კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაული არაერთგზის ჩადენილად და რას ნიშნავს, ზოგადად  ბრალში მითითება, რომ პირმა არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია კოდექსის შესაბამის მუხლში. დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით, პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ანდა, თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს დანაშაულის ამსრულებლობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან, თანაამსრულებელთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში; აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ასაკის, შეურაცხადობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, დაეკისრება თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს, რომელიც, მართალია, ცდილობდა დანაშაულის ჩადენას, მაგრამ შემდეგ საკუთარი ნებით თქვა უარი მის განხორციელებაზე?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. ამასთან, პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს.

კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს და როგორ შეიძლება განვმარტოთ დანაშაულის მცდელობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ითვლება თუ არა კერძო საწარმოში დირექტორის დაუდევარი ქმედება დანაშაულად და თუ ასეა, რა შემთხვევაში შეიძლება, იყოს საწარმოში დირექტორის დაუდევარი მოქმედება სისხლისსამართლებრივად დასჯადი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საწარმოში დირექტორის დაუდევარი ქმედება იგივე გულგრილობაა. კერძოდ, გულგრილობად ითვლება საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება  მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. ამგვარი ქმედება ითვლება დანაშაულად და ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარმა ქმედებამ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ,  რას ნიშნავს პირობითი სასჯელის დროს დანიშნული გამოსაცდელი ვადა და მაინტერესებს, გამოსაცდელი ვადა ითვლება თუ არა სასჯელად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ გამოსაცდელი ვადა თავად სიტყვის შინაარსიდან გამომდინარეც, არ არის სასჯელი, არამედ დაწესებული პირობის ვადაა, რომლის განმავლობაშიც პირის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირობითი მსჯავრი სასჯელად გარდაიქმნება. კერძოდ, პირობითი მსჯავრის არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ, ერთი და არა უმეტეს, სამი წლისა, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – პირობით მსჯავრზე ერთი წლით მეტი. დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს პირობით მსჯავრზე ერთი წლით მეტი.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში ჩაითვლება ჩადენილი მკვლელობა აფექტში ჩადენილ მკვლელობად და რა სასჯელია დადგენილი კანონით აფექტში ჩადენილი მკვლელობისთვის?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ განზრახ მკვლელობა აფექტში ჩადენილად ჩაითვლება, ანუ განზრახია მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რომელიც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედება კი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეიძლება თუ არა, პირს სასჯელად დაენიშნოს მხოლოდ გაფრთხილება?

პასუხი: განიმარტავთ, რომ გაფრთხილებას, როგორც სასჯელის სახეს, სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს, მაგრამ ის არის კოდექსით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების ერთ-ერთი სახე. კერძოდ, გაფრთხილება ნიშნავს არასრულწლოვნისთვის იმის განმარტებას, თუ რა ზიანი გამოიწვია მისმა ქმედებამ და რა შედეგი მოჰყვება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენას.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორია თაღლითობის დანაშაულის კანონისმიერი განმარტება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ თაღლითობა არის, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.

скачать dle 11.3