კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიწის ყიდვა ნებისმიერ უცხოელს შეუძლია და რატომ არის შეუძლებელი არაპროფესიონალისა და უცხოელისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში მიწის შეძენა

მართალია, საქართველოში მსოფლიოში არსებული 52 ნიადაგიდან 49 თითქმის ყველა კლიმატური ზონაა წარმოდგენილი, მაგრამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონე და აგრარულ ბაზარს მოჭარბებული იმპორტული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სიმრავლე მოწმობს, რომ ღვთის წყალობით ბოძებულ მიწას თავისი კლიმატური პირობებიანად მთლად ხეირიანად ვერ უნდა ვიყენებდეთ. ამის პარალელურად, ჩვენი მიწის შეძენის მსურველთა შორის მრავლადაა უცხოელი, თუმცა 2014 წლის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადდა და ამ პერიოდში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის პროცესი შეჩერდა. როგორ არეგულირებენ ამ მტკივნეულ საკითხს სამყაროს ცივილიზებულ ნაწილში და რატომ ანიავებდა წლების განმავლობაში საქართველო იმ მთავარ რესურსს, რასაც მიწა ჰქვია, პრობლემის არსში პაატა კოღუაშვილი გაგვარკვევს.

– რა არის მთავარი პრობლემა, რაც მიწის გონივრულად გამოყენებას უშლის ხელს?

– გამოსავალი არის ერთადერთი, საქართველომ უნდა მიიღოს მიწათსარგებლობის ახალი კანონი. თუ საქართველომ არ მიიღო ეს ახალი კანონი, არაფერი გამოვა, იმიტომ რომ არანაირი მორატორიუმი და აკრძალვა არასდროს იძლევა შედეგს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აკეთებს მთელი მსოფლიო. მე ჩამოყალიბებული მაქვს საკუთარი ხედვა და გავუგზავნე კიდეც პარლამენტს, დაიწუნეს, მაგრამ შემდეგ იმავეს გაკეთება დაიწყეს, როგორც ჩანს, ჩვენი იგნორირება უნდათ. თუმცა ამას წინათ წერილი მომივიდა, ამ საკითხზე მუშაობას ვიწყებთ, თქვენ გარეშე არ გამოვა და გთხოვთ, ჩაერთოთო.

– არის აღრიცხული, ვის რამდენი მიწა აქვს საქართველოში ადგილობრივი იქნება თუ უცხოელი? 

– 2004 წლის პირველი იანვრის შემდეგ საქართველოში მიწის ბალანსი არ იწარმოება, ანუ 2004 წლის პირველი იანვრის შემდეგ არავინ იცის, რა ხდება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდში და არც მთლიანად მიწის ფონდში: რა დაგვრჩა, რა კატეგორიაშია და ასე შემდეგ. მეტიც, 2010 წელს გაეროს მიწის საბჭომ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გილაურს, სადაც მიუთითებდა, სად გინახავთ, თქვენ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მიწის ბალანსს არ აწარმოებდესო; ქვეყანა, რომელსაც ოთხი მეზობლიდან საზღვარი მხოლოდ ერთთან აქვს დადგენილი. საქართველოში აღირიცხება მხოლოდ და მხოლოდ პრივატიზებული მიწები ან ის მიწა, რომელსაც ერთი ადამიანი ასხვისებს მეორეზე ან მემკვიდრეობით გადასცემს. შესაბამისად, თუ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდი 3 მილიონ 250 ათასი ჰექტარია, დღეს საჯარო რეესტრი აღრიცხავს მხოლოდ 890 ათას ჰექტარს, სად არის დანარჩენი?!

– 30 პროცენტიც არ ყოფილა აღრიცხული.

– უცხოელებისთვის მიყიდულია, დაახლოებით, 50 000-ჰექტრამდე და ეს, ძირითადად, მოხდა 2012 წელს, იმიტომ რომ 2012 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა უდიდესი სახელმწიფო ღალატი: როდესაც დააკმაყოფილა ვინმე დანიელი მოქალაქის საჩივარი და მისი უფლებების შემზღუდავ მუხლად ჩათვალა საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, რომელიც თითქოს მას უკრძალავდა საკუთრების ქონას საქართველოში. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დანაშაულებრივად მისცა ყველა ფიზიკურ პირს მსოფლიოში უფლება, შეესყიდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

– დანიაში როგორაა, ამ მხრივ, საქმე? ასე ადვილად მომყიდიან იქ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას?

– დანიაში საკმაოდ შეზღუდულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა, განსაზღვრულია ზღვარი და არავის აქვს უფლება, იყიდოს 24 ჰექტარზე მეტი მიწა. თუ მეტი უნდა, სჭირდება ნებართვები მთავრობისგან. ეს წესი ვრცელდება ადგილობრივებზეც და უცხოელებზეც. ოღონდ უცხოელმა ძალიან ბევრ მოთხოვნას უნდა უპასუხოს: უნდა ჰქონდეს აგრარული განათლება, უნდა იყოს ფერმერი და 5 წელს მაინც უნდა ეწეოდეს ფერმერობას მიწის ყიდვამდე, უნდა ჰქონდეს სოფლად ცხოვრების და შრომითი საქმიანობის გამოცდილება და შესაბამისი კაპიტალი, ისე კი არა, ჯერ მიწა იყიდოს და შემდეგ იაფი კრედიტი მოგთხოვოს. მიწას უცხოელებს იმიტომ მივყიდით, რომ ინვესტიცია ჩადოს, ინვესტიცია მიწის ყიდვა კი არ არის, არამედ ის, თუ რას ჩადებ იმ მიწაში და ზემოდან რას დაადგამ. ეს საქართველოში ესმით დამახინჯებულად მიწის ინვესტირება, ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ და წაიღებენო.

საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შედარებით იაფი ღირს, რადგან მისი მყიდველი მხოლოდ ფერმერია, არაფერმერს არ აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაშვებულია მიწის მიყიდვა უცხოელისთვის, მიწის ფონდის მხოლოდ 0,7 პროცენტია უცხოელებისთვის მიყიდული. ბუნდუქიძის ლოგიკით კი, მიწა თუ იყიდე, შენია და, რაც გინდა, გააკეთე. დანარჩენ მსოფლიოში კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით უნდა გაიყიდოს. ამ მიწაზე შენ მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმის აგრარულ ნაწილს. შენ უნდა აწარმოო ის კულტურები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია და არა შენი.

– ეს მორატორიუმით გავა 2014 წლის 31 დეკემბერს, შემდეგ რას ვაკეთებთ?

– საქმეც ეს არის: რაც უნდა გაკეთდეს, დავუწერე და წარვუდგინე პარლამენტს. უნდა მივიღოთ შესაბამისი შეზღუდვები: მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფონდის მხოლოდ 5 პროცენტი შეიძლება, იყოს გაცემული უცხო ქვეყნის მოაქალაქეებზე.

– ეს ნორმა არ იქნება ამოვარდნილი საერთაშორისო კონტექსტიდან?

– პირიქით, მთელ მსოფლიოში ასეა. მაგალითად, ჩეხეთში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთი კვდრატული მეტრიც კი არ არის გაყიდული, არც ირლანდიაში. ირლანდიის კანონმდებლობა გეუბნება: 7 წელს უნდა იცხოვრო აქ და დაამტკიცო, რომ შეგიძლია ამ მიწის მოვლა. ჰოლანდიაში 10-წლიანი იჯარით გაძლევენ მიწას. ამ დროის განმავლობაში მონიტორინგის ჯგუფი გაკვირდება, როგორ მუშაობ და ამის შემდეგ გაძლევს შესყიდვის უფლებას. მეორე, არავინ აძლევს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, მხოლოდ ჩვენთან იქცეოდნენ ასე. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ ჩაწერა, რომ მიწა არ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც სტანდარტული უძრავი ქონება. მთელი მსოფლიო ასე იქცევა, ჩვენ გარდა.

–  უფრო ნათელი რომ იყოს მკითხველისთვის, ზოგადად, როგორი დამოკიდებულებაა მიწისადმი ევროკავშირის ქვეყნებში?

–  ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, როგორც გითხარით, მაგალითად, ჩეხეთსა და ირლანდიაში სახელმწიფო დონეზე იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში. მაგალითად, ევროკავშირში, მართალია, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების მხრივ წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები გათანაბრებულნი არიან ერთმანეთთან, მაგრამ მათთვის დაწესებული შეღავათები ეკონომიკურად თითქმის შეუძლებელს ხდის მესამე ქვეყნების რეზიდენტების მიერ მიწის შეძენას. ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო კონკრეტულად განიხილავს 2 ჰექტარზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება, იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების, როგორც ფრანგი ერის სიამაყის საგნის და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა.

– კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები როგორ უვლის მიწის საკითხს?

– ამერიკის შეერთებულ შტატებში 1978 წელს მიიღეს ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში უცხოური კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ თითოეული კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულირება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხზე ცალკეული შტატის დონეზეა დაწესებული. ამგვარი კანონმდებლობა აკრძალვების სხვადასხვა დონეს გულისხმობს და უკვე შტატების ნახევარზე მეტშია მიღებული. ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე.

– რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწის შესყიდვის მსურველი უცხოელები?

– ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები განსაკუთრებით ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, აგრარული შრომის გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და სხვა. ამის შედეგია ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1 პროცენტზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ძირითადად ევროპელები და კანადელები არიან.

– კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა რეგულაციებია ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანაში მიწასთან მიმართებაში?

– რუმინეთში ევროკავშირის სახელმწიფოთა მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი საცხოვრებელი ადგილი აქვთ რუმინეთში და იურიდიული პირები, რომლებიც რუმინეთში არიან რეგისტრირებულნი, სასოფლო-სამეურნეო მიწის შესაძენად იგივე უფლებები აქვთ, რაც რუმინეთის მოქალაქეებს. იმ ევროკავშირელებს კი, რომლებიც რუმინეთში არ ცხოვრობენ, რუმინეთში მიწის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ ნებართვის მიღების შემთხვევაში. დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეებს არა აქვთ უფლება, შეიძინონ რუმინეთში მიწის ნაკვეთი. სხვათა შორის, ეს რეგულირება რუმინეთში 2007 წლამდეც, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებამდეც არსებობდა.

ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება მიწების ცალკეული კანონებით. მაგალითად მიწის ერთ-ერთი კანონით, უცხოელი უძრავი ქონების შეძენისთვის საჭიროებს  ნებართვას. ნებართვა კი გაიცემა, თუ ავსტრიის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ინტერესები არ შეილახება და, რაც მთავარია, უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად უნდა იმყოფებოდეს. თუ უცხოელს ნაყოფიერი, სასოფლო-სამეურნეო  მიწის შეძენა სურს ავსტრიაში, ის  ზემოთ მოცემულ ნებართვასთან ერთად, საჭიროებს დამატებით ნებართვას, რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ. დაახლოებით იგივე რეგულირებაა ავსტრიის მიწების სხვა კანონმდებლობებითაც. მაგალითად, შვეიცარიაში უცხოელების მიერ მიწის შეძენა დაშვებულია მხოლოდ ნებართვის აღების პირობით. კანონით შეზღუდვები ძირითადად   იმ პირებზე წესდება, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და არა იმ უცხოელებზე რომლებიც შვეიცარიაში კანონიერად ცხოვრობენ.

გერმანიის კანონმდებლობით, უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენასთან დაკავშირებით იგივე შეზღუდვები აქვთ, რაც გერმანიის  მოქალაქეებს. სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისათვის აუცილებელია განცხადების წარდგენა, რომელშიც აღწერილი და დასაბუთებული  უნდა იყოს  სასოფლო-სამეურნეო მიწის განვითარების გეგმა. ასევე, წინაპირობაა, რომ ფიზიკური პირი, რომელიც საკუთრებაში იძენს მიწის ნაკვეთს, უნდა იყოს 18 წლის. გერმანიაში საკმაოდ ფრთხილი მიდგომაა სასოფლო-სამეურნეო მიწის არასათანადო გამოყენებასთან როგორც გერმანიის მოქალაქის, ისე არამოქალაქის მიერ. ამიტომაც ასეთი ნებართვის მოპოვება სპეციალური კომისიის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

– ჩვენს მეზობელ თურქეთსა და რუსეთში რა ხდება?

– თურქეთის კანონმდებლობით, უცხოელისთვის მიყიდული თურქეთის მიწა მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 2,5 ჰექტარს. გამონაკლის შემთხვევაში, მაქსიმუმ შესაძლებელია ეს ფართობი 30 ჰექტრამდე გაიზარდოს, თუმცა არ არსებობს შეზღუდვა  მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე.

რუსეთში სულ, დაახლოებით, 400 მილიონი ჰექტარი  სასაფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, საიდანაც მხოლოდ 129 მილიონი ჰექტარია კერძო საკუთრებაში. თეორიულად, დღეს რუსეთში უცხოელს შეუძლია, იყიდოს სასოფლო-სამეურნეო მიწა, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებზეც ვრცელდება. მაგრამ აკრძალულია რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიასთან არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება. რუსეთის პრეზიდენტის 2011 წლის 9 იანვრის ბრძანებით განისაზღვრა ის ტერიტორიები, რომელიც ექცეოდა უცხოელებისთვის შესასყიდად აკრძალულ ტერიტორიების ნუსხაში. სია საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. მათ შორისაა შორეული აღმოსავლეთისა და ციმბირის ტერიტორიული საზღვრები. ასევე, ქალაქი კალინინგრადი და მის ახლოს მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები და არასასოფლო-სამეურნეო მიწები. უცხოელებს ეკრძალებათ ასევე უკრაინასთან მოსაზღვრე ქალაქ ბელგოროდის მიმდებარე ტერიტორიებისა და, რა თქმა უნდა, ქალაქ სოჭისა და აზოვის ზღვასთან მოსაზღვრე ტერიტორიების მიმდებარე მიწების შეძენა. აკრძალვა, ასევე, ეხება კრასნოდარისა და კავკასიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს. 

– ცნობილია, რომ უკრაინა განსაკუთრებით ნაყოფიერი მიწებით გამოირჩევა, მათ რა რეგულაციები აქვთ?

– ცხადია, უცხოელი ინვესტორებისთვის ძალიან საინტერესოა უკრაინის ნაყოფიერი მიწები. უკრაინაში 32 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ზოგიერთი ნაწილი რადიაციულად დასხივებული იყო, უკრაინული მიწები მაინც ძალიან ნაყოფიერად ითვლება. უკრაინაში 2012 წლის ბოლომდე აკრძალული იყო მიწის გაყიდვა. უკრაინელ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს მიწა აქვთ იჯარით. ასევე, იჯარით აქვთ აღებული უკრაინული მიწის 17 მილიონი ჰექტარი უცხოურ ფირმებს.

скачать dle 11.3