კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „განაჩენი გამოუტანა“ შეყვარებულს მაკო დოლიძემ და როგორ მუშაობს ის დედამთილის უფროსობის ქვეშ

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგოს სახელი მაშინვე დაიმკვიდრა, როგორც კი ტელეეკრანზე გამოჩნდა. მაკო დოლიძე, „პირველი სტერეოს“ მუსიკალური წამყვანი, დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა ეკრანზე და ამასობაში მის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლე მომხდარა. მაკო გათხოვდა, მისი მეუღლე გუგა შაფათავაა და ჰყავს უსაყვარლესი შვილი, დათუნა. ცოტა ხნის წინ „იმედის დილის“ საინფორმაციოს წამყვანი გახდა და შესაბამისად, მისი პირადი უფროსი არხის საინფორმაცოს სამსახურის უფროსი – ბაია ცანავაა.

 მაკო დოლიძე: ასაკთან, გამოცდილებასთან, სხვა ინტერესებსა და სურვილებთან ერთად, ახალი სამსახური დავიწყე. ვარ „იმედის“ დილის გადაცემის საინფორმაციოს წამყვანი და ძალიან მომწონს ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ხუთ საათზე ვდგები, ერთი სული მაქვს, დროზე გათენდეს, სამსახურში მივიდე და ეთერში დავჯდე. ეთერის შემდეგ ვრჩები კიდევ ცოტა ხანს, მეორე დღის საქმეებს ვაგვარებ და მოვდივარ. სახლში მელოდება ჩემი წლის და ოთხი თვის შვილი, ჩემი ანგელოზი დათუნა. იმის გარდა, რომ ბავშვს ვუვლი და ვმუშაობ, აქტიურად ვარ დაკავებული სპორტით. დავდივარ ერთ-ერთ სპორტულ კომპლექსში, ბევრს ვვარჯიშობ, იქვეა აუზი და შეგიძლია, მზის სხვებითაც ისიამოვნო. გათხოვებამდეც ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და ახლაც გავაგრძელე. ორსულობაში პასიურ ცხოვრებას „მივეძალე“ (იცინის). სპორტული ცხოვრების გარდა, მიყვარს მოგზაურობაც. მე და ჩემმა მეუღლემ მოვახერხეთ და რამდენჯერმე ვიყავით ევროპაში, მაგრამ, თუ სამსახურიდან გამომდინარე, შორს წასვლას ვერ ვახერხებთ, საქართველოშიც არის ისეთი ადგილები, სადაც შაბათ-კვირას განტვირთვას ვახერხებთ.

– ჩვენ არ გვისაუბრია შენ გათხოვებაზეც. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ვინ არის შენი მეორე ნახევარი, სად გაიცანი?

– მე და გუგა ერთმანეთს ძალიან ბევრი წელი ვიცნობდით დაოჯახებამდეც, ახლო მეგობრები ვიყავით. სულ მესმოდა, რომ მეგობრობიდან დაწყებული სიყვარული ძალიან მყარი და სტაბილურია, ამაში ვრწმუნდები – ეს ჩვენს მაგალითზეც დავადასტურეთ. თავიდან ბოლომდე ვიცნობდით ერთმანეთს, ყველა წვრილმანი, ხასიათის ნიუანსები, რა უყვარს, რა არა... უკვე შეყვარებულები ვიყავით, როდესაც ჩინეთში მომიწია წასვლა და უკვე გადაწყდა ყველაფერი. ისე მოგვენატრა ერთმანეთი, ისე გვინდოდა ერთად, ოცდაოთხი საათი ტელეფონზე ვეკიდეთ. მივხვდით, ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვიცხოვრებდით და რომ დავბრუნდი, დაქორწინება გადავწყვიტეთ. 

– ეს მოკლე ვერსია, ახლა ვრცლად მომიყევი, როდის იყო პირველი სიყვარულის ახსნა, მეგობრობიდან როგორ გადაიზარდა ეს ურთიერთობა სიყვარულში?

– ერთ დღეს არ გაგვიღვიძია და არ გვითქვამს: უი, ერთმანეთი გვიყვარსო. ასე ხომ არ ხდება. ნელ-ნელა ურთიერთობამ მოიტანა სიყვარული. მივხვდი, რომ უკვე მომწონს, ჩემი ტიპია, ჩემი ადამიანი. ერთნაირი რაღაცეები მოგვწონდა, სულ ერთად დავდიოდით. შევეწყვეთ ხასიათით და მერე მართლა ერთდროულად შეგვიყვარდა ერთმანეთი.

– ესე იგი განშორებამ დადებითად იმოქმედა.

– ექვსი თვით წასვლა მართლა ძალიან სერიოზული განაჩენი იყო ორივესთვის – მტკივნეული განშორება, რომელმაც საბოლოოდ, ჩვენი ერთად ყოფნა გადაწყვიტა. ქორწილი არ გვქონია, ზაფხული იყო და დიდი ქორწილის გაკეთება არ მოგვინდა. სიღნაღში ხელი მოვაწერეთ, ვიყავით ოჯახის წევრები, მეჯვარეები, მეგობრები. იქვე გვქონდა სუფრა და ყველანი, სტუმრებიანად სიღნაღში დავრჩით. მეორე დღეს კიდევ გავაგრძელეთ და წავედით სამოგზაუროდ. რამდენიმე თვის შემდეგ გვქონდა ჯვრისწერა, რის შემდეგაც დიდი სუფრა გავაკეთეთ. კარგი იყო ის შეგრძნებები თავიდან, ჯვრისწერა საოცრად ამაღელვებელი პროცესია. 

– ევროპაში ვიყავითო ახსენე და ყველაზე რომანტიკული რომელი მოგზაურობა იყო?

– ყველა ძალიან მაგარი იყო. ჩემს ქმარს ძალიან უყვარს მუზეუმები, გაშლილი რუკით დავდიოდით ყველგან. დასასვენებლად მივდიოდით და დაღლილები ჩამოვდიოდით, მაგრამ ძალიან სახალისო იყო და კარგად გვახსენდება. შაბათ-კვირასაც მშვენიერია ლოპოტაზე ან ყვარლის ტბაზე დასვენება, განტვირთვა და ამაში ძალიან გვეხმარებიან მშობლები. მყავს არაჩვეულებრივი მამამთილი, რომელიც ძალიან დაკავებული არ არის და დათუნას იტოვებს ხოლმე. აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებს, რაც შეიძლება, დედამ და ბებიამ გაუკეთონ. მოკლედ, ოჯახიც გვანებივრებს და ხელს გვიწყობს.

– დედამთილი-უფროსი როგორია?

– შესანიშნავი... 

– რაღაც დისკომფორტი მაინც ხომ იქნებოდა?

– არანაირი. მე და ბაია უახლოესი მეგობრები ვართ, ყველაფერს ვუყვები, იქნება ეს პირადული, გუგაზე რამე თუ სხვა ამბავი. ამიტომ სამსახურშიც არ გაგვჭირვებია სამსახურებრივი ურთიერთობა. გარკვეული პერიოდი ეთერში დასაჯდომად ვემზადებოდი. შემდეგ უკვე, როდესაც პირველი ეთერი შედგა, ძალიან ბევრი თბილი სიტყვა მივიღე. ტელევიზიაში დაბრუნება ყოველთვის მინდოდა და მენატრებოდა, მაგრამ გასართობ გადაცემას არა მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს შეიძლება ძალიან დიდხანს აკეთო, ინტერესის გამო უფრო შეველიე, რადგან საინფორმაციოს სპეციფიკამ დამაინტერესა. ვუყურებდი და ვაკვირდებოდი წამყვანებს, ვფიქრობდი, რა როგორ გამეკეთებინა. მოკლედ, პირველმა ეთერმა რომ მოწონება დაიმსახურა, სტიმული მომეცა და მეტი მონდომებით ვაკეთებ საქმეს. სახლში მოვდივარ, სულ ვახვევ გასულ გადაცემას, მინუსებს ვეძებ და ვცდილობ, ყოველდღიურად განვვითარდე და დავიხვეწო. რამდენიმეთვიანმა მზადებამაც გამოიღო შედეგი. ყველა ნიუანსზე ვფიქრობდი. მერე ეს საკითხი კარგად გავიაზრე, მოვირგე. ასე, ადვილად, ერთ დღეში არაფერი გამოდის. არსად არ მეჩქარებოდა, მერჩივნა, მზად ვყოფილიყავი.

– ყოველთვის ტოროლა იყავი?

– კი. უფრო სწორად ტოროლა კი არ ვარ, ძილი საერთოდ არ მიყვარს – არც დილით, არც შუადღეს, არც ღამე. ჭოტივით ვარ და ეს გამომადგა. მეხმარება ისიც, რომ ბავშვს დილის ექვს საათზე ვაჭმევ და მაინც მეღვიძა ამ დროს. „ვაიმე, ხუთზე როგორ დგები?!“ – ყველა ამას მეკითხება. მე კიდევ იმას ვერ ვხვდები, რა არის ამაში პრობლემა (იცინის). არც ძალიან ადრე არ ვიძინებ. როდესაც ეთერში ვარ, წინა ღამით თორმეტ-პირველზე ვიძინებ. ჯერჯერობით კარგად ვარ აწყობილი და არაფერ ახალზე არ ვფიქრობ. თან უკვე ზაფხულია. ჯერ სურამში მიმყავს ბავშვი და შემდეგ ალბათ უკვე ზღვაზე წავალთ. ჯერ ფიქრის პროცესში ვართ.

скачать dle 11.3