კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ აპირებდნენ ინგლისელები სტალინის მოტყუებას

1945 წლის 7 მაისს ფაშისტური გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქ რეიმსში უსიტყვო კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი, რომელსაც საბჭოთა მხარე არ დასწრებია. სანამ ეს ცნობა კრემლში დიპლომატიური არხებით მივიდოდა, მის შესახებ ბერიასთვის უკვე იყო ცნობილი და დიდ ბელადს ინფორმაციასთან ერთად მან ტექსტის ასლიც წარუდგინა. „თავზე გადახტომას ლამობენ ანგლიკანები“, – საკმაოდ გაღიზიანებული ტონით ჩაილაპარაკა სტალინმა, მაგრამ, უმალვე მოთოკა ემოციები და ბერიას მიერ მოტანილი კაპიტულაციის აქტის კითხვას ხელმეორედ შეუდგა. მან ორჯერ გადაიკითხა დოკუმენტი, თავი ასწია და ჩაილაპარაკა: „ძალიან კარგი, ეს იქნება კაპიტულაციის წინასწარი პროტოკოლი, მთავარ აქტს კი მათ ბუნაგში, ბერლინში უნდა მოეწეროს ხელი და მას ჩვენი წარმომადგენელი მიიღებს“. სტალინმა ჩიბუხი დატენა, მოუკიდა და გააბოლა, შემდეგ ოთახში გაიარ-გამოიარა  და ბერია დაითხოვა, პოსკრებიშევს კი ბერლინთან დაკავშირება დაავალა. 

– ამხანაგო სტალინ, – მოახსენა პოსკრებიშევმა, – ამხანაგი მოლოტოვი გელოდებათ, მას სასწრაფო ინფორმაცია აქვს თქვენთვის! 

სტალინს ულვაშებში ჩაეღიმა, რადგან, მიხვდა, რა ინფორმაციით იყო მასთან მოსული საგარეო საქმეთა კომისარი და პოსკრებიშევს ანიშნა, შემოვიდესო, თან დაავალა: 

– ბერლინს ჯერჯერობით ნუ დაუკავშირდებით, ამის შესახებ მოგვიანებით გეტყვით.

აუღელვებელი, დინჯი მოლოტოვი სწრაფი ნაბიჯით შევიდა სტალინის კაბინეტში. მას აშკარად ეტყობოდა, რომ აფორიაქებული იყო. სტალინმა, რომელსაც ისე ეჭირა თავი, თითქოს ვერ ამჩნევდა მოლოტოვის აღელვებას, ორი სირჩა შეავსო კონიაკით, მოლოტოვს მიაწოდა და მოულოდნელად თქვა: 

– ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, შენ გაგიმარჯოს, რადგან, საკმაო წვლილი მიგიძღვის ფაშისტების დამარცხებაში და, ჩემი აზრით, დღე-დღეზე უსიტყვო კაპიტულაციას გამოაცხადებენ. 

მოლოტოვი გაფითრდა, მაგრამ ჯერ კონიაკი გამოცალა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიდგა ენა:  

– კობა, ამ გაიძვერებმა მოგვატყუეს და გუშინ რეიმსში კაპიტულაციაზე მოაწერინეს ხელი ფაშისტებს. ყველაფერმა ჩვენ გარეშე ჩაიარა და ამით სულელურ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს. ამის შესახებ სულ რაღაც ნახევარი საათის წინ შეგვატყობინეს ინგლისელებმა „ფორინ ოფისიდან“ (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა). 

მიუხედავად იმისა, რომ მოლოტოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რაზე საუბრობდა, სტალინი მშვენივრად მიხვდა მოლოტოვის შეშფოთების მიზეზს, თუმცა, არ გაუმჟღავნებია ეს და ჰკითხა: 

– ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, რა გჭირს, რატომ ცქმუტავ, რამ აგაღელვა ასე? ვინ გაიძვერებმა მოგვატყუეს, ან ისეთი რა შეგატყობინეს „ფორნ ოფისიდან“, რომ ასე ხარ დაბნეული და სათქმელს თავსა და ბოლოს ვერ აბამ? 

სტალინის ამ სიტყვებმა, მოლოტოვზე მაგიურად იმოქმედა. საგარეო საქმეთა კომისარი ჯერ დამშვიდდა, შემდეგ სტალინის მიერ დასხმულ კონიაკს დაავლო ხელი და სანამ მეორე სირჩას დაცლიდა, წარმოსთქვა: 

– კობა, შენი დღეგრძელობისა იყოს, შენ გაგიმარჯოს! 

სტალინმა სირჩა მიუჭახუნა მოლოტოვს, მასთან ერთად დალია, სასმისი მაგიდაზე დადგა და ჩიბუხი გააბოლა, თან მოლოტოვს დაუგდო ყური, რომელიც უკვე ჩვეული სიდინჯით მოახსენებდა სტალინს: 

– კობა, გუშინ რეიმსში ფაშისტებმა უსიტყვო კაპიტულაციას უჩვენოდ მოაწერეს ხელი და ბრიტანელებმა ნიშნის მოგებით მაცნობეს ამის შესახებ! 

სტალინმა დინჯად გაიარ-გამოიარა ოთახში და მოლოტოვს უპასუხა: 

– აი, ამ კაპიტულაციის ტექსტი, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან, ეს საქმე უჩვენოდ არ გამოვა. იმას მივაღწევ, რომ ეს დოკუმენტი წინასწარ პროტოკოლად იქცეს, მთავარი საბუთი ბერლინში გაფორმდება და, თანაც, ჩვენ წინ უნდა მოიხარონ ქედი იმ ნაძირლებმა! 

სტალინის ინფორმირებულობა მოლოტოვს არ გაჰკვირვებია, თუმცა, კაპიტულაციის ტექსტის დანახვამ ის მაინც გააოგნა და მისი კითხვა დაიწყო. სანამ მოლოტოვი საბუთს კითხულობდა, სტალინმა პოსკრებიშევი გამოიძახა და დაავალა: „ინგლისის პრემიერ-მინისტრს დაუკავშირდით და გაარკვიეთ, რამდენ ხანში შეძლებს ჩემთან საუბარს ტელეფონით!“ 

ხუთიოდე წუთის შემდეგ პოსკრებიშევმა სტალინს მოახსენა: 

– ბრიტანეთის პრემიერი მზადაა, ახლავე დაველაპარაკოთ. რა ვუთხრა? 

სტალინმა ანიშა, ტელეფონი გადმომირთეო პოსკრებიშევმა ტელეფონი გადმორთო და კაბინეტიდან გავიდა. სტალინმა ყურმილი აიღო და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დიპლომატიურად, მაგრამ, საკმაოდ მკაცრი ტონით გალანძღა და დაითანხმა, რომ მეორე დღეს, ანუ 9 მაისს, ფაშისტური რაიხის წარმომადგენლებს უკვე ბერლინში მოეწერათ ხელი კაპიტულაციის მთავარ აქტზე, რომელსაც საბჭოთა ხელმძღვანელობა დაესწრებოდა. ჩერჩილთან საუბარი სტალინმა ასე დაასრულა: „მაშ, ასე, შევთანხმდით: ხვალ ბერლინში მოეწერება ხელი მთავარ აქტს, რეიმსის გუშინდელი პროცედურა კი წინასწარ პროტოკოლად ჩავთვალოთ. ჩვენი მხრიდან დელეგაციის ხელმძვანელი მარშალი ჟუკოვი იქნება. ახლა ვაშინგტონში გვიანი ღამეა და მე არ მსურს ამერიკის პრეზიდენტის შეწუხება ასეთ წვრილმანზე. ბატონო პრემიერო, იმედია, თქვენ თავადვე შეატყობინებთ მას ჩვენი შეთანხმების შესახებ (როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, უინსტონ ჩერჩილმა სტალინთან საუბრის შინაარსი გააცნო, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა ცოფები ყარა, თუმცა, მაინც დაემორჩილა სტალინის სურვილს).“ ჩერჩილთან საუბრის შემდეგ სტალინი ჟუკოვს დაელაპარაკა ბერლინში და უფლებამოსილება მისცა, რომ საბჭოთა დელეგაციისთვის ეხელმძღვანელა და ფაშისტებისგან კაპიტულაცია მიეღო. მოსკოვის დროით უკვე 1945 წლის 9 მაისი თენდებოდა, როდესაც ფაშისტებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი და ეს ინფორმაცია უმალვე გადასცეს სტალინს, რომელიც თავის კაბინეტში, კრემლში, პოლიტბიუროს სხვა წევრებთან ერთად მოუთმენლად ელოდა ბერლინიდან ცნობას. ჟუკოვმა რომ დარეკა, უკვე ღამის პირველი საათი იყო. როგორც კი სტალინმა ყურმილი დადო, ის მომცრო მაგიდასთან მივიდა, სადაც წინასწარ გამზადებული, შამპანურით სავსე ბოკლები იდგა, ერთ-ერთი აიღო და დანარჩენებსაც ანიშნა, რომ ასე მოქცეულიყვნენ, შემდეგ მაღლა ასწია სასმისი და წარმოთქვა: 

– ამხანაგებო, მარშალმა ჟუკოვმა ამ წუთას შემატყობინა, რომ ბერლინში ფაშისტური გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. გილოცავთ, მეგობრებო, ამ ბრწყინვალე გამარჯვებას! – და შამპანურის ბოკალი ბოლომდე გამოცალა. შემდეგ გიორგის დარბაზში ზეიმი დაიწყო და დიდი ბანკეტი გაიმართა. დილით სტალინმა პოსკრებიშევს რადიოს დიქტორის – იური ლევიტანის გამოძახება დაავალა: 

– ცხრა საათზე აქ იყოს, მე მას გამარჯვების მაუწყებელი ტექსტი უნდა გადაეცე, რომელსაც მთელი მსოფლიო მოისმენს! დილის 9 საათზე რადიოთი გამოაცხადეს, რომ დღის 12 საათზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო შეტყობინება გადაიცემოდა რადიოთი. მიუხედავად იმისა, რომ ომის დამთავრების შესახებ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული, მოსკოვში უკვე გავრცელდა ხმები ჩვენი გამარჯვების შესახებ და წითელი მოედანი და მოსკოვის ქუჩები სავსე იყო ხალხით, რომელიც მოუთმენლად ელოდა შუადღეს, რათა ოფიციალური, სამთავრობო ცნობა მოესმინა. ზუსტად 9 საათზე იური ლევიტანი სტალინის კაბინეტში შევიდა, რომელსაც დიდი ბელადი კარებშივე შეეგება და სავარძლამდე მიაცილა, შემდეგ მან ლევიტანს დალუქული კონვერტი გადასცა და უთხრა: 

– ამხანაგო ლევიტან, ასეთი სასიამოვნო ინფორმაცია თქვენ არასდროს წაგიკითხავთ და, იცოდეთ, ისე უნდა წაიკითხოთ, რომ დედამიწის ზურგზე ყველას მიაწვდინოთ ხმა – შემდეგ ლევიტანმა სტალინის კაბინეტი დატოვა. კრემლის ჭიშკრიდან რომ გამოდიოდა, მას ხალხმა მანქანაში ჩაჯდომის საშუალება არ მისცა – გახარებულებმა ხელში აიტაცეს და რადიოკომიტეტის შენობამდე ასე ატაცებული გადასცემდნენ ერთმანეთს. ლევიტანი კი დალუქულ კონვერტს იხუტებდა გულში, რათა არ გავარდნოდა ხელიდან და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როდესაც რადიოკომიტეტის შენობაში შევიდა. ზუსტად 12 საათზე, იური ლევიტანმა წაიკითხა უკვე მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობი ტექსტი, რომელიც ფაშისტური გერმანიის დამარცხებას ამცნობდა კაცობრიობას. ტექსტი მთლიანად სტალინის მიერ იყო შედგენილი.

 

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3