კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკონტროლებდა ბერიას სტალინი

(1946 წლის თებერვალი)

დიდ სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ ჩვენი პარტიის პოლიტბიუროს ზოგიერთი წევრის ამბიციები საგრძნობლად გაიზარდა. დიდი ბელადის მახვილ თვალს ეს არ გამოჰპარვია და მან კადრების გადაჯგუფების პროცესი განახორციელა, პარალელურად კი თავისი ყველაზე ერთგული კადრებისგან ახალი, საიდუმლო სადაზვერვო სამსახური ჩამოაყალიბა. ეს სამსახური ფორმალურად მისი პირადი დაცვის ერთ-ერთ ქვედანაყოფად მოიხსენიებოდა. თუმცა, მისი ფუნქციები ბევრად ფართო, ფაქტობრივად, შეუზღუდავი იყო და მხოლოდ და მხოლოდ დიდ ბელადს ექვემდებარებოდა. 3 თებერვალს ვლასიკმა გამომიძახა და მითხრა: „ხვალ დილით, 9 საათზე, სტალინთან უნდა გამოცხადდე, ახლა კი შეგიძლია, სახლში წახვიდე და კარგად დაისვენო“. ვლასიკის სიტყვებმა გამაკვირვა, რადგან, სულ რაღაც ერთი საათის წინ ვიყავი სტალინთან და მას არაფერი უთქვამს ჩემთვის. რა აღარ ვიფიქრე, მაგრამ, რას გავაწყობდი და სახლში წავედი. 4 თებერვალს, ზუსტად 9 საათზე, სტალინის მისაღებში ავიტუზე. პოსკრებიშჩევმა რომ დამინახა, მითხრა: რას უდგახარ, ამხანაგი სტალინი გელოდებაო. გაუბედავად შევაღე კარი და შესვლის ნებართვა ვითხოვე. ამ კარში თითქმის უკვე 25 წლის განმავლობაში, ალბათ, დღეში ასჯერ შევდიოდი, მაგრამ ამჯერად სულ სხვა სიტუაციაში ვიმყოფებოდი და გამახსენდა დიდ ბელადთან პირველი შეხვედრა. „რას მორცხვობ, შემოდი, მიშა!“ – მომესმა სტალინის ხმა და მეც უფრო თამამად შევედი ნაცნობ კაბინეტში, გავიჭიმე და ერთ ადგილზე გავშეშდი მდუმარედ. სტალინმა ჩიბუხს მოუკიდა და ღიმილით მითხრა: „ასე სარივით აპირებ შუა ოთახში დგომას? დაჯექი!“ – მან დაბალ სავარძელზე მიმითითა, რომელიც პატარა მაგიდის გვერდით, ფანჯარასთან იდგა. მე სავარძელში ჩავჯექი და სტალინს მივაჩერდი. მან კი განაგრძო: „ზოგიერთი ჩვენი მეგობარი საკმაოდ გაიფხორა, ინდაურს დაემსგავსა და ცდილობს, სხვებს თავზე გადაახტეს. მართალია, ომში ერთად გავიმარჯვეთ და მთელი მთავრობა ძალებს არ ზოგავდა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგიერთ გამარჯვებულს (სიტყვა „გამარჯვებული“ მან ხაზგასმული ირონიით წარმოთქვა) სხვების თავზე გადახტომის უფლება ჰქონდეს. ამას ჩვენ ვერც დავუშვებთ და არც არავის მივცემთ ამის უფლებას“. სტალინის შესავლიდან ვერაფერს მივხვდი, ეს თავადაც შემატყო და დამიკონკრეტა: „მე მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტბიუროს ზოგიერთ წევრს დიდი პოლიტიკური ამბიციები გააჩნია და ცდილობს მათ დაკმაყოფილებას, რაც ჩვენს საერთო საქმეს მხოლოდ ავნებს. გადავწყვიტე, შევქმნა ორგანო, რომელიც ზოგ-ზოგიერთების ვნებებს გააკონტროლებს და არ დაუშვებს ქაოსს პარტიის შიგნით. ამგვარად, ჩემი პირადი დაცვის სამსახურის ბაზაზე, ჩემი საიდუმლო ბრძანების საფუძველზე, დღეიდან ერთი თვის ვადაში, ეს სამსახური უკვე ეფექტურად უნდა ფუნქციონირებდეს. უფროსად შენ გნიშნავ და შენი იმედი მაქვს“. სტალინის სიტყვები მეხივით დამეცა, რადგან, მსგავსი ფუნქციები ბერიას უწყების კომპეტენციაში შედიოდა, რომელსაც ის საკმაოდ წარმატებით ართმევდა თავს და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ... უეცრად გონება გამინათდა და ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის: ეს სამსახური სწორედ ბერიას გასაკონტროლებლად იქმნებოდა. მართლაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რადგან ბერიასთანა ვერაგ და ეშმაკ კაცთან პაექრობა არც ისე იოლი საქმე იყო. რა უნდა მექნა?! დიდი ბელადის ბრძანების შესასრულებლად მე ყველაფერზე თანახმა ვიყავი და იმავე დღეს მოვკიდე საქმეს ხელი. მეორე დღეს, სტალინის ბრძანებით, მე გენერალ-მაიორის წოდება მომანიჭეს, ფორმალურად კი კვლავ დიდი ბელადის პირადი დაცვის წევრად ვირიცხებოდი. დიდი ბელადის ბრძანებისამებრ, უკვე ერთ თვეში, ჩვენი ქვედანაყოფი (ჩვენს უწყებას კონსპირაციულობისთვის ვუწოდებდით „ქვედანაყოფს“, თორემ, მასში 10 000 რჩეული და ერთგული ადამიანი მუშაობდა), ეფექტურ ფუნქციონირებას შეუდგა. იმ საბაბით, რომ სტალინის პირადი დაცვა ვიყავით ნებისმიერი სტრუქტურის ნებისმიერ საიდუმლო დოკუმენტზე მიგვიწვდებოდა ხელი, ჩემ მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაეკმაყოფილებინა ნებისმიერი დონის საბჭოთა ჩინოვნიკ-ფუნქციონერს. უმოკლეს დროში ჩვენ შევაღწიეთ თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში და თვით ლავრენტი ბერიას აპარატსაც ვაკონტროლებდით. ბერიას ვერაფერს გამოაპარებდა კაცი და ის მშვენივრად მიხვდა, რაც ხდებოდა, თუმცა, გარეგნულად არ ამჟღავნებდა თავის შეშფოთებას. ამგვარად, ბერიას სახით მე მრისხანე მტერი შევიძინე, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში ცდილობდა ჩემს ჩაძირვას, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან თვით სტალინი მენდობოდა და მიმაგრებდა ზურგს. ჩვენი სამსახურის მთავარი ამოცანა პარტიის უმაღლეს ეშელონებში შექმნილი სიტუაციის ანალიზი და კონტროლი იყო. ამგვარად, დიდი ბელადი ყოველდღიურად იღებდა სწორ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მის გარემოცვაში და რა იყო მოსალოდნელი უახლოეს მომავალში. ჩემი აზრით, მიუხედავად მკაცრად გასაიდუმლოებულობისა, პოლიტბიუროს ბევრმა წევრმა იცოდა ჩვენი უწყების არსებობის შესახებაც. საბოლოოდ, ეს მაინც დადებითი მოვლენა იყო, რადგან დასჯის შიში მათ მრავალ მავნებლობაზე ააღებინებდა ხელს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სტალინი ბოლომდე არავის ენდობოდა, მაგრამ მშვენივრად ვხედავდი იმას, რომ მას ჩვენდამი (სტალინის პირადი დაცვის სამსახური) ჰქონდა ყველაზე დიდი ნდობა. „წამითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, რადგან მტერს არ სძინავს“, – ამბობდა ხოლმე დიდი ბელადი და გვასწავლიდა: ტოტალური კონტროლი ძლიერი, ურყევი სახელმწიფოს საწინდარია. სწორედ უკონტროლობამ შექმნა ქაოსი რუსეთის იმპერიაში, რასაც ნიკოლოზ მეორეს ტახტი შეეწირაო. სტალინს უყვარდა ხოლმე ისტორიული მაგალითების მოყვანა და ხშირად საკუთარი რევოლუციური მოღვაწეობის ისტორიებსაც კი ყვებოდა. ჩვენ, ბოლშევიკებს, – ამბობდა სტალინი, – უმკაცრესი წესრიგისა და კონტროლის მექანიზმი ჯერ კიდევ არალეგალობისას გვქონდა შექმნილი. რომ არა მსგავსი მექანიზმი, ჩვენი კონსპირაცია წყალში ჩაიყრებოდა და ვერასგზით შევძლებდით რევოლუციის მოხდენას და მასში გამარჯვებასო. როგორც ძველმა, ბრძოლების ქარცეცხლში გამობრძმედილმა ბოლშევიკმა, სტალინმა მშვენივრად უწყოდა, საიდუმლო-სადაზვერვო ორგანოების ფასი და მათი მნივშნელობა სახელმწიფოსთვის. ჩვენი სტრუქტურების ძირითადი სქემა ბელადმა მოგვაწოდა და მანვე მოგვინიშნა მუშაობის ძირითადი პრინციპები. ამრიგად, სამსახური, რომელიც 1946 წლის მარტის დასაწყისში შეიქმნა, 1953 წლის მარტამდე, შვიდი წლის განმავლობაში ბრწყინვალედ ფუნქციონირებდა და სწორედ ჩვენი დამსახურებაა, რომ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ორგანო დიდი ბელადის მორჩილი იყო.

 

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3