მინდა, სამშობლოში ხშირად ჩამოვიდე, მაგრამ, ჩამოვდივარ, მხოლოდ ჰაერს ჩავისუთქავ და მივდივარ.  

– თქვენ შესახებ დიდი მაესტროები, სხვადასხვა ქვეყნის პრესა, საოცარ შეფასებებსა და ეპითეტებს წერენ. ხოსე კარერასმაც აღნიშნა, რომ თქვენ ხართ ნამდვილი რიგოლეტო. პირადად თქვენთვის რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება?

– ხოსე კარერასი საქართველოში რომ იყო ჩამოსული, მაშინაც ვნახე, ძალიან გაუხარდა და თქვა: ბევრი მომისმენია. ხმა ერთია, მაგრამ, შენ მთლიანად შეჭრილი ხარ როლში. რომ გიყურებ‚ ასე მგონია, რომ ყველაფერი სინამდვილეში არ ხდება, რადგან, ძალიან დამაჯერებელი მიმიკა, ჟესტიკულაცია და პლასტიკა გაქვსო. ჩვენი საყვარელი რეჟისორი, თემურ ბაბლუანი, ჩემთან იყო პარიზის ბასტილიაში. გაგიჟდა: ფილმში უნდა გადაგიღოო. რა ფილმში-მეთქი? მაფიოზის როლი მინდა მოგცეო. არადა‚ მაფიოზი ჩემგან ძალიან შორს არის... უკვე გავცდი იმ ეტაპს, როცა ჩემზე ამბობდნენ – არაჩვეულებრივი ხმა აქვსო. დღეს მიწოდებენ მომღერალ-მსახიობს და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასებაა... მარჯანიშვილზე დავიბადე, მოზარდ მაყურებელთა და მარჯანიშვილის თეატრებს შორის გავიზარდე: იქ ვიძინებდით და ვიღვიძებდით მე და ჩემი და, ამიტომ‚ თეატრი ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. ვნახულობდი ჩვენი ბუმბერაზი მსახიობების შესრულებით როლებს და უბედნიერესი ვიყავი. მიმაჩნია, რომ ქართველი კაცი თეატრალურია, არტისტული ნიჭი აქვს. ჯეიმს ლივაინმა რომ მომისმინა, მითხრა: უნიკალური ხმა, ტექნიკა გაქვთ და სად ისწავლეთო. ჯორჯიაში-მეთქი. ატლანტაში ასეთი სკოლა არ გვაქვსო. სხვა ჟორჯიაში-მეთქი‚ – ავუხსენი. მიხარია, რომ ბედი მიღიმის, ჩემი საქმე კარგად მიდის და‚ რაც მთავარია, კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. მაგრამ, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება‚ ჩემი წარმატება ჩემს ქვეყანას მოვახმარო, უფრო მეტად ჩავერთო საქველმოქმედო აქციებში, კონცერტებში. სამწუხაროდ‚ არ მრჩება დრო, რომ ფონდი ჩამოვაყალიბო, თუმცა, ამის დიდი სურვილი მაქვს და მომავალში აუცილებლად დავგეგმავ. ულამაზესი ორი შვილი გვყავს: მარიამი და დავითი. გულით მინდა‚ რომ ფონდი გავაკეთო, მაგრამ, ოჯახს, ხელოვნებას, იმდენად ბევრი დრო და ენერგია სჭირდება, ძალიან მირთულდება.... მინდა‚ ქართულ სკოლას დავეხმარო, ახალგაზრდებს – ამ კუთხით ბევრი მიზანი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ... თუმცა, ამის დროც მოვა. 

– შემოდგომაზე „მეტროპოლიტენ ოპერაში“ თქვენი სპექტაკლები მსოფლიოს ბევრი ქვეყნის კინოთეატრებში HD ხარისხით პირდაპირ გადაიცემა. 

– დიახ, „მეტროპოლიტენიდან“ მოხდება პირდაპარი ტრანსლაცია – HD, ანუ, მაღალი სიზუსტის ხარისხით აჩვენებენ დაახლოებით 55 კინოთეატრში. მიუნჰენის თეატრმაც მითხრა: საფრანგეთში ისეთი ტრიუმფალური გამოსვლა გქონდათ, ჩვენც გვინდა‚ პირდაპირი ეთერი გავაკეთოთ და ფართო მასებმა გაგიცნონო. „მეტროპოლიტენში,“ ჩემს შემთხვევაში, ეს უკვე რამდენჯერმე მოხდა, ამერიკა კი ყველაფერს ბიზნესის კუთხით უდგება. „ტოსკაზე“ დიდი მოთხოვნა იყო, გავიდა დრო და კიდევ მეძახიან – უკვე „HD ლაივი“ გვინდაო, რადგან, კარგი გაყიდვები ჰქონდათ და მოთხოვნა ისევ არის. ბევრ ქვეყანაში მაქვს ნამღერი, მაგრამ „მეტროპოლიტენს“ მაინც გამოვარჩევდი‚ ისეთი თბილი დამოკიდებულება აქვთ არტისტისადმი, ხელოვანისადმი. საერთაშორისო ვარსკვლავების გაშუქებაში „მეტროპოლიტენს“ ბადალი არ ჰყავს. ოპერის გენერალური მენეჯერის დამსახურებაა, რომ ოპერის მომღერლები ცნობილი სახეები გახდნენ, ხოლო ოპერები HD ხარისხით პირდაპირ გადაიცემა კინოთეატრებში, სადაც „ჰოლივუდის“ ფილმები გადის. როდესაც „ტოსკას“ პრემიერა იყო, თაიმ სქვერზე დაიდგა დიდი ეკრანი და მიდიოდა ჩვენება – უდიდესი საქმე გაკეთდა ჩვენი სფეროსთვის. 

– რომელი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დებიუტი?

– ჩემს საქმეში მაქსიმალისტი ვარ და ამაზე ჩემი მეუღლე სულ მეჩხუბება: რა არის, ამდენს არავინ ფიქრობს და დარდობსო. როცა რაღაც მიდევს წინ, ღამეები არ მძინავს, მინდა‚ ის სრულყოფილი იყოს. რა თქმა უნდა‚ ბევრს ვმუშაობ, რადგან, თუ დიდი წარმატება გაქვს, ბევრს თუ არ იმუშავებ, ნიჭი თავის თავს ორ-სამ წელიწადში ამოწურავს. ამიტომაც, არსებობს ნიჭის გაღვივების საშუალებები. ნიჭს დიდი გაფრთხილება, შრომა, თავდადება სჭირდება, ზოგჯერ იმ დონემდე თავდადება, რომ ჩემი ცოლი მსხვერპლი ხდება, რადგან, მისთვის არ მცალია და ამის გამო გული მტკივა. მაგრამ, მას აქვს უზარმაზარი ნებისყოფა. თუმცა‚ როცა ვახერხებთ‚ ერთად ვართ. ახლაც საფრანგეთში ერთად ვიყავით – ბავშვებს არდადეგები ჰქონდათ და წავედით. რაც შეეხება დებიუტს, ეს იყო პარმაში, ვერდის სამშობლოში, სადაც, იოლი არ არის, იმღერო. ბევრ მომღერალს, მათ შორის იტალიელს‚ ეშინია იქ სიმღერის, ვინაიდან, „ლა სკალაზე“ მკაცრი პუბლიკაა. მიაჩნიათ, რადგან ემილია-რომანია ვერდის სამშობლოა, ამიტომ, უფლება აქვთ, მომღერალს დაუძახონ: „ბრავო“ ან „ბუ“. მე მხოლოდ „ბრავოები“ მქონდა და, თან, „ვენდეტა“ ორჯერ ვიმღერე. იშვიათია‚ „ბისზე“ გამოგიყვანოს მსმენელმა და არია გაგამეორებინოს, თან – ვერდის სამშობლოში. თავს არ ვიქებ, მაგრამ, ეს ფაქტია. ჩინეთშიც  ასე მოხდა: პარმის ოპერასთან ერთად ვიყავი გასტროლზე და იქაც „ბისზე“ გამამეორებინეს „ვენდეტა“. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი და გამორჩეული დღე.

– შვილებს აქვთ მუსიკალური მონაცემები?

– მაია არის ჩემი შვილების ბატონ-პატრონი, მე – ჩემი ხელოვნების. გოგონას ნამდვილად აქვს მუსიკალური ნიჭი, პიანინოზეც უკრავს, ფლეიტაზეც. წელს ბიჭმა პირველად დაუკრა საფორტეპიანო პატარა კონცერტი. ის ჯერ მხოლოდ 7 წლის არის, მაგრამ, ბოლომდე  კონცენტრირებული იყო საქმეზე. ჩემთვის დიდი სიხარულია, რომ ჩემი შვილები მუსიკას მიჰყვებიან. ჩემი ოჯახი დიდი მუსიკალურობით არ გამოირჩეოდა. მე და ჩემი და ქალაქურ სიმღერებზე გავიზარდეთ, გიტარაზე ვასრულებდით სიმღერებს. ძალიან მიყვარდა თამაში, მაგრამ, როდესაც ჩემი და ფორტეპიანოს გაკვეთილზე უკრავდა, მოსაცდელში ვჯდებოდი და ყურებდაცქვეტილი ვუსმენდი. ახლა ის კანადაში ცხოვრობს და ერთ-ერთ დიდ ბანკში მუშაობს, მე კი მუსიკალურ კარიერას მივყვები... 

скачать dle 11.3