კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვალით იბადება საქართველოს თითოეული მოქალაქე და როგორ გაუტოლდა საქართველოში მოსახლეობის დავალიანება მთლიანი შიგა პროდუქტის საერთო მაჩვენებელს

ისე ხდება, რომ ზოგს ბედი სწყალობს და განვითარებული ქვეყნის მოქალაქედ იბადება – შესაბამისად, სოციალური სტატუსის საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით მოპოვების საშუალებაც აქვს და სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვის ობიექტიცაა; ზოგიც – განვითარებადი ქვეყნის, სადაც არც ღმერთისგან ბოძებული ნიჭი შველის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად და სახელმწიფოც ან საერთოდ არ ერევა თავისი მოქალაქეების ცხოვრებაში ან მხოლოდ ნასუფრალს თუ მიუგდებს. საქართველოს საგარეო ვალი მოსახლეობის ერთ სულზე 3 000 აშშ დოლარს უტოლდება. სხვათა შორის, ამავე ოდენობისაა ჩვენი მთლიანი შიგა პროდუქტიც მოსახლეობის ერთ სულზე. ვალების სტრუქტურასა და მის გავლენაზე ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე ექსპერტი იოსებ არჩვაძე მოგვიყვება. 

– დღეს მსოფლიოში, ფაქტობრივად, არ არის ქვეყანა, საგარეო ვალი რომ არ ჰქონდეს. ეს არის თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური-ფინანსური ურთიერთობების ერთგვარი ეტიკეტი და, თუ სახელმწიფო ცდილობს, იყოს თანამედროვე, მოწინავე, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ჩართული მსოფლიო ურთიერთობებში, მას სჭირდება ფინანსური ინიექციები არა მარტო შიდა რეზერვების ხარჯზე, არამედ გარედან. ეს არის გლობალური პროცესი, რაც მხოლოდ ინტერნეტით კი არ გამოიხატება, არამედ ფინანსური ნაკადების მოძრაობით დედამიწის ერთი კუთხიდან მეორისკენ, ერთი ფინანსური ჯგუფიდან –  მეორისკენ, ფაქტობრივად, ერთიანი მსოფლიო ეკონომიკის ფორმირებისთვის. ამიტომ საგარეო ვალისგან თავის დაღწევის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც დგას, უბრალოდ, იქ ლაპარაკია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება აღებული ვალი, რადგან ერთი და იმავე მოცულობის ფინანსური რესურსი, ვთქვათ, მილიონი დოლარი, იმისდა მიხედვით, სად იქნება დაბანდებული და როგორ იქნება გამოყენებული, ქმნის სრულად განსხვავებული რაოდენობის სამუშაო ადგილს, განსხვავებულ საგადასახადო რესურსს და განსხვავებულად უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას მოცემულ ქვეყანაში. ეს რესურსი შეიძლება, წავიდეს მაგალითად, ქვიშაში, როგორც ეს მოხდა გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში.

– რას გულისხმობთ?

– საბჭოთა კავშირმა 230 მილიარდი დოლარი, რაც ახლანდელი ფასებით, დაახლოებით, ტრილიონ-ნახევრიდან თითქმის 2 ტრილიონ დოლარამდეა, გამოიყენა არა ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის, არამედ, იმისთვის, რომ გაეძლიერებინათ საბჭოთა გავლენა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, აგრეთვე, იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით შემოეტანათ საქონელი, რამაც საბჭოთა კავშირი ნავთობდოლარებით აქცია შეძენილი უცხოური სამომხმარებლო საქონლის უტილიზაციის ადგილად. ამიტომ ყველა ქვეყანა უნდა ეცადოს, ეს საგარეო ვალი, რაც შეიძლება, ეფექტიანად გამოიყენოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს ეგრეთ წოდებული მულტიპლიკატორული ეფექტი, ანუ ყოველი დამატებული ლარი, დოლარი თუ გირვანქა სტერლინგი რამდენად ახერხებს ეკონომიკის სტიმულირებას, რამდენი დამატებითი ფულადი ერთეულის ფორმირებას ემსახურება ქვეყნის ეკონომიკაში. ამდენად, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საინტერესო უნდა იყოს საგარეო ვალის სიდიდე, თუმცა არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს, რაში დაიხარჯება ეს საგარეო ვალი. მაგალითად, ასეთი შედარება შემიძლია მოგიტანოთ: „მარშალის გეგმის“ მიხედვით, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მიერ ომის შემდგომ მიღებული დახმარება მოსახლეობის ერთ სულზე, ახლანდელი ფასებით, თითქმის ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე იმ დახმარების ოდენობა, რაც საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო.

– ეს არ ვიცოდი.

– ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აგვისტოს ომის შემდეგ შევძელით, ეკონომიკა არ ჩამოშლილიყო და, მართლაც, საბანკო სექტორის გადარჩენისა და ეკონომიკის ზრდის მიხედვით, მდგომარეობა არ იყო საგანგაშო. მაგრამ ამის ნახევარი თანხით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღორძინდა ეკონომიკური სექტორი, განვითარდა რეალური ვაჭრობა, სოფლის მეურნეობამ სული მოითქვა, ის ქვეყნები ფეხზე დადგნენ და ამან, ფაქტობრივად, საფუძველი დაუდო ევროკავშირის შექმნას. ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ და ეს სხვა თემაა, თუმცა შეიძლებოდა ამ ინვესტიციების სხვაგვარად გამოყენება და არა მარტო იმისთვის, რომ ეკონომიკის მაშინ არსებული დონე შენარჩუნებულიყო.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს საგარეო ვალს: დაახლოებით, 1 100 დოლარზე ნაკლებია მოსახლეობის ერთ სულზე, ამაში შედის როგორც სამთავრობო, ისე ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალი. თუ ამ მონაცემს დავამატებთ კომერციული სექტორის, ბანკების, სხვა ინსტიტუტების ვალს, ციფრი 3 000 დოლარამდე გაიზრდება.

– დედაწულიანად?

– მოსახლეობის ერთ სულზე. ეს ბევრია თუ ცოტა? ყველაფერი შეფარდებითია, თუ ავიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს.

– როგორც ვიცით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საგარეო ვალი აქვს.

– თუ როგორც სახელმწიფო ერთეულს ავიღებთ, ასეა, მაგრამ, თუ ავიღებთ, ევროკავშირს, როგორც სახელმწიფოთა გაერთიანებას, მასაც თითქმის ამერიკის ოდენობის ვალი აქვს, თუმცა ევროკავშირში 27 ქვეყანა შედის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში  მხოლოდ სახელმწიფო საგარეო ვალი მოსახლეობის ერთ სულზე, დაახლოებით, 52 000 დოლარია. ხოლო, თუ დავამატებთ საშინაო ვალსაც, ეს ციფრი 60 000-ს გადააჭარბებს. თანაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვალს იღებს როგორც ფედერალური ხელისუფლება, ისე შტატებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები და ციფრები საკმარისად დიდია. თუმცა ყველაფერი მაინც შეფარდებითია: ვალებიც დიდი აქვთ და ეკონომიკაც. თუ ჩვენთან, ოფიციალური კურსით, 3 000 დოლარს ოდნავ ასცდა მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 48 000 დოლარია მოსახლეობის ერთ სულზე. მეტსაც გეტყვით: ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანდაცვის ხარჯი მოსახლეობის ერთ სულზე გაცილებიც მეტია, ვიდრე ჩვენი მთლიანი შიგა პროდუქტი, ასევე, მოსახლეობის ერთ სულზე. 

– როდესაც გავეცანი ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის პრიორიტეტებს, დავრწმუნდი, რომ ის აბსოლუტურად სოციალისტურია.

– არა მარტო ამერიკაში, ევროპაშიც ასეა. ევროკავშირში ბიუჯეტის 72 პროცენტი მოდის სოციალურ ხარჯებზე –  განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს: იქ ჯანდაცვაზე თითქმის ტრილიონი დოლარი იხარჯება.

– დასავლეთი გასაგებია, აღმოსავლეთში რა ხდება? ცნობილია, რომ კადაფმა ისლამური სოციალიზმი დაამყარა ლიბიაში.

– შეგნებულად არ ვახსენე კადაფის ლიბია და ჩაუშესკუსდროინდელი რუმინეთი, იმიტომ რომ ამ ორივე ქვეყანაში ერთნაირი ხელწერა იგრძნობა. არ მინდა, შორს მიმავალი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ ორივე ქვეყანა გათავისუფლდა საგარეო ვალებისგან. ჩაუშესკუმ განაცხადა, რომ რუმინეთმა ბოლო ცენტამდე გადაიხადა საერთაშორისო ვალები, როდესაც ეს ვალი 20 მილიარდ დოლარს აღემატებოდა იმ დროისთვის. არ მინდა, პირდაპირი პარალელი გავავლო, მაგრამ რუმინეთში ჩაუშესკუს ამ განცხადებიდან ექვსი თვის შემდეგ მოხდა გადატრიალება და არა მხოლოდ შიდა უკმაყოფილებით, არამედ გარე ჩარევითაც. ლიბიაც, ასევე, იყო ქვეყანა, რომელსაც საგარეო ვალი არ ჰქონდა.

– ცნობილია, რომ აღმოსავლეთის სახელმწიფოებში ახალდაბადებულებს გარკვეულ თანხას ურიცხავენ სახელმწიფო საბანკო ანგარიშზე. ევროპასა და ამერიკაში ბიუჯეტის 70 პროცენტის ორიენტირება სოციალურ ხარჯებზე თავისთავად ნიშნავს თანხის გამოყოფას, რადგან ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება განათლებით, სოციალურად და მისი ჯანმრთელობა დაცული იქნება.

– დასავლეთის ქვეყნებში სოციალური ხარჯებიც მაღალია, მაგრამ ვალებიც დიდი აქვთ. მაგალითად, ობამას დროს ამერიკის საგარეო ვალი 2009 წლის დასაწყისიდან გაიზარდა იმ მოცულობით, რომ წარმოვიდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი მაღლივი კორპუსის სიდიდის ასდოლარიანების წყობა ერთმანეთზე და, პლუს, აღემატება ამ ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტს და, საგარეო ვალი დაახლოებით, 16,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 

– ჩვენი საზომებით, თუკი საგარეო ვალი მთლიანი შიგა პროდუქტის ნახევარს მიუახლოვდება, კატასტროფა იწყებაო და ამერიკისას აგერ გადაუჭარბებია საერთოდაც, მაგრამ კატასტროფის არაფერი ეტყობათ, თუ მე ვერ ვამჩნევ?

–  არის ბევრი ქვეყანა, სადაც ეს მაჩვენებელი მაღალია: არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ევროკავშირში, მათი საგარეო ვალი თითქმის მიუახლოვდა მთლიანი შიგა პროდუქტის ზღვარს. ბევრ ქვეყანაში კიდევ უფრო მაღალია, მაგალითად, საფრანგეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ. საუბარი შეიძლება იმაზე, თუ როგორ გამოიყენება ეს თანხა. ვალს მხოლოდ არ იღებენ, პარალელურად მას ისტუმრებენ კიდეც. საქართველომ ბოლო წლებში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა საგარეო ვალის მომსახურებაზე და კიდევ მოუწევს ადრე აღებული ვალდებულებების შესრულება. ეს არის აუზი შედინებისა და გადინების ნაკადებით: ხდება ძველი ვალების გასტუმრება და ახლების აღება. თან, იმის გათვალისწინებით, რომ, პირობითად, ყოველი ასი მილიონი დოლარი ქმნის დამატებულ ღირებულებას, რაც გაცილებით მეტ რესურსს ამოძრავებს ქვეყნის შიგნით. ეს ზრდის ეკონომიკურ პოტენციალს და ქვეყანას გადახდისუნარიანს ხდის, ამიტომ მისასალმებელია ვალის აღება, მაგრამ მოარული გამონათქვამია: განსხვავება წამალსა და საწამლავს შორის დოზაშია. ამდენად, სწორედ სწორი გამოყენებაა საგარეო ვალის აღების ეფექტიანობის გასაღები. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, როგორი უნდა იყოს ვალის სიდიდე, რომ მან საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის შიგნით ფინანსურ-ეკონომიკურ და შემდეგ სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობას. ჩვენი კრიტერიუმებით, საქართველოსთვის საგარეო ვალი არ უნდა იყოს მთლიანი შიგა პროდუქტის 30 პროცენტზე მეტი.

– ანუ ამერიკას სხვა სტანდარტი აქვს?

– ამერიკასთან შედარება არ გამოგვადგება, რადგან დოლარების ფიზიკური მოცულობის ოთხ მეხუთედზე მეტი ამერიკის ფარგლებს გარეთ არის და იქიდანაც იღებს დამატებით შემოსავალს ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ამ ფუფუნების საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ამერიკაში ეს თანაფარდობა 106 პროცენტია და ჩვენს 35 პროცენტს ვერ შევადარებთ.

– ეს გულდამშვიდების საფუძველს გვაძლევს?

– არის კრიტერიუმი, რის მიხედვითაც, საგარეო ვალის თანაფარდობა ექსპორტთან არ უნდა იყოს 250 პროცენტზე მეტი; საგარეო ვალის მომსახურება ექსპორტთან მიმართებაში, დაახლოებით, 20-25 პროცენტის დონეზე უნდა იყოს. თვითონ ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში ვალის მომსახურებაზე ერთ მეხუთედზე მეტი არ უნდა იყოს მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძაბავს მდგომარეობას ბიუჯეტში სხვა ვალდებულებების დაფარვის მხრივ. ამიტომ იყო, თუ გახსოვთ, როდესაც საქართველოს ევროობლიგაციების ვალდებულება ჰქონდა გასასტუმრებელი 2013 წლისთვის, 2011 წელს მოხდა გადავადება 2020 წლამდე უფრო ნაკლები პროცენტული განაკვეთით. მართალია, საბოლოო ჯამში, 300 მილიონით მეტის გადახდა მოგვიწევს მთლიანობაში, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მოხერხდა ბიუჯეტისთვის იმ დაწოლის არიდება, რაც აუცილებლად მოხდებოდა, რომ არ გადადებულიყო ვალის გასტუმრება.

– თუ არ ვცდები, 2011 წელს რომ არ გადაევადებინათ  და დამატებითი 300 მილიონი დოლარი რომ არ აგვეღო, 800 მილიონზე მეტის გადახდა გვიწევდა 2013-ში.

–  სამწუხაროდ, ასე იყო.

– რომელ ქვეყნებშია მიღებული ახალშობილისთვის სახელმწიფოს მიერ ანაბრის გახსნის პრაქტიკა?

– ეს იმ ქვეყნებშია, რომლებსაც ჭარბი ფინანსური შემოსავალი აქვთ და ამ თანხებს მიმართავენ არა უშუალოდ ეკონომიკაში, რათა ეკონომიკა არ გადახურდეს, არამედ, გარკვეულწილად, სასტაბილიზაციო ფონდებს ქმნიან: ეს უკავშირდება, მაგალითად, მომავალი თაობის განათლებას.

– მიზნობრივია, ესე იგი, ის ანაბრები?

– რა თქმა უნდა. ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება.  ჯერ არ აღმოგვიჩენია საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი რესურსი, რაც ამის საშუალებას მოგვცემდა. მეტიც, დღეს რომ აღმოგვეჩინა, ამის შესაძლებლობა დადგებოდა რამდენიმე წლის შემდეგ. იმდენად ითხოვს საქართველოს ეკონომიკა ინვესტიციებს, რომ ჯერჯერობით მიმდინარე ამოცანების გადაწყვეტაა საჭირო. ახალშობილებს ანაბრებს, ძირითადად, უხსნიან ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში. სხვათა შორის, რუსეთშიც შეიქმნა სასტაბილიზაციო ფონდი. იქ დედობრივი კაპიტალის  განკარგვის საშუალება არსებობს და მხოლოდ ბავშვების სწავლა-აღზრდა-განვითარებისთვის იქნება ეს სახსრები გამოყენებული. ეს გარკვეულწილად ჰუმანიტარული აქციაა და მისასალმებელია, რადგან ჯობია, თანხები დაიხარჯოს განათლებასა და ჯანდაცვაზე, ვიდრე მილიტარიზაციაზე.

– ჩვენი 3 000-დოლარიანი ვალი მოსახლეობის ერთ სულზე ცოტა სასაცილოდ ჩანს სხვების ვალების ფონზე, თუმცა ჩვენი ბიუჯეტის ოდენობაც იმავე გრძნობას იწვევს სხვა ქვეყნების ბიუჯეტების ფონზე, მძიმეა ეს 3 000 დოლარი მოსახლეობის ერთ სულზე თუ ადეკვატურია ეს ტვირთი ჩვენთვის?

– ყველაფერი შეფარდებითია. მაგალითად, ჩვენ და რუსეთს აბსოლუტურ მოცულობაში თითქმის ერთი და იმავე ზომის საგარეო ვალი გვაქვს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, მაგრამ რუსეთის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე ორ-ნახევარჯერ უფრო განვითარებულია, ამიტომ იქ საგარეო ვალის დაწოლა უფრო მსუბუქია. მაგალითად, ინდოეთის მაჩვენებელი ჩვენთან შედარებით 15-ჯერ ნაკლებია მოსახლეობის ერთ სულზე, მიუხედავად იმისა, რომ მას 300-მილიარდიანი საგარეო ვალი აქვს. ასე რომ, ეს დამოკიდებულია როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკურ პოტენციალზე, ისე მოსახლეობის სიდიდეზე. შეიძლება ასეთი შედარების გაკეთება, ამიტომ სიდიდეების მსგავსება არაფერს იძლევა, მთავარია, ეკონომიკების განვითარების დონეების შედარება. მაგალითად,  სინგაპურს საგარეო ვალის ჩვენზე ოდნავ მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ სინგაპურის ეკონომიკის განვითარების დონეს ჩვენსას ვერც კი შევადარებთ.

скачать dle 11.3