კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შესთავაზეს მოულოდნელად, 25 წლის საიუბილეო საღამოზე პაატა ბურჭულაძეს და რისგან იყო ის შოკირებული

„მომღერლის კარიერაში ხმასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ იღბალს, შემდეგ უკვე პიროვნულ თვისებებს. პიროვნება თუ არ ხარ, ხმასაც და სიმღერასაც ფასი მალევე ეკარგება. ეს სამივე ფაქტორი აუცილებელია. საოპერო ხელოვნების განუმეორებელი მოვლენა, ლეგენდარული ლუჩანო პავაროტიც, პირველ ყოვლისა, დიდი ადამიანი იყო... არ მახსოვს მას რომელიმე მომღერალი გაეკრიტიკებინა. კარგის თქმას კი ვერავინ დაასწრებდა”. – მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძემ ფონდი „იავნანა” ჩამოაყალიბა, სათავეში ჩაუდგა მახათას მთაზე დიდი ტაძრის მშენებლობას, მან ამ საქველმოქმედო პროექტებით არა მხოლოდ უსახლკაროებს მისცა სახლები და მიუსაფარ ბავშვებს დაეხმარა, არამედ მის მიერ განხორციელებული ყოველი პროექტი არაერთი ქართველის, ბიზნესმენისა თუ რიგითი ადამიანის ფსიქიკაში რაღაცის შეცვლის მცდელობაა.   

9 ივლისს ქართული საზოგადოება ლამაზი დღესასწაულის მომსწრე გახდება. პაატა ბურჭულაძის სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილის აღსანიშნავად თბილისს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი და ლეგენდარული მაესტრო იური ტემირკანოვი ეწვევა.   

– ბატონო პაატა, უპირველესად, გილოცავთ 35 წლის სასცენო იუბილეს და მადლობას გიხდით, რომ ამ დაძაბული დღის რეჟიმში ჩვენთვის დრო გამონახეთ. წლების წინ საქველმოქმედო საქმიანობა წამოიწყეთ, რომელმაც საბოლოო ჯამში, ორგანიზაციის სახე მიიღო და რომელსაც ფონდი „იავნანა” ეწოდა. საზოგადოებისთვის ეს თქვენგან, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმული საოპერო მომღერლისგან,  მოულოდნელი ნაბიჯი იყო და დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორ იწყებოდა ყველაფერი, რა ბარიერებს წააწყდით  და რა გზა განვლეთ? ალბათ, ადვილი არ არის ერთ დღეს ძალიან მოგინდეს ვიღაცის დახმარება, ადგე და დაეხმარო და ამ პროექტში ათასობით ადამიანი ჩართო.              

– ზუსტად ათი წლის წინათ, ჩემს 25 წლის საიუბილეო საღამოზე, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდა, დამიკავშირდნენ გაეროს „კვების პროგრამის“ წარმომადგენლები, იცოდნენ, რომ მთავრობა დაესწრებოდა და პირდაპირი ტრანსლაცია იქნებოდა. შესვენებაზე მთხოვეს, მიმეცა მათთვის საშუალება, სცენიდან გამოეცხადებინათ, თუ რას აკეთებენ საქართველოში. ბუნებრივია, მეც დავინტერესდი და ვიკითხე – რას საქმიანობთ საქართველოში-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ორასოცდაათიათას სოციალურად დაუცველ ადამიანს აჭმევდნენ საჭმელს. ჩემთვის ეს იყო მართლაც შოკი. როდესაც კონცერტი დამთავრდა, შემომთავაზეს მათთან ერთად წავსულიყავი რომელიმე ბავშვთა სახლში და წავედით ავლაბარში „მომავლის სახლში”. სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმე დამხვდა. გული მომიკვდა. თავდაპირველად გვინდოდა, ამ ბავშვთა სახლის მასწავლებლებს დავხმარებოდით, იმიტომ რომ 40 თუ 60 ლარი იყო მათი ხელფასი, არადა, ისინი ამ ბავშვებს საკუთარი შვილებივით უვლიდნენ. ჩემს მეგობრებს, ხუთიოდე ადამიანს, რომლებიც შეძლებულები იყვნენ, ვთხოვე, ერთად დაგვედო ყოველთვიურად გარკვეული თანხა და მასწავლებლებისთვისაც გაგვეყო. შემდეგ უკვე გაჩნდა ფონდის დაარსების იდეა და შემოგვიერთდნენ ბატონი გურამ ახალაია და თეონა ჯორბენაძე, რომლის გარეშე წარმოუდგენელია „იავნანას” შემოქმედებითი ცხოვრება. ეს სამი ადამიანი ვიყავით. არც ოფისი გვქონდა და არც რაიმე კეთილმოწყობა. ჩვენი საქმიანობა დაიწყო ჩემთან სახლში, პეკინზე, ჩვენთვის ცალკე ერთი ოთახი იყო გამოყოფილი. რაც შეეხება სირთულეებს, მაინცდამაინც არ ყოფილა. თავიდან გეგმაში არ გვქონია ასეთი მასშტაბური ხასიათის ქველმოქმედება. ჩვენ გვინდოდა, დავხმარებოდით ჯერ მასწავლებლებს, მერე კონკრეტულად რომელიმე ბავშვს, საჭმელ-სასმელი მიგვეტანა, ჩასაცმელი... ხალხმა რომ დაინახა, საქმეს ვაკეთებდით, მაშინვე გვერდით დაგვიდგნენ. მთავარი, იცით, რა არის? – ქართველ კაცს უნდა დაანახვო, რომ მას შეუძლია, ვიღაცას თანადგომის ხელი გაუწოდოს და რომ მის მიერ გაღებული ყოველი თეთრი ნამდვილად ამ გაჭირვებულ ადამიანებს მოხმარდებათ. სხვათა შორის, წინათ ჩვენ ვეძებდით, ვთხოვდით დახმარებას, ახლა თვითონ მოდიან და სურვილს გამოთქვამენ, მიიღონ მონაწილეობა.  

რა თქმა უნდა, ჩემი უპირველესი საქმე წლების განმავლობაში იყო სიმღერა და საოპერო ხელოვნება. რომ ვთქვა, ერთი მეორეს ხელს არ უშლიდა-მეთქი, ასე ნამდვილად არ იყო. ხელს უშლიდა, იმიტომ რომ ხელოვნებას თავისი დრო მიაქვს, ქველმოქმედებას – თავისი. რთულია, ორივეს ერთდროულად აუწყო ფეხი, მაგრამ როცა ორივე ძალიან გიყვარს და საქმეც ღვთის მადლით, კარგად ეწყობა, უკვე ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ის საღამოები, რაც ჩატარებულა, ყველა მაღალი ხელოვნების საღამო იყო, ფაქტობრივად, კულტურული მოღვაწეობიდან არ ამოვვარდნილვართ. ეს არ ეხება მხოლოდ საოპერო სიმღერას, ეს ეხება ქალაქურ მელოდიებს, საესტრადო მუსიკას, თეატრალიზებულ საღამოებს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით, მრავალფეროვანი პროექტები განგვეხორციელებინა – ჩავატარეთ სოფიკო ჭიაურელის, ნოდარ დუმბაძის, სესილია თაყაიშვილის საღამოები, გვინდოდა ახალგაზრდებსაც შეეტანათ თავიანთი წვლილი და სპორტის სასახლეში „ჯინსების საღამო“ გავმართეთ, სადაც სულ ახალგაზრდა მომღერლები და ჯგუფები მონაწილეობდნენ. 

– თქვენს საიუბილეო საღამოს თანამედროვეობის უდიდესი, ბალტიმორის  სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი იური ტემირკანოვი ჩაუდგება სათავეში. ამბობენ, ამ უძლიერეს დირიჟორს ერთხელ პატარა უსიამოვნებაც ჰქონდა ამერიკაში რუსული მუსიკით გატაცების გამოო. დირიჟორმა დევიდ ზინმანმა  იგი ღიად გააკრიტიკა – ტემირკანოვის ორკესტრის რეპერტუარში აღარ დარჩა ამერიკული მუსიკაო... მოგვიყევით ამ ადამიანზე, პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა.  

– იური ტემირკანოვი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დირიჟორია, მისი ორკესტრი კი ათ საუკეთესოში შედის. „ამერიკული უსიამოვნების“ შესახებ მე თქვენგან შევიტყვე, შესაძლოა ეს ინტრიგების მოყვარულთა  ფანტაზია იყოს. ამის შესახებ არაფერი მსმენია. ბატონი იური თავისი ორკესტრით უკვე მეორედ ჩამობრძანდება საქართველოში და დაუვიწყარ საღამოს უძღვნის ჩვენს მსმენელს. 

– 35 წელი თქვენი სტუდენტური სპექტაკლიდან. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?  

–  23 წლის ვიყავი, როცა ოპერის სცენაზე გავედი. მანამდე იყო სტუდენტური სპექტაკლი ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება”. წარმოგიდგენიათ, 23 წლის ბიჭი ოპერის თეატრის სცენაზე გადიხარ, ეს იმას ნიშნავდა, რომ უკვე რაღაცას მიაღწიე. ჩემი პარტნიორი იყო ბატონი თენგიზ მუშკუდიანი. რაც შეეხება ჩემს შესვლას კონსერვატორიაში, არასდროს მინდოდა, კონსერვატორიის სტუდენტი გავმხდარიყავი. ყოველთვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი მინდოდა და ჩავაბარე კიდეც. დღისით კონსერვატორიაში ვსწავლობდი, საღამოს – პოლიტექნიკურში, თუმცა ჩემი სპეციალობით არც ერთი დღე არ მიმუშავია. 

– განსაკუთრებული თვისება, რითაც თურმე  თანატოლებისგან გამოირჩეოდით, მოუსვენრობა და უჩვეულო ხმა იყო. თავად ვერ ამჩნევდით, რომ საოპერო ხმა გქონდათ?               

– იცით რაშია საქმე, მე პლეხანოვზე დაბადებული და გაზრდილი ვარ. ცოტა სხვანაირი ბიჭები ვიყავით და თბილისში პლეხანოველი ბიჭისთვის ცოტა სირცხვილი იყო კონსერვატორიაში სწავლა, გარეთ ბაფთით გამოსვლა. ასეთი მამაკაცი ჩვენში პატივისცემას კარგავდა და ეს მომენტი იყო, სხვა არაფერი. ერთხელ, ძველი ფილარმონიის მცირე დარბაზში, მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი, უნდა გამოვსულიყავი და მემღერა ორი არია. გამოსვლამდე გავიხედე  დარბაზში და ერთი ნაცნობი ბიჭი შევნიშნე, ისიც პლეხანოველი იყო. როცა გამომაცხადეს, არ გავედი, გავიპარე. ვიფიქრე, რომ დამინახავს, მერე ყველგან თავს მომჭრის-მეთქი. ასე რომ, მშობლების დიდი თხოვნით ჩავაბარე კონსერვატორიაში. მესამე კურსზე ვიყავი, მეფისტოფელის კუპლეტები რომ შევასრულე და დიდი აპლოდისმენტები მივიღე,  მომეწონა და აი, მაშინ ვთქვი, მოდი, გავყვები ამ საქმეს-მეთქი. 

– ოპერის მომღერალი რომ არ ყოფილიყავით, წარმოგიდგენიათ, როგორ „ისუნთქებდით” იმ ვარსკვლავური, არანორმალურად თავბრუდამხვევ ატმოსფეროთი, საოცარი ადამიანების გარეშე, რომელთა შორისაც უკვე ათეული წლებია, ტრიალებთ? თუ არის რაღაც ისეთი, რაც არ მოგწონთ თქვენი განვლილი ცხოვრებიდან?           

– განვლილი ცხოვრებიდან ძალიან ბევრი რამ არ მომწონს, ცოტა უფრო სხვანაირად რომ წამეყვანა ჩემი ცხოვრება, შეცდომების გარეშე, ბევრად მეტს მივაღწევდი, მაგრამ ადამიანები ვართ და ყველა ვუშვებთ შეცდომებს. ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, თუნდაც თეატრალურ ცხოვრებაში. მე არ მყავდა მაშინ ჭკუის დამრიგებელი, ვინც მეტყოდა, როგორ შევსულიყავი თეატრში. კარიერის დასაწყისში „ქართულად” ვიქცეოდი. „ქართული მოქცევა” უცხოეთში კი, ძალიან ცუდია, უბრალოდ ვერ იგებენ. თბილისელი პატარა ბიჭი ჩავედი იტალიაში  და უცებ მოვხვდი „ლა სკალაში”  სტაჟირებაზე. ეს დაუჯერებელი რაღაც იყო მაშინ. „ქართული მოქცევა” ნიშნავს იმას, რომ  ყველასთან მივდიოდი და რაღაცას ვჩუქნიდი, სუვენირს. ვერ ხვდებოდნენ, რატომ ვჩუქნი ჯერ ერთს, მეორეს, მესამეს, რა მინდოდა მათგან სანაცვლოდ, ვერ იგებდნენ. მერე, ბიჭებს რომ ვხვდებოდი, მეგობრებს, ყველას ლოყაზე ვკოცნიდი, ესეც ძალიან უკვირდათ. ერთ ბიჭს ვთხოვე, წამო, საუნაში წავიდეთ-მეთქი და ის მთლად გადაირია. შენ ეგეთი არ მეგონეო, – მითხრა. ყველაფერს თავისი ცოდნა უნდა. ასე რომ, ასეთი კურიოზული შემთხვევაც ბევრი ყოფილა.  

– მაგრამ თქვენ, უპირველესად, თქვენი ბუნებით ქართველად რჩებით. საქართველოსთან ყოველდღიური კონტაქტი გაქვთ?  

– რა თქმა უნდა, მე სულ ვამბობ, რომ მიუხედავად გადატვირთული შემოქმედებითი კალენდრისა, არასოდეს მქონია შეგრძნება, რომ თბილისიდან წავედი და სადმე სხვაგან ვცხოვრობ. ჩემი სახლი ყოველთვის საქართველოში  იყო და დღესაც აქ არის. ყოველი დილა იწყება ორივე ფონდის ამბების გაგებით, სამომავლო პროექტების დაგეგმვით.

– ბატონო პაატა, არ შემიძლია, არ დაგისვათ შეკითხვა ბოლო დროს გავრცელებული მითქმა-მოთქმის შესახებ, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა დააყენოს საპრეზიდეტო არჩევნებზე, ჩვენ ვიცით, რომ ყოველი არჩევნების წინ უკვე წლებია, ვრცელდება ინფორმაცია პოლიტიკაში თქვენი მოსვლის შესახებ. მართლა იღებდით და იღებთ სერიოზულ შემოთავაზებებს? 

– ამ ფაქტს ნამდვილად ვერ უარვყოფ. არაერთხელ მიმიღია შემოთავაზება, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი და ეს უარი არც არასდროს მინანია. მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი მოდის ამ წინადადებით – საზოგადოების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, ჩემს გეგმებში არასოდეს შედიოდა. ეს არის ამ ადამიანების სურვილი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ნდობისთვის, მაგრამ დღეს მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ის საზოგადოებრივი საქმე, რომელსაც წლებია, ჩვენ, ყველანი ერთად ვემსახურებით. 9 ივლისამდე მეტს ვერაფერს გეტყვით. თუ რამე საინტერესო ამბავი გვექნება, გპირდებით, რომ აუცილებლად გაგაგებინებთ.

скачать dle 11.3